Home რუბრიკები პოლიტიკა ლადო ჩერქეზიშვილი: მერაბიშვილო, რვა წლის განმავლობაში ვინ უყურებდა ღამის 2 ან 3...

ლადო ჩერქეზიშვილი: მერაბიშვილო, რვა წლის განმავლობაში ვინ უყურებდა ღამის 2 ან 3 საათს?! დაგავიწყდა, როგორ აპატიმრებდი ადამიანებს?!

1094

ორი კვირის წინ «საქართველო და მსოფლიოს» ფურცლებზე გამოქვეყნდა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, ლადო ჩერქეზიშვილის, მიმართვა საქართველოს გენერალური პროკურორისადმი, რომელშიც ის სთხოვდა ბატონ კბილაშვილს, გაეძევებინა პროკურატურიდან მაღალჩინოსნები: თხელიძე, ზაალიშვილი, მესტვირიშვილი, ხარებავა და სხვები, რომლებიც «ნაციონალების» ხელისუფლებას ბოლო წუთებამდე ემსახურებოდნენ და უკანონობის სადარაჯოზე იდგნენ. მიუხედავად ასეთი მწვავე სიგნალის მიწოდებისა, გავარკვიეთ, რომ ლადო ჩერქეზიშვილის მიერ მხილებული პროკურორები თავს არხეინად გრძნობენ და ცხოვრების ავბედობას არ უჩივიან!..

_ გაოგნებული ვარ, _ აღშფოთებით მეუბნება ბატონო ლადო, _ რომ «ნაციონალების» მორჩილი მსახური, ბესო თხელიძე, დაინიშნა ქალაქის პროკურორის პირველ მოადგილედ და საგამოძიებო დარგს კურირებს! ეს პირი ადეიშვილთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, უყოყმანოდ ასრულებდა ყველა მის უკანონო მითითებას თუ დავალებას! და არა მარტო თხელიძე!.. ყველა ამ გარეწრის გადაადგილება მოხდა გენპროკურატურიდან ქალაქის პროკურატურაში და პირიქით! მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი ხომ არ იცვლება! მე, როგორც «ძალოვან ვეტერანთა ლიგის» წევრი, ამ ორგანიზაციის სახელით, რომელშიც უკვე გაერთიანდა ათი ათასი ადამიანი, პირდაპირ მივმართავ თხოვნით ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ჩვენ ღიად ვუჭერთ მხარს, «ლიგასთან» თანამშრომლობისთვის გამოძებნოს მისი ნდობით აღჭურვილი პიროვნება, რომელსაც მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა კადრებით ივსება გენპროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო; ეს არის მერაბიშვილის, ადეიშვილისა და ახალაიას გამოზრდილი კადრები, რომლებიც დაუფიქრებლად ასრულებდნენ მათ ახირებებსაც კი! ისეთ ადამიანებსაც კი აკავებდნენ, რომელთა «დანაშაული» იყო «განსხვავებული აზრის ქონა»! მიდიოდა ამ ხალხის ჩაგვრა, წამება, მათი ოჯახების აწიოკება!..

_ ბატონო ლადო, ვინ ხელმძღვანელობს თქვენს ლიგას?

_ გია ბერძენაძე. ისიც «ნაცრეჟიმის» მსხვერპლია. ძალოვანებმა მასაც იარაღი «ჩაუდეს», ის იარაღი, რომელიც სამ სისხლის სამართლის დანაშაულში ფიგურირებდა! ვისაც საგამოძიებო საქმე გაეგება, ამ ფაქტის გაგების შემდეგ თმები უთუოდ ყალყზე დაუდგება! ეს ისეთი აბსურდი იყო, რომ იძულებული გახდნენ, ბატონ გიას მიმართ საქმე შეეწყვიტათ! გია ბერძენაძე ასეთ შეურაცხყოფას არავის აპატიებს და აპირებს, სასამართლოს მიმართოს!

ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ ადვოკატები, გამომძიებლები, პროკურორები, რიგითი პოლიციელები. «ლიგა» ინტენსიურად და ზედმიწევნით მუშაობს სიის დასადგენად _ ვინ, სად მუშაობდა, ვინ, რომელ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა და დღეს თითოეული მათგანი სად და როგორ ინიშნება. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ სიას გავუგზავნით და დარწმუნებული ვართ, რომ მიღებულ იქნება ზომები ამ ხალხის  ძალოვანი სტრუქტურებიდან სამარცხვინოდ გასაძევებლად.

_ და რომ არ გააძევონ?

_ ამ შემთხვევაში, მივიღებთ სავალალო შედეგს _ ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვის. ამას მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია _ უსამართლობის შეგრძნება, წყენა, აპათია, დეპრესია, ნიჰილიზმი, უარყოფითი ემოციების დაგროვება, გამოფხიზლება, შურისძიების სურვილის გაჩენა და, საბოლოო ჯამში, ქუჩის აქციები და არეულობა! აბა, რა გრძნობა შეიპყრობს საზოგადოებას, როცა თვალნათლივ დაინახავს, რომ ის სუბიექტები, რომლებიც ნაციონალების პირსისხლიან ხროვას ერთგული ძაღლებივით ემსახურებოდნენ და მათ უკანონო ქმედებათა გამო უამრავი უდანაშაულო ადამიანი საპყრობილეში ამ წუთშიც იტანჯება, ისევ მოერგნენ სკამებს, ჰგონიათ, მათი ჩადენილი საქმეები დავიწყებას მიეცა და მათთვის ყველაფერი კარგად იქნება!

_ ბატონო ლადო, როგორც პროფესიონალ პოლიციელს მოგმართავთ: რას წარმოადგენდა სამინისტროში ხიზანიშვილი?

 _ წინა საუბარში მერაბიშვილი დავახასიათე, როგორც არაკომპეტენტური მინისტრი; ასეთივე უვიცი გახლდათ მისი «მარჯვენა ხელი» ხიზანიშვილიც. ერთადერთი, რაშიც მინისტრსა და მის მოადგილეებს ბრალს ვერ დავდებ, არაპროფესიონალიზმია, თუმცა ასეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას ნიჭიც არ სჭირდება, მხოლოდ განუსაზღვრელი ძალაუფლებაა საკმარისი!.. ხიზანიშვილის და «კუდის» იმ დაპატიმრებულ მაღალჩინოსნების თემას იმით დავხურავ, რომ თქვენს მკითხველს სრული პასუხისმგებლობით მოვახსენებ: ეს პირები, რა თქმა უნდა, დამნაშავეები არიან, მაგრამ ისინი უკანონობას სჩადიოდნენ არა თავისი ინიციატივით, არამედ მინისტრ მერაბიშვილის ბრძანებით!

_ რამდენიმე დღის წინ, აწ უკვე მოქალაქე მერაბიშვილმა ახალი ხელისუფლება დაადანაშაულა «ჩეკისტობასა» და «კაგებეშნიკობაში». ღამის სამ საათზე აპატიმრებენ ხალხსო! თქვენი კომენტარი.

