Home რუბრიკები პოლიტიკა იულიუს ვესელკა: ნატოს სურს, დაძაბოს რუსეთის გარშემო სიტუაცია თავისი ვასალების მეშვეობით და...

იულიუს ვესელკა: ნატოს სურს, დაძაბოს რუსეთის გარშემო სიტუაცია თავისი ვასალების მეშვეობით და დროდადრო ისინი ამ მიზნით გამოიყენოს

1261

18-22 ნოემბერს, საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, საქართველოს ესტუმრნენ ბალტიისპირა რესპუბლიკების, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დეპუტატები, ჟურნალისტები და ექსპერტები. არის თუ არა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია და როგორ აისახა ევროკავშირის წევრობა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოუტანა მათ ქვეყნებს ნატოსა თუ ევროკავშირის წევრობამ? _ ძირითადად, სწორედ ამ კითხვებზე მოუწიათ პასუხების გაცემა ლიტვის სეიმის დეპუტატს _ იულიუს ვესელკას; ლიტვის სეიმის ყოფილ დეპუტატს, დიპლომატს _ ალგირდას პალეცკის; ესტონელ ჟურნალისტსა და პროფესორს _ ედუარდ ტინს; ესტონეთის პარლამენტის დეპუტატს _ იანა ტოომს; ადამიანის უფლებათა ესტონური ცენტრის დირექტორს _ ალექსეი სემიონოვს; ლატვიის პარლამენტის დეპუტატსა და ჟურნალისტს _ ნიკოლაის კაბანოვსა და ლატვიელ დამოუკიდებელ მიმომხილევლს _ ეინარს გრაუნდიშსბალტიისპირელი სტუმრები საქართველოში გამოქვეყნებული მოხსენების  «ვარდების რევოლუცია. შედეგები» ავტორების მოწვევით იმყოფებოდნენ. ვიზიტის სამუშაო პროგრამა სასტუმრო «ქორთიარდ მერიოტში» დაგეგმილი პრესკონფერენციით გაიხსნა. თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ კი სტუმრები ბათუმსა და ქუთაისს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ლიტვის სეიმის დეპუტატი იულიუს ვესელკა ესაუბრა.

_ ჩამოვედით, რათა ჩვენი გამოცდილება ქართველებს გავუზიაროთ, ვინაიდან ჩვენ გვაქვს არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება იმისა, თუ რა პრობლემები ელოდება ქვეყანას ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირსა და ნატოს წევრობას შორის არის განსხვავება. ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირში მაინც ყველაფერი უფრო თანასწორობაზეა დაფუძნებული, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ქვეყნებს შორის კონკურენტუნარიანობა საკმაოდ მაღალია. ტყუილუბრალოდ ევროკავშირში არავინ არაფერს მოგცემს, ამიტომ, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ეკონომიკური სიტუაცია უკვე ისეთ დონეზეა განვითარებული, რომ კონკურენტუნარიანები ხართ, ევროკავშირში გაერთიანება არაფერს გავნებთ.

_ რაც შეეხება ნატოს, საქართველოში აქტუალურია ნატოში გაწევრიანების საკითხი. ლიტვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა შეგიძლიათ თქვათ, რა პლუსები აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას?

_ ნატოში გაწევრიანებას არავითარი უპირატესობა არ გააჩნია. რეალურად შეხედეთ საკითხს _ მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, არც ერთ ქვეყანას და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას იმდენი არ უომია, რამდენიც ნატოს. ნატო საშიშრებას წარმოადგენს ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც ბირთვული იარაღი გააჩნია. მაგალითად, ერაყთან ომის დაწყების საბაბად, თავის დროზე სწორედ ატომური იარაღი იქცა. მოგეხსენებათ, დასაწყისში ქიმიური, ბოლოგიური და ბირთვული იარაღის კვალს დაეძებდნენ, თუმცა სინამდვილეში იქ  მსგავსი არაფერი ყოფილა. ასევე, გასათვალისწინებელია ავღანეთში, ლიბიასა თუ სირიაში მიმდინარე მოვლენები.

ნატო _ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოკი, რომელიც ანგარიშს არავის უწევს. ამიტომ, თუ ქვეყანას საკუთარ სურვილებისამებრ სურს ცხოვრება, ნატოში გაწევრიანების მიზეზს ვერ ვხედავ.

_ საქართველოში ნატო უსაფრთხოების ერთგვარ გარანტიად აღიქმება. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მაგალითზე, მართლაც ასეა თუ არა?

_ უსაფრთხოების ყველაზე კარგი დამცველი თავად ხალხია. ჩვენს ქვეყანას ნატოში გაწევრიანებამ არაფერი მოუტანა, გარდა ფილოსოფიური გაგებისა, რომ ჩვენ გვიცავენ. კი, ბატონო, მაგრამ საკითხავია, როგორ გვიცავენ! მართალია, 2005 წლიდან ნატო პატრულირებს ჩვენთან, იყო ასეთი შემთხვევა, როცა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა შეცდომით ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ნატო ვალდებული იყო, ჩამოეგდო ის და დაეცვა ნატოს წევრი ქვეყნის ინტერესები, მაგრამ ასე არ მოქცეულა. ეს ავიაგამანადგურებელი დაახლოებით 5-7 წუთი თავისუფლად დაფრინავდა ლიტვის ტერიტორიაზე და ნატოს მფრინავები არც კი ჩამსხდარან თვითმფრინავში.

ამას გარდა, თქვენ, ქართველები, დარწმუნებულები ხართ, რომ ვინმეს სურს თქვენი დაპყრობა?

_ ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი მეზობლები, რომლებიც ისტორიულად ყოველთვის ომს აწარმოებდნენ ჩვენთან, ამიტომ ქვეყანა გამუდმებით ეძებს უსაფრთხოების გარანტიებს.

_ მე მესმის, რომ თქვენმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, იყოს ნაპოლეონი და მთელი რუსეთი დაიპყროს, მაგრამ ეს მას  არ გამოუვიდა. წარმოუდგენელია, დაიწყო ომი რუსეთთან, ბრძოლის მოგების იმედით. მთავარია, ისეთი პირობები შექმნას საქართველომ, რომ არც ერთ ნაციონალურ ჯგუფს არ მოუნდეს თქვენი ქვეყნიდან გამოყოფა. რუსეთის უმთავრესი მიზანი ახლა თავისი უზარმაზარი სახელმწიფოს მთლიანობაზე ზრუნვაა. რუსებს თავიანთი პრობლემები აქვთ, რად უნდათ სხვისი მიწა?

_ და მაინც, რამდენად აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი?

_ ვინაიდან თქვენ გაქვთ მოუგვარებელი კონფლიქტები, ნატოს კი დამატებით კონფლიქტები არ სჭირდება, ვფიქრობ, თქვენ ძალიან მცირე შანსი გაქვთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ვინაიდან აქ უკვე ყველაფერს მაინც ამერიკელები წყვეტენ.

ნატოს სურს, თავის რიგებში იხილოს ისეთი ქვეყნები, რომლებსაც თავად ძალუძთ მეზობლებთან საკუთარი პრობლემების გადაწყვეტა. ღიად რომ ვთქვათ, ნატოსთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა. ნატოს არავითარი სურვილი არ აქვს, ვინმემ დამატებითი კონფლიქტის მიზეზი შექმნას ნატოსა და რუსეთს შორის. თუმცა ნატოს სურს, დაძაბოს რუსეთის გარშემო სიტუაცია თავისი ვასალების მეშვეობით და დროდადრო ისინი ამ მიზნით გამოიყენოს, მაგრამ რაში გვჭირდება ჩვენ, ლიტველებს, ან თქვენ, ქართველებს, ეს ყველაფერი?!

_ თქვენ ახსენეთ მიხეილ სააკაშვილიბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილის რეფორმებს ყოველთვის აქებდნენ და ამით ერთგვარად ახალისებდნენ მას. დღესაც საკმაოდ სერიოზული ბრალდებებით დაპატიმრებულ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინონსებს რასმუსენი და აშშისა თუ ევროპის ზოგიერთი პოლიტიკოსი იცავენ

_ ჩვენ ყოველთვის მათ ვუჭერთ მხარს, ვინც ხელისუფლებაშია _ ასეთია მათი პოლიტიკა. როგორც ჩვენი პრეზიდენტები ამბობდნენ, რა ჩვენი საქმეა, როგორი პრეზიდენტი ჰყავს საქართველოს, როგორი ადამიანია და როგორი პოლიტიკური ორიენტაცია აქვს მას? სხვა ქვეყნის მეთაურები ყოველთვის მხარს უჭერდნენ მიხეილ სააკაშვილს იმიტომ, რომ ის იყო საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი. ქართველმა ხალხმა მოახდინა «ვარდების რევოლუცია» და შემდეგ აირჩია სააკაშვილი პრეზიდენტად. თქვენ, ქართველებმა, თავად უნდა გადაწყვიტოთ საკუთარი პრობლემები, სხვა თქვენ მაგივრად ვერაფერს გადაწყვეტს. ვისაც აირჩევთ, ჩვენთვისაც ის იქნება მისაღები, თან გასათვალისწნებელია ისიც, რომ ჩვენც ნატოსა და აშშ-ის ვასალები ვართ.

_ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თითქმის გადაუჭრელ პრობლემად იქცა დემოკრატიული რეფორმები, სოციალურეკონომიკური პრობლემები, რა ვითარებაა ამ მხრივ თქვენს  ქვეყანაში?

_ ნებისმიერი მიმართულებით ცუდი სიტუაციაა. ქვეყანაში უმუშევრობისა და ძალიან დაბალი ხელფასების წყალობით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ძლივს ირჩენს თავს, ამიტომ ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან და სამუშაოს დასავლეთში ეძებენ. ჩვენთან ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და უცხოეთში ოფიციანტებად და მუშებად მუშაობენ. ეს არის დაკარგული თაობა. ყველაზე აქტიური მოსახლეობის ნაწილი იკარგება. არადა, მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების გარეშე, სხვა ქვეყნებს კონკურენციას ვერასდროს გავუწევთ.

პერტრუბაციის პერიოდში, როცა საბჭოთა წყობილება შეიცვალა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მინიმუმ 5,2 მილიონს შეადგენდა, ახლა კი სამი მილიონით ნაკლებია, ე. ი. ამ 22 წლის მანძილზე, 2,2 მილიონი მოსახლეობა დავკარგეთ. როგორც ცნობილია, ნორმალური განვითარებისთვის ქვეყნის მოსახლეობა 5 მილიონზე ნაკლები არ უნდა იყოს. გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი უკვე დავკარგეთ და ახლაც, ყოველწლიურად, დაახლოებით 80 ათასი კაცი გადის ქვეყნიდან, რომელთაგან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება უკან. სამშობლოს ტოვებენ არა იმიტომ, რომ არ უყვართ, არამედ სიღარიბის გამო გარბიან ქვეყნიდან. პატრიტიოზმი კარგია, მაგრამ არსებობა ხომ პატრიოტსაც სჭირდება?

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here