Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ ტყემალაძე: ტარიფები 20-30 პროცენტით მაინც შემცირდება, ზოგიერთი შეიძლება _ 40-50 პროცენტითაც

ზურაბ ტყემალაძე: ტარიფები 20-30 პროცენტით მაინც შემცირდება, ზოგიერთი შეიძლება _ 40-50 პროცენტითაც

550

საქმე იქითკენ მიდის, რომ მოსახლეობის გადასახდელი კომუნალური გადასახადების ტარიფების შემცირების პრობლემა ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ტესტად, საჯილდაო ქვად ყალიბდება: მოერევიან, დაძლევენ თუ ისევე, როგორც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა, ქარს გაატანენ დანაპირებს? ამ შეკითხვას ყველაზე უკეთ ვინ, თუ არა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე უპასუხებს.

_ სრულად მაქვს შეგნებული, ბატონო ზურაბ, რომ ახალ მთავრობას წინამორბედთა მიერ იმდენი გადაუჭრელი პრობლემა დაეყარა თავს, რომ ყელზე ფეხის დაჭერა _ რას შვრებით, რატომ აგვიანებთო, არ ეგების. ამ საქმეს ვერც საკეისრო გაკვეთა უშველის, მახვილის ერთი მოქნევით რომ გაათავისუფლო ქვეყნის საშო მოსაცილებელი ნაყოფისგან.

მაგრამ ხალხში გავრცელებული აზრით, ტარიფების შესამცირებელი მუშაობა საჭირო ტემპით არ მიმდინარეობს.

_ ტარიფების შემცირება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგან დღეს არსებული არარეალურია _ ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან გაბერილია.

უწინარეს ყოვლისა, არარეალურია დენის ტარიფი. ჰიდროელექტროსადგურები საკმაო რაოდენობით გვაქვს. მათი გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთი კილოვატსაათი ერთი და ორი თეთრი ჯდება. თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მეტია და მისი ფასიც _ უფრო ძვირი. სადისტრიბუციო კომპანია გენერირებულ ელექტროენერგიას ყიდის, ანუ თვითონ ყიდულობს სხვადასხვა ღირებულების იაფ თუ უფრო ძვირ კილოვატსაათებს, ადებს თავის ფასს და აწვდის მყიდველს, მომხმარებელს, რაც ზრდის ხარჯებს და საბოლოო ჯამში ტარიფებზეც აისახება.

ტარიფებში, როგორც წესი, თავს იყრის ის საინვესტიციო პროექტები და პროგრამები, რომლებიც გათვალისწინებული აქვს ამა თუ იმ კომპანიას. მაგალითად, «თელასში» კომპონენტად ჩადებულია მთელი რიგი საინვესტიციო პროგრამებისა, რომლებიც ჯერჯერობით დაწყებული არც არის. არადა, ამ კომპონენტის ამოქმედებით მოსახლეობამ რაღაც შვება უნდა მიიღოს. კომპონენტები გულისხმობს ტექნიკურ გადაიარაღებას, ახალი ჰესების მშენებლობას, ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას და ა.შ., რაც გამიზნულია მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად და რამაც საბოლოოდ უნდა გააიაფოს პროდუქცია.

_ მაგრამ, რადგან საინვესტიციო პროგრამები, როგორც თქვით, ჯერ დაწყებულიც არ არის, პროდუქციის გაიაფებაზე, მაშასადამე, ტარიფების გაიაფებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება?

_ ასე გამოდის… ამას გარდა, არსებობს კომერციული დანაკარგები, რაც ნიშნავს, რომ პროდუქციის რაღაც ნაწილს ვერ ყიდი, ან არ ყიდი. ეს კომერციული დანაკარგებიც ერიცხება ტარიფს.

_ რომელიც მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს?

_ მოსახლეობამ, მეწარმემ და ა.შ. ამ ყველაფერს გადახედვა სჭირდება _ შესასწავლია, რამდენად კანონიერად არის ჩადებული ეს კომპონენტები. ეს ერთი. და მეორე: რამდენად სწორად სრულდება ან არ სრულდება ამ შემთხვევაში მთელი ეს საინვესტიციო პროექტები.

_ ტარიფებს, როგორც ცნობილია, ამტკიცებს მარეგულირებელი კომისია.

