Home რუბრიკები საზოგადოება ილია ჭავჭავაძე სოფლის მეურნეობასა და რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე

ილია ჭავჭავაძე სოფლის მეურნეობასა და რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე

2371

სიცოცხლეშივე ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძე ქართველ ერს უძველესი დამოუკიდებელი სამიწათმოქმედო კულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხად, ხოლო საქართველოს, მისი ბუნებრივკლიმატური და ნიადაგობრივი მრავალფეროვნების გამო, აგრარულ ქვეყნად მიიჩნევდა: «ამას ეჭვი არ უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა მიწათმოქმედი ქვეყანაა და ერთადერთი წარმოება, რომელსაც იგი ამოქმედებს, სასოფლო მეურნეობაა, ესე იგიიმისთანა წარმოება, რომელსაც პირდაპირ მიწასთან აქვს საქმე და მიწისმოქმედებასთან».

ილიას თავის დროზე მცდელობა არ დაუკლია საქართველოში მიწათმფლობელობისა და მიწათმოქმედების აღორძინებისთვის. რადგან სწამდა, რომ: «ქვეყნის ეკონომიური სიმტკიცე და ძლიერება გლეხკაცობის მიწათმფლობელობაზეა დამოკიდებული. რამოდენადაც ეგ მიწათმფლობელობა ფართოა, სხვაზედ დამოუკიდებელი და თავისუფალი მიწათმოქმედებისათვის, იმოდენად ქონებითი ძალღონე ქვეყნისა, თუ სახელმწიფოსი მტკიცეა, ძლიერი და მუდმივი

ერის მამას ამოცანად დასახული ჰქონდა სოფლად თვითმმართველობის დამკვიდრება და საგლეხო მიწათმფლობელობის გაფართოება, «ადგილის კაცის» _ მკვიდრი მიწათმოქმედის ფუნქციათა და უფლებათა გაძლიერება.

ილიამ სწორად გაიაზრა ეროვნული ზნეობრივი ღირებულებებისა და ერის ტრადიციული სამეურნეო მახასიათებლების ერთიანობა: «ჩვენებური გლეხი ბინადარი კაცია, საცა დაბადებულა, იქ მკვიდრად ფეხმოკიდებულია და ღრმად ფესვგადგმული. იგი თავის მამაპაპეულ ბინაზედ დამოკიდებულია მარტო საეკონომიო ანგარიშით კი არა, არამედ სულითაც და გულითაც; ესე იგი ზნეობითაც შემსჭვალულია. მისი სოფელი სამკვიდროა, თვითონ «მკვიდრია» თავის სოფლისა და სხვა თავმოსაწონებელი სახელი არ იცის». სწორედ ამიტომ გაიხადა სოფლის მეურნეობა ეროვნული ცხოვრების აღორძინების პროგრამის ეკონომიკურ საძირკვლად. 

ერის მოძღვარმა უპირველესი ზრუნვისა და დაცვის ობიექტად მიწათმოქმედება აღიარა: «ერთი უდიდესი წყარო სიმდიდრისა, უფრო მტკიცე და საიმედო ხვნათესვაა, მიწათმოქმედებაა ყოველგვარი, იმიტომ რომ ამ მრეწველობის ნაამაგარი შეადგენს უპირველეს საჭიროებას ადამიანის ცხოვრებისასჩვენი ძალღონე, ჩვენი ცხოვრებისა და ვინაობის, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე _ მიწა და გუთანია».

სასოფლო-სამეურნეო წარმოების რაციონალური გაძღოლა ილიას ვერ წარმოედგინა ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ათვისების გარეშე («დროთა შესაფერი ცოდნა, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა», მიწათმოქმედის ცოდნის პროდუქტიულობაა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი ქართული სოფლისთვის). ერის მოძღვარს არა ერთხელ შეუსყიდია გერმანიიდან თუ საფრანგეთიდან უახლესი მოდიფიკაციის მანქანაიარაღები საკუთარ მამულში დასანერგად, თუმცა მან მათი გამოყენება კვალიფიციური მუშახელის არარსებობის გამო ვერ მოახერხა. ასეთი უცხო ხილი იყო მოწყობილობა, რომელსაც კრუხის როლი უნდა შეესრულებინა, რასაკვირველია, ინკუბატორს ვგულისხმობთ. იგი კარგა ხნის განმავლობაში აოცებდა ილიასთან სტუმრად მისულ საზოგადოებას თავისი შესაძლებლობებით, რომლის დემონსტრირებაც ვერ იქნა და ვერ მოხერხდა.

