Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე მამრაძე: სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, უგულავას იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, უვადო პატიმრობა...

პეტრე მამრაძე: სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, უგულავას იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, უვადო პატიმრობა არ უნდა ასცდეთ

762

«ვარდების რევოლუციიდან» 9 წელი სრულდება. დიდი იმედები გაცილებით დიდი გაცრუებით შეიცვალა. «მშვიდობიანად მოვედით და მშვიდობიანად წავედით», – თავს იწონებს «ნაცმოძაობა», მაგრამ ეს ასეც უნდა ხდებოდეს, დასაკვეხნი არაფერია. ისტორიამ პარალელების გავლება იცისროგორ განვითარდა მოვლენები 23 ნოემბერს სააკაშვილის მიერ ჯერ ხელუხლებელ საქართველოში და რა შეიცვალა ქვეყანაში მისი მოსვლის და წასვლის შემდეგ _ ამ თემებზე მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე პეტრე მამრაძე გვესაუბრება.

_ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელსაც რომელსაც 80 პროცენტზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რამდენად გაამართლა ამ ადამიანების ნდობა?

_ სრულიად ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრამდე ძალიან ბევრი საჭირო რეფორმა გატარდა საქართველოში. ისტორიული იყო ძირეული რეფორმები, რომლებიც ჩატარდა მთლიანად სახელმწიფო სამსახურში, უპირველესად, პოლიციაში, არმიაში და სხვაგან. ეს წარმატებები მთელმა მსოფლიომ ადექვატურად დააფასა. ბალტიისპირელმა მეგობრებმა, რომლებიც ევროგაერთიანების წევრები არიან, რამდენიმე წლის წინ მითხრეს, რომ მათთან ისე კარგად არ მუშაობდა საპატრულო პოლიცია, როგორც ჩვენთან. არ მინდა ეს ისე იქნეს გაგებული, რომ 2007 წლამდე ყველაფერი კარგად იყო და მერე შეიცვალა სიტუაცია. მმართველმა დაჯგუფებამ სწორედ ამ წლებში დაუშვა მძიმე შეცდომები. თავი წამოსწია ელიტურმა კორუფციამ. 7 ნოემბრამდე მთელმა საქართველომ იხილა, როგორი ვილები წამოჭიმეს სააკაშვილმა და ბიძამისმა _ თემურ ალასანიამ ჭოპორტში, იმ ადგილას, სადაც თბილისისთვის სასმელი წყალი იფილტრება და მშენებლობა საერთოდ არ შეიძლება. სხვა საქმეა, კიდევ საიდან ჰქონდა ეს სახსრები სააკაშვილს, პრეზიდენტი ხელფასით იმის ფუნდამენტსაც ვერ ჩაყრიდა. ხალხმა იცოდა, რომ შესანიშნავი რეფორმების პარალელურად კიდევ სხვა რაღაც კეთდებოდა და თანაც ძალინ ცუდი. ძლიერდება ავტორიტარიზმის საწყისები, შერჩევითი სამართალი, მასმედიის შევიწროება და ა. შ.  მაგრამ 2007 წლის ნოემბრის შემდეგ მმართველი დაჯგუფება და სააკაშვილი მოქმედებდნენ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებისთვის,  სრულიად უკონტროლოდ ხარჯავდნენ ვეებერთელა დახმარებებს, მათ შორის იმას, რაც საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო.

_ ვისი ბრალი იყო 2008 წლის აგვისტოში მომხდარი სამხედრო ინტერვენცია?

