Home რუბრიკები საზოგადოება ჩვილ ნიკოლოზ კუშნერცს მესამე პედიატრიულ კლინიკაში ორი დღით თავისუფლება აღუკვეთეს

ჩვილ ნიკოლოზ კუშნერცს მესამე პედიატრიულ კლინიკაში ორი დღით თავისუფლება აღუკვეთეს

1090

თემქაზე, მიხეილ გურამიშვილის სახელობის მე-3 პედიატრიულ კლინიკაში 3 თვის ნიკოლოზ კუშნერცი 5 ნოემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ ოჯახს თანხის სრულად დაფარვა არ შეეძლო, მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტი კლინიკიდან არ გაუშვეს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირები თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულნი, კონფიდენციალური წყაროს მოწოდებული ინფორმაცია 3 თვის ბავშვის შესახებ შოკისმომგვრელად ჟღერდა. კლინიკის რეგისტრატურაში განგვიცხადეს, რომ ნიკოლოზ კუშნერცი 13 ნოემბერს გაწერეს სახლში, დანარჩენი ინფორმაციის მოწოდებაზე კი კონფიდენციალურობის გამო უარი გვითხრეს. «საქართველო და მსოფლიო» კუშნერცების ოჯახს სახლში ესტუმრა. პატარა ნიკოლოზს ეტლში ეძინა. დედამ, მანანა კუშნერცმა, კი გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადამხდარი ამბავი გვიამბო.

_ პირველ პოლიკლინიკაში ვმკურნალობდი ბავშვს. იქ ექიმმა ისეთი წამალი მისცა, რომ ძალიან ცუდად გახდა. შემდეგ როგორც გავიგე, იმ პრეპარატით საერთოდ არ უნდა ემკურნალათ. სასწრაფო გამოვიძახეთ და წაგვიყვანეს მე-3 პედიატრიულ კლინიკაში. სამი დღის შემდეგ რეანიმაციიდან გაგვწერეს, მაგრამ სხვა ოთახში არ გადავუყვანივართ. მინდა გითხრათ, რომ საშინელ პიროპებში ვიმყოფებოდით, ოთახში კრაზანები დაფრინავდნენ.

_ სახლში როდის გაგწერეს?

_ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდა, ისტორია ოფიციალურად 13 ნოემბერს დახურეს, მაგრამ კლინიკიდან ორი დღე არ გაგვიშვეს.

_ ვინ არ გაგიშვათ?

_ ბატონმა ავთო გვენეტაძემ მითხრა, სანამ თანხას არ გადავიხდიდით, არ გაგვიშვებდნენ.  მეუღლემ 150 ლარი გადაიხადა. თანხა კიდევ იყო გადასახდელი. დაზღვევა არ გვქონდა, მერე კი გავაკეთეთ, მაგრამ დრო სჭირდებოდა. იძულებული გავხდით, დავრჩენილიყავით. ორი დღე დედაჩემი უვლიდა ბავშვს, მე სახლში წამოვედი ოჯახისთვის რომ მიმეხედა. რეანიმაციულ განყოფილებაში  ბესო ექიმი მკურნალობდა, მისი ძალიან მადლიერი ვარ, ადამიანურად გვედგა გვერდით.

_ კლინიკა როდის დატოვეთ?

_ ისტორიის ოფიციალურად დახურვიდან ორი დღის შემდეგ. ბატონი ავთო თავს გვარიდებდა, მის ოთახში შევედი და ვუთხარი, რომ ამ სიტუაციაში გაჩერება აღარ შემეძლო, 50 ლარი მივუტანეთ.  ხელშეკრულება გაგვიფორმეს, რომ 140 ლარი 30 ნოემბრამდე უნდა დაგვეფარა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოგვიშვეს.

_ არ გაგისაჩივრებიათ?

_ სხვათა შორის, ბევრმა მირჩია, მიგვეკითხა, რადგან არსებობდა რაღაც საშუალებები ამდენი რომ არ გადაგვეხადა. მაგრამ არ გამისაჩივრებია, ბავშვი კარგად გამიხდა და არ დავეძებდი. ამას იმიტომ გიყვებით, იქნებ სხვებს დავეხმარო, მსგავს სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდნენ.

 «საქართველო და მსოფლიო», თავის მხრივ, ამ კლინიკის ისტორიით დაინტერესდა.

