Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ არაბული: ეროვნულობის ერთადერთი განმსაზღვრელი არის ენა!

ავთანდილ არაბული: ეროვნულობის ერთადერთი განმსაზღვრელი არის ენა!

1411

ამ დღეებმა კიდევ ერთ ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნა: თურმე შესაძლებელი ყოფილა დახვეწილი ქართულით საუბარი სისხლის სამართლებრივ უმწვავეს საქმეებზეც კი. არჩილ კბილაშვილმა, ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, გაახსენა ჩვენს საზოგადოებრიობას, რომ არა მარტო სამართალს აქვს წესები და კანონები, არამედ ქართულ ენასაც. კბილაშვილის მიერ რომელიღაც მუხლის «» პუნქტის დასახელებისას თქმულმა «ანმა» ყბა ჩამოუგდო ობივატელს: _ ააა

ქართული ენის დაცვის, ენათმეცნიერების აქტუალურ პრობლემებზე გვექნება დღეს საუბარი საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტთან, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ავთანდილ არაბულთან.

_ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ერის გაჩენის შემდეგ დაიწყო ადამიანმა თვითშეცნობა, მანამდე ის მაინც ინსტინქტების დონეზე ცხოვრობდა, _ ასე იწყებს საუბარს ბატონი ავთანდილი და განაგრძობს, _ ერი არის ისტორიის სუბიექტი. პიროვნება არის ფიზიოლოგიური სუბიექტი. მისი არსებობა დროში დასაზღვრულია. კაცობრიობამ იპოვა სუბიექტი, რომელიც მარადიულია, უკვდავი არ არის, რადგან ისიც ცოცხალია, მაგრამ ბევრად აღემატება ერთი ფიზიოლოგიური სუბიექტის არსებობას, სიცოცხლე გაერთიანდა ერში, ამის გამოხატულება კი არის ენა.

როცა საქართველოს ძნელბედობის ჟამი დასდგომია, ენა გამოსულა წინა პლანზე, როგორც ერის გამაერთიანებელი. «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში» ამ «საერთო სიცოცხლეს» განსაკუთრებით გაესმის ხაზი.

_ ეს ფუნქცია ენას დღესაც აქვს შესასრულებელი?

_ დიახ, რადგან დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში, რომელშიც ფაქტობრივ აღარაფერია ავტონომიური, არც ტერიტორია _ საზღვრები პირობითი გახდა, ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკად ტრანსფორმირდა, გაჭირდა კულტურის შენარჩუნება, ეროვნულობის ერთადერთი განმსაზღვრელი და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრიობისაც არის ენა.

სახელმწიფო ენა უფრო ზეკატეგორიაა _ მის საფუძველზე იწყება ხალხების გაერთიანება, რომლებიც უერთდებიან ლიდერი ერის ენობრივ-კულტურულ ერთობას.

დღეს ჩვენი მცირერიცხოვანი ერი, ეკონომიკური თვალსაზრისით, განვითარებადია. ჩვენ და ჩვენს სახელმწიფოს განსაკუთრებით გვმართებს, ვიზრუნოთ იდენტობის ერთადერთი ნიშნის, სახელმწიფო ენის, შესანარჩუნებლად, რადგან სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტი არის სახელმწიფო ენა.

_ სახელმწიფო ენა ქართული და არა ინგლისური (როგორც ზოგიერთი «წინწასული» ვაიმოღვაწე ორიოდ წლის წინათ გვიწინასწარმეტყველებდა). პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ქართულად გამოსვლა ბრიუსელში ვიზიტის დროს, სააკაშვილის ინგლისურით კეკლუცობისგან განსხვავებით, იმედის მომცემია უკვე.

_ კი, სასიკეთო ნიშანია: როცა პირველი პირი სახელმწიფო ენის მიმართ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამოკიდებულებას ამგვარად გამოხატავს, ეს ენისადმი სახელმწიფო პოლიტიკის მაჩვენებელია.

მახსენდება ასეთი შემთხვევა: როცა საფრანგეთის ერთ-ერთი მინისტრი გაეროში  ინგლისურ ენაზე გამოვიდა, ამ ქვეყნის დელეგაციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომის დარბაზი. სკანდალი იყო.