_ 2008 წელს სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა. არასდროს მითქვამს, რომ მან ომი დაიწყო. რა ომის დამწყებია ადამიანი, რომელმაც გორში რაღაც დალანდა და გაიქცა. ეს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ. რუსეთს ლანგრით მიართვა საქართველოში ბაზების განთავსების, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საშუალებები. ამის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმი გადადის საერთოდ შეურაცხად მდგომარეობაში: ძალაუფლებისა და ძალაუფლების ტკბობის გარდა არაფერი აინტერესებთ. მთლიანად ჩერდება აუცილებელი მოდერნიზაცია, რომელიც თავის დროზე კარგად იყო დაწყებული და რეჟიმში უკვე სადისტური კომპონენტი მძლავრობს. ყველამ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში, ამის გამო ასი ათასობით ადამიანმა ხელი მოაწერა საპროცესო გარიგებას. ქონება მხოლოდ იმისთვის დათმეს, რომ წამება აეცილებათ. გაიმართა ამაზრზენი პროცესები: გალელებს აბრალებდნენ უაზრო აფეთქებებს და ვიცით სიმართლე, რომ ჯერ კიდევ შარშანწინ მთელ მსოფლიოს შეატყობინეს, როგორ აწამეს, გაუპატიურების ჩათვლით, და როგორ მოაწერინეს ხელი იმაზე, რომ ვითომ რაღაცას აფეთქებდნენ. ყველას გვახსოვს მერაბიშვილის მაძღარი ხმა, ტელეფონით რომ ეუბნება უტიაშვილს: «რა ქენით, შოთა, იხმარეთ ყველა ბოლოდან ეს რეპორტიორები?»

_ ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს მინდა შევეხო. მას, ძირითადად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. ძალიან ბევრი გაკვირვებულია ამ ბრალდებით მისი დაკავების გამო. მას ხშირად ასახელებდნენ, როგორც ადამიანთა წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების უშუალო მონაწილეს. რამდენად კანონზომიერია მისი დაკავება ამ ბრალდებით?

_ ეს არავის უნდა უკვირდეს. უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, ყოველთვის ზრუნავენ, რომ ნივთმტკიცება არ დატოვონ. პრაქტიკულად შეუძლებელია ხოლმე თუნდაც საბუთზე ხელმოწერის მოძებნა, რომელიც არის დანაშაულის მტკიცებულება. ასევე, კადრებიც და ჩანაწერებიც კი არ მოიძებნება, მათ ხელშია ხელისუფლება, ამიტომ იღებენ და ანადგურებენ. რჩება მხოლოდ და მხოლოდ მოწმეების ჩვენება. ივანიშვილმა პირველ დღესვე თქვა, რომ დევნას ვერ შეუდგებოდა და მხოლოდ კანონის შესაბამისად იმოქმედებდა, მაგრამ, როდესაც მოქალაქეები შეიტანენ საჩივარს, ეს იქნება განხილული, შესწავლილი და საქმეს კომპეტენტური ორგანოების მიერ შესაბამისად მიეცემა მსვლელობა. ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის სიმართლეს. საკმარისი მტკიცებულების მოპოვება სასამართლოსთვის ადვილი არ არის. ისეთი ვითარება იქმნება, რომ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ვერ ამტკიცებენ, ყოველ შემთხვევაში _ მოკლე დროში. დიდად კმაყოფილი ვარ, რომ სულ რაღაც თვე-ნახევარია გასული არჩევნების შემდეგ და სრულიად კანონიერად ციხეში იმყოფებიან ახალაია და კიდევ ათამდე დამნაშავე.

_ ბატონო პეტრე, ანდერს ფოგ რასმუსენი და ფილიპ გორდონი ოფიციალურ დონეზე აკრიტიკებენ მოქმედ ხელისუფლებას. რა შუაშია შერჩევითი სამართალი? ამის გამო საზოგადოებაშიც გაჩნდა მოსაზრება, რომ, შესაძლოა, უკანონო მოსმენებით თავადაც სარგებლობდნენ

_ ის, რაც მოხდა, არის ძალიან დასანანი და ამჟღავნებს იმ ორმაგ სტანდარტებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დასავლეთში არსებობს და ხშირად ვლინდება. ყველამ იცოდა დასავლეთსა და ევროკავშირში, რომ არაფერი ვთქვათ ამ სტრუქტურებში შემავალი ქვეყნების პრეზიდენტებზე, ის, თუ რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. შეგახსენებთ, რომ არამარტო ადამიანთა უფლებების ქართველი დამცველები, არამედ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დამცველი ჰამერბერგი ანგარიშებში დეტალურად წერდა, რომ საქართველოში ხალხს აპატიმრებენ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, აწამებენ  და აიძულებენ, აღიარონ ნებისმიერი აბსურდული ბრალდება. წლიდან წლამდე ეს ქვეყნდებოდა. ასეთივე მწვავე იყო გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, მაია კიანოს, დასკვნებიც, რომ სასამართლო არ არსებობს და არც უდანაშაულობის პრეზუმპცია. მწვავე იყო  საფრანგეთის პრეზიდენტის და თუნდაც შეერთებული შტატების სახელმწიფო  დეპარტამენტის რეაქცია. მაგრამ დავსვათ კითხვა: სად იყო მაშინ ბატონი რასმუსენი ან სხვები, რომლებსაც საჯაროდ ერთხელაც არ გაუკრიტიკებიათ სააკაშვილი? მათ საჯაროდ ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ აუხსნეს ძალიან მკაფიოდ.