როგორც გაირკვა, მიხეილ გურამიშვილის სახელობის მე-3 პედიატრიული კლინიკა 60-იან წლებში აშენდა. 2007 წლამდე იყო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. იმავე წელს პროექტ «100 ახალი საავადმყოფოს» ფარგლებში «ბლოკ ჯორჯიას» გადაეცა. 2010 წელს ეკონომიკის სამინისტრომ დაიბრუნა. 2011 წლის ივნისში ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა და შეიძინა შპს «ჯორჯიან მედმა». აუქციონის პირობა 7 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება იყო. შპს «ჯორჯიან მედში» 70 პროცენტი ელგუჯა (ბუბა) ქებურიას ჰქონდა, ჩაჩავას ინსტიტუტს _ 10 პროცენტი, ხოლო გიგი გოცირიძეს _ 20 პროცენტი.

ცნობისთვის:

ელგუჯა ქებურია რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია. იგი რესტორან «ამბასადორისა» და საგამოფენო სახლის მფლობელია. მის სახელს უკავშირდება პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის აშენება. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის ყიდვა არაბმა ბიზნესმენებმა გადაიფიქრეს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენობის მფლობელი სწორედ ელგუჯა ქებურია უნდა ყოფილიყო. სხვდასხვა წყარო იმასაც ამბობდა, რომ მას შენობაში 25 მილიონი ლარი უკვე გადახდილი ჰქონდა.

ამჟამად «ჯორჯიან მედი» ლიკვიდირებულია და შერწყმულია ღუდუშაურის ეროვნულ ცენტრთან. გურამიშვილის სახელობის მე-3 პედიატრიული კლინიკის დირექტორ გიგი გოცირიძის მამა _ ელგუჯა გოცირიძე ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლის დირექტორია და ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ბიზნესჯგუფშიც ფიგურირებს. გურამიშვილის  სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ გიგი გოცირიძე თანამშრომლებს «ნაცმოძრაობის» მოწინააღმდეგე ჯგუფებთან კავშირში ადანაშაულებს და სამსახურიდან ათავისუფლებს. ექიმების თქმით, იგი მათ სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. გამომუშავებული და მოჭრილი ხელფასები შეუმცირა.

«ასევე ირღვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შვებულებაში გასვლისა და ანაზღაურების წესი _ პირველი ხელშეკრულებით, თანამშრომელს, რომელიც კლინიკაში 11 თვე იმუშავებდა, ფასიანი შვებულება ეკუთვნოდა. შემდგომ კი ეს წესი შეცვალა და ორ-ორი კვირით უფასო შვებულებებში გვიშვებდა, საიდანაც ნახევარზე მეტი უკან აღარ დააბრუნა. ამდენად, შვებულებაში შიშით ვეღარ გავდიოდით. მას შემდეგ ხან ერთი თვით დაგვიდებს ხელშეკრულებას და ხან სამი თვით. კატასტროფულად გაზარდა სამედიცინო მომსახურების ფასები, რემონტს კი ჩვენი ხელფასით აკეთებს. ასე ჩვენც ვიყიდდით კლინიკას და გავარემონტებდით,» _ აცხადებენ ექიმები «საქართველო და მსოფლიოსთან» პირად საუბარში.

ერთ-ერთმა ექიმმა ისიც კი გვითხრა, რომ გიგი გოცირიძე, ეკონომიის მიზნით, პაციენტებისთვის რამდენიმე საათის წინ გახსნილი წამლის გაკეთებას აიძულებს. «წამალი, რომელიც 8 საათით ადრე იხსნება, არ შეიძლება გაუკეთდეს პაციენტს. გვითხრა, რომ მთავარია შემოვიდეს ფული, პაციენტის ჯანმრთელობა კი საერთოდ არ მაინტერესებსო».

ავთო გვენეტაძე, მიხეილ გურამიშვილის სახელობის ბავშვთა მე-3 პედიატრიული კლინიკის მთავარი ექიმი:

_ თუ ავადმყოფი არის სახელმწიფო პროგრამით 0-დან 6 წლამდე და ჩართულია პროგრამაში, კრიტიკული მდგომარეობის დროს თანხას არ იხდის. თუ რეანიმაციაშია ინტენსიური კოდით, _ მაშინ მხოლოდ 20 პროცენტს, თუ, რა თქმა უნდა, ეს პოლისი აქვს. სხვა შემთხვევაში მთლიან საფასურს იხდის.

