Home რუბრიკები პოლიტიკა თუთბერიძემ სახე დაკარგა

თუთბერიძემ სახე დაკარგა

685

კაცმა რომ თქვას, თუთბერიძეს სახე არც 2003 წლამდე ჰქონია, მაგრამ ცოტა ხნის წინ პლასტიკურ ქირურგს მიმართა და ერთადერთი, რაც მის სახეზე შესამჩნევი იყო, მოიცილა. „გინდათ, მოგწონდეთ თქვენი ცხვირი“? – გვეკითხება პლასტიკური ქირურგიის ცენტრის რეკლამა. „დიახ“! – უპასუხა თეამ და მიიჩნია, რომ ახალი ცხვირით საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გახდებოდა, მაგრამ უკუღმართი ბედი გაახარებს ვინმეს განა? „კმარაო“ – უთხრა ბედმა და ცხვირთან ერთად ზურგიც აქცია. „თუ ბაჩო ახალაია დამნაშავეა, მეც ისეთივე დამნაშავე ვარ და დამიჭირეთ“! – იკივლა თეამ და თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში, მაგრამ „ოცნებამ“, რომელიც ყველას ოცნების ასრულებას ჰპირდებოდა, თეას უგანა და არ დაიჭირა. „ახალი ხელისუფლება დანაპირებს არ ასრულებს“! – აკივლდა გუშინდელი „დანაპირებსრომარუხსნით“ ისეთი უმრავლესობა.

„გურია ნიუსის“ ჟურნალისტს განაწყენებულმა თეამ არცერთი კითხვის დასმა არ აცალა და, როგორც სჩვევია, მიაყარა: „ახლა, მე რა ინტერვიუსაც მოგცემთ, იმედი მაქვს, სიტყვა–სიტყვით იმას დაწერთ. თავიდან, პირველივე სიტყვიდან. თქვენ თუ გგონიათ საქართველოში დანაშაულის შემცირება ეს არის პატრულის დამსახურება (მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებით მე არ ვცდილობ პატრულის როლის დაკნინებას), მაშინ ძალიან შემცდარხართ. იმიტომ, რომ საქართველოში დანაშაულის დიდი წილი იგეგმებოდა და ხორციელდებოდა სწორედ ციხეებიდან. მე შემიძლია ძალიან მარტივი სტატისტიკა მოგიყვანოთ: მაგალითად, ციხეებიდან როგორ ხდებოდა დანაშაულის მართვა. ციხეებში, დაახლოებით, თვის განმავლობაში, ბაჩო ახალაიას მისვლამდე, შევარდნაძის პერიოდში, იმის წინა პერიოდში და რევოლუციიდან კიდევ 2003 წლიდან, 2005 წლის პერიოდამდე, სანამ ახალაიას იქ მისვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა ხელისუფლება და მიიღებდა გადაწყვეტილებას, პოლიტიკურად შეეცვალა ის ვითარება ციხეებში, რა ვითარებაც იყო, რეალურად ციხეები არ ეკონტროლებინა კანონიერ ქურდებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს, არამედ, ციხის ადმინისტრაციას და სახელმწიფოს ემართა, მანამდე ციხეებში იკრიბებოდა ყოველი თვის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ე.წ. „ობშიაკის“ სახით.

თქვენ ეს პატარა ფული ხომ არ გგონიათ?! ეს თანხა ნაწილი ნაწილდებოდა კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის და ნაწილი მიდიოდა ადმინისტრაციაში. რეალურად საიდან შოულობდნენ ამ ფულს ეს ადამიანები?! კრიბავდნენ ამ „ობშიაკს“. თითოეულ პატიმარს თვის ბოლოს შეწერილი ჰქონდა „ობშიაკის“ დადება, ზოგს – ბევრი და ზოგს – ცოტა, ანუ ვინ რა დონის პატიმარი იყო ამ კუთხით. ძალიან ბევრი პატიმრის ოჯახს უწევდა გაეყიდა ნივთები, ქონება, ესესხებინა ფული და მოეტანა თავიანთი პატიმრებისთვის, რომ მათ შეძლებოდა ამ „ობშიაკის“ გადახდა. გარკვეული ნაწილი პატიმრებისა, უკავშირდებოდნენ გარე სამყაროს ე.წ. „კუტოკებს“, რომელიც ჰყავდათ შექმნილი და ეუბნებოდნენ, რამდენი სჭირდებოდათ თვის ბოლოს. სწორედ ამას მოჰყვებოდა ის დანაშაულებები, რომელთა ჩადენა ამ ქვეყანაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდებოდა – ვიღაცეების დაყაჩაღება, მობილურის წართმევა, საბურავების დახსნა, სარკეების დახსნა, მანქანების გატაცება და ა.შ.

თქვენ თვითონ ნახავთ სტატისტიკურ მონაცემებს, მაგალითად, აი, ერთ-ერთი: ავტომობილების ქურდობის სტატისტიკა. ავტომანქანის ქურდობა 1037 იყო 2005 წელს. 2006 წლების განმავლობაში – 1050; 2007 წლის განმავლობაში ავტომობილების ქურდობა 611-ზე დავიდა; 2008 წლის განმავლობაში, ავტომობილების ქურდობა დავიდა 307-ზე; ავტომობილების ქურდობა 2009 წელს დავიდა 154-ზე; 2012 წელს, ამ ეტაპზე გვაქვს 7 ავტომანქანის ქურდობა, ანუ ერთ-ერთი დანაშაულის შემცირებაზე მოგიყვანეთ მაგალითი.

