Home რუბრიკები საზოგადოება რემფერ ბეჭვაია: წლებია, საზღვრები ჩაკეტილია და პროდუქცია სახლში გვილპება

რემფერ ბეჭვაია: წლებია, საზღვრები ჩაკეტილია და პროდუქცია სახლში გვილპება

726

სამეგრელოს რეგიონი რომ «ქართულ ოცნებას» იმთავითვე თავსატეხად ექცა და ივანიშვილი მეგრელებმა «მესიად» ვერ მიიღეს, არახალია. ეს განწყობა 1 ოქტომბრამდე განვითარებულ პროცესებშიც იგრძნობოდა და შემდგომ მოვლენებშიც, მაგრამ, დამთავრდა თუ არა არჩევნები, საკითხმა უმალ აქტუალობა დაკარგა. დღეს უკვე არავინ საუბრობს იმაზე, თუ სად გაქრა ან საერთოდ გაქრა თუ არა ის ანტიპოზიტიური და, შესაბამისად, პროსახელისუფლო მუხტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ერთობ მძლავრობდა ამ რეგიონის მოსახლეობაში. სიტუაცია სირაქლემის პოზიციას წააგავს და ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა სტრატეგია აირჩია ბიძინა ივანიშვილმა განდგომილი რეგიონის მიმართ _ აღიარება თუ, უბრალოდ, იგნორირება? რა მდგომარეობაა დღესდღეობით სამეგრელოში და რამდენად თავისუფალია იგი ახალაიების კლანისგან, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მკვიდრი, «ქართული ოცნების» ერთერთი აქტივისტი რემფერ ბეჭვაია ესაუბრება.

_ როგორც ვიცი, თქვენი სოფელი ოპოზიციურობითა და კოალიციის მიმართ დიდი სიმპათიით არ გამოირჩეოდა. არჩევნები სამეგრელოში «ნაციონალურმა მოძრაობამ» მოიგო. როგორ ფიქრობთ, რით იყო ეს ყველაფერი გამოწვეული? რა ჰქონდათ მეგრელებს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო?

_ რაც მართალია, მართალია. სინამდვილეში სააკაშვილს მართლა ჰყავდა აქ მხარდამჭერები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამეგრელო გიჟდებოდა «ნაცმოძრაობაზე». ხალხი იყო დაშინებული და დატერორებული; ცალკე ახალაიების ფაქტორიც მძლავრად მოქმედებდა, ამიტომ მოსახლეობამ თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი. მაგალითად, ჩემს უბანში ოცდათექვსმეტი მცხოვრებია, მათი აბსოლუტური უმეტესობა, დაახლოებით ოცი-ოცდახუთი ოჯახი, სააკაშვილს აძლევდა ხმას. მქონდა დავა, კამათი და თითქმის ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივდიოდით, მაგრამ ვერაფრით შევაგნებინე ამ ადამიანებს, რომ ეს ხელისუფლება ღუპავს ქვეყანას…

_ გამოდის, რომ მათ გულწრფელად სჯეროდათ ხელისუფლების

_ სჯეროდათ, იმიტომ, რომ უყურებდნენ «რუსთავი 2»-ს და «იმედს», ხოლო ვისაც სატელიტური ანტენები ეყენა და «მაესტროს», «მეცხრე არხს» უყურებდა, მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული იყო მიმდინარე მოვლენებში, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ხალხი გამოაშტერეს; თქვენ კიდევ არ იცით, ჩვენთან რა ხდებოდა…

_ ახალაიების ფაქტორი ახსენეთ. კონკრეტულად რა ფორმით ხდებოდა დაშინება?

_ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ალასანია რომ მოვიდა ჩვენს სოფელში, ადგილობრივმა პოლიციამ კარდაკარ დაუარა ყველაზე მრავალრიცხოვანი უბნების მოსახლეობას და დაემუქრა: არ დაგინახოთ მისული, თორემ დედას გიტირებთო. შესაბამისად, შეხვედრას არავინ ესწრებოდა, ხალხმა მისვლა ვერ გაბედა…

_ იმ პოლიციელების ვინაობა თუა ცნობილი?

_ ამის გარკვევას რა უნდა! აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, რომ გაიკითხოთ, ნებისმიერი გეტყვით, ვინ ემუქრებოდა.

