Home რუბრიკები პოლიტიკა გაგებით შეხვდით, სამართალი მოდის…

გაგებით შეხვდით, სამართალი მოდის…

656

გასული კვირის მთავარი მოვლენა უთუოდ ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგი იყო. რა თქმა უნდა, ივანიშვილის  ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ყველაზე უფრო მტკივნეული და მიუღებელი იმის შეტყობა იყო, რომ ენერგეტიკულ სფეროში გაცემული დაპირებები, ანუ გაზსა და შუქზე ტარიფების განახევრება, რბილად თუ ვიტყვით, არარეალისტური, ხოლო თუ ნამდვილ სახელს დავარქმევთ, მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა.

იგივე ან თითქმის იგივე შეიძლება ითქვას პენსიებსა და საარსებო მინიმუმთან დაკავშირებითაც _ პენსია მხოლოდ მეტ-ნაკლებად მიუახლოვდება საარსებო ზღვარს და ისიც მხოლოდ მომავალი წლის სექტემბრიდან გახდება 150 ლარი.

ამ ყველაფერმა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან, «კუჭის ფილოსოფიით» მოაზროვნე ნაწილში უკვე გამოიწვია აშკარა უკმაყოფილება, რაც აისახა კიდეც სხვადასხვა მედიაინტერაქტივში, სადაც უკიდურესად შეჭირვებული ხალხი ისეთ გამოთქმებსაც აღარ ერიდება, როგორიცაა: ბიძინამაც მოგვატყუა, ეგენიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ, მაგათ ისევ «ნაცები» ყოფილიყვნენ ჯობდა და . ., რაც სამწუხაროა, მაგრამ სავსებით გასაგები

აგრეთვე, სრულიად უსუსური იყო ბიძინას კომენტარი ამნისტიასთან დაკავშირებით _ შეიძლება კრიმინალმა მოიმატოს, მაგრამ საზოგადოება გაგებით უნდა შეხვდეს ამასო(?!).

ვფიქრობ, საკამათო არ არის, რომ ე. წ. სოციალური პაკეტის ნაწილზე, შუქისა და გაზის ტარიფების განახევრებაზე საერთოდ უარი და მეორე, პენსიების საკითხის სექტემბრისთვის გადატანა, სერიოზული პოლიტიკური შეცდომა იყო!

როგორც ბიძინას მშობლიურ იმერეთში იტყოდნენ, «ღვინჭიპაზე რომც გამსკდარიყო», პრემიერს უნდა გამოენახა სახსრები და ტარიფები უნდა გაენახევრებინა, რათა ახალი ხელისუფლების სიკეთეები, ამ ზამთარშივე ეგრძნო მოსახლეობას.

ასევე პენსიების ზრდაც, თუნდაც ეტაპობრივად, გინდაც თვეში 5-10 ლარით, ახალი წლიდანვე უნდა დაწყებულიყო, რასაც შედარებით გაგებით მიიღებდა საზოგადოება, მომავალი წლის სექტემბერში გადატანისგან განსხვავებით _ საჭირო ფინანსების გამონახვა ბიუჯეტში, სურვილის შემთხვევაში, შეუძლებელი არ იქნებოდა.

თუნდაც  საკუთარი ჯიბიდან გაეღო საჭირო სახსრები, პრემიერს უნდა მოეხერხებინა ის, რომ პირობა «ოცნებას» უკან არ წაეღო და «ნაცებისთვის» სალაყბო არ მიეცა. არადა, ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი გვპირდებოდა  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საკუთარი ხარჯებით 18 თვით არა თუ განახევრებას, არამედ კომუნალური ხარჯებისგან მოსახლეობის საერთოდ განთავისუფლებას. დღეს ძალიან ბევრს მიაჩნია, პატარკაციშვილს რომ დასცლოდააუცილებლად მოახერხებდა მოცემული სიტყვის შესრულებასო

რაც შეეხება ამნისტიას, აქ პრემიერს ყოველგვარი «გაგებით მოკიდების» გარეშე შეეძლო ეთქვა, რომ ჯობს, ათასი დამნაშავე გარეთ გამოუშვა, ვიდრე ერთი უდანაშაულო ციხეში იჯდეს… ამის თქმით ბიძინა ივანიშვილი იმ  უხერხულობის მნიშვნელოვან ნაწილს აიცილებდა. 