_ ერთი რამ მახალისებს: მერაბიშვილი თავად რომ ბრიყვია, რატომ ჰგონია, რომ ხალხიც ბრიყვია?! თუ მას ამნეზია დაემართა, რა, ჩვენც კოლექტიურად დავკარგეთ მეხსიერება?! რვა წლის განმავლობაში გვქონდა «ბედნიერება», გვეხილა პირადად მინისტრის და მისი ხელქვეითების ნახელავი, რას სჩადიოდნენ! მერაბიშვილო, რვა წლის განმავლობაში ვინ უყურებდა ღამის 2 ან 3 საათს?! დაგავიწყდა, როგორ აპატიმრებდი ადამიანებს?! ახლავე შეგახსენებ! იმის მაგივრად, პიროვნება ცივილური ფორმით სახლიდან გამოეყვანათ, შენი ზონდერები მსხვერპლის სახლის კარს ე. წ. ბალვანკას ურტყამდნენ, რაც საკეტს ღუნავდა, რომ ოჯახს შიგნიდან კარები ფიზიკურად ვერ გაეღო, რათა მერე შენს «ბიჭებს» სახლის კედელი შეენგრიათ! რომელ მსხვერპლს უგზავნიდი უწყებას, რომ  თავის ფეხით მოსულიყო სამინისტროში?! მერე ნაცემ-ნაბეგვს ხელს აწერინებდი უწყებაზე, ვითომ საკუთარი ნებით გამოცხადდა, არა?! ახლა გინდა დაანახო ხალხს, თითქოს,თითოეული ადამიანის დაპატიმრებაზე გული შეგტკიოდა?! ერთი კაცის სახელი გვითხარი, რომელმაც შენი მოღვაწეობისას სამართალი იპოვა! მახსოვს რამდენიმე გვარი, რომლებმაც სასამართლოში გაიმართლეს თავი. აბსურდული ბრალდებების გამო, მათ ვერ მიუსაჯეს წლები; სამაგიეროდ, ციხეში ჩაუგდეს ე. წ. შტირი და შემდეგ ხელახლა გაასამართლეს! რატომ აკეთებდი ამას, მერაბიშვილო? ააა, ვიცი, დაკავებულის გამართლების პრეცენდენტი რომ არ შექმნილიყო! არა, მერაბიშვილო, ტყუილად ნუ იმედოვნებ, რომ ყველა შენი ნაბიჯი, ყველა შენი დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაცია, რომლებიც, როგორც წესი, სისხლით და ადამიანების ლიკვიდაციით მთავრდებოდა, საქართველოს მოქალაქეებს დაავიწყდებათ! შენი «კარგი კაცობა» კიდევ დიდხანს გვემახსოვრება!

_ ბატონო ლადო, ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმაც გამოთქვა აღშფოთება ამჟამად მიმდინარე დაპატიმრებებზე. რას ფიქრობთ ჩვენი უცხოელი კეთილმოსურნის ამგვარ განცხადებაზე?

_ თუ ბატონ რასმუსენს ასე შესტკივა გული ახლანდელ მოვლენებზე, სად იყო ეს კაცი მანამდე, როცა უტყუარ ინფორმაციას ღებულობდა, თუნდაც ოპოზიციისგან იმ საძაგლობებზე, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა საქართველოში? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენი სისხლის სამართლის საქმეა გადაგზავნილი სტრასბურგში საქართველოდან? მათი რაოდენობით, ალბათ, ვლიდერობთ კიდეც… რატომ არ მოუწოდა მაშინ ბატონმა რასმუსენმა, თუნდაც კულუარულ საუბრებში სააკაშვილს, რეპრესიების შეწყვეტისკენ? ახლა რომ ატეხა ერთი ამბავი ახალაიაზე, რატომ არ ატეხა ასეთივე განგაში მაშინ, როცა ოქრუაშვილი დააპატიმრეს? ისიც ხომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო! დავანებოთ თავი ოქრუაშვილს, მაინც მათიანია. იმავე მეშვიდე საპყრობილეში არ იჯდა უშიშროების მინისტრი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი _ ირაკლი ბათიაშვილი?! მასთან შედარებით ვინაა ახალაია! მარტო ახალაია ებრძოდა კრიმინალს, ხოლო ბათიაშვილი ან ოქრუაშვილი არა?! ახალაიას «ნაბრძოლს» კრიმინალთან ჩვენ ვუყურეთ ორთაჭალის და გლდანის საპყრობილეებში…

ბატონი რასმუსენი უფრო ადრე უნდა «აღშფოთებულიყო და შეშფოთებულიყო», ეგებ მაშინ დაფიქრებულიყვნენ «ნაციონალები», რამდენ ადამიანს იხსნიდა ნატოს თავკაცი დამცირებისგან, პატივის აყრისგან და სიკვდილისგან! როგორც ჩანს, სააკაშვილის მმართველობის დროს ასეთი საქციელი პირადად რასმუსენს ხელს არ აძლევდა.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here