_ 22 სექტემბერს კოალიციის აქციას ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ მეორე დღეს სააკაშვილმაც არანაკლებ მრავალრიცხოვანი ელექტორატი გამოიყვანა. ვინ იყვნენ ეს ადამიანები _ ვინც წინა დღეს «ქართული ოცნების» დროშებს აფრიალებდნენ?

_ ვინ იყვნენ და, გეუბნებით, ყურით მოთრეული, ძალით მოყვანილი ხალხი; კი იყვნენ უანგარო მხარდამჭერებიც, რომლებსაც მართლა სჯეროდათ და დღემდე სჯერათ სააკაშვილის ხელისუფლების, მაგრამ, ვიმეორებ, მათზე სხვანაირად მოახდინეს ზეგავლენა. მხედველობაში მაქვს პროპაგანდა, რომელიც ამ ე. წ. სახელისუფლო არხებიდან მოედინებოდა. აქ საშინელება ხდებოდა _ ხმას ვერ ამოიღებდი, ყველა უბანში, ყველა ქუჩაში და ჩიხში ამბის მიმტანები ჰყავდათ შეგზავნილი.

_ თქვენს ქუჩაზეც იყვნენ?

_ იყვნენ რომელია, გატენეს უბანი აგენტებით და ყველამ ვიცოდით, ვინ ვინ იყო… სიტყვას ვერ იტყოდი  თავისუფლად, მაშინვე იქ იცოდნენ. თუ რამე არ მოეწონებოდათ შენი ან შენი ოჯახის წევრის, დამლაგებელიც რომ ყოფილიყავი, მაშინვე გათავისუფლებდნენ სამსახურიდან. აი, ასეთ წნეხში იყო სამეგრელო, ამიტომ, როცა საუბარია იმაზე, თითქოს ჩვენ განვუდექით დანარჩენ კუთხეებს და ხელისუფლებას მივემხრეთ, ესეც უნდა ითქვას. არაა ადვილი ასეთი წნეხის პირობებში თავისუფლად მოქმედება…

_ რესპუბლიკურ პარტიაზე რას იტყვით?

_ ეს რესპუბლიკელები თავიდანვე გამაღიზიანებლად მოქმედებდნენ ხალხზე და მეც ვამბობდი ხოლმე, რაში დასჭირდათ ამათი გვერდით დაყენება-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმეს სჭირდებოდა. ჩემი აზრით, ისინი რომ ივანიშვილის გვერდით არ ყოფილიყვნენ, «ქართულ ოცნებას» გამარჯვება ძალიან გაუჭირდებოდა; ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რესპუბლიკურ პარტიასაც თავისი მხარდამჭერები ჰყავს და მათთან მტრობა მათი მხარდაჭერების გადამტერებასაც ნიშნავს; მეორე კი იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, კადრები არ ეყოლებოდა კოალიციას. წარმოიდგინეთ, უსუფაშვილი, ბერძენიშვილი, ზაქარეიშვილი ან თუნდაც ზურაბიშვილი რომ გამოაკლდეს ახალ მთავრობას, ვინღა დარჩება?!

_ მხარდამჭერები ახსენეთ და რესპუბლიკური პარტია ერთერთი ყველაზე დაბალრეიტინგული პარტიაა საქართველოში

_ კი, მაგრამ მხარდამჭერები მარტო საქართველოში ხომ არ არიან, ამომრჩევლების სახით? რესპუბლიკელებს ამერიკის ხელისუფლებასთან აქვთ კარგი ურთიერთობა და ასე თუ ისე ქვეყანაში პროდასავლურ ძალას წარმოადგენენ. ამასთან, რაც მართალია, მართალია, ძალიან მომზადებული ხალხია და საქმე იციან. ის, რომ იეღოველებსა და სხვადასხვა სექტებს მფარველობენ, მეორე საკითხია. ამ თვალსაზრისით ეს პარტია ჩემთვისაც მიუღებელია.

_ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყება რამდენად მიგაჩნიათ შესაძლებლად? ივანიშვილი ერთერთ მთავარ ამოცანად სწორედ ამას ისახავს.

_ პირდაპირი დიალოგი არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გარეშე ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ. ვის როგორც უნდა, ისე გამიგოს, _ რუსეთის გარეშე სად წავალთ?! ჯერ მარტო ხალხის მდგომარეობა ავიღოთ. რამდენიმე წელია, საზღვრები ჩაკეტილია და პროდუქცია სახლში გვილპება. წარმოიდგინეთ, თავისუფალი მიმოსვლა რომ აღდგეს, როგორც ადრე იყო, როგორ ამოისუნთქავს მოსახლეობა. თავის დროზე ერგნეთის ბაზრობაზე მანდარინი დაგვქონდა; იქიდან კი პურის ფქვილი ჩამოგვქონდა 17 ლარად, მაშინ, როცა ჩვენთან 30-35 ლარი ღირდა. ხალხს ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება ჰქონდა. აბა, მაგ ბაზრობას ჭკუასთან ახლოს მყოფი გააუქმებდა?!

