Home რუბრიკები საზოგადოება მიშანიუსი

მიშანიუსი

908

როგორც წესი, თითქმის ყველა პოლიტიკოსი, განსაკუთრებით კი უსინდისო ხელისუფალი, ცდილობს, სახელმწიფო მოწყობაში, ქვეყნის განვითარებასა და მის წინსვლაში საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მოახდინოს, «ჯერ არნახულ» პროგრესსა და «მზარდ» დინამიკაზე მოახდინოს საზოგადოებრივი მზერის ფოკუსირება და სამამულო ისტორიის ათვლის წერტილად თავისი პიროვნული «მე» მოიაზროს.

ყველა ავტორიტარული თუ დიქტატორული წყობილების ამბიციურ, ფლიდ ლიდერს გააჩნია თავისი ინდივიდუალური, თუმცა მაინც გაცვეთილი, არაენიგმატური, ზოგადად აპრობირებული მახასიათებლები თუ სიმპტომები. მათ საჯარო გამოსვლებსა და ცოფიან რიტორიკაში უხვად წააწყდებით სიზმრისეული ბოდვებისა თუ ილუზორული რეალობის ლიტონ და ტრაფარეტულ აფიშირებას, განსხვავებული აზრისადმი ისტერიულ გულისწყრომას, მომხიბვლელი სიცრუის მანქანებას, ტენდენციურ პროპაგანდასა და ურცხვ აგიტაციას, რომელიც დაცლილია ყოველგვარი მორალისა და ზნეობრივი მსოფლშეგნებისგან.

სწორედ ზემოთ ნახსენები ყველა «ამაღლებული» უნარ-ჩვევით, ადათ-წესითა და ზემიწიერი «ტალანტით» გამოირჩევა ჩვენი ერის «კორიფე-გენიოსი» და მესიანისტურად ნიჭიერი ბელადი, საქართველოს რიგით მესამე, მაგრამ «ღვაწლითა» და «ტრიუმფალური მიღწევებით» პირველი პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი!

 მე, როგორც რიგით მოქალაქეს, «გულითადად» მსურს, რომ მის პოლიტიკურ კუბოსთან, მისსავე «არაამქვეყნიურ» პიროვნებას, ხოტბა-ქათინაურები, კომპლიმენტები და პროზაული ენკომია ვუძღვნა, რისი შთაგონებაც თავად იმპერატორ მიშა-»ნიუსი»-სგან მოვიპოვე და რომელთა შესახებაც ქვემოთ დაწვრილებით მოგახსენებთ:

 მაშ ასე, თქვენ წინაშეა მისი «ღვთაებრივი» უიმპერატორესობა, ცხრა წლის მანძილზე უძლეველი, თუმცა ამჟამად «სიბერისგან» მომტყდარი კეისარი, ბატონი მიშანიუსი!

 ვიზუალური მხარე:

 იგი გახლავთ ტანადი, ახოვანი, თმებ-შეღებილი, «ღარიბულად ჩაცმული», «იაფიანი» აქსესუარებით მორთული, მუდამ მომღიმარი, ხანაც «გულწრფელად» მოყვირალი, ქალთა პირღიად მომზირალი, თუმცა ოჯახის «ერთგული», ანაკლიის სანაპიროებზე ნაჭყუმპალავები და რუჯით მოხდენილი, «ჭირვეულად» მსმელი და მჭამელი, მყუდროების «მოყვარული» და გართობის «უარმყოფელი», «დარბაისლურად» მოცინარი და გძელნაბიჯება ჭაბუკი.

ინტელექტუალური მხარე:

იგი ფლობს რამდენიმე უცხო ენას, რითაც ამ ენებით მოსაუბრე მსოფლიოს მყისიერად აგებინებს თავისი «წარმატებული სათნოებების» შესახებ. გამოირჩევა შესაშური «ადეკვატურობით». არის მეტად ჰიპერ-აქტიური, კრეატიული და ინიციატივიანი. იგი, აგრეთვე, ბეჯითად მეცადინეობს «დემოკრატიასა და ლიბერალიზმში». ყოველი მოხსენების წინ «დინჯად», «კონსტრუქციულად» და «თავაზიანად» იღებს ოპონენტთა კრიტიკას, აქვს «უზადო» მოსმენის კულტურა, მგზავრობს მეტროთი, რაც მისი «უპოვარობისა და უბრალოების» მანიშნებელია, საჩვენებელი თითით სულ მუდამ მარჯვედ, «მოკრძალებულად» იწმინდავს წკვინტლიან ცხვირსა და დადორბლილ ბაგეებს, ავლენს საოცრად «დახვეწილ» და «ჯანსაღ» იუმორს, უყვარს «გუნდური აზროვნება», წითელი ლენტების ჭრა, «პედანტური დისციპლინა» და ვერასდროს ეგუება «უსამართლობას»!

