Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ ხმალაძე: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსები უნდა განისაზღვროს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ...

ვახტანგ ხმალაძე: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსები უნდა განისაზღვროს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან შეთანხმებით და არა ცალმხრივად, თუნდაც ჩვენ მიერ

703

ხელისუფლება არც უნდა ცდილობდეს და ვერც უნდა ახერხებდეს კონსტიტუციის საკუთარ სურვილებზე მორგებას. აშშის კონსტიტუციაში 225 წლის განმავლობაში მხოლოდ 27 ცვლილებაა შეტანილი. საქართველოს კონსტიტუციაში კი 1995 წლის 24 აგვისტოდან დღემდე _ ოცდაცხრა. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ქვეყნის ძირითად კანონში დაახლოებით 25-მდე  ცვლილება განხორციელდა. განსაკუთრებული რეაქცია ბოლო დროს გატარებულ ორ ცვლილებას მოჰყვა _ ერთი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლებამოსილების მინიჭებას და მეორე ქალაქ ლაზიკის დაარსებას შეეხება და კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრების ცვლილებასაც ითვალისწინებს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება. «საქართველო და მსოფლიოს» პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრება.

_ ხშირი საკონსტიტუციო ცვლილებები არ შეიძლება. კონსტიტუცია უნდა იყოს სტაბილური. მასში ცვლილება უნდა შედიოდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ნებისმიერი ხელისუფლება თავად უნდა მოერგოს ქვეყნის ძირითად კანონს, არ უნდა ცდილობდეს და ვერც უნდა ახერხებდეს კონსტიტუციის საკუთარ სურვილებზე მორგებას.

_ პოლიტიკური კრიზისების დასაძლევად რამდენად არის გათვალისწინებული?

_ კრიზისების წარმოქმნის თვალსაზრისით, საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემა ყველაზე დაბალი რისკების შემცველია. თუ მაინც წარმოიქმნა პოლიტიკური კრიზისი, სიტუაციიდან გამოსვლა ყველაზე ნაკლები დანაკარგებით არის შესაძლებელი. იმ ცვლილებებში, რომლებიც ძალაში ერთი წლის შემდეგ უნდა შევიდეს, ხელისუფლების განაწილების პრინციპი სრულად არ არის დაბალანსებული. ურთიერთკონტროლის გაწონასწორების მექანიზმები არ არის საკმარისი, ამიტომ ეს ცვლილებებიც არსებითად შესასწორებელია. სწორედ ეს არის რთული, ეს სირთულე იწვევს იმ დისბალანსს, რომელიც  პარლამენტსა და მთავრობას შორის უნდა იყოს დაცული.

_ ვინ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს?

_ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ხდება. ეს განპირობებულია იმით, რომ, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ხელში არ არის აღმასრულებელი ხელისუფლება. პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, შესაძლოა, ძალაუფლების გაზრდის ამბიცია გაუჩნდეს. პროგრამაში ამიტომ გვიწერია, რომ პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს პარლამენტის ან მომავალში რეფორმებისგან შექმნილი რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანოების წარმომადგენლების მიერ, როგორც ეს ხდება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

_ განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის, განცხადებით, განათლების სამინისტროს სტუქტურაში არ უნდა არსებობდეს კონსტიტუციის შემსწავლელი ცენტრი. თქვენი აზრით, ასეთი ცენტრის არსებობა განათლების სამინისტროს ბაზაზე მიზანშეწონილია?

_ რამდენადაც მახსოვს, ამ ცენტრს ჰქვია კონსტიტუციონალიზმის შესწავლის ცენტრი. ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს განათლების, მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, ასევე უნივერსიტეტში. გააჩნია, ვინ, რას და სად მიიჩნევს საჭიროდ. ჩემი აზრით, ასეთი ცენტრები მიზანშეწონილია, რომ სამეცნიერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებობდეს, რომელიმე კვლევით ინსტიტუტში რომ იყოს, ძალიან კარგი იქნება.

_ როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჯერ ჩამოართვეს, შემდეგ კი აღუდგინეს. საქართველოს კონსტიტუციაში კი წერია, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.…

_ პირი საქართველოს მოქალაქე შეიძლება გახდეს დაბადებით და ნატურალიზაციით. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემები უკანონოდ შეექმნა. აქ არ არის ლაპარაკი მოქალაქეობის ჩამორთმევაზე. ამ შემთხვევას კანონი განსაზღვრავს. საქართველოს მოქალაქემ თუ უნდა მიიღოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, მაშინ იგი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ამ შემთხვევაში გამოიცემა პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. კონსტიტუცია და კანონი კრძალავს, რომ საქართველოს მოქალაქე, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. კონსტიტუცია, უშვებს გამონაკლისს. პრეზიდენტს უფლება აქვს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, ანუ პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქე. სწორედ ამის გამო მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოხდა იმ საფუძვლით, რომ მან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კანონს, მაგრამ ივანიშვილს უკვე ჰქონდა რუსეთის, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეობა. ამის მერე გინდა საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო და გინდა _ ვენესუელის.

ამას არ უნდა გამოეწვია მოქალაქეობის შეწყვეტა. სრულიად ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით იყო მიღებული. პრეზიდენტმა ამ მოქმედების გასამართლებლად გამოიყენა კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა და კანონი. ნორმების ინტერპრეტაცია მოხდა არა ობიექტურად, არამედ მიკერძოებულად.

