Home რუბრიკები პოლიტიკა ქაჯები, ჰომოფობია და მანანა კობახიძე

ქაჯები, ჰომოფობია და მანანა კობახიძე

846

ფოტორეპორტიორების საქმის ახალი დეტალების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება მოჰყვა. ფარული ჩანაწერი მხოლოდ ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერით გაშუქდა. რის გამოც ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა გიორგი აბდალაძესაც და მეცხრე არხის ხელმძღვანელობასაც ქაჯები უწოდა. 

„არის სიტუაციები, როცა კორპორატიული ეგოიზმი ქაჯობაა. არის მასალები, რომლის გაექსკლუზივება უნამუსობაა. გიორგი აბდალაძემ და „მეცხრე არხმა“ გადაწყვიტეს, გააექსკლუზივონ ფარული ჩანაწერები, რომლებიც გიორგი აბდალაძეზე ზეწოლას ასახავს. „კავკასიას“ აბდალაძე ამ მასალას არ აძლევს და გვირჩევს „მეცხრე არხის“ ეთერიდან ავიღოთ. დიდი მადლობა, გიორგი. ძალიან, ძალიან ქაჯები ხართ შენც და „მეცხრე არხიც“! – ასე გამოეხმაურა ჯანგირაშვილი აბდალაძის მიერ ფარული ვიდეო-ჩანაწერის მხოლოდ „მეცხრე არხისთვის“ გადაცემის ფაქტს.

თავად „კავკასიის“ 2009 წლის ექსკლუზივი, როდესაც ჯანგირაშვილი პირდაპირ ეთერში უხმობდა პატრულს, რის შედეგადაც 8 მართლმადიდებელი ახალგაზრდა დღესაც ციხეშია, კვლავ აქტუალური გახდა. ამჯერად „სინდისის პატიმრებად“ აღიარებული ახალგაზრდების მაშინდელი ადვოკატი, დღეს კი პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე „ექსკლუზიურად“ „გამოაჭენეს ფრანგულ გაზეთ „ფიგაროში“: „ევროპულ ქვეყნებში ყველა მოქალაქე თანასწორია. ჩვენთვის ძნელია ამის მიღება, რადგან ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ეთიკას“, – ამბობს გაზეთის ვერსიით პარლამენტის ვიცე–სპიკერი.

მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მას „ფიგაროსთვის“ ინტერვიუ 2 წელია არ მიუცია და ეჭვობს, რომ  მისი ეს ფრაზა ერთ–ერთი ინტერვიუს კონტექსტიდანაა ამოღებული. „ეს იყო არასწორი ინტეპრეტაცია და არასწორი თარგმანი, რომელიც აქედან გაიტანეს მაშინდელმა უმრავლესობის წევრებმა. ეს სიტყვები მე ვთქვი მართლმადიდებელ ბიჭებთან დაკავშირებით, რომლებსაც ყოველგვარი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით მიუსაჯეს 4-წლიანი პატიმრობა ტელეკომპანია „კავკასიის“ ინციდენტის გამო.

მე ვამბობდი, რა დარღვევები იყო საქმეში. ყველა დაზარალებული, მათ შორის, გადაცემის ავტორები, აქუბარდია და ჯანგირაშვილი ამბობდნენ იმას, რომ არავითარი დანაშაული, არც ხულიგნობა, არც ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა არ ჩაუდენიათ ამ ახალგაზრდებს, იყო გადაცემის ჩაშლა, მაგრამ გადაცემის წამყვანი დაზარალებულადაც არ იყო ცნობილი და როცა ჟურნალისტმა მკითხა, როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდა ხელისუფლებას ამ ბიჭებისთვის ბრალის შეთითხნა, მე ვუთხარი, რომ მათი დაპატიმრებით ხელისუფლება იქმნიდა იმიჯს, რომ ის თითქოსდა იცავს უმცირესობის უფლებებს, თუმცა არავითარი უმცირესობის უფლების შელახვა არ ყოფილა ამ გადაცემაში. ეს იყო აზრის გამოხატვა და უმრავლესობასაც უფლება აქვს, აზრი გამოხატოს.

