Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი მარგველაშვილი: წლების მანძილზე მიმდინარეობდა სასაცილო ბრძოლა რუსული კულტურის წინააღმდეგ

გიორგი მარგველაშვილი: წლების მანძილზე მიმდინარეობდა სასაცილო ბრძოლა რუსული კულტურის წინააღმდეგ

794

გასულ კვირას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის, მიერ სწავლის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ (რაც, მისივე განმარტებით, სტუდენტს ორჯერ მეტი ფულის წაღების საშუალებას აძლევს უმაღლესში) საზოგადოებაში გაუგებრობა და გარკვეულწილად უკმაყოფილებაც გამოიწვია. მოსახლეობისთვის, რომელიც ახალი ხელისუფლებისგან გადასახადების შემცირებას ელოდა, ცვლილება ძირითადად მიუღებელი აღმოჩნდა. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ინიციატივა და რა შედეგებზეა იგი გათვლილი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» უფრო დეტალურად თავად გიორგი მარგველაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო გიორგი, რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ სწავლის დაფინანსების გაორმაგებასთან ერთად განათლების ხარისხიც და ხელმისაწვდომობაც შესაბამისად გაიზრდება. ჯერ ერთი თვეც არ არის გასული, რაც მთავრობა დამტკიცდა და მინისტრად დაინიშნეთ, დროის ამ მცირე მონაკვეთში კონკრეტულად რა ღონისძიებები გაატარეთ?

_ მოგახსენებთ, რაც ვთქვი და ვიგულისხმე: სწავლის გადასახადის გაზრდასთან ერთად კი არა, ამ გადასახადში სახელმწიფოს მონაწილეობასთან ერთად-მეთქი, ანუ, სახელმწიფოს მიერ სწავლაში ჩადებული ფულის ზრდამ, წესით, უნდა გაზარდოს ხარისხი, ხოლო ხელმისაწვდომობას ნამდვილად გაზრდის…

_ ერთერთ ინტერვიუში თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა განათლების სფეროს პოლიტიზებისა და მასზე კონტროლის დასამყარებლად. ამ ყველაფერში, ალბათ, თქვენი წინამორბედების წვლილსაც გულისხმობდით; თითქმის ყველა მინისტრი საკუთარ უწყებაში გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს, თქვენ თუ ხედავთ ამის აუცილებლობას განათლების სამინისტროში? რამე დარღვევები თუ აღმოაჩინეთ?

_ ჩვენთან ახლა მიმდინარეობს აუდიტი და ხდება ყველაფრის დეტალურად შესწავლა. აქამდე რაც გამიგია მედიით, თუნდაც სკოლის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პრობლემები, ეს საყოველთაოდ ცნობილია; სხვა დარღვევები ჯერჯერობით არ გამოკვეთილა, თუმცა ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ აუდიტის შედეგად გარკვეული დარღვევები გამოჩნდეს…

_ რატომ ჩათვალეთ საჭიროდ სკოლის მანდატურის უნიფორმის შეცვლა? რას გულისხმობს ეს ცვლილება შინაარსობრივად?

_ შინაარსობრივად ეს არის ნორმალური პროცესი, რომელსაც ჰქვია რებრენდინგი, ანუ იმიჯის შეცვლა. საერთოდ, ფორმა ყოველთვის გარკვეული შინაარსის მატარებელია და რაღაცას ამბობს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან იცვლება შინაარსი და ხდება ამ სამსახურის დახვეწა, გაუმჯობესება, ფორმაც პროცესის ნაწილია და, ბუნებრივია, ჩნდება მისი შეცვლის საჭიროებაც.

_ და რას ამბობდა ის ფორმა, რომელიც აქამდე ეცვათ მანდატურებს?

