Home რუბრიკები საზოგადოება «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა», როგორც პროფაშისტური პარტია, უნდა აიკრძალოს!

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობა», როგორც პროფაშისტური პარტია, უნდა აიკრძალოს!

689

ბატონო რედაქტორო!

უწინარეს ყოვლისა, მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ საშუალება მომეცით, მე, სამშობლოდან იძულებით გადასახლებულ ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტს, ჩემი პოზიცია გამომეხატა თქვენი შესანიშნავი გაზეთის ფურცლებზე, რომლის ინტერნეტ ვერსიას ყურადღებით ვკითხულობ ყოველთვის.

ამჯერადაც, თუ ნებას დამრთავთ, მინდა გამოვეხმაურო თქვენი გაზეთის პუბლიკაციას «ფაშიზმის პოლიტიკური დევნა აუცილებელია», რომლის ავტორი ჟურნალისტი დავით მხეიძეა («საქართველო და მსოფლიო» #43).

აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პუბლიცისტური წერილის პათოსს, რომ «მიშნაცების ცხრაწლიანი მმართველობა ფაშისტური რეჟიმი იყო», რომ ამ რეჟიმის მსახურთა «პოლიტიკური და სამართლებრივი დევნა არა თუ უპრიანი, არამედ აუცილებელია ისევე, როგორც ეს ფაშისტური გერმანიის გესტაპოს თანამშრომლების მიმართ ხდებოდა ომისშემდგომ პერიოდში».

ზუსტი და სამართლიანია ავტორის პოზიცია, როცა იგი აცხადებს: «ქართველი ნაციონალები» არაფრით ნაკლებნი არ არიან გერმანელ ნაციონალ-სოციალისტებზე და, დღეს რომ გასული საუკუნის 30-იანი წლები იყოს და არა XXI საუკუნის გარიჟრაჟი, დარწმუნებული იყავით, რომ კრემატორიუმებშიც დაგვწვავდნენ სადისტი ახალაიები».

მეც ამ საკითხზე მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება.

გასულ საუკუნეში ფაშიზმი შავი ჭირივით იყო მოდებული მსოფლიოს: ფაშიზმი _ იტალიაში, ნაციონალ-სოციალიზმი _ გერმანიაში, რკინის გვარდია _ რუმინეთში, ახალი სახელმწიფო _ პორტუგალიაში, ინტეგრალიზმი _ ბრაზილიაში და ა. შ. 30-40-იან წლებში არსებობდა რუსული ფაშიზმიც თეთრი ემიგრანტების წრეებში (ჩინეთში _ ხარბინში, აშშ-ში _ კონექტიკუტის შტატში).

სააკაშვილის რეჟიმი ინიციატორი გახდა იმისა, რომ XXI საუკუნეში ნეოფაშისტური მოძრაობა დამკვიდრებულიყო საქართველოში _ ძალადობით, შიშით, მოსყიდვებით, სიცრუითა და სიყალბით.

ჩილეს დიქტატორ პინოჩეტის დონისა არა, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმს მისი მსგავსი ხელწერა ჰქონდა _ ტვინების გამორეცხვიდან დაწყებული, რეპრესიებით დამთავრებული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის «ბართლომეს ღამეები» რად ღირს: დღე არ გადიოდა, ჩვენთან, ქართულ დიასპორაში, რომ არ ჩამოეღწია ინფორმაციას ახალი და ახალი ტრაგიკული ფაქტების შესახებ… უბედურება ტრიალებდა საქართველოში.

ეკონომიკა დაიშალა, ბიზნესი ჩაკვდა, ქართული სოფლის მეურნეობა იმპორტულმა პროდუქციამ ჩაკლა. იმპორტიორი მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ბობოლა უნდა ყოფილიყო, მაგალითად, კეზერაშვილი ან მისნაირი, ბანდის სხვა მეთაური.

ქვეყნის ეკონომიკა ნაცელიტამ იგდო ხელთ, არნახულად გამდიდრდნენ «ერის მამები» საკუთარი ხალხის ხარჯზე, მილიარდები იშოვეს მათ ოჯახებთან დაახლოებულმა ადამიანებმაც. ხალხს კი გროშებს ურიგებდნენ _ თითო კანისტრა დიზელის საწვავსა და 20-20 კილოგრამ ფქვილს  წინასაარჩევნოდ.

