Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ჯაჭვლიანი: რეფერენდუმი რომ ჩაგვეტარებინა: პირველ სესიაზე «ნაციონალები» ამოვწყვიტოთ თუ არა, დარწმუნებული...

სოსო ჯაჭვლიანი: რეფერენდუმი რომ ჩაგვეტარებინა: პირველ სესიაზე «ნაციონალები» ამოვწყვიტოთ თუ არა, დარწმუნებული ვარ, ყველა იტყოდა, ამოწყვიტეთო!

823

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი.

_ ბატონო სოსო, არჩევნებში «ნაციონალური მოძრაობის» პირწმინდად დამარცხება ბევრს ამ პარტიის პოლიტიკური აღსასრული ეგონა. დღეს კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მათი მხრიდან ძლიერ ოპონირებას, წინააღმდეგობას აწყდება. გვეჩვენება თუ რეალურად მართლა ასეა?

_ არა, ეს გეჩვენებათ. რატომ, იცით? ვირთხებს აქვთ თვითგადარჩენის ინსტიქტი; ესენი ვირთხები არიან, ჰოდა ვუსმენთ ჩვენც ჯერჯერობით. ამასწინათ ერთმა მკითხა, ახლა რატომ არ იგინებიო. მე ვიგინებოდი მაშინ, როცა ფასი ჰქონდა ამას, ახლა რა ფასი აქვს, ყველა იგინება.

რეფერენდუმი რომ ჩაგვეტარებინა ასეთი კითხვით: პირველ სესიაზე «ნაციონალები» ამოვწყვიტოთ თუ არა, დარწმუნებული ვარ, ყველა იტყოდა, ამოვწყვიტოთო, მაგრამ ეს ხომ არაა სწორი?! ამიტომაა საჭირო, კანონიერად გაკეთდეს ყველაფერი. კი არ უნდა დახოცო და ამოჟლიტო, უნდა დაუმტკიცო, დაუსაბუთო დანაშაული და მერე, ცხადია, დასასჯელი დაისჯება.

ახლა რომ აპატიმრებენ ამ ხალხს და ერთი ამბავი ატეხეს, პოლიტიკური დევნააო, აქ რამე ისეთი ხდება, რაც არსად მომხდარა?! დააშავეს, ჩვეულებრივად, აკავებენ, მიჰყავთ. ვირთხულად ხომ არ კეთდება ეს? ვირთხულად ესენი შვებოდნენ, _ სახლში უვარდებოდნენ, ტრუსების ამარა მიჰყავდათ ადამიანები… ცოლის წინ რომ ნამუსს ხდიდნენ კაცს, ხომ ყველას გვახსოვს?! ჯერ სად არიან ესენი, ახლა «ნაციონალებს» თაფლობისთვე აქვთ…

_ და რა იქნება ამ «თაფლობისთვის» დამთავრების შემდეგ?

_ რა იქნება და, ვისაც დანაშაული აქვს, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, ჩატარდება გამოძიება და ჩაჯდება ციხეში.

 რამე ახალს და გაუგონარს ვამბობ?

ალ კაპონემ რამდენიმე ასეული ადამიანი მოკლა და ბოლოს გადასახადების გამო დაიჭირეს. ახლა ამას რატომ ვამბობ: ყველამ იცოდა, რომ უამრავი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ ვერ უმტკიცებდნენ, ფაქტები არ არსებობდა. ორასი და სამასი კაცი რომ ხელს დაგადებს, სად მიდიხარ? ამათ შემთხვევაში ხომ მტკიცებულებების ნაკლებობა არაა? აქედან გამომდინარე, რევანშიზმსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას რომ არ დაემსგავსოს ეს ყველაფერი, ვიმეორებ, სანამ ვინმეს დასჯაზე დავიწყებთ საუბარს, ჯერ უნდა დაიდოს ფაქტი. მერე უკვე კანონი მისცემს ყველა საქმეს შესაბამის კვალიფიკაციას.

_ თქვენი აზრით, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამ პროცესს?