დიდი საზოგადო მოღვაწის მიზანი იყო, გლეხს შეეგნო ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების შეძენის გარდაუვალი აუცილებლობა, ზიარებოდა მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში, განმტკიცებოდა რწმენა, რომ მხოლოდ იგია ჭეშმარიტი პატრონი და გამგებელი წილხვედრი მიწისა. ილია ბრძანებდა: «განათლება, სწავლა, ცოდნა _ აი ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებას… _ ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ახლა, თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისათვისერთი უმთავრესი სახსარი ცოდნის შეძენისა სამეურნეო სკოლაა. ამგვარის სკოლების გამართვა ჩვენში აუცილებელი საჭიროებაა».

1883 წელს, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის გახსნისას წარმოთქმულ: სიტყვაში ილია აღნიშნავდა «აქედამ ჩვენი შვილები, თქვენი შვილები გამოიტანენ იმისთანა ცოდნას, რომელიც დედამიწის გულში ჩაგვახედებს, მიგვაგნებინებს _ სად რა სიმდიდრე სძევს და რა რიგის ხერხით შეიძლება ამ სიმდიდრეს ხელი მივაწვდინოთ, ამოვიღოთ და მოვიხმაროთ ქვეყნისა და ჩვენი თავის სადღეგრძელოდ».

დღეს, როდესაც დიდი ილია საყოველთაოდ აღიარებულია, როდესაც ყველა თანხმდება, რომ ილია წარსულის კი არა მომავლის მოაზროვნეა, როდესაც ლოზუნგიც კი გაჩნდა «წინ, ილიას გზით!», არ ვიცი, რა დავარქვა ილიას სახელით ილიას დასახული გზის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გონიერმა ქართველმა იცის, რომ ილიამ მოგვცა ერის მომავლის განვითარების კონცეპტუალური ხედვა, რომელიც უსწრებს და შეესატყვისება თანამედროვე ცნებებს «მომავლის ინსტიტუტი», «მომავლის განვითარებათანამედროვე საქართველოში აგრარული განათლება და მეცნიერება სულს ღაფავს, მის მიმართ უდიერი დამოკიდებულებისა და არასწორი პოლიტიკის გამო.

ყურადსაღები  მოსაზრება გამოთქვა ილია ჭავჭავაძემ თავის წერილში  «კავკასიის სასოფლო-მეურნეობის საზოგადოების» შესახებ. ევროპის მოწინავე  ქვეყნების (საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, გერმანია) გამოცდილების მიმოხილვის შემდეგ ილია დაასკვნის: «მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღემუდამ ჰგრძნობდეს, და მეორეს გზით _ მზად იყოს, ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გაწვდება».

ერის განმანათლებელი ცდილობდა, ევროპული გამოცდილების მაგალითზე ჩვენშიც დანერგილიყო ამხანაგობათა (კოოპერატივები) ჩამოყალიბების ტენდენცია. ილია მიესალმა თელავის თავად-აზნაურთა მიერ შექმნილ «კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირის» შექმნას, მოიწონა მისი წესდების პროექტი და გამოთქვა იმედი, რომ «კავშირი» ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა. «ეს იმისთანა საქმეა, რომელიც საუკუნოდ სახსოვრად გახდის იმის სახელს, ვინც ამ საქმეს მესვეურობას და მეთაურობას გაუწევს. ესეც უნდა იცოდეს თავადაზნაურობამ, რომ აქ მცირეოდენის გაწირვა და გაცემა დიდის სიკეთის მომავლინებელია ყველასათვის ერთად და სათითაოდ ცალკე, და ყოველი დაზოგვა და არგაცემა _ დაკარგვაა».

ილიამ იცოდა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებას ფინანსური რესურსები ესაჭიროებოდა. ამასთან, უნდა გადაჭრილიყო ერისათვის უმნიშვნელოვანესი _ «მიწის ქართველთა ხელში დარჩომის» ამოცანა. მკვიდრი მიწათმოქმედი უნდა დამკვიდრებულიყო იმ მიწაზე, რომელსაც იგი ამუშავებდა და რომელიც საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა.

დიმიტრი ყიფიანის იდეასა და წამოწყებას სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შექმნის თაობაზე ილია ჭავჭავაძემ ფრთები 1875 წელს შეასხა. ბანკის დაფუძნების დღეს თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: «ქართველი ერი სამარადისოდ მადლიერი იქნება ამ საქმის წამომწყებისა და მესაძირკვლის უფალ დიმიტრი ყიფიანისა». 