ღვთის წყალობით და «ქართული ოცნების» ძალისხმევით, ჩვენი ისტორიის ამ სამარცხვინო და ტრაგიკულ მონაკვეთს ბოლო ეღება. მართლმსაჯულების წინაშე წარდგა დამნაშავეთა ერთი ჯგუფი, მათ შორის, სადიზმით გამორჩეული, სააკაშვილის «იდეების» თავგამოდებული ადეპტი ბაჩანა ახალაია, რომელიც ფაშისტური გესტაპოს ქართული ნაირსახეობის ჩამომყალიბებელი და დამამკვიდრებელია.

შსს და სხვა ძალოვანი სტრუქტურები ორიენტირებული იყვნენ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ფიზიკურ და სულიერ დათრგუნვაზე, ჰქონდათ უზარმაზარი დაფინანსება და განუზომელი უფლებები.

საქართველოს მოსახლეობას საკუთარ თავზე აქვს გადატანილი მათ მიერ განხორციელებული ძალადობა. ჩვენც, ქართველი ემიგრანტები, მათი მსხვერპლნი ვართ. ამიტომ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით ხდება, უწინარეს ყოვლისა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, გულთან ახლოს მიგვაქვს და გვჯერა, რომ თანდათან დაიწმინდება ეს ნეოფაშისტური მღვრიე მორევი.

მაგრამ ისიც მინდა ვუთხრა ჩემს თანამემამულეებს, რომ საკმაო შეშფოთების საფუძველს იძლევა ყოფილი უმრავლესობის წევრების, საპარლამენტო უმცირესობის _ ახალაიას დამცველების ამორალური და ყოვლად უსაფუძვლო გამოსვლები. ისინი არა მარტო ამართლებენ ამ ჯალათს, არამედ «გმირად», მართალ კაცად და, რაც უდიდესი მკრეხელობაა, ცოტნე დადიანადაც კი მოიხსენიებენ.

სად იყვნენ ეს «წმინდა სულები», როცა იგივე ახალაია თავდაცვის მინისტრობისას თავის ჯარისკაცებს არაადამიანურად ექცეოდა, როცა შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს გენერლები: კობა ოთანაძე და რომან დუმბაძე, როცა ავჭალის გზაზე მოკლეს გია კრიალაშვილი და მხოლოდ მაშინ ამოძრავდნენ, როცა სრულიად კანონიერად დაიწყო გენერალ კალანდაძის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება?!

აღმოჩნდა, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ «რეფორმირებულ» შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების წამება, მათი ღირსების შეურაცხყოფა, ფიზიკური ზემოქმედება «დისციპლინის დამყარების» მიღებული ნორმები ყოფილა. ხოლო ერთი ყოფილი «კმარელი» ქალი, რომელიც თქვენს გაზეთში მოხსენიებული იყო, როგორც «სახეწაშლილი», უსირცხვილოდ აცხადებდა, რომ ახალაიამ დანაშაული კი არ ჩაიდინა, არამედ «ვაშლის სათლელი დანის ტარი თავში ჩაუკაკუნა ვიღაც ჯარისკაცს».

ასე «უკაკუნებდნენ» ქართველ ხალხს «დანის ტარებსაც» და ხელჯოხებსაც, ესროდნენ ტყვიებს და წამლავდნენ გაზით, ციხეებში ალპობდნენ, ხოცავდნენ მომიტინგეებს და მათ გვამებს შენობის სახურავზე აწყობდნენ და აცხადებდნენ დენის დარტყმით დაიღუპნენო.

მიხეილ სააკაშვილი ახლახან ევროპაში სიტყვით რომ გამოვიდა, უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ მან ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და არ დაიტოვა ძალოვანი სტრუქტურები. ამ განცხადების ქვეტექსტი საკუთარი დემოკრატიულობის წარმოჩენა იყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპიროს ამტკიცებს: ნაციონალ-მენშევიკები (უმცირესობა) ისე ყოყლოჩინობენ, ისე თავხედურად იქცევიან, თითქოს მათ ნეოფაშისტურ ხელისუფლებას კვლავ ხელთ ეპყრას ქვეყნის მართვის სადავეები.