_ მეოთხე დღეა, შეხვედრებს ვატარებ ამომრჩევლებთან და უკვე ვხვდები, რომ ძალიან ჭრელია საზოგადოება. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მძღოლების აქცია რომ იყო, ერთი მოდის და რას მეუბნება: უფრო მაგარი საქმე მაქვს, ვიდრე ეს გაფიცვააო. რა ხდება-მეთქი და არჩევნებამდე ხომ პირობას იძლეოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ახალი მანქანის ყიდვა მინდა, სამიათასი მაკლდებაო. აქ ხომ ლაპარაკი მორჩენილია უკვე? რომ უყურებ, სერიოზული კაცი გგონია.

_ ჩვენი დასავლელი მოკავშირეები, განსაკუთრებით ამერიკელები, ერთგვარ გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებენ მიმდინარე დაპატიმრებებთან დაკავშირებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი «ნაცმოძრაობას» მფარველობენ.

_ სააკაშვილი არის ჩამოყალიბებული აფერისტი, შეერთებულ შტატებსაც და ევროპელებსაც, პრეზიდენტი რომ ელაპარაკება, ჰგონიათ, რომ სიმართლეს ეუბნებიან. ცხადია, თავის მხრივ, ისინი მარტო ამ ინფორმაციებს არ ეყრდნობიან, ამიტომ, როცა სიმართლეს არკვევენ, მერე უკვე სულ სხვა ლაპარაკი მიდის. ჩვენ არ ვიცით, რა საუბრებია დახურულ კარს მიღმა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, სააკაშვილის რეჟიმი დაინგრა, მეფე შიშველია და რაც უნდა იძახონ ახლა, ვიღაცა გვდევნისო, ეს ვერ უშველით.

_ ისტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა ბაჩანა ახალაია ცოტნე დადიანს შეადარა.

_ ის მასხარაა და მასხარამ უნდა იმასხროს. მაგ არაკაცს ბიბლიაზე უნდა დაადებინო ხელი და ისე ათქმევინო ეგ; მაგრამ ამათგან ხომ რწმენა შორსაა?! ცოტნე დადიანიო, მოკლედ, რამხელა იუმორია, ფანტაზიას საზღვარი არ აქვს; ან ულიმიტოდ შესვლის უფლება მოგვეცით ციხეშიო, ახლა რომ იძახიან, ამათი შემოღებული არაა ეს ლიმიტი? პაემანზე მისულ ცოლებს რომ უბახებდნენ პატიმრებს, დაავიწყდათ?! ჯერ სად არიან ესენი, იმდენი მომჩივანია და იმდენი საქმეა შესული პროკურატურაში, ვაი ამათ!

_ საზოგადოების გარკვეული ნაწილი «ნაცმოძრაობაში» დღესაც საფრთხეს ხედავს. როგორ ფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ ეს პარტია ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში?

_ ეს ისეთი უტოპიაა, რომ არა მგონია, ამაზე სერიოზულად საუბარი ღირდეს. საერთოდ, ჩვენ, სვანები უტოპისტებს ვერ ვიტანთ, სენსიმონზე, ოუენზე და ფურიეზე გართულება გვაქვს. ვინ უნდა დაბრუნდნენ? ჯალათები? ხალხის სისხლისმსმელები? და რას მივიღებთ, «დუბინკებით» და ცოცხით პატივის აყრას? მაშინ ღირსიც ვყოფილვართ ამ ყველაფრის…

_ ფაქტი ერთია: ბოლო სამი კვირის განმავლობაში წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. გასაგებია, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივად საფუძველი აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს პროცესი ხომ არ მიგვიყვანს ისევ გადატვირთულობის პრობლემამდე საპყრობილეებში?

_ რატომ? ის, ვინც უკანონოდ იჯდა ციხეში და 15-20 წელი ჰქონდა უსამართლოდ მისჯილი, ხომ გათავისუფლდება? შესაბამისად, ეს დააბალანსებს გადატვირთულობასაც. როგორ, ვისაც სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი, ის გარეთ უნდა დარჩეს?! ადამიანს რომ «დუბინკით» გააუპატიურებს და მოკლავს გაუპატიურებაში, პირტიტველა ბიჭებს რომ ჩაცხრილავს, ის შეიძლება, დაუსჯელი დატოვო?! მითუმეტეს ასეთი დამნაშავეები არ არის ბევრი, აქ ლაპარაკია რამდენიმე ათეულ, მაქსიმუმ, ას კაცზე. ამ დროს, ვიმეორებ, რამდენიმე ათასი ადამიანი გასათავისუფლებელია, იმიტომ, რომ უკანონოდ არიან დაჭერილები.