სულიერი მხარე:

«ღრმად სწამს» სულის უკვდავებისა და ამქვეყნიური ცხოვრების დასრულების შემდეგ არსებული მარადიული სიცოცხლისა, არის «მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი», ამა თუ იმ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შერჩევისას უპირატესობას ანიჭებს ადამიანთა «სუფთა რეპუტაციას», მათ «წესიერებასა და პატიოსნებას». მას აქვს «თავგანწირვისა» და სამშობლოსთვის «გმირული» ფორთხვაცოცვის საოცარი უნარი, ასევე მისი «თანდაყოლილი თვისებებია» – ლმობიერება, გულჩვილობა, ალტრუიზმი და დიდსულოვნებაამ ყველაფრის შემდეგ კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის გახლავთ ნამდვილად დამსახურებული ტალახთხელმწიფე და ღორსეული პიროვნება! მოკლედ, უეჭველია, რომ მთლიანობაში იგი ერთიერთში წარმოადგენს «ჯაყოს» პორტრეტის კვინტესენციას.

ამიტომაც, ჩემო ერო, ჰე, ხანგრძლივი და მქუხარე ტაში!

საბოლოოდ გავისტუმროთ ეს ხვანცალა მიშიკუნა «ატაში»!

P.S. მოდით ამიერიდან წარსულ დროში, მესამე პირში მოვიხსენიოთ ჩვენი სამშობლოს მოამაგე იმპერატორი, შადრევანთმშენებელი მიშანიუსი, რომელიც საკუთარ ხალხზე საკმაოდ «მაღალი» წარმოდგენისა იყო და თითოეულ ადამიანს მიიჩნევდა «მამაც» გლადიატორად, რომელთა მისამართითაც მამობრივი მზრუნველობით განმსჭვალულს, «მათდა გასახარად», უპურო სანახაობის შემდეგ მარჯვენა ხელის ცერა თითი ყოველთვის დაბლა ჰქონდა დაწეული და გაბადრული სახით იტყობინებოდა ხოლმე გარდაუვალ სიკვდილს!.. აი, ასეთი «სიყვარულით»  ელოლიავებოდა თავის თანამემამულეებს «მოწყალე» კეისარი. ვაშა, მეგობრებო! «დიდება» მის აღმატებულებასა და მის უცოცხესობას, ერის «სულგრძელ» მეპატრონეს, ქვეყანაზე «ღმერთის ნაცვალს» –  მიშანიუსგიჟუსსულელუს კეისარს! დაე, «უკვდავვყოთ» მისი სახელი მისსავე საფლავის ეპიტაფიაზე შემდეგი სიტყვებით:

ვაშენე ესე ქვეყანა, კვერცხებსა ზედა ფლოსტებით

ველოსიპედი დაგიდგით, პატივ აგყარეთ ცოცხებით,

კონსტიტუციის ჭრაკერვით გადაგიარეთ ფეხებით,

ბაჩომ, დიმამ და ვანიკომმე ცუდად ნუ შემეხებით!

მე ხომ დუქნები გიშენეთ, შადრევნები და ხიდები,

აქ მაინც ნუ ჩამაფურთხებთ, საფლავში წყნარად ვიდები,

ისე კი, რა მეშველება, უსკამოდ ხომ გავგიჟდები

რაო?! ჯოჯოხეთს მიპირებთ?! ცეცხლში არაფრით ვიჯდები!

ჰმ, თურმე და მართლაც რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი!!! «მიშანიკი», ანუ ზედმეტ სახელად «ნაციონალური მოძრაობა» იძირება!!! ნეტავ, რას იზამს ფსიქო-პათოლოგიურად ალეწილი კაპიტანი: ჩაჰყვება ფსკერამდე საკუთარ ხომალდს თუ ნავით გაიპარება სადმე და კრიმინალურ ეკიპაჟს მიატოვებს? ვნახოთ… დრო გვიჩვენებს. ისე, რა უცნაურია… «დიდებიდან _ სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო», _ ამბობდა ნაპოლეონი. კარგი იქნება, ამას თუ მომავალში ყველა არჩეული მთავრობა გაითვალისწინებს და წინამორბედის  უტიფრობასა და მის ანტიეროვნულ ტენდენციებს არ აყვება.

 ამასობაში გთავაზობთ იმპერატორ მიშანიუსის დახასიათებისას მოხმობილი სამივე შეფასების კრიტერიუმთა ერთ ბიოორგანიზმში აკუმულირებულ ვერსიებს, რომლებიც თავად სახელოვანმა და შლეგმა ტირანოზავრმა, ბატონმა მაღალთ-მაღალმა წარმოადგინა და რომლის შეფასებაც უკვე ფსიქიატრის კომპეტენციაა:

«წელს საქართველოში 3 მილიონი ტურისტი შემოვიდა», «ნატოში შესვლაზე ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი და ერეკლე ოცნებობდნენ», «საქართველოს ეკონომიკა თავისი მაჩვენებლით სინგაპურის დონემდეა ამაღლებული», «ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია», «ბოლო 7 წლის მანძილზე სამშობლოს დაუბრუნდა 2 მილიონი ჩვენი თანამემამულე», «პოსტსაბჭოთა ბანაკის ქვეყნებიდან ჩვენ გვყავს ყველაზე უძლეველი არმია», «ბოლო დროს უგულავამ მეტროთი დაიწყო სიარული სამსახურში, იმისათვის, რათა ხალხთან უშუალოდ დაამყაროს კომუნიკაცია», «ჩვენ ვართ ახალი ტიპის, ლიბერალ-დემოკრატიული სახელმწიფო», «მე ყოველ ღამე მესიზმრება ჩემი საცხოვრებელი სახლი სოხუმში და აცრემლებულს მეღვიძება ხოლმე», «ბათუმი და ანაკლია თავისი სილამაზითა და მიმზიდველობით ნიცასა და სენ-ტროპეს სჯობია», «ქალაქი ლაზიკა იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი მეგაპოლისი»,  «თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თავისი კეთილმოწყობით კენედის აეროპორტს უტოლდება», «პლეხანოვი მაგონებს პარიზს», «სად გაქვს რუსეთზე მისაყიდი რაოდენობის ღვინო?!», «ჩვენ რა? ზანგები ვართ?!», «გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: აფხაზეთი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში!», «ჩვენი ინტელიგენციის უმეტესობას წარმოადგენენ ჩარეცხილები», «მესტია სჯობია ალპებს», «თამარ მეფე ეთნიკურად ქართველი არ ყოფილა, ის ოსი იყო», «ჩვენ ავაგეთ ევროპული დონის ციხეები, სადაც ადამიანთა სრული რესოციალიზაცია ხდება», «ფრანგები სწავლობენ ჩვენგან, თუ როგორ უნდა მართონ ციხე», «ჩვენ გვაქვს უზარმაზარი მიღწევები სასამართლო რეფორმის კუთხით», «ჩვენ მივიღეთ ყველაზე დახვეწილი კონსტიტუციური მოდელი», «სულ მალე, ხულოში გავხსნით ყველაზე მაგარ თხილამურების ქარხანას», «ქუთაისის ავეჯის საამქრო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში», «ჩვენ მივიღეთ მაპზე უკეთესი», «მე არასოდეს მიცემული სიტყვა არ გამიტეხია», «საქართველოში მედია ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს», «სწავლის გაიაფებას მხოლოდ ოროსანი სტუდენტები ითხოვენ», «რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგების ბრბო, ეს ის ხალხია, ვინც ზვიადი ჩამოაგდეს, ვინც სამოქალაქო ომი დაიწყეს და ეს ყველაფერი ერთ ქუჩაზე ხდება, ერთი ქუჩის ხალხი არიან ესენი, თორემ დანარჩენებს თბილისში საერთოდ არ აინტერესებს ეს პროცესები» და ა.შ.

შენ ყოფილხარ, ჩვენო მიშა, შეპყრობილი ჯალათი,

უნდა გეცვას ახლა ნაღდად გიჟის თეთრი ხალათი!

ამრიგად, ხალხნო! ნუ იქნებით ესოდენ უმადურნი და ბეცნი! დააფასეთ «საქმე ლაპარაკის ნაცვლად»!!! პატივი მიაგეთ ქართულ ნაცბომონდს, სისადავით აღსავსე მშრომელ ქაჯოგადოებას და განერთხეთ მათ «უბიწო» ფეხ-ქვეშ, რაითა უკუნისამდე იხარებდეთ ფერად ზღაპარსა შინა. ამინ!

გიორგი ტიგინაშვილი,    

თეოლოგი

 

1 COMMENT

  1. კარგი სტატიაა! სატირისტული ფელეტონი:) იუმორისტულად გადმოცემული ქართული რეალობა:) მადლობა ავტორს

  2. თეოლოგის ასეთი ცინიზმი, თუნდაც სამათლიანი ცოტა არ იყოს უხერხულია…..მთლად კარგად არ გვქონია საქმე მანდაც…..სად თეოლოგია და სად პოლიტიკა.თუმცა თეოლოგია ისაააა რაც დგეს ჩვენს პოლიტიკოსებს ძალიან აკლიათ….

  3. თეოლოგი უბრალო მოქალაქეა და არა სასულიერო პირი. მას აქვს უფლება, რომ გამოთქვას ნებისმიერი აზრი, თუნდაც პოლიტიკური…

  4. ერთი დაბოღმილი ადამიანი წიხლს იქნებს რა სტატია ეს არი ამის მეტი არაფერი ვიცით

  5. გიორგი ტიგინაშვილს მე ვიცნობ. ის ძალიან კეთილშობილი, პატიოსანი და წესიერი ადამიანია… მე რაც მინახავს ის ყოველთვის უპირისპირდებოდა ძალადობრივ რეჟიმს… თან მას აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და გარდა აკადემიური სტატიებისა, სახუმარო წერილებსაც მშვენივრად წერს. თანაც ეს სტატია ხომ პრეზიდენტის ფრაზეოლოგიაზეა აგებული და მისი რა ბრალია… ასე, რომ ბოღმა მას კი არა მიშისტებს ახასიათებთ, რომლებიც ვერ ეგუებიან მხილებას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here