მე კიდეც ვთქვი: ამერიკელი სენატორები სააკაშვილთან შევიდნენ დიპლომატიური ცოცხებითა და ხელკეტებით შეიარაღებულნი და იმ კაბინეტიდან ისმოდა მისი კვნესა, _ ნუ მცემთ, ბიძიებო.

ხმა არ ამოუღიათ, როდესაც ივანიშვილის ბანკს ანადგურებდნენ, დააყაჩაღეს მანქანა, დააყადაღეს ანტენები, ახლა კი დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ, როცა კანონიერად საჯაროდ კეთდება ყველაფერი. არავის აქვს უფლება, შეაჩეროს დაზარალებული ადამიანი, რომელიც მიდის პროკურატურაში და დეტალურად ყვება ყველაფერს. დიდი როლი შეასრულა იმან, რომ სააკაშვილს უყურებდნენ, როგორც შეურაცხადს, უპასუხისმგებლო ადამიანს, რომელსაც შეუძლია გამოაცხადოს, რომ ირანის მოკავშირე ხდება. ამიტომაც უფრთხილდებოდნენ და საჯაროდ ბევრ რამეს არ ამბობდნენ, მაგრამ კარგია, რომ ივანიშვილისგან სწორი პასუხები მიიღეს. მან ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი, ბრძნული პოზიცია დაიკავა, როცა თქვა, რომ დასავლეთის განცხადებაში შემაშფოთებელი არაფერია. ყველაფერი კანონის ფარგლებში კეთდება, თვითონაც ჩამოვიდნენ და დარწმუნდნენ ამაში.

_ ბატონო პეტრე, შესაძლოა, დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს?

_ უპირველესად, მინდა აღვნიშნო:, დიდი ამბავი მოხდა, როდესაც ქართველმა ხალხმა ირწმუნა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი სწორედ ის კაცია, რომელსაც უნდა ენდო. მან ორ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოსთვის. ჩემთვის ყველაზე დიდი ქველმოქმედება არის ის, რომ პოლიტიკაში შედგა ფეხი. ჩვენ, ყველამ დიდი, საეტაპო გამარჯვება მოვიპოვეთ. მართალია, სააკაშვილის სადისტური რეჟიმი მიმართავდა ყოველნაირ ძალადობას, მაგრამ ამით საკუთარ თავს ანგრევდა. მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რომ საქართველო გამოვიდეს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან.

მსოფლიოში არის ავტორიტარული რეჟიმები, რომლებშიც ეკონომიკური ვითარება საკმაოდ კარგია და ამით იმაგრებენ ძალაუფლებას. სააკაშვილი და მისი თანამზრახველები კი არსებობდნენ საგარეო ვალის ხარჯზე. მზარდი ტემპით იღებდნენ ვალს და ერს 12-ნახევარი მილიარდი დოლარის საგარეო ვალი დაუტროვეს. ეს არის ვეებერთელა ციფრი. დაუტოვეს დანგრეული ეკონომიკა და, უპირველესად, სოფლის მეურნეობა. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში 80 პროცენტი საკვები პროდუქტებისა, რომელთაც საქართველო მოიხმარდა, არის შემოტანილი. ნაცვლად უდიდესი შემოსავლისა, რომელიც სოფლის მეურნეობიდან უნდა მიეღო, ქვეყანა იძულებულია, შემოიტანოს ის, რასაც უნდა აწარმოებდეს და გაჰქონდეს. ეს დიდი დანაშაულია და ჩაიდინეს იმიტომ, რომ ჯიბეში იდებდნენ იმპორტით შემოტანილ მოგებას. არავის ვაშინებ, მაგრამ ამის გამოსწორება ორ-სამ თვეში ვერ მოხდება. მიმდინარეობს მუშაობა ტარიფებზე, მონოპოლიების დაშლაზე და ა. შ. ამას უნდა დრო, მაღალი პოლიტიკა, მუხლჩაუხრელი შრომა და მთელი საზოგადოების მონაწილეობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის სურმავას ფაქტი. უკანონოდ მოპოვებული მასალა ხიზანიშვილს შეაქვს პრეზიდენტის რეზიდენციაში. ყველამ დასვას კითხვა: მერე ვის გადასცემდა იმ მასალებს და ვისგან გამოიტანდა ბრძანებებს ინტერნეტში და ტელევიზიაში განსათავსებლად? ეს ნამდვილად არ იქნებოდა ადმინისტრაციის დაბალჩინოსანი. ამ სისტემას ხუთი თითივით ვიცნობ. პირდაპირ გეტყვით: პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილების გარეშე ეს არ იქნებოდა.