_ ალბათ, კარგია, რომ ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით დაიწყო მოქმედება, მაგრამ, თქვენი აზრით, ეს ყველაფერი რამდენად შეეხება «ნაცმოძრაობის» უმაღლეს ეშელონებს? პირველი პირის გასამართლება, ცხადია, იოლი არ არის…  რამდენად შესაძლებელია, დღეს თუნდაც სააკაშვილის ბრალეულობების დამტკიცებაზე, მის პასუხისმგებლობაზე გააკეთოს აქცენტი სახელმწიფომ?

_ საერთოდ, რაც ხდებოდა საქართველოში, ყველაფერი მოდიოდა პირველი პირისგან. მე ასეთი ეჭვი მაქვს, ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ერთმნიშვნელოვნად იკვეთება მისი პასუხისმგებლობაც. ყველაფერს თავი დავანებოთ, გამოსვლები ხომ კარგად გვახსოვს: ნულოვანი ტოლერანტობა, დახვრიტეთ და ააოხრეთ, მოკალით, ჩაცხრილეთ და ა. შ. მეტი რა გინდა, ეს არ არის მტკიცებულება?! ხელი არ აგიკანკალდეთო, მოუწოდა პოლიციელებს და არ უკანკალდებოდათ არც ცოცხით, არც «დუბინკით». ამათ ეგონათ, ყოვლისშემძლეები იყვნენ, მაგრამ უფალი დიდია, ვენაცვალე მის ძალას…

_ პირველი, რაც სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააკეთა, ის იყო, რომ მისთვის არასასურველ მედიასთან, განსაკუთრებით პრესასთან, გაწყვიტა ურთიერთობა და, ფაქტობრივად, ბოიკოტი გამოგვიცხადა, ქართულ გაზეთებს საერთოდ არ ვკითხულობო. საინტერესოა, ამ მხრივ ახალ ხელისუფლებას რა მიდგომა ექნება?

_ არათუ კითხულობდა, ზეპირად იცოდა ყველაფერი, სად, რომელი გაზეთი რას წერდა. მთავრობას პრესასთან, ტელევიზიასთან ურთიერთობა, ცხადია, უნდა ჰქონდეს, უნდა თანამშრომლობდეს მასთან და ანგარიშს უწევდეს. ტყუილად კი არ გეძახიან მეოთხე ხელისუფლებას, მე თუ მკითხავთ, მეოთხე კი არა, პირველი ხელისუფლება ხართ, იმიტომ, რომ თქვენ ქმნით პოლიტიკასაც, პოლიტიკოსებსაც და, ფაქტობრივად, საზოგადოების დამოკიდებულებასაც მათდამი. შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანმა, სახელმწიფო რომ გაბარია, მას ბოიკოტი გამოუცხადო?! რომ გამოუცხადა, იმიტომაა ახლა კარგად…

მე არაერთხელ მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც რეჟიმს დავუპირისპირდით და ვებრძოდით, ჩვენი უმთავრესი მოკავშირე თავისუფალი მედია იყო. განსაკუთრებით ამას აკეთებდა პრესა და მათ შორის თქვენი გაზეთი, ამიტომ ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას გიხდით მადლობას. რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მისი დამოკიდებულება თქვენდამი, ზოგადად მედიას ვგულისხმობ, იქნება ბოლომდე გახსნილი და თავისუფალი. ეს სხვანაირად არც შეიძლება, იმიტომ, რომ, თუ ჩვენ ვისწრაფვით მართლა დემოკრატიისკენ და გვინდა ნამდვილი, ძლიერი სახელმწიფო, მაშინ ამ ღირებულებებს უნდა ვუერთგულოთ. თუ არა და, განსხვავება სააკაშვილის საქართველოსა და მომავალს შორის არ იქნება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. რატო არ წაიკითხავდა თვითონ უკვეთავდა ალბათ სტატიებს :)მაგის უკეთესი არ წაიკითხა ქართული პრესის წამკითხავმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here