Home რუბრიკები საზოგადოება გია ბერძენიძე: თუ არჩილ კბილაშვილი არ გააძევებს პროკურატურიდან სააკაშვილ-მერაბიშვილის ჯალათებს, «ვეტერანთა ლიგა»...

გია ბერძენიძე: თუ არჩილ კბილაშვილი არ გააძევებს პროკურატურიდან სააკაშვილ-მერაბიშვილის ჯალათებს, «ვეტერანთა ლიგა» მის ოფისთან მწვავე საპროტესტო აქციებს მოაწყობს!

1332

50 წლის გია ბერძენიძე სათავეში უდგას «ძალოვან ვეტერანთა ეროვნულ ლიგას», რომელიც ათი ათას წევრს აერთიანებს. გია ბერძენიძემ 15 წლის განმავლობაში ყველა ძალოვან სტრუქტურაში იმუშავა თავდაცვის სამინისტროს გარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში 1990-95 წლებში იყო გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე. უშიშროების სამინისტროში ხელმძღვანელობდა პირადი შემადგენლობის ინსპექციას, შემდეგ გადავიდა გენერალურ პროკურატურაში. აქაც დააფასეს ახალგაზრდა გონებამახვილი დისციპლინირებული პროფესიონალი _ დანიშნეს გენერალური პროკურორის აპარატის უფროსად; იყო მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილე და ავადსახსენებელი «ნაციონალების» ხელისუფლებაში მოსვლამდე საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი გახლდათ. გია ბერძენიძე მონაწილეობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც. თუმცა, მან კიდევ ერთ ომში მიიღო მონაწილეობა.

_ 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი «ლიგის» ასი წევრი, მოხალისეებად ჩავედით სამაჩაბლოში და კარალეთის საგუშაგოსთან განვთავსდით. იქ დაგვხვდნენ ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები და ჩვენი სია დააფიქსირეს. გადმოგვცეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ოღონდ, ნაღმების გარეშე, რითაც უნდა მოგვეგერიებინა მტერი. ასეთი «შეიარაღებით» დაგვაყენეს ცხინვალის შესასვლელთან. ჩვენ კარგად ვიცოდით რასთან და ვისთან გვქონდა საქმე. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვეთ მოეცათ ჩვენთვის ავტომატური იარაღი და შევეშვიეთ წინა ხაზზე. ჩვენ გვერჩივნა, შევწირულიყავით ქვეყანას და არა ის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც არც კი იცოდნენ ჯეროვნად იარაღის გამოყენება. რატომღაც, ჩვენ არ გვენდნენ და სულ ტყუილუბრალოდ ბიჭები ჩახოცეს…

_ ბატონო გია, სააკაშვილის რეჟიმს თქვენ დახვდით საქართველოს პროკურატურის გენინსპექციის უფროსად. როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები?

_ როცა ეს ანტიხალხური ძალა ჩვენი «დასავლელი მეგობრების» ხელშეწყობით ხელისუფლების სათავეში მოვიდა და დაიწყო ადამიანების «სატელევიზიო დაპატიმრებები», ნიღბებით შევარდნა მოქალაქეების სახლებში, კარის შემტვრევა, ქონების ჩამორთმევა და ა. შ., ორი თვის განმავლობაში მე დავწერე, ზუსტად არ მახსოვს, სამი თუ ოთხი განცხადება; მოვითხოვდი სამსახურიდან წასვლას, რადგან «ნაცმოძრაობის» უმსგავსოებები ჩემთვის მიუღებელი იყო! გენერალურ პროკურატურაში გავაკეთე საჯარო განცხადება (და ამაზე მთელი პროკურატურა დამემოწმება), რომ სააკაშვილი და ოქრუაშვილი იყვნენ კრიმინალები და თავად არიან დასაპატიმრებლები! ამის შემდეგ კოლეგები ჩემთან ურთიერთობას ერიდებოდნენ… როგორც იქნა, გამათავისუფლეს. მერე ირაკლი ბათიაშვილთან, თემურ შაშიაშვილთან, ნუკრი ქანთარიასთან, მამუკა არეშიძესთან, გია კობახიძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან და სხვა ღირსეულ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია «წინ საქართველო», რომელმაც თავიდანვე შეუქმნა სააკაშვილსა და მის ხროვას დიდი პრობლემები! ეს იყო სამედიცინო კოლეჯისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები; შემდეგ პირადად ჩვენი, ვეტერანების, ინიციატივით გავაპროტესტეთ დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა რესპუბლიკის მოედნიდან დიღმის მასივში. ვათენებდით და ვაღამებდით ძეგლთან და 15 დღის განმავლობაში «ნაცებმა» ვერ მოახერხეს დიდი მეფის ძეგლის კვარცხლბეკიდან მოხსნა. მხოლოდ ვერაგობით, მოტყუებით შეძლეს ამ სამარცხვინო ქმედების ჩადენა, როცა დაიფიცეს, რომ ძეგლს ხელს არ ახლებენ და ჩვენც დავუჯერეთ…

ამის შემდეგ, 2007 წელს, გავმართეთ ათიათასიანი აქცია პარლამენტის წინ, ვაპროტესტებდით ვეტერანთა შეღავათების გაუქმებას.