ამ ჯაჭვის მიყოლა აუცილებელია. ვეთანხმები ჯონდი ბაღათურიას, ციხეში ახალაიას განადგურება ხელს აძლევს სააკაშვილს და მის თანამზრახველებს. მოიცილებენ მოწმეს, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამე თქვას პირადად სააკაშვილზე, მერაბიშვილზე, ადეიშვილზე, ხოლო ვინმემ რომ მოკლას, წამებულად შერაცხავენ. წიკლაურმა ხომ თქვა, ცოტნე დადიანის შემდეგ ეგ არის გმირიო. ძალიან კარგი, რომ ისეთ პირობებში ჰყავთ, რომ დაცულია. ინფორმაცია მაქვს, რომ გიგი უგულავა პირდაპირ იყო ჩარეული დიდი ოდენობის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში, გაფლანგვასა და მითვისებაში. ეს აგებულია იმ ფაქტებზე, რომელსაც მე ვაკვირდებოდი და რაც მითხრეს. ბიზნესმენებმა იციან, რომ მერიაში ტენდერი კი არ ტარდებოდა, წინასწარ წყდებოდა და მერე უბრალოდ უნდა შეეტანათ ფული.

პარლამენტიც თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივად არის აგებული: პრეზიდენტი თვალს დაადგამდა, ტერიტორიას, ბრძანებდა, დაენგრიათ და აეშენებინათ რაღაც. მშენებლობების დიდი ნაწილი, რომელსაც ძველი თბილისის დიდი ნაწილი შეეწირა, არის სრულიად უკანონო. ქვეყანაში, სადაც ერთი კილოგრამი ნიგვზისა და სამი საბურავის მოპარვისთვის (პირადად ვიცი ეს შემთვევა) ადამიანს 18 წელი აქვს მისჯილი, მე ვსვამ კითხვას: ასობით მილიონი დოლარის მითვისებასა და გაფლანგვისთვის რამდენი წელი უნდა მიესაჯათ? სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, უგულავასა და სხვებს იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, უვადო პატიმრობა არ უნდა ასცდეთ.

_ უმცირესობის ლიდერები მთავრობას ხშირად ადარებენ საბჭოთა რეჟიმს, «კაგებეს» ხელწერას და . . უკანასკნელი წლების შემდეგ მათ რამდენად აქვთ ამის მორალური უფლება?

_ მათ ხალხში გამოჩენის ზნეობრივი უფლებაც კი არ აქვთ, არათუ რაიმეს თქმა. მე ვიყავი ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრი და შემიძლია ვთქვა: ვინც არიან წინა და ახალი პარლამენტის წევრები, ბაქრაძით დაწყებული, რომლებსაც კაენიუსმა სააკაშვილის კლოუნების თეატრის წევრები უწოდა, მათ ჩაიდინეს დანაშაული. დიდი დანაშაულია პარლამენტარის მიერ ფიცის გატეხვა. პარლამენტარი ფიცს დებს, რომ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. ესენი კი ემსახურებოდნენ პირადად სააკაშვილს და მის რეჟიმს, ტყუილს, სიძულვილს და ძალადობას და თავად თესავდნენ ამას. დღეს ეს ადამიანები გამოდიან დიდაქტიკური აპლომბით და ერს მოძღვრავენ. ამაში არის დადებითი – ხალხში მხოლოდ ზიზღს აღვივებენ. ერთი ექსპერტის ენით რომ ვთქვათ, «ბილწი ჯერ კიდევ ტოკავს». მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ, კონსტიტუციით უნდა წარიმართოს ყველაფერი. უნდა მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომ ჩვენი ხალხი არასოდეს არათუ ხმას არ მისცემს მსგავს ადამიანებს, არამედ მოითხოვს მათ სამართლიან დასჯას და მიაღწევს კიდეც ამას.