_ ის ფორმა რას ამბობდა, ამის თქმა ძნელია, მაგრამ რასთან ასოცირდებოდა, ამაზე საუბარი ნამდვილად შეგვიძლია. ის ფორმა ასოცირდებოდა რაღაც სადაზვერვო საქმიანობასთან სკოლებში, რომელთაც ახორციელებდა განათლების სამინისტრო ამ სამსახურის მეშვეობით. ახლა ამ სტრუქტურის შინაარსი არსობრივად შეიცვალა, იგი რეალურად ხდება მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტი. შესაბამისად, არა მგონია, რომ საჭირო იყოს მანდატურებს იგივე ფორმა ეცვეთ და ბუნებრივია, პროცესში ჩვენ გვინდა იმ მთავარი სუბიექტების ჩართვა, რომლებიც არიან სწორედ ამ პროცესის სუბიექტები. მხედველობაში მყავს ბავშვები, მოსწავლეები. მათ განსაზღვრონ, როგორი უნდა იყოს მათი მეგობარი, მათი უსაფრთხოების  დამცველი მანდატურის ჩაცმულობა.

_ წინა ხელისუფლების დროს არაერთი პედაგოგი თუ პროფესორმასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს და მათი უმეტესობა ამ ყველაფერს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებდა. ცნობილია, რომ განათლების სამინისტროში ყოველდღე უამრავი წერილი შედის სამსახურიდან სწორედ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანებისგან. როგორ რეაგირებს ამაზე თქვენი უწყება?

_ პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყოს, რომ გამოვაცხადეთ პოლიტიკური შერიგებისა და ამ პროცესის საზოგადოების რესურსის მეშვეობით ამოვსების სამკვირიანი პერიოდი. ეს პერიოდი მთავრდება 23 ნოემბერს და იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის ყველა პრობლემა ამოწურული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ამოწურული, ჩვენ შევქმნით კომისიას, რომელიც განიხილავს ამ შემთხვევებს.

_ ამ ზაფხულს პედაგოგებმა სასერთიფიკაციო ტესტირება გაიარეს, ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდები, სახელფასო დანამატის სახით, 75 ლარი უნდა აეღო ყოველთვიურად, მაგრამ მათ ეს დანამატი დღემდე არ მიუღიათ. რას იტყვით ამაზე?

_ მე ვიცი, რომ იყო პრობლემები და ჯერ კიდევ ვსწავლობთ ამ საკითხს. რამდენადაც ინფორმირებული ვარ, პრობლემები უკავშირდებოდა სიებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, ჩვენი შექმნილი არაა, ის წინა ხელისუფლებისგან გვერგო. ფულს, რასაკვირველია, გავცემთ, მაგრამ ჯერ სიების დადგენა მიმდინარეობს და ახლა მთავარი სწორედ ესაა.

_ სკოლებში რუსული ენის საათები მინიმუმამდეა დაყვანილი. დღეს, როცა ახალი ხელისუფლება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ერთერთ პრიორიტეტად განიხილავს, მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ ამ მიდგომის გადახედვა?

_ ეს არის სკოლის საწარმოო პოლიტიკა _ რომელი იქნება მეორე ენა და საერთოდ, რა ენები იქნება სასწავლო პროგრამაში. მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ, მიუხედავად რუსულის მიმართ უდიდესი პატივისცემისა, ერთადერთი ენა, რომლის დაფინანსებასაც ჩვენ ქართველი გადამხდელის ფულით ვახერხებთ, არის ინგლისური, იმდენად, რამდენადაც ესაა გლობალიზაციის ენა; მაგრამ, ბუნებრივია, რუსულიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის.

_ გასაგებია, რომ სკოლა ავტონომიური უფლებებით სარგებლობს, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, თავის მხრივ, განათლების სამინისტროც აქტიურად მონაწილეობდა რუსული ენის საწინააღმდეგო კამპანიაში.

_ განათლების სამინისტრო კი არა, ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ აღებული კურსი. საერთოდ, ძალიან სასაცილო ბრძოლა მიმდინარეობდა რუსული კულტურის წინააღმდეგ, იმის მაგივრად, რომ კვალიფიციურად დაპირისპირებოდნენ რუსეთის სახელმწიფოს და არა რუსულ კულტურას. უბრალოდ, სასაცილოა ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი მიდგომა, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვანაირად მათ არ შეეძლოთ…

_ დავუბრუნდეთ სწავლის დაფინანსების თემას: ერთი საკითხია, რომ ეს ყველაფერი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კეთდება, მეორე _ სისტემურად რას აკეთებთ ამისთვის, რა ცვლილებები ხორციელდება?