_ რადგან ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ, მის განცხადებაზე მინდა გკითხოთ: მან არაერთი მედიასაშუალებით განაცხადა, რომ მაქსიმუმ ორ წელიწადში პოლიტიკიდან წავა. ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. მოქალაქეებს, რომლებმაც «ქართულ ოცნებას» დაუჭირეს მხარი, აინტერესებთ, კონსტიტუციურად რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება.

_ პრემიერმინისტრად ივანიშვილი მოქალაქეებს არ აურჩევიათ, პარლამენტის თანხმობით დაინიშნა პრეზიდენტის მიერ.

_ გასაგებია, მაგრამ უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში დღეს გვყავს წარმოდგენილი, სწორედ ივანიშვილის გამო აირჩია ხალხმა.…

_ აქ კონსტიტუცია არაფერ შუაშია. კონსტიტუცია არავის უკრძალავს მთავრობიდან გადადგომას. პრეზიდენტს, პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგნენ თანანმდებობებიდან.  ეს არის მათი უფლება და ამას არაფერი კრძალავს. ასე რომ, კანონის თვალსაზრისით, ნებისმიერ პირს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, უფლება აქვს, როცა მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადადგეს თანამდებობიდან. აქ არანაირი კონსტიტუციური წინააღმდეგობა არ არის.

_ წლების განმავლობაში სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკურ ნებაზე იყო დამოკიდებული. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის რა ცვლილებებია გათვალისწინებული?

_ კონსტიტუციით, სასამართლო დღესაც არის დამოუკიდებელი. კონსტიტუციისა და კანონის თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ახალს ვერაფერს მოიგონებ. პრობლემაა ის, რომ ქვეყნის ხელისუფლება თავს უფლებას აძლევდა, ზემოქმედება მოეხდინა სასამართლოზე. დაუმორჩილებელ მოსამართლეებს კი უკანონო მეთოდებით უსწორდებოდა. ეს ვითარება ამან გამოიწვია. ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სასამართლო საქმიანობაში არ ჩაერევა. ეს არის პოლიტიკური ნება. კანონით და კონსტიტუციით შესაძლებელია დაიხვეწოს, გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა. დასახვეწია მოსამართლეთა შერჩევის წესი, უნდა იყოს დაწესებული უფრო მკაცრი კრიტერიუმები. წინსვლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს კარიერის პრინციპი, მათი პროფესიული ცოდნის დონე. რაც შეიძლება უნდა გავაუმჯობესოთ მოსამართლეთა კორპუსი, უფრო მომზადებული და პრინციპულები რომ იყვნენ. მათი დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია  სასამართლო საქმიანობაში ჩაურევლობის პოლიტიკური ნება. შემდეგ, როდესაც ქვეყანაში შეიქმნება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სწორედ საზოგადოება იქნება სასამარლოს დამოუკიდებლობის გარანტი, რადგან ეს საზოგადოება ხელისუფლებას არ აპატიებს სასამართლოს საქმეებში ჩარევას. რაც შეეხება დღევანდელ ეტაპს, ვამბობთ, რომ არ ჩავერევით, დანარჩენს უკვე საქმე აჩვენებს.

_ 2007 წელს, როდესაც სასამარლო დარბაზში ვიდეოგადაღება აიკრძალა, ამან გარკვეული კრიტიკა გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებთ, ამ მიმართულებით თუ აპირებთ ცვლილებას?

_ სასამარლო სხდომების ღიაობა არ შელახულა. მედიასაშუალებებს აეკრძალათ ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა. ამით ზიანი მიადგა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობას. ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩაწერები ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას. ამავე დროს, იყო შეპირება, რომ ყველა სხდომა იქნებოდა სასამართლოს მიერ გადაღებული და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნებოდა, გადაეღო ასლი. ეს პირობა არ შესრულებულა. იმისათვის, რომ ინფორმაცია იყოს ადვილად ხელმისაწვდომი,  მოხდეს სასამართლო პროცესის გაანალიზება, დარბაზში გადაღება არ უნდა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩანაწერების გაკეთება.

_ ბატონო ვახტანგ, ახალი კონსტიტუციით, როგორი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის მოდელი? განსაკუთრებული სტატუსის რამდენი ერთეული გვექნება?

_ ამაზე პასუხი ჯერ საკონსტიტუციო კომისიამ, შემდეგ კი, კონსტიტუციურ ცვლილებებს რომ მიიღებს, პარლამენტმა უნდა გასცეს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონდეს აფხაზეთს. ცხინვალის რეგიონის სტატუსი კი იქნება სადისკუსიო თემა (უნდა ჰქონდეს სხვებისგან განსხვავებული, მაგრამ არ შეიძლება იყოს ისეთივე, როგორიც ექნება აფხაზეთს). ჩემი აზრით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსები უნდა განისაზღვროს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან შეთანხმებით და არა ცალმხრივად, თუნდაც ჩვენ მიერ. კონსტიტუციაში სტატუსი  უნდა ჩაიწეროს არა ახლა, არამედ _ როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება. მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი არანაირად არ მოგვცემს ამ რეგიონების დაბრუნების შესაძლებლობას. როგორი პირობით მოხდება ეს დაბრუნება და როდის გახდება შესაძლებელი, ამაზე პასუხის გაცემა, უბრალოდ, შეუძლებელია.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ სტატუსის განსაზღვრა ხალხთან შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს; ასეთ შემთხვევაში ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ სხვა სახელმწიფომ მოახდინოს მათზე გავლენა?

_ ასეთი რამ შეიძლება ყოველთვის მოხდეს. უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი გავლენა იყოს მეტი, ხოლო ამ შემთხვევაში _ რუსეთის გავლენა განეიტრალებული. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ ამის გაკეთებას.

ესაუბრა

ანა ქევხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here