Home რუბრიკები პოლიტიკა ჯუმბერ პატიაშვილი: უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვინდა თითოეულ ქართველს და არა იმაზე,...

ჯუმბერ პატიაშვილი: უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვინდა თითოეულ ქართველს და არა იმაზე, რა უნდა ამერიკას

651

«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი.

_ ბატონო ჯუმბერ, 1 ოქტომბრის არჩევნები დასავლეთმა ლამის დემოკრატიის მწვერვალად გამოაცხადა და დაასკვნა, რომ ის არ იყო ფალსიფიცირებული.

 _ იმ ცუდი გამოცდილებით, იმ უსამართლობის გამო, რომელიც მე არჩევნების დროს განვიცადე,  1992, 1995, 2000, 2003 წლებში,… მაქვს უფლება, ასეთი განცხადება გავაკეთო: როდესაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე საუბრობენ, მე ეს არ მჯერა. საქართველოში არჩევნებიც და რეფერენდუმებიც რომ გაყალბებული იყო, თამამად შემიძლია განვაცხადო. გნებავთ, იმავე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი ავიღოთ,  მეხსიერება ნამდვილად არ მატყუებს და პირველად 62% დაფიქსირდა, მერე გამოჩნდა 75%, ბოლოს კი 72%-ზე დაიყვანეს. ეს ყველაფერი დამანგრეველია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან გაყალბებული არჩევნები და რეფერენდუმები არ ითვალისწინებს მთელი საქართველოს მოსახლეობის აზრს, იმავე სამხრეთ საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის. თუ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე ვსაუბრობთ, იქ მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულებაც უნდა გავითვალისწინოთ.

ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევნების გაყალბების, ხალხის ნების მოპარვის ეს დანაშაულებრივი სისტემა დღემდე მოქმედებს. რაც შეეხება იმას, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები არ იყო გაყალბებული _ «ნაციონალურმა მოძრაობამ» ის პროცენტები, რომლებიც აიღო, გაყალბებით აიღო. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი და მათ ამაზე მეტად ვეღარ გააყალბეს. დასავლეთი კი, რადგან ამ არჩევნებზე ამბობს, არ იყო გაყალბებულიო, ესე იგი აღიარებს, რომ იყო გაყალბებული არჩევნებიც. არადა, არც ერთ არჩევნებზე, რომლებიც ტოტალურად გაყალბდა, მე მათგან არ მომისმენია ადეკვატური შეფასება, ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ იმ პროცენტებს, რომლებიც ერთ კაბინეტში იწერებოდა, ამიტომაც ვამბობ: თუკი ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს წინსვლა, მაშინ უნდა გამოიძიოს პროკურატურამ ყველა გაყალბებული არჩევნები და გამყალბებლებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი;  ვინც ხალხს პოლიტიკური ნება არაერთხელ მოპარა, ისინი დღეს პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა ისხდნენ. სხვანაირად არათუ დემოკრატიულ, საერთოდ ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ჩვენ ძალიან ბევრი რამ უნდა გადავაფასოთ და ეს მხოლოდ არჩევნების გამყალბებლებს არ ეხებათ. ჩემთვის ასევე მიუღებელია ის ფორმა, რომელსაც საქართველოს განვითარებისთვის გვთავაზობენ. რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე  ვინც ამოიღებს ხმას, ის ქვეყნის მტერია თურმე. არ შეიძლება ისტორიული მეხსიერების წაშლა, ამას სერიოზულ შეცდომებამდე მივყავართ. ეს შეცდომები იმიტომაც მოგვდის, რომ დღემდე  არ მიეცა სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება იმ პროცესებს, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლბაში საქართველოში მოხდა. მე, როგორც რიგით ქართველს, მაინტერესებს, რას მოგვიტანს და რეალურად რა მოგვიტანა ნატოში ინტეგრაციის ყბადაღებულმა თემამ, გარდა იმისა, რომ, რაც გვჭირს უკანასკნელი  20 წელი, ზუსტად ამის გამო გჭირს.

_ ახალ პრემიერმინისტრზე, ბიძინა ივანიშვილზე, რას იტყვით?