_ მინდა გითხრათ, რომ ნორმალურ ქვეყანაში და არა ისეთ სახელმწიფოში, რომლიდანაც ჩვენ მოვდივართ, განათლების სამინისტროს ბევრად ნაკლები ფუნქციები და შესაძლებლობები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ, თქვენ როცა აუდიტორიაში შეხვალთ, უკეთესი ლექცია წაგიკითხონ ან უფრო საინტერესო დისკუსია გაიმართოს ენათმეცნიერების საკითხებზე. ლიმიტირებული რესურსებია და ამ რესურსებთან დაკავშირებით გამოსაყოფია შემდეგი: პირველი. ესაა დაფინანსება, რომლის მიმართულებითაც ნათლად გაჩვენებთ, რომ ჩვენ ორჯერ უფრო მეტ ფულს ვდებთ; მეორე. სისტემის შიგნით იმ ძირითადი ღირებულებების დაცვა, რომლებიც ევროპული ღირებულებებია და რომელთა ნაწილიც ჩვენ ვართ. კონკრეტულად აქ საუბარია ბოლონიის პროცესის ძირითად ღირებულებებზე, რომლებიც, უწინარესად, გულისხმობს აკადემიურ თავისუფლებას როგორც უმაღლესების, ისე უმაღლესებში მომუშავე პერსონალის _ პროფესურის, ლექტორებისა და სტუდენტების. ამ ორი ბერკეტის თვალსაზრისით, პირველი: ნათლად გამოვხატეთ ჩვენი ნება ბიუჯეტის ნაწილში და მეორე: უკვე გვაქვს რეფორმირების კომისიის ის დოკუმენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი გია დვალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და მასში საინტერესოდაა გააზრებული ის ძირითადი, ასე ვთქვათ, ამოსავალი პრინციპები, რომელზეც დგას ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა. ჩვენ დავიწყებთ ამ დოკუმენტის განხილვას ქართულ საზოგადოებასთან, არა მარტო იმ ხალხთან, რომლებიც არიან უნივერსიტეტში, არამედ ზოგადად ქართული სამეცნიერო სივრცესთან, ვინაიდან ეს სამეცნიერო ორგანიზმი, სამწუხაროდ, პოლიტიკური ნიშნით იხლიჩებოდა წლების განმავლობაში. ასე რომ, ამ დისკუსიის შედეგად გვინდა მივაღწიოთ იმ გარკვეული პრობლემებისა თუ დაპირისპირების გამთლიანებას, რომელიც წინა ხელისუფლებამ და იმის წინა ხელისუფლებამ შექმნეს. მთავარია, რომ ამ დისკუსიებში ჩაერთვება ყველა და ამ დოკუმენტის შედეგად მოხდება სისტემური ცვლილებების, კანონების შემუშავება უმაღლეს განათლებასთნ მიმართებაში.

_ იმ ოდენობის გადასახადის გადახდაც, რომელიც წინა ხელისუფლებამ დააწესა (2250 ლარი), სტუდენტებს ძალიან უჭირდათ და არაერთი საჩივარი, გნებავთ, აქციაც გვინახავს ამის გამო. რამდენად ადეკვატური იყო 2250 ლარი სწავლის ხარისხთან?