ჩვენ შევეგუეთ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პოლიტიკოსების ინგლისურენოვან გამოსვლებს გაეროს ასამბლეის სხდომებზე და სხვაგან. როცა ასეთი მაღალი ტრიბუნიდან შეგიძლია შენი მშობლიური ენით იმეტყველო და ამითაც დაუმკვიდრო საქართველოს ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში, მაგრამ ამას არ იქმ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ საქართველო კი არ გიყვარს, არამედ შენი თავი გიყვარს საქართველოში, და, რა თქმა უნდა, კეკლუცობ…

ის, რისი მოწმენიც გავხდით ამ დღეებში ბრიუსელიდან გადმოცემული რეპორტაჟების მეშვეობით, მოწმობს, რომ სახელმწიფო ენისადმი დამოკიდებულება სრულიად ახალ კალაპოტში გადაინაცვლებს.

_ თქვენი ინსტიტუტი ამ ენის სადარაჯოზე დგას. თქვენს მეცნიერულ კოლექტივს ყოფილი ხელისუფლების მიერ «რეფორმირებულ» გარემოში უთუოდ დაუგროვდა პრობლემები.

_ იმ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, რომელიც საქართველოში მეცნიერებისა და განათლების სფეროში განხორციელდა, ფაქტობრივად, დასრულდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების არსებობა. 2006 წელს აკადემიის სისტემა დაიშალა, ინსტიტუტები, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, დაექვემდებარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2010 წლიდან დაიწყო და შარშან ჩვენი ინსტიტუტით დასრულდა უნივერსიტეტებთან მათი მიერთების დამანგრეველი პროცესი.

ამ ინსტიტუტებს მთლიანად ჩამოერთვა დადგენილი სტატუსი და ლაბორატორიების დონემდე ჩამოქვეითდა. ეს კი მოასწავებდა მათ ფაქტობრივ გაუქმებას. ეს ერთი. მეორე მხრივ, რახან აღარ არსებობს სამეცნიერო ხარისხი, სტიმული, ინტერესი, ახალგაზრდობა არ მოდის მეცნიერებაში და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების უმეტესობა, შეიძლება ითქვას, აღარ ფუნქციონირებს. ზოგი, მოგეხსენებათ, ოფიციალურად გააუქმეს, მაგალითად, ისეთი დიდი სკოლები, როგორიცაა ფსიქოლოგიის სკოლა, ფილოსოფიის ინსტიტუტი, ხოლო ისეთი ინსტიტუტები, როგორიც ჩვენია, რეალურად გაუქმებულია. არადა, ენათმეცნიერების ინსტიტუტი არის ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფო ენის ბედი აბარია.

_ ესე იგი, პირველი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტებისთვის სტატუსის აღდგენაა, კერძოდ, ენათმეცნიერების ინსტიტუტისთვის.

_ დიახ. მთავარი სტატუსია და არა შენობა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს თვალი დაადგეს გასაყიდად. ინსტიტუტების ლიკვიდაცია შეიძლება სწორედ შენობებთან იყო დაკავშირებული. სტატუსის აღდგენა, უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია დაფინანსებასთან, იმ სამეცნიერო გეგმების განხორციელებასთან, რომლებიც დასახულია და გარკვეულ შედეგზეა გათვლილი.

განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ტერმინოლოგიაში.

უცხოური ტერმინოლოგიით გაიძეძგა ჩვენი სალიტერატურო ენა. სრულიად უკონტროლო მდგომარეობაა რეკლამებში, სახელწოდებებში, ფირნიშების წარწერებზე. საგანგაშო ვითარებაა. ენას ზოგადად არ ეშინია უცხოური სიტყვების. ქართული ენა ამის მაგალითია. უამრავი სიტყვაა შემოჭრილი ყველა იმ ენიდან, რომელთანაც კავშირი გვქონია: ბერძნულიდან, ლათინურიდან, სპარსულიდან, არაბულიდან, თურქულიდან, რუსულიდან… მაგრამ ამას ქართული ენის სახე არ შეუცვლია. ეს ბუნებრივი პროცესი იყო. მთავარია ძირეული ლექსიკისა და გრამატიკის სიმყარე, მაგრამ არსებობს კანონზომიერება: თუ გარკვეული პერიოდის მანძილზე დიდი რაოდენობით ხდება ლექსიკის ცვლა, ეს თვისობრივ ცვლილებაში გადადის. ენის თვისობრივი ცვლილება კი ძალიან საშიშია, რადგან მაშინ ენა კარგავს თავისთავადობას.