_ დიახ, ამტკიცებს სემეკი. ამ კომისიას არ ჰქონდა თავისი ინიციატივით ამ ტარიფების გადახედვის უფლება, მაგრამ 2010 წლის ზაფხულში შესაბამის კანონში შეტანილი ცვლილებით ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია აღიჭურვა უფლებით, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, გადახედოს ტარიფს მომხმარებლის სასარგებლოდ.

_ მაგრამ, არსებული ტარიფებით თუ ვიმსჯელებთ, მას ამ უფლებით არ უსარგებლია.

_ ბუნებრივია, რადგან სემეკის შემადგენლობა დამტკიცებულია წინა ხელისუფლების მიერ. არსებული კანონმდებლობით, მის საქმიანობაში ვერც პარლამენტი, ვერც მთავრობა ვერ ჩაერევა, თუმცა პარლამენტს აქვს საზედამხედველო კონტროლის განხორციელების ფუნქცია.

ახალი ტარიფების დადგენისთვის შესასწავლია მიწოდების საკითხი. ხშირ შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ შუამავალი კომპანიები, რომლებიც თავთავიანთთვის ჩადებული ერთი თუ ნახევარი თეთრით აძვირებდნენ  პროდუქციას, რაც, ბუნებრივად, ტარიფებზე უარყოფითად აისახებოდა. რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე ვლაპარაკობ. როცა მონოპოლისტი ხარ ბაზარზე, მაშინ ძალიან ადვილია ფასის დაჭერა, ფასის კარნახი მომხმარებლისთვის. ამ მიმართულებითაც საკმარისად დიდი მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი.

_ მონოპოლისტი რომ ახსენეთ, ეს ეხება გენერაციასაც და დისტრიბუციასაც?

_ ყველას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ დისტრიბუციის მონოპოლიაზე, «თელასი» ერთი კომპანიაა, სხვა ვერ შემოდის და, აქედან გამომდინარე, ისაა ფასის დამდგენიც და მოკარნახეც.

ამასთან ერთად, დაწესებულია განსხვავებული ტარიფები მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობიდან გამომდინარე. ეს ართულებს, ხლართავს სიტუაციას. მომხმარებელს აბნევს სხვადასხვა ვადები, ელექტროენერგიის გადასახადის შეტანისთვის რომ არის დაწესებული. თუ უწინ ვადა დადგენილი იყო, ვთქვათ, თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე, ამჟამად რამდენიმე ასეთი ვადაა დაწესებული, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს. ესეც მოსაწესრიგებელი საკითხია.

ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ჩაწერილი გვქონდა, რომ მაქსიმალურად გავაიაფებდით ტარიფებს. მაგრამ არ გვითქვამს, რომ ეს მოხდებოდა დირექტიული მეთოდით, მუშტის ერთი დაკვრით, რადგან ასეთი რამ საერთოდ შეუძლებელია.

პირობის შესასრულებლად აუცილებელია პრობლემის  შესწავლა, დამტკიცება, კონსულტაციები. დაწყებულია და სერიოზული მუშაობაც მიმდინარეობს ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროებში. ამ კვირაში ჩამოვა «ინტერრაოს» დელეგაცია, გაიმართება საგნობრივი კონსულტაციები.

_ ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ხადურმა თქვა, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე ამ ზამთარში შემცირებული ტარიფებით გადაიხდის გადასახადებს

_ ბატონმა ხადურმა ორი დღის წინათ განაცხადა, რომ ზამთარი ჯერ არ დამდგარა (ეღიმება).

მუშაობას ამ მიმართებით ართულებს ერთი გარემოება, რომელიც შესაძლო ფარულ მოლაპარაკებას გულისხმობს: ავალდებულებდნენ ტარიფის გაზრდის სანაცვლოდ გააკეთეთ ესა და ეს სამუშაო, გაწიეთ ქველმოქმედება ან ელექტროენერგია უფასოდ მიაწოდეთ ამა და ამ ორგანიზაციას, ქალაქს და სხვა. ეს რბილადაა ნათქვამი… თორემ სხვაგვარი გარიგებაც შეიძლება ყოფილიყო.

_ რაზეც ხალხში ლაპარაკობენ.

