Home რუბრიკები პოლიტიკა ჯერაც 7 ნოემბერია!

ჯერაც 7 ნოემბერია!

730

„იმედის“ დაბრუნება 7 ნოემბერს სამი ტელევიზიის ეთერში აღნიშნეს. ეს დუნე და არაფრისმომტანი შოუ უპრინციპობითაც აღიბეჭდა; უკვე მერამდენედ ვიხილეთ პოზიციაშეცვლილი ეკა ხოფერია, ცოტა არ იყოს ნირწამხდარი დათო კიკალიშვილი და, რაც მთავარია, კვლავაც მენტორის ტონით მოსაუბრე ელენე თევდორაძე, რომელსაც 2003 წლის „რევოლუციის“ შემდეგ არცერთ გამოფენაში არ მიუღია მონაწილეობა.

„რა უნდა ვქნათ, რომ 7 ნოემბერი აღარ განმეორდეს?“ – ამაოდ ისმოდა კითხვა. რა უნდა ქნათ და ისევ ეკა ხოფერიას არ უნდა წააყვანინოთ თოქ–შოუები! იმ ხოფერიას, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის დავალებით წამლავდა მაყურებელს 2003 წელს და იმის მერეც! იმ ხოფერიას, რომელსაც „ნაციონალური“ ხელისუფლების არცერთი დანაშაული არასოდეს გაუპროტესტებია! იმ ხოფერიას, რომელიც პრიალა ჟურნალს უშვებდა და უგულავას „პრინცესა“ ლელა კილაძის შემდეგ გარეკანზე „გაფოტოშოპებული“ დები ფანჯიკიძეები გამოჰქონდა! 

თუმცა რატომაც არა! თუ სააკაშვილი, ბოკერია, გივი თარგამაძე და ვანო ახალაია ქართულ პოლიტიკაში უნდა დარჩნენ, ჟურნალისტიკაში ხოფერიაც უნდა დარჩეს, კიკალიშვილიც და სხვა ურნალისტებიც (კორექტურა არ გეგონოთ – რეჟიმის ამ „ხელის გოგო–ბიჭებს“ ასე შეარქვეს სოციალურ ქსელებში)! ელენე თევდორაძე გვმოძღვრავს – „ყველას ნუ მოთხოვთ გმირობას“! მისგან გმირობა არც არავის მოუთხოვია ოდესმე. მაშინაც კი, როცა შევარდნაძის დროს არარსებულ, მოგონილ თუ სავარაუდო დარღვევებზე საუბრობდა, ხოლო სააკაშვილის რეჟიმმა შვილის კორუფციაზე დაჭერით ისე დააშინა, რომ ქუჩაში მოკლულ ახალგაზრდებზეც კი არ ამოუღია ხმა.

„რა უნდა ვქნათ, რომ 7 ნოემბერი აღარ განმეორდეს?“ – ამაოდ ისმოდა კითხვა. რა უნდა ქნათ და ისევ ია ანთაძის და ზვიად ქორიძის „მოდელირებულ“ ჟურნალისტიკაზე კი არ უნდა იმსჯელოთ, საკუთარი სახელი უნდა დაარქვათ ყველას და ყველაფერს. „მრისხანების მტევნებით“ ასხმული გიორგი თარგამაძე სწორედ „იმედის“ ეთერში არ უნდა დასვა და ამეორებინო დიანა ტრაპაიძისთვის – „არ არის ჩემთან თავის მართლება საჭირო!“ თითქოს თავად არ ჰქონდეს თავი სამართლებელი!

„რა უნდა ვქნათ, რომ 7 ნოემბერი აღარ განმეორდეს?“ – ეს კითხვა უკვე ვარაუდობს ალბათობას, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში 7 ნოემბრის გამეორების ალბათობა არსებობს. ცარიელი სკამები, რომელზეც „ნაციონალები“ უნდა მსხდარიყვნენ, რომ შეძლებოდათ, ირონიულად ჩაიცინებდნენ. მათი ოცნებაც ხომ ეს არის – „ოცნებას“ დასდონ ბრალი იმაში, რასაც თავად სჩადიოდნენ 9 წლის განმავლობაში.