ვსაუბრობდი კონკრეტულად ამ ფაქტზე და ვამბობდი, რომ ისინი მართლმადიდებლური კავშირის წევრები არიან, რომლებისთვისაც გარკვეულწილად მიუღებელია სხვა სექსუალური კავშირები, ანუ მამათმავლობა, ლესბოსელობა და ა.შ. ისინი ამას ვერ ეგუებოდნენ და იმ წიგნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, სადაც იყო საუბრები ასეთ ურთიერთობებზე. ისინი კონკრეტულ პროტესტს გამოხატავდნენ კონკრეტული წიგნის მიმართ და  მათი პოზიცია აბსოლუტურად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მართლმადიდებლებისთვის ეს არის შეუთავსებელი-თქო, მე ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე“, – განაცხადა მანანა კობახიძემ TSpress- თან საუბრისას.

საზოგადოდ, ეს „ნაციონალების“ ხელწერაა, როცა ადამიანს ისეთი რამ უნდა დააბრალო, რაზეც თავის მართლებაც კი უხერხულია. კობახიძე აცხადებს (არადა, ამ საქმეში მას კომპეტენცია ნამდვილად არ აკლია), რომ ეს საქმე იყო იმის დემონსტრაცია, როგორ „იცავდა“ ხელისუფლება უმცირესობებს, რათა შემდგომში ის ასახულიყო სხვადასხვა ანგარიშებში.  მას, როგორც ადვოკატს, ბევრჯერ დაუცავს უმცირესობების და, მათ შორის, სექსუალური უმცირესობის უფლებები მაშინ, როცა მაშინდელი უმრავლესობა მათ უფლებებს არღვევდა, უვარდებოდა ოფისებში  და სცემდა სწორედ იმიტომ, რომ სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენდნენ. კობახიძე ადასტურებს, რომ ის ასევე დაიცავს ნებისმიერი უფლებაშელახულის, მათ შორის, უმრავლესობის წარმომადგენლის უფლებებსაც.

სინამდვილეში „ფიგაროს“ მიერ ინტერპრეტირებული მანანა კობახიძის ინტერვიუს საკამათო ფრაზა ასეთია: შეიძლება სულაც არ იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მისთვისაც მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარს ითხოვს“.

განა რა არის საკამათო ამ ფრაზაში? ცხადია, არაფერი! ოღონდ ამგვარი „კვანტის დადებას“ ჩვეული ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები ძველებურად განაგრძობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ ახალი ხელისუფლების დემონიზაციას. სოციალური ქსელიც, როგორც ყოველთვის, ამ ინფორმაციამ შეამღვრია. „ლიბერალობის“ მსურველები ქილიკს არ იშურებდნენ, ზოგიერთმა კი მანანა კობახიძეს ურჩია: „თუ მართლმადიდებელია, რა უნდა პარლამენტში, სამზარეულოში დაჯდესო“! არ ღირს ლაპარაკი ასეთ „განათლებულ“ პირებზე, არც იმის გახსენება, რომ საქართველოში ქალები ოდითგანვე მწიგნობრები და სახელმწიფო საქმეებში ჩართული იყვნენ. მათთვის მართლმადიდებლობა „ჩამორჩენილობაა“, ხოლო ლესბოსელობა „წინწასულობა“.

თუმცა ამ შემღვრეულ სოციალურ ქსელში ერთი მეტად საყურადღებო კომენტარიც არის, რომელიც პაატა ქურდაძეს ეკუთვნის: „ყოველ ჯერზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ „აგიტაცია–პროპაგანდის განყოფილების საერთაშორისო უჯრედის“ ეს უშტატო თანამშრომელი, იზაბელ ლესერი მორიგ ბოდვას აქვეყნებს „ფიგაროში“, საქართველოში ისეთი რეაქცია აქვთ, თითქოს მორჩა, საფრანგეთში თავი აღარავის გამოგვეყოფა, გლუკსმანების ქართველი „მოყვრების“, საელჩოს თანამშრომლების, ოთარ იოსელიანისა და გუჯი ამაშუკელის გარდა. ეს დაახლოებით იგივეა, ფრანგებს რომ გული გაუსკდეთ რომელიმე ქართულ გაზეთში ანტიფრანგული, ან ანტიდასავლური სტატია რომ წაიკითხონ.