_ რომელი შეღავათები გააუქმა სააკაშვილის ხელისუფლებამ?

_ პენსიის დანიშვნის ნორმები ვეტერანებისთვის სამჯერ და ოთხჯერ შემცირდა. «ვარდოსნებმა» გააუქმეს კანონის 45-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა პენსიის გადაანგარიშებას ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებასთან დაკავშირებით. ხალხის ამ «მეგობრებმა» გააუქმეს გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახისთვის ხუთი თვის ოდენობის პენსიის გაცემის ნორმა, გაუქმდა პენსიის გადაანგარიშება სტაჟის, წოდების, დამსახურებისა და თანამდებობის მიხედვით; გაუქმდა მე-14 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა ინვალიდ ომის მონაწილეთა პენსიის გაზრდას. გაუქმდა 41-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა პენსიების 25-50%-ით გაზრდას ორდენებითა და მედლებით დაჯილდოებასთან დაკავშირებით. ვეტერანებს პროტეზირებაც ხელმიუწვდომელი გაუხადეს. მოკლედ, თითქმის ყველა შეღავათი მოგვისპეს და ის ადამიანები, რომლებიც სამშობლოს ერთიანობისთვის სისხლს ღვრიდნენ, «ნაციონალებმა», ფაქტობრივად, ბედის ანაბარა დატოვეს! რომელ «ნათელ მომავალზე», ბოდიში და, ყროყინებდნენ სააკაშვილი და მისი მორჩილი ტელევიზიები, როცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმ სახელმწიფოს, რომელიც თავის დამსახურებულ მოქალაქეებს უპატივცემულოდ ექცევა, მეტიც, შიმშილისთვის იმეტებს, მომავალი არ აქვს!

_ თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან ასეთი დაუფარავი დისკრიმინაცია ვეტერანებისადმი?

_ სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ბანდის მოსვლის პირველივე დღიდან, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებიდან დაითხოვეს თანამშრომლები, რომელთა უმრავლესობა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იყო ღირსეული ადამიანი. ნაციონალმა ნაძირლებმა მათ ცილი დასწამეს კორუფციაში, სამშობლოს ღალატში და ა.შ., რაც სიცრუეა. ეს იყო დაცინვა, შეურაცხყოფა მათი პატივისა, ღირსების აყრა!.. ჩვენ ეს ვერ ავიტანეთ და ხმა ამოვიღეთ. გარდა ამისა, ვაპროტესტებდით იმას, რაც, საერთოდ, ქვეყანაში ხდებოდა. სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ ხალხს არაფრად აგდებდა, მათი ინტერესების იგნორირებას ახდენდა; იტაცებდნენ, ცემდნენ, კლავდნენ, არბევდნენ, ქონებას ართმევდნენ ადამიანებს, ხოლო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ნიშნავდნენ აბსოლუტურად არაკომპეტენტურ, 22-23 წლის ნაბიჭვრებს, რის გამოც ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანეს. ჩვენ ამას ყველაფერს აქტიურად ვეწინააღმდეგებოდით და ვაპროტესტებდით; ვაცხადებდით, რომ ეს ხელისუფლება ანტიეროვნულია და კრიმინალებისგან შედგება. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია სააკაშვილის გულისწყრომა და, როგორც ყველა სულმდაბალი არსება, ჩვენზე აი, ასე, არაკაცურად, შეღავათების გაუქმებით, შურს იძიებდა.

ჩვენ არასოდეს მოგვითხოვია სააკაშვილთან შეხვედრა, რადგან ვითხოვდით იმას, რაც კანონით ეკუთვნოდათ ვეტერანებს.

ჩემს «დაშოშმინებასაც» ცდილობდნენ იმით, რომ არაერთხელ «ნაციონალების» ხელისუფლებაში, ბოლო წუთამდეც კი, მთავაზობდნენ სამსახურში დაბრუნებას დიდ თანამდებობებზე; «ლიგის» დაფინანსებითაც «მხიბლავდნენ», მაგრამ ამაოდ!