ილიამ განმარტა საადგილმამულო კრედიტის მნიშვნელობა «მიწის და მიწათმოქმედების განკარგებისა და გაძლიერებისათვის»: «დანიშნულება საადგილმამულო კრედიტისა განკარგებაა მამულ-დედულისა, გაძლიერება მიწათმოქმედთა ღონისა და მომცემლობისა».

დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა დიდი საზოგადო მოღვაწის პუბლიკაციებს ქვეყანაში პურეულის მოვლა-მოყვანის, ტყის, ტექნიკური კულტურების გაშენების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების, მელიორაციისა და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ. სტატიაში «ჩვენი გლეხობა და ტყეებით სარგებლობის საქმე», ილია ბრძანებდა: «ჩვენებურის გლეხისათვის ტყე ისე საჭიროა, როგორც არსებითი პური. უტყეოდ ჩვენებური გლეხკაცი ვერ დადგება ისე, როგორც უპუროდ».

სააშკარაოზე გამოიტანა სატყეო ხელისუფლების ძალმომრეობა და უკანონო დაუსჯელი საქმიანობა, ასევე ტყით სარგებლობის რუსული წესის ქართული სინამდვილისადმი შეუთავსებლობის საკითხი. პურეულის საკითხთან დაკავშირებით, უაღრესად ყურადსაღებია ილია ჭავჭავაძის წერილი «პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში», რომელშიც ილია დაასკვნის: «ჩვენ მარტო, იმას უნდა ვეცადოთ, პური იმდენი მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს, ჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს».

დარგის პრობლემებზე მსჯელობისას ილია ჭავჭავაძე გამოყოფდა საქართველოში მრავალდარგოვანი, ფართოდ სპეციალიზებული სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობას. ილიას აზრით, დარგობრივ სპეციალიზაციას უნდა ეპასუხა საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნებისთვის: «ამ ეკონომიურ გზაზე ჩვენი საქართველო რომ დადგეს, ჩვენმა მიწათმოქმედებამ რომ ეს ახალი გზა და მიმართულება ირჩიოს, რუსეთისათვის ის ამზადოს, რაც რუსეთს არ აქვს, და იქიდამ ის ჰზიდოს, რაც რუსეთს ვერც-კი გაუსაღებია _ სახელმწიფო ინტერესის თვალითაც-კი მეტად სახეიროა რუსეთისთვისაც».

ილიას მოსაზრება რუსეთთან პარტნიორობის შესახებ ყურადსაღებია თუნდაც იმიტომ, რომ იგი კარგად იცნობდა რუსეთის ბაზარს, ქვეყნის მასშტაბსა და შესაძლებლობებს და დარწმუნებული იყო რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეღწევა საქართველოს ეკონომიკასა და პრესტიჟს წაადგებოდა.

ერთი საუკუნის გასვლის შემდეგ, როდესაც რუსეთსაქართველოს შორის არსებული სავაჭრო კავშირები სრულიად მოიშალა და რუსეთის ბაზრიდან ქართული ხილი, ციტრუსები, ბოსტნეული, ღვინო და მინერალური წყლები გამოაძევეს, საქართველოს ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიადგა. ქვეყანა ახალი სავაჭრო პარტნიორის ძიებაშია, ფერმერად მონათლული გლეხი კი მოწეული მოსავლის პირისპირ მარტო დარჩა.

სოფლის მეურნეობის დარგების სპეციფიკურ თავისებურებათა ცოდნა საშუალებას აძლევდა დიდ მწერალს, ნათლად დაესაბუთებინა მევენახეობისა და მეღვინეობის, მეხილეობის, მებოსტნეობა-მებაღჩეობის, მეაბრეშუმეობის, მეფუტკრეობის, მეჩაიეობის, მეციტრუსეობის და სხვა დარგების განვითარების აუცილებლობა საქართველოს ეკონომიკის აღმავლობისთვის. ილიამ იცოდა, რომ თითოეული ეს დარგი წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნისა და გლეხკაცის ეკონომიკურად გაძლიერების წყაროს, არამედ ქართველი ერის სამეურნეო ცხოვრების წესისა და კულტურის ორგანულ, განუყოფელ ნაწილსაც, ბუნებრივად მისადაგებულს ქვეყნის ისტორიულ მხარეებთან.