დარბაზში კი მიშას გუშინდელი (და დღევანდელი) მეგობარი ჟურნალისტები სხედან. დარბაზში არ არიან ის ჟურნალისტები, რომლებსაც არასოდეს მიშასთვის კოჭი არ უგორებიათ. მათ მედია–ექსპერტები „სიძულვილის ენის“ გამო საყვედურობენ, თუმცა თავად მათ მეტყველებაში არანაკლები სიძულვილი გამოსჭვივის მათ მიმართ, ვინც იმთავითვე ხვდებოდა, რა მოდიოდა მიშას სახით და რას დაუჭირეს მხარი ახლაღა „გადემოკრატებულმა“ მედიამცოდნეებმა!

სოციალურ ქსელებში ქილიკობენ, რომ „იმედის“ ეთერში მალე ჯულიეტა ვაშაყმაძეს და დავით სოკოლოვს ვიხილავთ. ამათ ჰგონიათ, რომ ამ ორმა საეთერო სახემ მეტად მოაბეზრა თავი მაყურებელს, ვიდრე თვითონ! ერთი და იგივე „მოლაპარაკე თავები“ უკვე წლებია, ჭკუას გვარიგებენ, ბანაკიდან ბანაკში გადადიან და ეთერებში ერთმანეთს ალაპარაკებენ. მათ იციან, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, რომელიც არასოდეს უკეთებიათ. ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და მოითხოვენ, რომ სწორედ მათი ხმა იყოს მოსმენილ–შესმენილი. მათ აინუნშიც არ მოსდით, რომ უამრავი ჟურნალისტისთვის „ნაციონალური“ ხელისუფლების მმართველობის ყოველი დღე 7 ნოემბერი იყო. 7 ნოემბერი იქნება მანამ, ვიდრე დამნაშავეები ოპოზიციონერებად ითვლებიან და პარლამენტში ადამიანის უფლებებზე, ღირსებასა და დემოკრატიაზე ბედავენ ლაპარაკს!

„რა უნდა ვქნათ, რომ 7 ნოემბერი აღარ განმეორდეს?“ დასაწყისისთვის თუნდაც ის უნდა გაირკვეს, სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ (სხვა საქმეა, რამდენად სამართლიანი იყო სასამართლო), რა მექანიზმებით და, რაც უფრო საინტერესოა, რა პირობით დაუბრუნეს „იმედი“ პატარკაციშვილის ოჯახს სიმბოლურ ფასად – 3 ლარად! ის მაინც უნდა მოხერხდეს, რომ პირობას „იმედის“ „ობიექტურობის, სიმწვავის და რეიტინგულობის“ შესახებ ეკა ხოფერია არ დებდეს, რომელიც მწვავე მხოლოდ მაშინ არის, როცა ძლიერი მფარველები ჰყავს, ხოლო ობიექტურობა მისგან ისევე შორსაა, როგორც 9 წლის წინ. რეიტინგულობაც კი მან გიორგი სანაიასგან მემკვიდრეობით მიიღო, როცა ტრაგიკულად დაღუპული კოლეგა მზა პროექტში შეცვალა.

„რა უნდა ვქნათ, რომ 7 ნოემბერი აღარ განმეორდეს?“ როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი ბედავს და მედიის თავისუფლების დარღვევაში ახალ ხელისუფლებას სწორედ 7 ნოემბერს საყვედურობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერაც 7 ნოემბერია, მერე რა, რომ რეზინის ტყვიები არ გხვდება? ჯერაც 7 ნოემბერია, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის „ნაციონალი კომისარი“ გია ჭანტურია ბედავს, განაცხადოს, რომ „ორივე ხელისუფლება შეთანხმდეს და 7 ნოემბერი პრესაზე ზეწოლის დღედ გამოაცხადონ“!

ჯერაც 7 ნოემბერია!

თამარ დავითულიანი

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here