_ როგორც ვიცი, თქვენ დაპატიმრებულიც იყავით. რა ბრალდებით?

_ უაზრო ბრალდებით, თითქოს, უკანონოდ ვინახავდი რაღაც გადაკეთებულ ცეცხლსასროლ იარაღს; არადა, მე მქონდა შენახვის უფლებით გაფორმებული, «ჰაი-პაუერის» სისტემის იარაღი… თავს დამესხნენ, 7 თუ 8 მანქანიდან გადმოცვივდნენ ავტომატებით შეიარაღებული ზონდერები და დაკავების შემდეგ ცინიკურად «ამომიღეს» ჯიბიდან «სამხილი» იარაღი… ამ არაკაცობას ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში მთაწმინდის რაიონის პოლიციის უფროსი ირაკლი ყიფშიძე, რომელიც მერე დაინიშნა თბილისის პოლიციის ხელმძღვანელად და ამ თანამდებობაზე ამა წლის 1 ოქტომბრამდე ბრძანდებოდა. ამჟამად ყიფშიძე, რამდენადაც ვიცი, გაქცეულია და იმალება…

როცა ჩემი «საქმის» გამოძიება მიმდინარეობდა, პატიოსანმა გამომძიებელმა ელბერტ ტუხაშვილმა გაარკვია, რომ «ჩემი» ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებდა სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულში. არადა, როცა ერთი ეპიზოდიდან ხდება იარაღის ამოღება, შს სამინისტრო ვალდებულია, იგი გაანადგუროს და შეადგინოს ამ იარაღის უტილიზაციის აქტი! შეუძლებელია, ასეთი იარაღი ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდეს. ამისთვის ელბერტ ტუხაშვილი დააპატიმრეს რაღაც აბსურდული ბრალდებით, ხოლო მისი შვილი სამსახურიდან დაითხოვეს!

ამ ფაქტმა _ «იარაღის უჩვეულო თავგადასავალმა» _ გამოძიებას გადაულახავი სირთულე გაუჩინა. გადაწყვიტეს ჩემი გირაოთი გათავისუფლება, რითაც თავიანთი მოკლე ჭკუით ცდილობდნენ დავეშანტაჟებინე. მიუხედავად ასეთი ზეწოლისა, არც ერთი მიტინგი, არც ერთი საპროტესტო აქცია არ გამომიტოვებია!

_ «ლიგის» წევრებზეც იყო, ალბათ, ზეწოლა

_ ეს ბუნებრივია! იყო ჩიორა წიკლაურისა და თამაზ თევდორაშვილის გვემა; ნიკა მახაშვილის გატაცება და სასტიკი ცემა… იყო გია კრიალაშვილის, სერგო თეთრაძისა და როინ შავაძის მკვლელობები!.. და მრავალი სხვა დანაშაული!

_ დაახლოებით ორი კვირის წინ თქვენ გქონდათ შეკრება «კინოს სახლში», რასთან დაკავშირებით?

_ ვეტერანები თვითორგანიზებული ძალაა; მათ არ სჭირდებათ საგანგებო მოწოდებები გაერთიანებისკენ. ჩვენთან მოვიდნენ სხვა ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებსაც საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი აქვთ. გადავწყვიტეთ გაერთიანება და უახლოეს მომავალში, ალბათ, სპორტის სასახლეში ისევ შევიკრიბებით. ამის შემდეგ ჩვენ სერიოზულ ძალად ვიქცევით, რომელიც მხარში ამოუდგება ხელისუფლებას!

_ მაგრამ, ბატონო გია, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე «ვეტერანთა ლიგის» წევრმა დიდი უკმაყოფილება გამოთქვა იმ დანიშვნებზე, რომლებიც სულ ახლახან განხორციელდა შს სამინისტროში და გენპროკურატურაში. მაინტერესებს თქვენი აზრი.

_ ბატონმა ლადო ჩერქეზიშვილმა გააჟღერა ჩვენი «ლიგის» პროტესტი! ის საკადრო პოლიტიკა, რომელიც ახალი ხელისუფლების მიერ ხორციელდება, ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა შს მინისტრის _ ირაკლი ღარიბაშვილისა და გენერალური პროკურორის _ არჩილ კბილაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ მათ მიერ შერჩეული კადრების რა მოგახსენოთ _ გაოცებულები, მეტიც, აღშფოთებულნი ვართ! ჩვენ შევუთვალეთ შს მინისტრს და გენერალურ პროკურორს, რომ ასეთი კადრების დატოვება მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებში გამოიწვევს ხალხის უკმაყოფილებას. მაგრამ მათი მხრიდან ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. მიკვირს, ღარიბაშვილისა და კბილაშვილის მხრიდან ასეთი დუმილი!