როცა ეროვნულმა ძალებმა _ «მრგვალმა მაგიდამ» არჩევნებში გაიმარჯვა, კომუნისტებმა ნებაყოფლობით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დათმეს თავიანთი პოსტები, ამით ააცილეს ქვეყანას ორხელისუფლებიანობის საშიშროება.

სააკაშვილი გამოდის ევროპაში და აცხადებს, რომ იგი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელშიც ორხელისუფლებიანობაა. მაშასადამე, იგი ამზადებს საფუძველს მომავალი დაპირისპირებისა და, აქედან გამომდინარე, რევანშისთვის.

საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ ონის რაიკომის პირველმა მდივანმა რეზო ნოდარიშვილმა, პირველმა საქართველოში, ონის პარტრაიკომი დაშლილად გამოაცხადა, ასპარეზი დაუთმო ეროვნულ ძალას. მას სხვა რაიონებმაც მიბაძეს.

საპასუხოდ გამარჯვებულმა «მრგვალმა მაგიდამ» ასეთივე ცივილიზებულობით უპასუხა: მთავრობაში მიიწვია ისეთი აღიარებული პროფესიონალები, როგორებიც იყვნენ ნოდარ ჭითანავა, ბაკურ გულუა, მინდია უგრეხელიძე, ოთარ ხატიაშვილი, ვახტანგ რაზმაძე და სხვები.

ეს იყო ეროვნული ერთიანობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი.

დღეს რა ხდება? ჩაფრენიან სააკაშვილის მიერ ხელდასმული ფუნქციონერები თავიანთ თანამდებობებს და ხალხის მოთხოვნას _ გზა მისცენ ახალ ძალას _ კოალიცია «ქართულ ოცნებას», ისტერიკული კივილით უპასუხებენ, რომ ეს არის პოლიტიკური ზემოქმედება.

როდემდე გაგრძელდება ასე?

დარწმუნებული ვარ მანამ, სანამ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» კანონგარეშედ არ გამოცხადდება, არ აიკრძალება ისევე, როგორც თავის დროზე _ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიკრძალა ფაშისტური პარტიები ევროპის ქვეყნებში.

თუ ჩვენ ევროპისკენ ვისწრაფით, ბებერი კონტინენტის ქვეყნების მსგავსად და მათი მაგალითით, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც» უნდა აიკრძალოს!

ეს შეიძლება პარლამენტმა გადაწყვიტოს, შეიძლება სახალხო რეფერენდუმის საშუალებით გადაწყდეს, ფორმა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ _ კანონიერი.

ერთ საკითხზეც გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას. მიმაჩნია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრწყინვალე დიპლომატიური სვლა გააკეთა და, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მიზნით, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხში დანიშნა ცნობილი დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, განათლებული, ერუდირებული, ინტელიგენტი ადამიანი. ვეთანხმები ბატონ ზურაბს, რომ რუსეთს სჭირდება ნორმალური, პროგნოზირებადი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, რომ რუსეთთან «რთული დიალოგი სჯობს კარგ ომს». მიმაჩნია, რომ ბატონ ბიძინას ეს ნაბიჯი მისი პერსპექტიული, სახელმწიფოებრივი აზროვნების დადასტურებაა.

ბატონმა ბიძინამ ბრიუსელში ვიზიტად ყოფნის დროს ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა წარმოთქვა, რომელშიც სრული სიმართლეა აკუმულირებული, მეც ამ წინადადებით დავამთავრებ ჩემს წერილს. მან თქვა, რომ რასმუსენის განცხადებაში შემაშფოთებელი არაფერი იყო, შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდებოდა და არა ის, რაც ხდება დღეს.

მურმან ომანიძე

 

1 COMMENT

  1. ნუ ძალიან მაგარი მოსაზრებააა მაგრამ რაღაც პრო კომუნისტური ელფერი დაკრავს :)))))))))))) ისე რაღაც ნამეტანი არაა ამ ნიუმბერგის პროცესების გახსენება არ ჯობია ყველამ ერთად დავიწყოთ ქვეყნის აშენება.

  2. გეთანხმებით. ნამდვილად უნდა დავიწყოთ მოთხოვნები ნაცცოცხების აკრძალვის თაობაზედ, რომ მაგათი დამპალი სიფათები არასოდეს არსად დავინახოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here