ცალკე სათქმელია, რომ დღემდე არარსებული ინტონაციით მეტყველებენ ჩვენი ჟურნალისტები, ექსპერტები, ანალიტიკოსები და ა.შ. _ წამღერებით: თუ გსუურთ, მთელმა თბილისმაა და მისთ. ეს არ არის ქართული ინტონაცია და ასეთი მეტყველება იმდენად ძნელი აღსაქმელი ხდება, რომ ჩვენებურები ირანსა და თურქეთში ჩივიან, ტელევიზიითა და რადიოთი უწინ მოსმენილისგან განსხვავებით ასეთ ქართულს ვერ ვიგებთო. თუ შეიძლება, ცოტა ნელა ილაპარაკონო: ჩქარი ტემპიც არაქართულია.

_ არადა, ჩვენი ელექტრონული მედიის ჟურნალისტები ისე აჩქარებით მეტყველებენ, რომ გეშინია, ენა არ დაიზიანონ. ეტყობა, ეს «ბურატინო» ლაპარაკი, როგორც ადრე იტყოდნენ, წახალისებულია.

_ სიჩქარეში ბგერები იყლაპება. ქართული სიტყვა რთულია, მრავალმარცვლიანი და გამოთქმაც შესაფერისი სჭირდება.

როცა უცხოური გავლენა ძლიერია, ენაში სიღრმისეული ცვლილებები ხდება და ამას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოებრივი დაცვა შესაბამისი ინსტიტუციების მეშვეობით.

საგანგებო ინსტიტუცია 1941 წლიდან მუშაობდა ენის ნორმებზე, ერთის მხრივ, ტერმინოლოგიაზე და, მეორე მხრივ, წერისა და მეტყველების კულტურაზე იყო ორიენტირებული. აღნუსხავდა შეცდომებს, გამოსცემდა სამეცნიერო სტატიებს იმ ხარვეზების შესახებ, რითაც ბინძურდებოდა ენა. ამ კვლევების საფუძველზე მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო კომისიაში (1953 წლიდან არსებობდა) წარადგენდნენ შესაბამის მასალებს, წინადადებებს და კომისია ამტკიცებდა სახელმწიფო ენის ნორმებს.

_ მეორე პრობლემა, როგორც მივხვდი, სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის აღდგენაა.

_ ეს აუცილებელზე აუცილებელია. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე, რომელიც ნორმატიულია და, რასაც ვუყურებ, ამ ხნის მანძილზე, უამრავი ნორმა შეიცვალა; გამოვცემთ პატარა ლექსიკონებსაც _ სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი, ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი და ა.შ. ამ გამოცემებში შეტანილია ყველა დღეს არსებული სიახლე, მაგრამ მათი დამკვიდრებისთვის უნდა არსებობდეს სახელმწიფო ინსტანცია, რომელსაც წარვუდგენთ ამ სიახლეებს, დამტკიცდება და ყველასთვის სავალდებულო გახდება.

მესამე საკითხი. პარლამენტში, სადაც, ფაქტობრივ, ყველა ძირითადი მიმართულების კომიტეტი არსებობს, ქართული ენის არც კომიტეტია, არც ქვეკომიტეტი და არც არაფერი. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უწინ არსებობდა ქვეკომიტეტი, რომელსაც ბოლოს მანანა გიგინეიშვილი ხელმძღვანელობდა, ძალიან საინტერესო სხდომები ტარდებოდა.

პარლამენტში მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ენის საკითხების შესახებ მსჯელობა, მათ შორის, ენის კანონის შესახებაც. სამი ვარიანტი გაკეთდა სახელმწიფო ენის კანონის, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრების გამო დამტკიცება ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების პრობლემის მოსაგვარებლად გადამწყვეტი, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური ნება.

_ სამი პრობლემა ვთქვით. არის კიდევ რამე?