_ გადავიდეთ კონკრეტულად თქვენთვის მიუღებელ პერსონებზე. მათი გვარი, სახელი, რით იყვნენ დაკავებულები უწინ _ «ნაცხელისუფლების» მმართველობის დროს. მითუმეტეს ბატონმა ივანიშვილმა 22 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა: თუ ასეთ ადამიანებზე გაქვთ რაიმე ინფორმაცია, მოგვაწოდეთო.

_ კი, ბატონო. აი, ახლა მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ვინ, სად დაინიშნა. ეს ინფორმაცია ამოვიღე პროკურატურის საიტიდან, რაც ოფიციალური საბუთია.

მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა დავით მჭედლიშვილი.

 სააკაშვილის «მეფობისას» იყო საოლქო პროკურორის მოადგილე, ასევე, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსი…

თეიმურაზ მიქაბერიძე დაინიშნა ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსად. ეს პირი ადრე მუშაობდა ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორად და სამცხე-ჯავახეთის პროკურორად. აგერ, კიდევ სააკაშვილ-ადეიშვილის უკანონო ბრძანებებისა და მითითებების უყოყმანოდ შემსრულებელი _ ზაქარია დარჩიაშვილი. ეს ვაჟბატონი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გადადგა ქალაქ რუსთავის მერის პოსტიდან. დღეს ზედამხედველობს კრიმინალური და საპატრულო პოლიციების დეპარტამენტებს!..

გოჩა ფარულავა, რომელიც აჭარაში პროკურორობდა, როდესაც იქ საშინელებები ხდებოდა, ახლა სერიოზულ დეპარტამენტს თავკაცობს.

თბილისის პროკურორად დაინიშნა დავით კოჭლამაზაშვილი _ ადეიშვილის «მარჯვენა ხელი», თავის შეფთან ერთად ჩადიოდა იმ უკანონობას, რასაც კახეთის გაძარცვა, მისი წიაღისეულის უკანონო გატანა ჰქვია!

ალექსანდრე იმედაშვილი კი თბილისის პროკურორის პირველ მოადგილედ დანიშნეს. ადეიშვილის ზეობისას მართავდა იმერეთის საოლქო პროკურატურას…

ლაშა ლეთოდიანსაც პროკურორის «სავარძელი» ერგო. იყო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილე. მერე შიდა ქართლში ბოგინობდა…

გივი პაპუაშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად.  წარსულში აჭარის პროკურორი ბრძანდებოდა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად იქაურ მოსახლეობას არბევდა და აწიოკებდა!

ეს მხოლოდ დასაწყისია! ბატონმა კბილაშვილმა უნდა გადახედოს თავის საკადრო პოლიტიკას და გაითვალისწინოს ვეტერანთა იმ დიდი არმიის აზრი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები სააკაშვილის დროს უკანონობას აკანონებდნენ! მათი სანქციით ხალხს აშანტაჟებდნენ, შუაღამისას სახლებში უვარდებოდნენ, იჭერდნენ ადამიანებს; ხელს აფარებდნენ ზურა ვაზაგაშვილის, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის მკვლელებს! მათი მკვლელები დღესაც სისტემაში მუშაობენ და არ დასჯილან! ვეტერანთა სახელით ვთხოვ ბატონ არჩილ კბილაშვილს, გააძევოს ეს პირები პროკურატურიდან. ეს ხალხი პირადად ბიძინა ივანიშვილსაც ებრძოდა, თანაც ბინძური მეთოდებით! ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება, ასეთი კადრები კანონის სადარაჯოზე იდგნენ! ჩვენ არ გვინდა იმედგაცრუებულები დავრჩეთ! ცოტა ხნით ვაცლით ბატონ კბილაშვილს, რომ კარგად გაერკვეს საქმეში და, თუ ის სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, იძულებულნი გავხდებით, მას საპროტესტო აქციებით დავუპირისპირდეთ!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. პაპუაშვილის და სხვათა პროკურორებად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ პროკურატურაში არაფერი შეცვლილა.არც პოლიციაშია უკეთესი მდგომარეობა.ისევ ადეიშვილის მორჩილი კადრები დატოვეს.რატომ?ასეთმა ტენდენციურმა და გაუაზრებელმა საკადრო პოლიტიკამ გამოიწვია ის,რომ ხალხი იმედგაცრუებულია.ეს კი რასაც გბამოიწვევს,მალე ნახავთ.ხალხი ეჭვობს და სამართლიანად,რომ ნაცები და ოცნება ერთნი არიან.ამიტომ რაც მოხდება,თქვენს თავს დააბრალეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here