აქედან გამომდინარე  მთავარი  მაინც ის არის, რომ ამ ყველაფრის გამო, ოპოზიციადქცეულ მიშნაცების ბანდას პირველად მიეცათ არჩევნების შემდეგ «ქართული ოცნების» კრიტიკის მეტნაკლებად საფუძვლიანი საბაბი!..

ეს, რაც შეეხება ბატონ ბიძინას ბრიფინგის სოციალურ (თუ ასე შეიძლება ითქვას) ლაფსუსებს, ისიც არასრულს. ახლა, რაც შეეხება მთავარს, ანუ იმას, რაზეც საყვედური ჯერ არ დასცდენიათ თვით «ნაცებსაც» კი და, ალბათ, არც დასცდებათ, რადგანაც, როგორც ჩანს, იმაში, რასაც ქვემოთ ვიტყვით, მნიშვნელოვანწილად ერთსულ და ერთხორც ბრძანდებიან «ქართულ ოცნებასთან»…

როგორც ამ ბრიფინგიდან გაირკვა, ბატონი ბიძინა მოსკოვში ჩასვლას კიდევ ასი წელი არ აპირებს… რუსეთთან დაკავშირებით ივანიშვილმა განაცხადა: მოსკოვში როგორ ჩავალ, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოებია გახსნილიო, ამიტომ რუსებს ჯერჯერობით სადმე სხვაგან, ევროპაში თუ შევხვდებიო(?!).

თუ ეს «ჯერჯერობით» იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მაშინ ეს «ჯერჯერობით», ასი წელი თუ არა (უბრალოდ, გამოთქმაა ასეთი), კიდევ დიდხანს გაგრძელდება და როგორ  აპირებენ  რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, მხოლოდ «ჩერეზ» შვეიცარიის საელჩოთი?

თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ საქართველოს მომავალი კეთილდღეობა ნატო-ევროკავშირშია, კარგი იქნებოდა, ამასწინათ ევრაზიის ინსტიტუტის მიერ საქართველოში მოწვეული ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო, პოლიტოლოგთა, ექსპერტთა თუ ჟურნალისტური წრეების ავტორიტეტული წარმომადგენლებისთვის მოესმინათ.

თუნდაც დელეგაციის ერთ-ერთ წევრთან, ლიტვის სეიმის დეპუტატ, იულიუს ვესელკასთან ვრცელი ინტერვიუ წაიკითხონ, რომელიც «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნდა და თავადაც დაინახავენ, რომ ნატოს წევრობა ჩვენისთანა პატარა, მითუმეტეს პოსტსაბჭოთა, გნებავთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ მითია.

თუმცა ეგეც იქით იყოს და ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ნატოში კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის გაწევრიანებას რუსეთი აღარ დაუშვებს. რუსეთი, რომელიც ახლა ბევრად უფრო ძლიერია და ხვალ კიდევ უფრო გაძლიერდება!

იულიუს ვესელკა არც კრემლის აგენტია და მითუმეტეს არც კახა კუკავას პარტიის წევრი, მაგრამ საკუთარ ხელისუფლებას ნატოსა და აშშ-ის ვასალს უწოდებს, «ნატოს სურს, დაძაბოს რუსეთის გარშემო სიტუაცია თავისი ვასალების მეშვეობით და დროდადრო ისინი ამ მიზნით გამოიყენოს»!..

ნაცნობი სურათია _ აშშ-ის ნაცმოელმა ვასალებმაც დაძაბეს სიტუაცია და ბოლოს, როდესაც რუსეთი შეწუხდა საქართველოს სახით სკამზე დადებული ჭიკარტით, 2008 წლის აგვისტოში პანღური გვითავაზა, რის გამოც დასავლეთი «მაგრად აღშფოთდა», ხოლო ფოთსა და ბათუმს პამპერსებით დატვირთული აშშ-ის კრეისერები მოადგნენ _ ბალტიელი მეგობრების თუ არ გვჯერა, საკუთარი წარსული მაინც არ გვახსოვს?