_ ივანიშვილს დაახლოებით თვრამეტი წელია ვიცნობ, მაშინ გამაცნეს, როდესაც სოფლის მეურნეობის ტექნიკა შემოიტანა საქართველოში. სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყანა დაცარიელდა, არც მეტალი აღარ გვქონდა, არც _ ხეტყე, ტრაქტორებიც აღარ მუშაობდა, მაშინ, როცა სამოქალაქო ომამდე 30 ათასი ტრაქტორი ემსახურებოდა სოფლის მეურნეობას. შემოიყვანა ამ კაცმა 600 ტრაქტორი თავისი კომბაინებით. აღფრთოვანებული დავრჩი. ამ კაცისადმი პატივისცემა მაქვს და მექნება, ისაა ერთადერთი ქართველი  მეცენატი, რომელმაც საქართველო ბევრ უბედურებას გადაარჩინა. ამის არდანახვა ღალატის ტოლფასია.

_ მას  ხშირად საყვედურობენ კადრების არასწორ შერჩევას

_ მე ივანიშვილის არც ოპონენტი ვარ და არც ადვოკატი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: შესარჩევიც რომ აღარ არის?! საზოგადოება ძალიანაა დანაწევრებული. დეფიციტია საქართველოში, კადრების დეფიციტი, მაგრამ, რაც მოსვლის დღიდან თქვა, ამ ერთ წელიწადში შეასრულა, ხომ ასეა? უფრო მეტიც: ზუგდიდში რომ არ მოხდა დაპირისპირება, ეს ამ ადამიანის დამსახურებაა. ამით ამერიკის შეერთებული შტატებიც იყო დაინტერესებული, რომ არ მომხდარიყო დაპირისპირება, თორემ როდის იყო, რომ ელჩი დადიოდა მიტინგებზე? მაგრამ მთავარი როლი მაინც ივანიშვილმა შეასრულა.

_ მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ჯიუტად და ერთგულად ვიმეორებთ, რომ ჩვენ ვართ მიმდევარი დასავლური ფასეულებების, სისტემის, მივისწრაფით დასავლეთისკენიმასაც კი ვამბობდით, ბალახს შევჭამთორა შედეგი მოგვიტანა ამ 20-წლიანმა «დასავლეთისკენ სვლამ»?

_ ვინც ამბობდა, ბალახს შევჭამო, იმას ბალახი არ უჭამია, ხიზილალას უფრო მიირთმევდა. ეს ისე, ლირიკულად რომ ვთქვათ. საქართველოს ქონება რეალურად და პრაქტიკულად იმ ვაუჩერიზაცია-პრივატიზაციის პროცესში 150 მლნ-ად იქნა შეფასებული და გაყიდული. დამისახელეთ რიგითი მოქალაქე, რომელსაც ამ ვაუჩერით რამე მიეღოს. მე ასეთს  არ ვიცნობ. ფაქტობრივად, ამ ოცი წლის მანძილზე სახეზე ის გვაქვს, რომ ეკონომიკაში, ნგრევისა და უკუსვლის გარდა, არავითარი ძვრა არაა.

_ ახალმა ხელისუფლებამ დანაშაულში ეჭვმიტანილების დაპატიმრება დაიწყო. ზოგმა დათა ახალაია დაპატიმრების შემდეგ ცოტნე დადიანს შეადარა, ამერიკელებმაც კი საყვედური გვითხრეს, ნუ დევნით ოპონენტებსო. როდიდან იქცნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები პოლიტიკურ ოპონენტებად?