_ 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა ახალი სამთავრობო სტრუქტურა _ ენის სახელმწიფო პალატა. აუცილებლად უნდა არსებობდეს მიღებულ გადაწყვეტილებათა განმახორციელებელი სტრუქტურაც, განსაკუთრებით რეგიონებში ამ მიმართებით სამუშაოების განსახორციელებლად. ენის სახელმწიფო პალატას დიდხანს არ უარსებია, მაგრამ ძალიან სასარგებლო საქმეს დაადგა თავი. რაიონებში გაიხსნა ოფისები, დაინიშნენ კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო ენის პოლიტიკას ადგილებზე განახორციელებდნენ. ეს იყო ერთგვარი ცენტრები, რომლებშიც დაინტერესებული მოქალაქეები იღებდნენ საჭირო კონსულტაციას და ა. შ. ამასთან, ამ პალატამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა არაქართული რეგიონებისთვის ქართული ენის მასწავლებლების მომზადებისა და გადამზადების თვალსაზრისით. მისი ძალისხმევით ამ რაიონებში გაჩნდა ქართული ენის შესწავლის მოთხოვნა და სწავლებაც მაღალ დონეზე წარიმართა.

_ არ იქნებოდა ცუდი, თუ აღადგენენ ენის სახელმწიფო პალატას?

_ დიახ. და კიდევ: თანამედროვე მსოფლიოში ენების ელექტრონულ ბანკებს ქმნიან, წყაროების ელექტრონულ ბაზებს, იმიტომ, რომ ახლა უკვე შეუძლებელია მოძველებული საბარათო სისტემით მუშაობა. ასეთი ბაზების შესაქმნელად ევროპულ და, ასევე, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში უზარმაზარი თანხები იხარჯება.

_ საქართველოში არის მსგავსი რამ?

_ ჩვენთან არ არის და სწორედ ამიტომ გავუსვი ხაზი ენისადმი სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას. ძალიან ოპერატიულად უნდა შეიქმნას ჩვენთან ასეთი ბაზები, რადგან თანამედროვე მცირერიცხოვანი ერების ენების ხსნა სწორედ ტექნიკური უზრუნველყოფით არის შესაძლებელი. ახლა უკვე შეიძლება ნებისმიერი ენიდან კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით თარგმნა. ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანმა არ თქვას უარი თავის მშობლიურ ენაზე და მაინც და მაინც უცხო ენების _ ერთის, მეორის, მესამის შესწავლაში დაინახოს თვითდამკვიდრების ერთადერთი შანსი. უცხო ენების ცოდნა თავისთავად სიმდიდრეა, მაგრამ დღეს უცხო ენის ცოდნა უმთავრესად საკომუნიკაციო ფუნქციას ასრულებს. უნივერსიტეტის პროფესორი ჯულიეტა ღვამიჩავა მეუბნებოდა: ჩვენ ვასწავლიდით ენას კულტურასთან ზიარებისთვის. ახლა საყველპურო, სალაპარაკო ენის სწავლებით კმაყოფილდებიან, საკომუნიკაციო ინგლისურით. ენების სწავლებამ პრაგმატული ხასიათი შეიძინა.

ასე რომ, სახელმწიფო ენის სამსახურში უახლესი ტექნიკაც უნდა ჩავაყენოთ.

_ თქვენი ინსტიტუტი არის მზად ასეთი ელექტრონული ბაზების შესაქმნელად?

_ კი. მაგალითად, ახლა უკვე დავასრულეთ განმარტებითი ლექსიკონის ელექტრონული ვერსია. კეთდება ტერმინოლოგიური ბაზები, მუშავდება ქართული ენის ისტორიული ლექსიკონი-თესაურუსი, ბატონი თამაზ გამყრელიძის იდეა არის  ეს. უკვე გვაქვს მილიონამდე ერთეული ამ ბაზაში და გარკვეული პროგრამული პროდუქტიც არის შექმნილი, მაგრამ საჭიროა რესურსები ამ ყველაფრის ბოლომდე მისაყვანად.

_ ესე იგი, დაფინანსება _ კიდევ ერთი პრობლემა.

_ ეს პრობლემათა პრობლემაა, რადგან ყველა ლექსიკონი ახლიდანაა გასაკეთებელი. ჩვენი ლექსიკონები გამოცემულია მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში და შემდგომ პერიოდში, ენის მაშინდელი მდგომარეობა კი დღეს სრულიად შეცვლილია.

ამ რუბრიკის ადრესატი და ჩვენი მკითხველებიც დაგვეთანხმებიან, რომ პრობლემები არის, თანაც საშური და მათი მოგვარება ჭეშმარიტად მამულიშვილური საქმეა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here