_ პაციენტ ნიკოლოზ კუშნერცზე მინდა გკითხოთ: იგი 5 ნოემბერს მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში

_ დიახ, ეს პაციენტი ვიცი, საქმის კურსში ვარ, რადგან მისი თავდები ვიყავი. ამ ბავშვს ჰქონდა ღიად გამოვლენილი სეფსისი, რომლის ბინაზე მკურნალობა შეუძლებელია. ბავშვი იყო ინტენსიურში, კრიტიკულ მდგომარეობაში. საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში, მე, რა თქმა უნდა, დავაწვინე, მამამ კი ფორმალური მხარე მოაგვარა _ 80% დაზღვევას უნდა გადაეხადა, 20% კი თავად უნდა დაეფარათ. აქედან  თანხის ნაწილი დაფარეს და კიდევ დარჩათ მცირეოდეონი გადასახდელი.

_ ბატონო ავთო, ამბობენ, რომ ავადმყოფის ისტორიის ოფიციალურად დახურვის შემდეგ პაციენტი კიდევ ორი დღით დააყოვნეთ კლინიკაში

_ გეტყვით. ბებია იქნება თუ ბაბუა… ასე არ ვატანთ. ბავშვის მშობლები არ მომეკარნენ. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ… იმიტომ დავაყოვნეთ, რომ მშობლებს ველოდებოდით, რათა მოსულიყვნენ და ბავშვი წაეყვანათ. თუ ფულის გადაუხდელობის გამო ვაკავებდით, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ დღემდე აქ უნდა ყოფილიყვნენ. მაგათ თუ ჩვენ წინააღმდეგ ენა მოუბრუნდებათ, არ ვიცი! ბავშვი მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა, ყველაფერი გავუკეთეთ, თავიდან გვითხრეს, რომ ყოველდღიურს გადაიხდიდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, თანაგადახდისას საერთოდ აღარ გამოჩნდნენ. ორი კვირა მივეცით დრო, ეს დრო რომ ამოეწურებათ, სასამართლოზე რას იტყვიან, ნეტავ? მე უნდა გადავიხადო? ექიმი ვარ, უპირველესად, მარტო დირექტორი კი არა!

_ ბატონო ავთო!

_ ახლა თქვენ ყველაფერს იწერთ, არა? საერთოდ არ უნდა მეთქვა თქვენთვის არაფერი. მაპატიეთ, ქალბატონო ანა, ვხვდები, რაღაცას ისეთს დაწერთ, პატარა ბავშვი კი არა ვარ…

_ ბატონო ავთო, რაც მითხარით, იმას დავწერ და რა პრობლემა უნდა იყოს

_ რა უნდა დაწეროთ, ის, რომ ბავშვი დაპატიმრებული გვყავდა? ბავშვი ვისთვის უნდა ჩამებარებინა? საკუთარ თავზე ავიღე _ თუ არ გადაიხდიან, მაშინ მე უნდა გადავიხადო მათ ნაცვლად. ასე არ უნდა მივუდგეთ საკითხს. ჩვენ, უპირველესად, ავადმყოფს უნდა მივხედოთ, ფიცი გვაქვს დადებული. სამინისტროს ჩვენც დავუკავშირდით, რომ დახმარებოდნენ. მოვახერხეთ, რომ ვიდრე პოლისი მოიძებნებოდა, მანამდე მიეღო შეტყობინება, თორემ მოგვიანებით, პოლისს რომ მიიღებს, შეტყობინება თუ არა აქვს მიღებული, ის პოლისი აღარ მუშაობს. ესეც გავაკეთეთ. მშობლები უმწეოები არიან, მაგრამ შვილი არ ჰყავთ ბაზაში დარეგისტრირებული, ამიტომ იყო თანაგადახდა და სწორედ ამ დროს მშობლები დაიკარგნენ, ბებიამ გვითხრა, ფულს ვეძებთო. ამიტომ ველოდებოდით მშობელს, თორემ ბავშვი დაპატიმრებული არ გვყოლია. ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება. მომჩივანი განა ყოველთვის მართალია! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჟურნალისტებს და იმედი მაქვს, ობიექტურად მიუდგებით საკითხს…

_ ბატონო ავთო, მაქვს ინფორმაცია, რომ წამალი პაციენტებს მისი გახსნიდან რამდენიმე საათის შემდეგ უკეთდებათ. რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

_ ანტიბიოტიკზე თუა საუბარი, ყველა ანტიბიოტიკს აქვს ინსტრუქცია, რომელიც არ უნდა დაირღვეს. არის ანტიბიოტიკი, რომელიც გახსნისთანავე უნდა გაკეთდეს, თუ 24-საათიანი ვადა აქვს, მაშინ შეიძლება ეს პრეპარატი სხვა ავადმყოფზეც გამოვიყენოთ. ასე რომ, არასწორი ინფორმაცია მოუწოდებიათ თქვენთვის.

ანა ქევხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here