_ ამის თქმა ძნელია ჩემთვის, ამიტომ მოდით, უფრო გლობალურად გიპასუხებთ: საქართველოში დღეს იმაზე მეტი სტუდენტია, ვიდრე საბჭოთა კავშირის თუნდაც ბოლო ეტაპზე იყო. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ბევრად მეტია საჭირო, ვიდრე ფული საგანმანათლებლო სივრცეში მიმართული იყოს. იმისთვის, რომ სტუდენტს ხარისხიანი განათლება მისცეს უმაღლესმა, პროფესორს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, მას უნდა მიეცეს ახალი კურსის შემუშავების შესაძლებლობა, უნდა დაფინანსდეს მისი კვლევა, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა; უნდა დაფინანსდეს, ასევე, რიგ შემთხვევებში, ამ ადამიანის შვებულებაც ერთი წლის განმავლობაში და ა.შ. ამ მიმართულებით, ის ფული, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე, არის ერთმნიშვნელოვნად ცოტა, მაგრამ ისაა შესაბამისობაში ჩვენს ეკონომიკასთან. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ლიმიტირებული რესურსები და ამ ლიმიტირებულ რესურსებში, ბუნებრივია, ვერ ვქმნით ძალიან მაღალხარისხიან განათლებას. ასეთ ვითარებაში ჩვენი სტრატეგიული მიზანი რა შეიძლება იყოს: როგორც კი ეკონომიკა დაიწყებს გაუმჯობესებას და როგორც კი შესაბამისად ბიუჯეტიც დაიწყებს უფრო ინტენსიურ შევსებას, კიდევ უფრო მეტი ფული მივმართოთ განათლების სექტორზე.

ის, რომ არსებობს ბევრი უკმაყოფილო ადამიანი, რომელიც უფასოდ ვერ იღებს განათლებას, ბუნებრივია და ძალიან კარგია, რომ მსგავსი უკმაყოფილება არსებობს. ეს ჩვენ გვიჩვენებს იმას, რომ ბევრს უნდა სწავლა, ეს უკვე დადებითის ნიშანია, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, კარგია, როცა, მაგალითად, ასი ათას ადამიანს უნდა მიიღოს უმაღლესი განათლება, მაგრამ ცუდია, რომ სახელმწიფოს ეკონომიკა ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს ამას. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ის, რაც გავაკეთეთ, _ სამი კვირის განმავლობაში გამოვძებნეთ 10 მილიონი. ვიმეორებ, ის, რომ უკმაყოფილო ადამიანები იარსებებენ, ეს არ არის პრობლემა, სწორედ ამ უკმაყოფილო ადამიანების უკმაყოფილების შედეგად ვითარდება განათლების სისტემაც და სახელმწიფოც.

_ წლების მანძილზე უამრავ კითხვას აჩენდა სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამული მხარეც, ხარისხიც და ფასიც. თუ შეხვდით ან თუ აპირებთ მათ გამომცემლებთან შეხვედრას?

_ ჯერ გამომცემლებს არ შევხვდები, იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტული კომერციული შინაარსის მატარებელი შეხვედრა და, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, საკითხი უნდა მქონდეს დეტალურად შესწავლილი. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო სფერო, სადაც შეიძლება ხდებოდა გარკვეული გარიგებები, არსებობს და გახსოვთ, რამდენიმე სკანდალიც კი ვნახეთ ტელევიზიით, მაგრამ მე ამ ყველაფერს არ ვუყურებ პროკურატურის კუთხიდან… სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით არსებობს რესურსი, _ მიღებულია კანონი, რომლის თანახმადაც, ხუთი წელიწადი სტაბილურად უნდა იყოს ეს სახელმძღვანელოები. რასაკვირველია, არის ამ კანონში ლოგიკა, ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიწყებთ გადასინჯვის პროცესს; მაგრამ ერთი რამ, რაც განხილვის გარეთაა და აბსოლუტურად ნათელია ჩემთვის, ისაა, რომ სახელმძღვანელოებზე ფასი უნდა დავაგდოთ. ამას ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ, რომ ნებისმიერი ოჯახისთვის სექტემბერი არის ეკონომიკური კატასტროფის დრო, როცა სახელმძღვანელოები უნდა შეიძინონ; შესაბამისად, როდესაც მესმის საუბარი კორუფციის ან შესაძლო კორუფციის შესახებ, ჩემთვის გარკვეულწილად საინტერესოა, უწინარესად, იმ თვალსაზრისით, რომ ეს მე მაძლევს პოტენციალს, ამ კორუფციის მოსპობის შედეგად ფასის დაგდებაზე ვიფიქრო. ესაა ის ძირითადი სქემები, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. კარგი იქნება თუ სკოლებში გაჩნდება "school warden"-ის ვაკანსია. ანუ ეს არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ სკოლის წინამდებარე ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთას, სასწავლო პროცესის დაწყების წინ და დამთავრების შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here