_ არც ეგ არ არის გამორიცხული, მაგრამ დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია… დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული გაზის, ელექტროენერგიის თუ ენერგოშემცველების მიმწოდებლებზე, სემეკის მიმართ საზედამხედველო ფუნქციაც ეფექტიანად უნდა ამოქმედდეს: შევისწავლით, რამდენად კანონიერად იყო დაწესებული ტარიფები, რა საინვესტიციო პროგრამები იყო ჩადებული, რა გაკეთდა, რა _ არა, შეიძლება თუ არა სამეწარმეო დანაკარგის შემცირებაზე საუბარი და ა. შ. დიდი მოცულობის რუტინული სამუშაოა შესასრულებელი, რომლის სრულყოფილად წარმართვას და დამთავრებას სჭირდება დრო.

_ «აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია»?

_ ასეა. ენერგეტიკის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები მცდელობას არ აკლებენ, წინასაარჩევნო დაპირება დროულად რომ შესრულდეს. ჩვენი კომიტეტიც, ბუნებრივია, ყოველმხრივ უწყობს ხელს. შედეგი აუცილებლად იქნება, მაგრამ, რომ ვთქვა, ხვალიდანვე-მეთქი, მოგატყუებთ.

როგორც ხედავთ, უამრავი კომპონენტია თავმოყრილი ტარიფების პრობლემაში და ყველა მათგანს ძირფესვიანად, პროფესიულად მაღალ დონეზე სჭირდება გადაწყვეტა, რათა ერთადერთი სწორი და სამართლიანი შედეგი მივიღოთ.

_ ესე იგი, ტარიფების გაიაფების გაჭიანურება, როგორც ხალხში ავრცელებენ ხმებს, ახალი ხელისუფლების უყურადღებობის ბრალი კი არ არის, წინასაარჩევნო ცრუ დაპირებით კი არ აიხსნება, არამედ პრობლემისადმი პასუხისმგებლური მიდგომით.

_ ასეა, და დარწმუნებული ვარ, თქვენი გაზეთის მკითხველებიც გაგებით მოეკიდებიან შექმნილ ვითარებას.

არის სხვა პრობლემებიც, რომლებიც ფასწარმოქმნას ეხება და სადაც ისეთი «ავგიას თავლებია», რომ მათ გაწმენდას დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება. ჩვენმა ულტრალიბერალებმა იმ იმედით, რომ ყველაფერს ბაზარი მოაწესრიგებს, უარი თქვეს მაკონტროლებელ სტრუქტურებზე, რომლებიც მათ მხოლოდ კორუმპირებულობის ბუდეებად წარმოედგინათ. შედეგად კი მივიღეთ სრული განუკითხაობა, ელიტური კორუფციის დამკვიდრება, მონოპოლიები და კარტერული გარიგებები.

კონტროლის სისტემა საქართველოში, ფაქტობრივად, მოშლილია.

პარლამენტი ყველა ამ პრობლემის მოწესრიგებას აპირებს.

_ მაინც რამდენით შეიძლება შემცირდეს ტარიფები? თქვენ როგორ ვარაუდობთ?

_ ძალიან ძნელია ამის წინასწარ თქმა, მაგრამ, ვფიქრობ, ტარიფები 20-30 პროცენტით მაინც შემცირდება. ეს _ საშუალოდ, თორემ ზოგიერთი _ 40-50 პროცენტითაც.

მაგრამ, ალბათ, ისე არა, როგორც ზოგიერთი, არჩევნებში მონაწილე სუბიექტი გვპირდებოდა, როცა ლამის 20 პროცენტს ტოვებდა ტარიფის არსებული მოცულობიდან.

უნდა გითხრათ, რომ ახალ ბიუჯეტში, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ძირფესვიანად გათვლის, შეაჯერებს და დაამტკიცებს, გაწერილი იქნება წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად საჭირო თანხები. მათ შორის, პენსიების, საარსებო მინიმუმის გაზრდის უზრუნველსაყოფადაც. 800-900 მილიონი ლარი იქნება, სავარაუდოდ, ამ საკითხების მოსაგვარებლად გამოყოფილი.

ასე რომ, გულაცრუებულობის, უნდობლობის საბაბი არ უნდა გვქონდეს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here