Home რუბრიკები საზოგადოება მამა გურამი: ეკლესია მიესალმება, თუ სათამაშო ბიზნესი აიკრძალება

მამა გურამი: ეკლესია მიესალმება, თუ სათამაშო ბიზნესი აიკრძალება

1982

«საქართველო და მსოფლიოს» ვახტანგ გორგასლის  ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამ გურამიშვილი ესაუბრება.

_ მამაო გურამ, მთელმა საქართველომ იხილა საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები. ასეთ დროს როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს მორწმუნე ქრისტიანს: უნდა ამხილოს ჯალათები თუ უნდა გაჩუმდეს?

_ ვფიქრობ, მართლაც შემაძრწუნებელი ფაქტები ვიხილეთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ციხეებში, წლების მანძილზე პატიმრებს აწამებდნენ და ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა გამოაშკარავდა. როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, საზოგადოებამ მყისიერად უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ადამიანი ხატება და მსგავსებაა ღვთისა და ღვთის ქმნილების შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს. ამიტომ ის, ვინც ასე შეურაცხყოფს ადამიანს, ამით უფალსაც შეურაცხყოფს. ძალადობა დაუშვებელია და, რაც მოხდა, ეს მარტო ერთი კაცის კი არა, მთელი ერის შეურაცხყოფა იყო. ამიტომ განსაკუთრებით მივესალმები იმ ფაქტს, რომ ძალადობის წინააღმდეგ ახალგაზრდებმა ასეთი პროტესტი გამოხატეს.

_ საზოგადოების ნაწილი სასულიერო პირებსაც ადანაშაულებდა უმოქმედობაში. ვინაიდან თქვენ ხშირად გქონდათ პატიმრების ნახვის შესაძლებლობა, ფლობდით ინფორმაციას პატიმრების წამების შესახებ

_ ჩვენ არ ვრჩებით მარტო პატიმართან, როგორც ეს ტრადიციულად აღსარების დროს ხდება. მოძღვარი და პატიმარი ერთმანეთს ხვდებიან სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, სადაც მათ საუბარს ციხის თანამშრომლები კამერით იღებენ და ისმენენ. ამიტომ ეს არ არის აღსარება, რადგან აღსარება საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ ღვთისა და მოძღვრის წინაშე ცოდვების აღიარებას ითვალისწინებს. ამას საპყრობილეში პატიმარი მოკლებულია. ასე რომ, ასეთ დეტალებზე პატიმრები მოძღვართან ვერ საუბრობენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პატიმარს უთქვამს, რომ სცემეს ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ასეთ შემთხვევებზე საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ყოველთვის გამოხატავდა. უწმინდესსაც არაერთხელ მიუმართავს ხელისუფლებისთვის და უთქვამს, რომ არ შეიძლება პატიმრების ცემა, დამცირება, წამება.

ერთადერთი ისღა გვრჩება, ვანუგეშოთ პატიმარი, ლოცვისკენ, მართალი ცხოვრებისკენ მოვუწოდოთ, მაგრამ შეუძლებელია, პატიმარმა გულწრფელად ისაუბროს საკუთარ თავზე, რადგან მან კარგად იცის, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ მის მოძღვართან არ საუბრობს. ვერც ვეუბნებით პატიმრებს, რომ გულწრფელები იყვნენ. უნდა ითქვას, რომ ესეც პატიმრების უფლებების შელახვაა და არამარტო მათი, ასეთი ფაქტები სასულიერო პირების შეურაცხყოფაცაა.

_ მამაო, სასულიერო პირებს ხშირად ადანაშაულებენ აგრესიულობაში. ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლა გამორიცხავს თუ არა ძალადობას?