რაც შეეხება კიდევ ერთ, ამჯერად ევროკავშირის ზღაპარს, ნატოსგან განსხვავებით, იქნებ ოდესმე მიგვიღონ კიდეც, მაგრამ მერე რა, როო? ბალტიელმა მეგობრებმა ევროკავშირის კისელის მდინარეებზე და შოკოლადის ნაპირებზეც გვიამბეს _ როგორ დაახურინეს ევროკავშირის მოთხოვნით შაქრის ქარხანა და ორმაგად ძვირად, როგორ ყიდულობენ იმავე შაქარს დანიისგან; როგორ დაახურინეს ატომური ელსადგური, რადგან მათი იაფი ენერგია კონკურენციას უწევდა ევროკავშირის მონოპოლისტ საფრანგეთს ატომურ ენერგეტიკაში, ან როგორ უხდიან მცირე კომპენსაციას საბერძნეთს, რათა მან ზეთის ხილის ტრადიციული კულტურა აღარ აწარმოოს იტალიის სასარგებლოდ.

და რაც მთავარია: იმის გამო, რომ ბალტიის ქვეყნებში ღირსეული სამუშაო ადგილების დიდი დეფიციტია, შეინიშნება ახალგაზრდობის არნახული მიგრაცია, აქედან გამომდინარე, ნაციისთვის დამღუპველი ფილოსოფიით _ ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც კარგად ვარ _ ბალტიის ქვეყნების მოსახლეობა განახევრდა!..

ადრე თუ მოსკოვში დავრბოდით რაიმეს გამოსარჩენად, ახლა გერმანიაში ან საფრანგეთში გვიწევს წანწალი, რადგან ევროკავშირის მთავარი ფიგურანტები ეს დიდი ქვეყნები და ეკონომიკები არიან. ჩვენ, ბალტიელებმა, ბერლინი ვარჩიეთ. არადა, ისევ მოსკოვი ჯობდა, იქ უფრო ბევრს და ადვილად ვშოულობდით (ტამ ლეგჩე პრობივალი), ნოსტალგიით გამოგვიტყდნენ ბალტიელები…

«ევროკავშირისა და ნატოს გარდა, საქართველო არც ერთ გაერთიანებაში შესვლას არ აპირებს და სხვას ნურავინ ნურაფერს შემოგვთავაზებს!» _ აი ასე, როგორც იტყვიან, წერტილი და მძიმე, კატეგორიულად განაცხადა საგარეო მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ!

დავიწყოთ იქიდან, რომ ნათქვამია: «არასოდეს თქვა არასოდეს», მითუმეტეს დიპლომატისგან არ ეგების ასე საუბარი. ეგეც არ იყოს, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საით გვექაჩება «ქართული ოცნება», თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროებს დაინანებენ, რათა, საბერძნეთის არ იყოს, ჩვენც, ქართველებსაც, გადაგვიხადონ «კომპენსაცია», ტრადიციულ მევენახეობაზე უარი გვათქმევინონ და მამა-პაპათა მიერ შვილივით ნაზარდი ვაზი საკუთარი ხელით აგვაჩეხინონ?

დიახ, ევროკავშირში ჭარბი პროდუქციის პრობლემაა და არა პირიქით _ იქ არავის სჭირდება ქართული, თუნდაც ღვინო, რადგანაც ბაზარი გაჯერებულია ესპანური, იტალიური, ფრანგული და ა.შ. ღვინოებით. იმავე ბალტიელების გარეშეც კარგად ვიცით, რომ ჭარბ პროდუქციას, უბრალოდ, ანადგურებენ (რამდენად ზნეობრივია, როცა ნახევარი მსოფლიო შიმშილობს?).