_ აფხაზებთან რამდენად არსებობს დიალოგის შესაძლებლობა?

_ ყველაფერი ძალიან რეალური იყო. დედაჩემი ოჩამჩირიდანაა და მთელი ბავშვობა იქ გავატარე. გალის რაიონის ყოფილი გამგებელი რუსლან ქიშმარია ჩემი დეიდაშვილის ბიძაშვილია, ამიტომ გადასვლა-გადმოსვლის პრობლემა არასდროს მქონია.

_ ახლა შეგიძლიათ თავისუფლად გადასვლა?

_ ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი აფხაზეთში, ეს იყო ომის შემდეგ. მაშინ ძალიან კარგად მიმიღეს. რაც შეეხება დღეს გადასვლას, რომ ჩავიდე, დევნას არავინ დამიწყებს. პირადად რუსლან ქიშმარიას აქვს ჩემთვის ნათქვამი, გალის მოსახლეობას არავინ ერჩის და დაბრუნდითო. რამდენი ადამიანის პირით შემოუთვალა ეს ქართულ მხარეს და მეც დამაბარა, მაგრამ ხალხს მაინც ეშინოდა.

_ კი მაგრამ, ვინ იყო გარანტი, რომ გადასულების უსაფრთხოება დაცული იქნებოდა?

_ როგორ გეკადრებათ, რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს გალის რაიონში და სხვაგანაც, მაგრამ გაგიგიათ, რომელიმეს რამე დაუშავესო?

_ მაშინ რა უშლიდათ ხელს, რომ დაბრუნებულიყვნენ?

_ მოგეხსენებათ, საზღვრის ერთ მხარეს იდგნენ რუსები, მეორე მხარეს კი ჩვენები, იქით, არ ვიცი, რა ხდებოდა, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ხალხი ერთმანეთთან არ მისულიყო. მე ვერ გეტყვით, ამას რატომ აკეთებდნენ, მაგრამ ეს ფაქტია…

_ დღეს უკვე აფხაზეთიც და სამაჩაბლოც მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი სახელმწიფოს, რუსეთის, მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სუბიექტებია. ახლა იქ გადასვლა და ცხოვრება მოქალაქის მხრიდან სულ სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს.

_ რუსეთმა კი აღიარა, მაგრამ აფხაზეთში ისევ ის ხალხი ცხოვრობს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: მიუხედავად ომისა და ყველაფრისა, რაც ბოლო წლებში მოხდა, ზუგდიდიდან აფხაზეთში რომ ვინმე გადავიდეს, ხელს არ ახლებენ. სულ მითებია ის, რომ თითქოს იქ განუკითხაობაა და ქუჩებში შეიარაღებული ხალხი დაძრწის. არაფერი მსგავსი არ ხდება. ასე რომ, დიალოგის შანსი, რა თქმა უნდა, ისევ არსებობს, მთავარია, ხალხს ერთმანეთთან მისვლაში ხელი არ შეუშალონ. ამას თუ გააკეთებს ახალი ხელისუფლება და დარწმუნებული ვარ, გააკეთებს, დაახლოება ძალიან სწრაფად მოხდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სამეგრელოს მოსახლეობამ «ქართულ ოცნებას» «ნაცმოძრაობა» ამჯობინა. ამის გამო თურმე ბიძინა ივანიშვილს დღეს მეგრელებისკენ გახედვაც აღარ უნდა. ეს, ცხადია, ხუმრობით, მაგრამ ამბობენ, სიმართლის მარცვალი ყველა ხუმრობაში დევსო. რეალობა კი ისაა, რომ კოალიცია თვითონაც შეეგუა ქვეყნის ერთერთ ყველაზე მრავალრიცხოვან რეგიონში პირწმინდად დამარცხებასპარლამენტში არხეინად ზის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია, რომელიც «მედგრად» იცავს რაიონის ღირსებას საკანონმდებლო ორგანოშივაშა, სამეგრელოს! ვაშა, მეგრელებს!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here