_ მართალია, სასულიერო პირები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ეკლესიაში უნდა ვილოცოთ და საკუთარი პოზიცია არ უნდა გამოვხატოთ. ვინაიდან, გარდა იმისა, რომ სასულიერო პირები ვართ, ჩვენ ამ ქვეყნის შვილებიც ვართ, გვყავს ოჯახები და გვინდა, ჩვენი შვილები ღირსეულ ქვეყანაში იზრდებოდნენ, ღვთისმოშიშები იყვნენ და ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდა არ მიმდინარეობდეს. ჩვენ ვალდებულებიც კი ვართ, ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო აკანონებდეს გარყვნილებას, რადგან ჩვენ უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქრისტიანი სახელმწიფო ვართ. ქრისტიანობა ჩვენთან საუკუნეებს ითვლის და, შესაბამისად, იმდენად ძირძველი და ახლობელია საქართველოში მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რომ არ შეიძლება გარყვნილების ლეგალიზება. მახსენდება, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ამერიკელმა თქვა, მე საქართველოში ისეთი ძველი სახლი ვნახე, რომ ჩემი ქვეყანა არ არის ამ ხნისო.

_ როგორია ეკლესიის ხედვა ხელისუფლების დამნაშავე წევრების მიმართ?

_ საკუთარი ცოდვების გამო, ღვთის წინაშე ყველა ადამიანი პასუხს აგებს. დამნაშავე ხელისუფალს, რომელიც ამა თუ იმ თანამდებობაზე იმყოფებოდა და ბოროტად იყენებდა თავის სამსახურეობრივ მდგომარეობას, ვფიქრობ, საკადრისი პასუხი უნდა მიეზღოს. ყველა ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს. უნდა გვახსოვდეს, რომ იმქვეყნად მაინც ყველაფერი მოგვეკითხება. მჯერა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ქვეყანაში კანონიერება დამკვიდრდება.

_ მამაო, თქვენ დაუსჯელობის სინდრომი ახსენეთ, ქრისტიანულად ყველას მიეტევება, ვინც მოინანიებს, ეს დაუსჯელობის სინდრომის განვითარებას არ გამოიწვევს?

_ ადამიანს, რომელიც გულწრფელად ნანობს ჩადენილ ცოდვებს, უფალიც მიუტევებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამას არც აღიარებენ, არ ინანიებენ. არსებობს ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომელიც აღსარებაში უნდა მოინანიოს ადამიანმა და არსებობს ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული, როდესაც დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. 

_სხვა სასულიერო პირებთან ერთად, რამდენიმე ხნის წინ, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს აპროტესტებდით, თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეჩეთის აშენებას არც ახალი ხელისუფლება ეწინააღმდეგება. რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ბათუმში აზიზის მეჩეთის მშენებლობა?

_ ტაოკლარჯეთში უძველესი ქართული ეკლესიამონასტრების აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში რომ მეჩეთები ავაშენოთ, არასწორი იქნება. ეს ყველაფერი ვაჭრობას ემსგავსება. მითუმეტეს მიუღებელია აზიზის მეჩეთი, ვინაიდან აზიზი იყო დამპყრობელი და ქართველთა სისხლის მსმელი. ბათუმში აზიზის მეჩეთის მშენებლობა იგივე იქნება, თბილისში რომ შაჰაბასის ან ჯალალედდინის სახელობის მეჩეთები ავაშენოთ. ტაოკლარჯეთის ეკლესიამონასტრები ისტორიული ძეგლებია, რომლებიც სასწრაფოდ შველას ითხოვს და ამით ვაჭრობა გაუმართლებელია. ჩვენი ხელისუფალი სხვა ქვეყნის ინტერესებს კი არ უნდა ატარებდეს ქვეყანაში, არამედ საკუთარი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებდეს და ქართული ძეგლების გადარჩენას ცდილობდეს.

_ ამ შემთხვევაში, მეჩეთის აშენება სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებას ნიშნავს?

_ რა თქმა უნდა. იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ხელისუფალი ასიამოვნო, ქვეყანაში მეჩეთი არ უნდა ააშენო და ჩვენი სარწმუნეობა და ერის  ინტერესები ფეხქვეშ არ უნდა გათელო. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია და ეკლესიის დიდი ავტორიტეტიც ცნობილია. ჩვენ შეუწყნარებლობას ვერავინ დაგვწამებს, საქართველო თავისი ტოლერანტობით გამორჩეული ქვეყანაა. ერთ პატარა ადგილზე შეიძლება იყოს თავმოყრილი მეჩეთი, სინაგოგა, სომხური და მართლმადიდებლური ტაძრები და ყველა მშვიდად ლოცულობდეს. მეტსაც გეტყვით, აბანოთუბანში მდებარეობს მუსლიმანური მეჩეთი, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ. ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება. შიიტები და სუნიტები ერთმანეთს სალოცავებს უფეთქებენ და ჩვენთან კი ერთად ლოცულობენ.