ქართველი კაცი ღვინის დაყენებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, ყურძნის მტევანს ალალი კაცის მარჯვენა უნდა შეხებოდა. ღვინო მხოლოდ ყურძნის წვენის დადუღებით მიიღებოდა და ამ წესის დაუცველობა წარმოუდგენელი იყო. ქართველი მევენახის სინდისი ზედაშეა, რომლითაც ინათლებოდა მათი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ღვინის დაყენების ქართული წესი: კახური (ჭაჭაზე სრული დადუღებითექსტრაქტული ღვინოები), იმერული (ჭაჭაზე დადუღების გარეშეარაექსტრაქტული ღვინოები), რაჭული (ჭაჭაზე ნახევრად დადუღებით). 

«ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა, _ ბრძანებდა ილია, _ ღვინის კეთებას ჩვენში მრავალი ათასის წლების ისტორია აქვს და, მასაშადამე, არის რა მიზეზი, რომლის ძალითაც ჩვენი ერი თავისებურ ღვინის კეთებას ჰრჩეობს და ევროპულს უფრთხის, ერიდება დღესაც… ჩვენებური ღვინის კეთება მარტო იმაზეა მიქცეული, რომ ყურძნის წვენს არა რა შეერიოს და ღვინოს თავისი ბუნებური შეურველი თვისება ჰქონდეს». ქართული ღვინის უმთავრესი ღირსება «ბუნებრიობაა», მხოლოდ «ნატურალობაა», ამიტომ განსაკუთრებული სერიოზულობით იბრძოდა დიდი მწერალი ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ.

ილია ჭავჭავაძე ქართველ მეღვინეთა გასაგონად აცხადებდა: «თუ ჰსურთ, რომ რუსეთის ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულს ყალბს ღვინოებს აჯობოს და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შეიძლება მოხდეს, რომ გასამკლავებლად ყალბ ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ. აქ ჩვენი გამარჯვება უეჭველია». ამაზე ლოგიკურად და მიზანდასახულად გზის ჩვენება, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია.

საინტერესო და დღემდე აქტუალურია ილია ჭავჭავაძის თვალთახედვა მთის პრობლემების მოგვარებაზე. მას ღრმად სწამდა, რომ საქართველოს მთიანეთში მეცხოველეობის განვითარება ქვეყნის ერთერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიისმთიანეთის აღორძინების და თავდაცვის უპირველესი პირობა იქნებოდა.

ილია ჭავაჭავაძის პარადიგმა, ისტორიული ხედვით განმტკიცებული, მიწისადმი ქართველი კაცის განსაკუთრებული (მარადიული) დამოკიდებულებისა, არა მარტო ქართველი ერისთვისაა აქტუალური, არამედ მთელი განვითარებული კაცობრიობისთვის.

დასასრულ, ისევ დიდ მოძღვარს მოვუხმოთ: «დღევანდელ ცხოვრებაში სუფრის თავში ის ერი დაჯდება, ვინც ირჯება, ვინც მუდამ შრომობს, ვინც ცდილობს ეკონომიურად წელში გაიმართოს».

დროთა სვლაზე გამარჯვებული, ილია ჭავჭავაძის მიერ დასახული გზა «უკეთესი ქვეყნის» შენებისა, მხოლოდ ერის ერთიანობითა და თანხმობითაა შესაძლებელი. როგორც გიორგი მთაწმინდელი ბრძანებდა: «ერთნებაობითა და თანადგომით ქვეყნის მართვა»!

ეს XXI საუკუნის საქართველომ უნდა შეძლოს.

«მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ» (მათ. 20.16). მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა იცოდა ილიამ, როდესაც დიდად განაწყენდებოდა მოსაუბრეებზე და უკომენტაროდ ტოვებდა შეკრების ადგილს.

დიახ, იცოდა მან თავისი ფასი, იცოდა, რომ მრავალი ეწვევა ამ წუთისოფელს, მაგრამ მხოლოდ რჩეულთ ხელეწიფებათ ერის სამსახურში ჩადგომა, დროის ფეხდაფეხ მიყოლა, რაციონალურად საქმეთა წარმართვა.

აკი ამიტომაც ბრძანა კიდევ ერთმა გამოჩენილმა ქართველმა გრიგოლ რობაქიძემ, რომელსაც გერმანიაში ცხოვრებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა ქართული გენი: «ილია კარდუს დიდი მოურავია», რისთვისაც მინიჭებული აქვს კოსმიური მედალიონი _ «მარადმყოფი». 

პაატა კოღუაშვილი,

პროფესორი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here