ჩვენ თუ ვსაუბრობთ დანაშაულის შემცირებაზე საქართველოში, ეს მხოლოდ პატრულის დამსახურება ვერ არის. იმიტომ, რომ პატრულის თანამშრომელს მანქანში აგიფეთქებდა ეს კრიმინალური სამყარო, რომელიც დანაშაულს გეგმავდა ქვეყანაში. რაში არის ბაჩო ახალაია დამნაშავე, როგორც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს? რა არის ის ყველაფერი, რასაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აქვს ადგილი? რას უკავშირდება, რა დგას ამ ყველაფრის უკან?! ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ეს ინტერესი ამოძრავებს ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით?

ბაჩო ახალაია გახლავთ ადამიანი, რომელმაც საქართველოში პირველმა გადადგა ნაბიჯი, არა მხოლოდ ნაბიჯი, მან რეალურად აღკვეთა ქურდული და კრიმინალური სამყაროს თარეში არა მხოლოდ ციხის შიგნით, არამედ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე არ ვიცი, თქვენ ვის გქონიათ შეხება „კანონიერ ქურდებთან“, კრიმინალებთან, ე.წ. ავტორიტეტებთან. ეს არის ის სამყარო, რომელთანაც ვერ გაბედა ვერავინ დაპირისპირება საქართველოში. მათ შორის, ხელისუფლებამ, რომელიც მოვიდა „ვარდების რევოლუციით“ და 2 წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური სამყაროს წარმოადგენლების იმ თარეშის აღკვეთა, ქვეყნის შიგნით ციხეების მართვის პროცესისა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ახდენდნენ როგორც შევარდნაძის დროს, ასევე რევოლუციიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში“.

აი, ასე: სააკაშვილი და მერაბიშვილი არაფრის მაქნისები იყვნენ, ყველაფერი ბაჩო ახალაიას დამსახურებააო, აცხადებს თეა თუთბერიძე. აკი გითხარით, სახე დაკარგა–თქო! სამაგიეროდ, სახე იპოვა ბაჩო ახალაიას ყოფილმა თანაშემწე ლალი ცხადაძემ, რომელმაც შს ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ არსებულ ჩვენებებს სისულელე უწოდა და უსამართლობისგან ატირდა კიდეც:

„ასეთი ადამიანია, ხილს საერთოდ არ ჭამს. დანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი და სისულელეა. რა ვაშლი, რა ქერქი? კაბინეტში დანას რა უნდა, ხალხო?! მე ვუმზადებდი აბსოლუტურად ყველაფერს. ადამიანი დღე და ღამე მუშაობდეს და ასეთ ბრალდებებს უყენებდე, ეს ხომ სისულელეა! ახალაია ჯარისკაცებს ხელისგულზე ატარებდა და თვითონაც იმ საჭმელს ჭამდა, რასაც ჯარისკაცები და პატიმრები ჭამდნენ. რამდენი რამ გაუკეთა ჯარისკაცებს, გაიკითხეთ. დაკითხეთ თითოეული მათგანი. ხელისგულზე ატარებდა. თავი ჰქონდა სამშობლოსთვის გადადებული და ასე დაუფასეს ხომ?!“,  – ქვითინებს ახალაიას ყოფილი თანაშემწე.

 

ახალი „ცოტნე დადიანი“ კი „გმირის“ სტატუსს ირგებს, ოღონდ ეგ არის, თაფლი არ წაუსვია და ავლაბრის რეზიდენციის წინ არ დამჯდარა – იზოლატორში ზის. ახალშესახლებული პატიმრებისთვის „კორიდორების“ და წამების სეანსების დამნერგავი ბაჩო ცოტნეს არა და, ნაცისტ დამნაშავეს კი ჰგავს, რომლებიც ნიურნბერგის პროცესისას ადამიანის უფლებების სრული პაკეტით სარგებლობდნენ, ვიდრე სასამართლომ არ გამოუტანათ უმკაცრესი განაჩენი!

ისე, რას ერჩით თუთბერიძეს? იგი მართალია, როცა ამბობს, რომ ისეთივე დამნაშავეა, როგორც ბაჩო ახალაია: 10 წელია, ეს სახედაკარგული ადამიანი ქართველ საზოგადოებას წამლავს. როგორც შეეძლო, ისე ირჯებოდა. ფსიქოლოგიური ტერორიც ტერორია, ხანდახან ხელკეტზე და ცოცხზე უარესი. თუმცა ჩვენში დემოკრატიაა და მოწამლული ენისთვის არ გაასამართლებენ, არც ცოცხზე შესვავენ, არადა, ეს არსება, კარგად ცნობილი ზღაპრული პერსონაჟივით, სწორედ ცოცხზე უნდა იჯდეს და შორი ქვეყნებისკენ მიფრინავდეს!

 

თამარ დავითულიანი

 

 

1 COMMENT

  1. მე ერთი რამ მიკვირს,თ.თუთბერიძეს, ამ სახედაკარგულ ადამიანს, უზნეოსა და უსინდისოს რატომ აპიარებენ და რატომ აკეთებინებენ კომენტარს რაიმე საკითხთან დაკავშირებით??? ვის სჭირდება მისი დუხჭირი აზროვნების მარგალიტები?! სასაცილოა მისი პათოსი და ისტერია… ვაი საქართველო 🙁

  2. ჯერ ხომ მორწმუნეები გადაიკიდა,ახლა ქურდული სამყარო.უეჭველი "ლიოჩიკის გული" აქვს ამ გოგოს.(((

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here