_ კაცი რომ იტყვის, ახალაია ცოტნე დადიანიაო, ეს გამასხრებაა ისტორიის. მე ახალაიას წინააღმდეგი კი არ ვარ, როლანდ ახალაიას ოჯახი მეცოდება. მათ ჩაადენინეს დანაშაულები, მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, ვინ ჩაადენინა. დაუსჯელობის სინდრომი შექმნა სააკაშვილმა ქვეყანაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაუსჯელი არავინ რჩება. ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკელებს აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ უკანონო მოსმენებზე? ის სპეციალური აპარატურა, რომლითაც ეს მოსმენები ხორციელდებოდა, ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში ხომ არ იყიდება? ძალიან ბევრ სახელმწიფოს შეიძლება უნდოდეს ასეთი თანამედროვე აპარატურის ქონა, მაგრამ ვერ იყიდის სპეციალური ნებართვის გარეშე და, აბა, საქართველოს ხელისუფლებას საიდან ჰქონდა? ვინ მისცა? ამერიკელების ეს განცხადებები და მათი სურვილი _ დაიცვან ის მუშაკები, რომლებიც უკანონო მოსმენებს ახორციელებდნენ, ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ ამერიკელებიც სარგებლობდნენ უკანონოდ მოპოვებული ამ ინფორმაციებით. ერთი რამ დღესავით ნათელია: ეს მოსმენები ამერიკელების გარეშე არ ხდებოდა, ხელისუფლება ამერიკელების თუნდაც წაყრუების და უტყვი დასტურის გარეშე ამას ვერ გაბედავდა. ამიტომაც ამერიკელების დღევანდელი განცხადებები,  მართალია,  ხალხს მათ მიმართ უარყოფითად განაწყობს, მაგრამ ისინი იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ, რადგან, ასე რომ არ მოიქცნენ, თავიდან ბოლომდე გაიშიფრებიან. ამიტომაცაა ბიძინა ივანიშვილი უმძიმეს მდგომარეობაში. მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რომ, ამ ზეწოლის მიუხედავად, არ შეაჩეროს სამართლიანობის აღდგენა და გამოავლინოს ყველა დამნაშავე, თუნდაც ეს არ იყოს მაინცდამაინც სასარგებლო ამერიკელების იმიჯისთვის. ჩვენთვის ახლა ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებია უმთავრესი და არა ამერიკის იმიჯი, ისინი საკუთარ თავს როგორმე უჩვენოდაც მიხედავენ.

_ რას იტყვით ახალი ხელისუფლების სურვილზე _ დაათბოს რუსეთთან ურთიერთობა?

_ ივანიშვილის ინიციატივა რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზე მისასალმებელია. უნდა ვაღიარო, რომ  ამის გამო ვუჭერდი მხარს ერთ დროს სააკაშვილსაც, რადგანაც თავიდან მან სწორედ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე დაიწყო საუბარი, მაგრამ სიტყვა სიტყვად დარჩა, საქმით კი საწინააღმდეგო გააკეთა. დღეს ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, რომელსაც მთელი მსოფლიო ესწრაფვის. ძალიან კარგი  პიროვნებაა ბატონი ზურაბ აბაშიძე, გამოცდილი დიპლომატი, თავისი საქმის მცოდნე, კარგი ოჯახისშვილი, მაგრამ მარტო ზურაბმა რა უნდა გააკეთოს, თუ სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაც არ იქნება?! არადა, 70-იან წლებში, გაგანია ცივი ომის დროს, როდესაც ესპანეთში ჯერ კიდევ ფრანკოს რეჟიმი იყო და ამ ქვეყანასთან საბჭოთა კავშირს დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა, მოსკოვში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ჩვენი წარმომადგენლობის გევრდით ესპანეთის სავაჭრო წარმომადგენლობა ფუნქციონირებდა და იქ მოღვაწეობდა სამარანჩი, რომელიც მერე ოლიპმიური კომიტეტის პრეზიდენტიც გახდა. ეს სავაჭრო წარმომადგენლობა ორ ქვეყანას შორის საელჩოზე არანაკლებ როლს ასრულებდა, ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენც უნდა ვიფიქროთ მოსკოვში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნაზე, რათა ეს კონტაქტები აღდგეს, გაჩნდეს ადგილი, რომელიც ამ გაყინულ ურთიერთობებში ორივე მხარეს მოგვცემს პირველი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. თორემ, თუ ჩვენ ისევ იმის ძახილს დავიწყებთ, რომ ნატოში გაწევრიანება უმთავრესია და ასე შემდეგ, რუსეთთან კარგი ურთიერთობა ვერ გვექნება! თუ გვინდა გადავრჩეთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვინდა თითოეულ ქართველს, და არა იმაზე, რა უნდა ამერიკას. ნატოს წევრ ქვეყნებს ჯარი გამოყავთ ავღანეთიდან და ჩვენ ვაორმაგებთ. განა ეს ნორმალურია?! ეს ამერიკელების პრობლემაა. ისინი თვითონ უწოდებდნენ საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერიას და ავღანეთში ბენ ლადენი ისე მოამძლავრეს, რომ, კი ხედავთ, რა სურათია. დიახ, ბენ ლადენი ჩხოროწყუდან კი არ იყო, რომ ჩვენ თავსატეხად ვაქციოთ, ის  ამერიკული პროდუქტია.