_ ახალმა მთავრობამ აირჩია ევროსტრუქტურებისკენ სწრაფვა. თქვენი აზრით, ამ ფონზე რამდენად არის შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება?

_ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა (დასავლეთის წამყვან პოლიტოლოგებს ვციტირებ) თავის უგუნურ კონტრპროდუქტიულ მოქმედებას გადააყოლეს ქვეყნის ინტერესები. ერთმა დასავლელმა პოლიტოლოგმა შეადარა: სააკაშვილმა მეტი განცხადება გააკეთა ნატოსთან დაკავშირებით, ვიდრე ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის ლიდერმა წლების განმავლობაშიო. სააკაშვილი ბევრს ყვიროდა, ნატოში შევდივარო, ის ადამიანები კი სულ არ ამბობდნენ ამას და ისე შევიდნენ. ყველაფერს აკეთებდა, რომ გაეღიზიანებინა რუსეთი. მე მჭიდრო კავშირი მქონდა დასავლეთის დიპლომატებთან. ისინი ყოველთვის გვეუბნებოდნენ: თქვენ რა გინდათ _ ნატოში გაწევრიანება თუ ყვირილი ამ გაწევრიანებაზე? ყვირილი თუ გინდათ, ნატოში ვერ შეხვალთ. ეტყობა, თქვენს პრეზიდენტს ურჩევნია ყვირილი და არა გაწევრიანება. მკითხველს მინდა შევთავაზო ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, პროფესორ ლინკოლნ მიტჩელის ერთ-ერთი ბოლო წერილი «ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში», რომელშიც ასაბუთებს, რომ ამას აკეთებს სააკაშვილი და მისი გუნდი და რომ ამას პუტინის აგენტიც კი ვერ გააკეთებდა სააკაშვილზე უკეთესად.

უოლტერ რასელ მიდი, რომელიც შეერთებულ შტატებში საგარეო ურთიერთობებში წამყვანი ექსპერტია, წერს, რომ საქართველოს ყველაზე საშინელი მტერი ვერ გაუკეთებდა იმას, რაც გააკეთა სააკაშვილმა, და ნატოში საქართველოს არასოდეს მიიღებენ, სანამ მთავრობის მიმართ ნდობა არ აღდგება.

უკვე დაწყებულია კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე მოლაპარაკებები და ნურავინ ელის, რომ ერთ-ორ კვირაში გაკეთდება ყველაფერი. ყველას ესმის, რომ ნგრევა ადვილია და სწრაფი, შენებაა ხანგრძლივი. დროა საჭირო, ჩვენ მიმართ აფხაზებისა და ოსების ნდობის აღდგენა მოხდება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კვალდაკვალ. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას პირობად უყენებდნენ სააკაშვილს და ნებისმიერ მთავრობას. სასაცილოა, როდესაც ამბობენ: დასავლეთი თუ რუსეთი. შარშან ჩამოსულმა სარკოზიმ, გახსოვთ, რა თქვა? – ყველას უნდა გვესმოდეთ რუსეთი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. იმის პასუხად თქვა, როცა სააკაშვილი ყვიროდა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

_ ოკუპაციის მუზეუმზე რა აზრის ხართ?

_ უნდა არსებობდეს ტოტალიტარიზმის მუზეუმი. მას უნდა დაემატოს სააკაშვილის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულის ამსახველი მასალები. ეს კარგი იქნებოდა, ამგრამ როცა რაღაც კეთდება ერთადერთი მიზნით: ეგებ გავაღიზიანო, ეგებ შეურაცხვყო რუსეთი და  ამით ვირაცას გული მოვფხანო _ ეს არის მხოლოდ კონტრპროდუქტიული.

ესაუბრა ანა ქევხიშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here