ამ სტატიაში არაფერია ახალი, ეს ქალი წარმოადგენს იმ გუნდის ნაწილს, რომელიც დიდი ხანია მუშაობს იმ საქართველოს დისკრედიტაციაზე, რომელიც ნაციონალებს მხარს არ უჭერს და ამ გუნდს გლუკსმან–ჯუნიორი კურირებს, მამის ლოცვა–კურთხევით. ეს სტატია, როგორც ყოველთვის, ფრანგი მკითხველისთვის მგრძნობიარე ერთსა და იმავე წერტილებს აწვება: რუსი მილიარდერი, პრორუსი, ჰომოფობია, რელიგიური ექსტრემიზმი, ქსენოფობია… და ეს ისეთი სიზუსტით მეორდება ყოველ პუბლიკაციაში თუ აუდიო ან სატელევიზიო გამოსვლაში, რომ უკვე საბჭოთა უნიჭო ანტიდასავლურ პროპაგანდას ემსგავსება.

 

თავად რაფაელ გლუკსმანის ნებისმიერი სტატია იწყება და მთავრდება საქართველოში სწორედ ევროპული და ბარბაროსული ღირებულებების ჭიდილზე ლაპარაკით. ალბათ, მისი აქცენტები ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, მაგალითად, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე რადიო „ფრანს კულტურში“ განაცხადა, რომ ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტის დამარცხება ერთ–ერთი დიდი მონაპოვარია „მიკაელ საკაშვილის“, რადგან ერთადერთი, რის ექსპორტსაც საქართველო ახორციელებდა თავისი ისტორიის მანძილზე ღვინის გარდა, ეს იყო განგსტერებიო… არ იფიქროთ, რომ თარგმანი მეშლება, სწორედ ასე თქვა…

წარმომიდგენია, როგორ ვიშვიშებდნენ ამის მოსმენისას მოხუცი შეშინებული ფრანგი ბებოები, რომელთა მეზობლად, შესაძლოა, ქართველი სტუდენტი ცხოვრობს… როგორ ესიზმრებათ საბრალოებს ღამე რასკოლნიკოვის ნაჯახი… ეს კაცი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია, არც მეტი, არც ნაკლები, საერთაშორისო საკითხებში… ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს საერთაშორისო კომუნიკაცია მათთვის რაღაც მესამე თუ მეოთხეხარისხოვანი საქმე იყოს, რაც, ცხადია, სრულიად აძლევს ხელს „იზაბელებს“, „რაფაელებს“ და სხვებს. არც გაემტყუნებათ, საქმე ნამდვილად არ მოაკლდებათ“! 

საქმე არ შემოაკლდებათ არც ახალი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რადგან უკვე უწევთ და მომავალშიც მოუწევთ ამგვარ შეთითხნილ ბრალდებებზე თავის მართლება. თუ პრემიერ–მინისტრი და მისი გუნდი მრავალრიცხოვან „იზაბელ–რაფაელების“ ცილისწამებას ეფექტურ პიარს არ დაუპირისპირებს, სააკაშვილის მრუდე სარკე იმას აირეკლავს, რაც ბუნებაში არ არსებობს. ასე უფლებადამცველი ჰომოფობად იქცევა, ტირანიასთან მებრძოლი – პოლიტიკური ოპონენტების მდევნელად, ხოლო გუშინდელი ჯალათი – რეპრესიის მსხვერპლად… თუმცა, ასეთები მომხდარა საქართველოს ისტორიაში?

თამარ დავითულიანი

 

 

 

   

 

 

 

 

 

1 COMMENT

  1. სექსუალურ უმცირესობათა უფლებები უნდა იყოს დაცული,მაგრამ მათი გადაგვარებული საქციელის პროპაგანდას საქართველოში არ დავუშვებთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here