და ყველაზე მთავარი _ საიდან, რის საფუძველზე გაიძახიან (სხვათა შორის ნაცბანდასთან შეხმატკბილებულად), რომ ნატო თუ ევროპა საქართველოს არჩევანია _ თუ 2008 წლის არჩევნები გაყალბებული იყო, ესე იგი ავტომატურად გაყალბებული იყო ის გამოკითხვა თუ პლებისციტი, რომელიც ამავე არჩევნების ფორმატში ჩატარდა და რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თითქოს ნატოს მისცა ხმა.

ეგეც იქით იყოს და იმ პლებისციტის შემდეგ აგვისტოს ომი მოხდა, რომლის მერეც, იმათაც კი, ვისაც ნატოსი სჯეროდა, რწმენა შეერყათ!

აქედან გამომდინარე, აუცილებელია ახალი გამოკითხვის ჩატარება, რომელიც მართლაც ობიექტურად დააფიქსირებს საქართველოს მოსახლეობის ნამდვილ არჩევანს.

მანამდე კი ერთ, ჩემის აზრით, რიტორიკულ კითხვას დავსვამ _ სად სჯობს: ევროკავშირში, სადაც ტორტი დიდი ხნის გაჭრილი და დანაწილებულია, სადაც, უკეთეს შემთხვევაში, ბალტიელების მსგავსად, «ღარიბი ნათესავის» სტატუსით მიგვიღებენ და, როგორც იტყვიან, ძაღლადაც არავინ ჩაგვაგდებს, თუ . . ევრაზიულ კავშირში ერთერთი დამფუძნებლის სტატუსით, სადაც მენტალურად ნაცნობი გარემო, დიდი ეკონომიკური პოტენციალი გველოდება, სადაც ჩვენი პურღვინის გემოც ახსოვთ და ენატრებათ კიდეც, ერთი სიტყვით, სადაც ტორტი ჯერ კიდევ არ გამომცხვარა და მისი დაჭრაგანაწილების მონაწილენი შეიძლება გავხდეთ კიდეც?..

ან ნატო თუ ე. წ. СКБ, სადაც უსაფრთხოებაც დაცული იქნება და, რაც მთავარია, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივაც?

ხატოვნად თუ ვიტყვით, რა გვირჩევნია, ხალხო: ევროკავშირის დარბაზში სადღაც «გალიორკაზე» «კონტრამარკით» ფეხზე დგომა თუ ევრაზიულ კავშირში ბენუარის ლოჟაში პერსონალური მოსაწვევი ბარათით ჯდომა?

ბოლო, ბოლო, სანაცვლოდ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებასა და პედერასტების გაჯეჯილებას მაინც არ მოგვთხოვენ, რაზეც, სხვათა შორის, ევროკავშირნატოს წევრი ჩვენი ბალტიელი მეგობრებიც ჩიოდნენ

დავით მხეიძე

P.S. ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგიდან საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკრიტიკოდ მიიღო, ის იყო, რომ ცალსახად გაცხადდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელება, თვით ნაცფაშისტური ბანდის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელების დაპატიმრებებითაც კი. იქვე დასავლეთის მიმართაც ითქვა, რომ მათი  შეშფოთების მიზეზი ნაკლებად ინფორმირებულობის ბრალი იყო და ივანიშვილის ვიზიტის შემდეგ ევროპაში ეს პრობლემა მოგვარდაო.

მაგრამ რად გინდა, აგერ ჩამობრძანდა ქალბატონი ქეთრინ ეშტონი და ჯერ დახურულ კარს მიღმა (ნეტავ, რას გვიმალავენ?) შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერს, ხოლო შემდეგ ღიად გამოხატა მორიგი შეშფოთება ამჯერად ვანო მერაბიშვილის შესაძლო დაკითხვის გამო!

აშკარაა, რომ დასავლეთის «შეშფოთება» გამოწვეულია იმის შიშით, რომ «პოლიტიკური დაჭერებით» შეიძლება დაირღვეს ის 60X40-ზე პროპორცია, რომელიც დასავლეთმა «ხელების ამოგრეხვით» მოგვახვია თავს 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თორემ რეალურად ნაცების 20-30 კაციანი დეპუტაციის მეტი არ უნდა ყოფილიყო პარლამენტში.

მაგრამ ამაზე მომავალში ვისაუბროთ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here