_ თქვენ გამოსაცემად ამზადებთ მემუარებს

_ მემუარებს ვერ ვუწოდებ, ესაა თხრობა ჩემს განვლილ გზაზე. წიგნი, სავარაუდოდ, 2013 წლის დასაწყისში გამოვა. აღწერილი მაქვს ჩემი ცხოვრების ის პერიოდი, რომელიც ურთულესი იყო. მაქსიმალურად შევეცადე, ობიექტურად აღმეწერა ის პერიოდი, რომელშიც მოღვაწეობა მიწევდა. ის შეფასებებიც არის წიგნში, რომელთა არარსებობის გამო აღმოვჩნდით სწორედაც იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ვართ.

_ თქვენი აზრით, რა არის ის პირველადი ამოცანები, რომელთაც ახალმა ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება?

 _ შეიძლება გამეორება გამომდის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: მარტო აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე კი არ ვსაუბრობ, ზოგადად 90-იან წლებში განხორციელებულმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა განაპირობა საქართველოს ამ დღეში ჩაგდება. და თუ დღეს გვინდა, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ, უნდა რეალისტურად შევხედოთ მოვლენებს. ავადმყოფი უნდა იყოს ადამიანი, ამ რეალობაში ტერიტორიების ომით დაბრუნებას თუ ფიქრობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აფხაზები აქეთ შეგვეხვეწებიან, მიგვიერთეთო, არც ის უნდა იყოს მთლად კარგ ჯანზე. იმათზეც მეცინება, ნატოში შევალთ და აფხაზეთი დაგვიბრუნდებაო, რომ ამბობენ. ნატოში ჯერ ისედაც არ გვიღებენ და რომც მიგვიღონ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, ანუ ტერიტორიული კონფლიქტების კერაზე ნებაყოფლობით ვიტყვით უარს. მაგრამ არც მე და, დარწმუნებული ვარ, არც ქართველ ერს არ უნდა ტერიტორიების დათმობის ფასად ნატოში შესვლა.

დღეს ჩვენ ვართ რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების პოლიგონი, ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა და, სანამ ქართველები არ გავარკვევთ რეალურად რა გვინდა, არაფერი გვეშველება. დამიჯერეთ, რაც უნდა ყველა შეხვედრაზე გამოაცხადონ ამერიკელებმა და ევროპელებმა, რომ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ტერმინი ოკუპანტი გამოიყენონ, ამით ჩვენ ეს ტერიტორიები არ დაგვიბრუნდება! საჭიროა, ვიფიქროთ იმ რეინტეგრაციულ პროექტებზე, რომელთა ფარგლებში შესაძლებელია ამ კონფლიქტების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და რომელთა ალტერნატივასაც ამერიკა ვერაფერს გვთავაზობს.

ასე რომ, ვფიქრობ, უნდა გადავხედოთ საგარეო პოლიტიკურ კურსს, გავარკვიოთ, რა ჯობია ჩვენთვის და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. ასევე, ვფიქრობ, რომ ახალი ხელისუფლების დაპირება უფასო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რეალური უნდა გახდეს. ასევე, უნდა დაიკლოს გაზის ფასმაც, ელექტროენერგიის ფასმაც მნიშვნელოვნად უნდა დაიწიოს, საწვავი გაიაფდეს. ბაზრისა და სოფლის მეურნეობის საკითხიც გადასაჭრელია. სოფლის მეურნეობაში ივანიშვილის ინიციატივას, მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით, მივესალმები. ილია ჭავჭავაძის სურათები უკიდიათ ხალხს კაბინეტებში და ილია წაკითხული არ  აქვთ. მისი მოსაზრებების შესწავლა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და რეალიზაცია დღესაც აქტუალურია.

ესაუბრა გიორგი მეძმარიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here