ახლახან იერსუალმის წმინდა მიწა მოვილოცე, სადაც ქართველმა წყვილმა ჯვარი დაიწერა და მინდა აღვნიშნო, რომ ისრაელში სხვა რელიგიის წარმომადგენლები ასე თამამად ვერ იქცევიან, როგორც ეს საქართველოში ხდება. ყველანაირად შეზღუდული ხარ. თითქმის შეუძლებელია, ქართველმა მოძღვარმა იერუსალიმში ღვთისმსახურება აღასრულოს. ასევეა ტაოკლარჯეთშიც, სადაც ღვთისმსახურების აღსრულება წარმოუდგენელია და ამ დროს თურქეთი ითხოვს, რომ საქართველოში ახალახალი მეჩეთები აშენდეს.

საქართველო უნიკალური ქვეყანაა. აქ ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია ღვთისმსახურება აღასრულოს, თავისი სალოცავი ააგოს და ჩვენთვის შეუწყნარებლობის დაბრალება არასწორი იქნება.

_ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საუბარი დაიწყო სათამაშო ბიზნესის აკრძალვაზე. როგორია თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რა საფრთხეს ხედავს ეკლესია სათამაშო ბიზნესის არსებობაში?

_ სათამაშო ბიზნესი ეკლესიისთვის ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან ადამიანი აზარტული თამაშებით არამხოლოდ ერთობა, არამედ, მისი წყალობით, ბევრი ადამიანი იღუპება და ბევრი ოჯახი ინგრევა. ზოგიერთი მოთამაშე საერთოდ თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ამიტომ ეკლესია მიესალმება, თუ სათამაშო ბიზნესი აიკრძალება ან შეიზღუდება მაინც. ვინაიდან, ისევე როგორც ლოთობა, ნარკომანია და გარყვნილება, აზარტული თამაშებიც ადამიანის დაღუპვის ერთ-ერთი საშუალებაა.

_ თუმცა უშუალოდ საპატრიარქოს წინ არსებობს კაზინო «შანგრილა», რომლის მშენებლობამაც თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ

_ კაზინოს მშენებლობას საპატრიარქო კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არავინ შეისმინა. და საერთოდ, არამარტო საპატრიარქოს წინ არ შეიძლება კაზინოს აშენება, თუ გავითვალისწინებთ, როგორი დამღუპველია სათამაშო ბიზნესი ადამიანისთვის, ის საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

_ საქართველოს პატრიარქი გამოვიდა ინიციატივით, რომ რიყეზე, «ბუდაბარის» ადგილზე ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აშენდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში რა ბედი ელოდება, უნდა დაინგრეს თუ არა უკვე აშენებულ «ბუდაბარი»?

_ სანამ ეს «ბუდა-ბარი» აშენდებოდა, უწმინდესი მანამდეც ბრძანებდა, რომ რიყეზე უნდა აშენებულიყო ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი. ვინაიდან რიყე ასი ათასი მოწამის სისხლით მორწყული ადგილია. ამით  მთელი ერი ერთგვარ პატივს მივაგებთ ასი ათას მოწამეს და ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ტაძრის მშენებლობაში, ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ. კონკრეტულად რა ადგილზე აშენდება და სად გამოყოფს ადგილს სახელმწიფო, ეს არ ვიცი.

რაც შეეხება «ბუდა-ბარს», მისი აშენება თავის დროზე ყოვლად დაუშვებელი იყო. ისეთ მართლმადიდებელ, ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რიყეზე «ბუდა-ბარისა» და საპატრიარქოს წინ კაზინოს მშენებლობა მთელი ქართველი ერის შეურაცხყოფა და საპატრიარქოს მიმართ უპატივცემულობის აშკარა გამოხატულებაა. იმედი მაქვს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ასი ათასი მოწამე ნამდვილად იმსახურებს, რომ მათ სახელზე ტაძარი აშენდეს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here