Home რუბრიკები საზოგადოება «ანაკლია-პორტი» – საუკუნის პროექტი

«ანაკლია-პორტი» – საუკუნის პროექტი

1073

სატელეფონო ზარი საგანგებო ჟღერადობით

2009 წელი იდგა, შემოდგომა. ბიზნესმენ თემურ ქარჩავას ლონდონის ოფისში ტელეფონმა დარეკა. «საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაწუხებთ, – გაისმა სადენის მეორე ბოლოდან, – ბატონ პრეზიდენტს სურს, ბატონ ქარჩავას შეხვდეს და მასთან ანაკლიაში პორტის მშენებლობის საკითხები განიხილოს».

მალე ანაკლიაში მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ქარჩავას შეხვედრა შედგა. ინგლისის დედაქალაქში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის ბიზნესმენმა საქართველოს პრეზიდენტს უამბო, რომ ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა მას ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში გაუჩნდა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ამ ოცნების განხორციელება შეუძლებელი იყო _ ეს ადგილი სსრკ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზას ჰქონდა დაკავებული. თემურ ქარჩავამ ანაკლიაში პორტის მშენებლობის საკითხის შესწავლას სერიოზულად მოჰკიდა ხელი გასული საუკუნის 90-იანი წლების შუაში.

«აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქციას კავკასია უხსოვარი დროიდან ასრულებდა, – ამბობს თემურ ქარჩავა. – დიდი აბრეშუმის გზა, რომელიც კავკასიაზე გადიოდა, ევროპას ინდოეთთან და ჩინეთთან აკავშირებდა. გასული საუკუნის ბოლოდან კავკასია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტებიდან ერთერთ ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამოქმედდა ნავთობსადენები: ბაქოთბილისიჯეიჰანი და ბაქოსუფსა, გაზსადენი ბაქოთბილისიერზრუმი; აშენდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალი ყულევში, მიმდინარეობს ბაქოთბილისიახალქალაქიყარსის რკინიგზის მშენებლობა».

დღეს საქართველოში მოქმედი ყველა პორტი და საზღვაო ტერმინალი ბათუმში, ფოთში, ყულევსა და სუფსაში, თუ ჩაუტარდებათ რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის გარკვეული სამუშაოები, შეძლებენ უზრუნველყონ წელიწადში 45-51 მილიონი ტონა მოცულობის მშრალი ტვირთების, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღება, შენახვა და გაგზავნა. თემურ ქარჩავამ საქართველოს პრეზიდენტს მოახსენა, რომ მის მიერ დაპროექტებული ახალი პორტი ანაკლიაში, რომელიც 3000 ჰექტარზე მეტს დაიკავებს, შეძლებს წელიწადში 60-70 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთის გადამუშავებას, ხოლო პერსპექტივაში – 180-200 მილიონი ტონისაც, ანუ რამდენჯერმე უფრო მეტის, ვიდრე ერთად აღებული ბათუმი, ფოთი, ყულევი და სუფსა.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება: საჭიროა პორტი ანაკლიაში

«მაგრამ რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ანაკლია, უკეთესი და უფრო იაფიც არ იქნებოდა არსებული პორტების გაფართოება – დაინტერესდა პრეზიდენტი. თემურ ქარჩავამ უპასუხა, რომ, ჯერ ერთი, ის ტერიტორია, რომელზეც ანაკლიის პორტის მშენებლობაა გათვალისწინებული, დაუსახლებელია და სუსტად არის ათვისებული; მეორე, პორტის მდებარეობა არ მოითხოვს ზღვისგან დამცავი ძვირადღირებული ნაგებობების მშენებლობას; და მესამე, რაც მთავარია, ანაკლიასთან გადის შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალქვეშა კანიონი. აქ საზღვაო პორტის სიღრმე 20,5 მეტრია (ბათუმში – 14 მეტრი, ფოთში – 8,5 მეტრი), ანუ აქ შემოსვლა შეუძლია ისეთ გემებს, რომელთა ტვირთმზიდაობა (დედვეიტი) 50-150 ათას ტონას შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს 32 ნავმისადგომის აგებას საერთო სიგრძით 12 300 მეტრი.

ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანაკლიაში მოლაპარაკება მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ქარჩავას შორის, საკითხის განხილვაში ჩაერთვნენ ექსპერტებიც. საბოლოოდ გაჩნდა პორტის მშენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 ოქტომბრის განკარგულება 732 და 2010 წლის 20 იანვრის განკარგულება 45. შემდეგ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ პორტის მშენებლობისთვის გამოყო 2100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რისთვისაც შპს «ანაკლია-პორტმა» გადაიხადა 6 მილიონ 700 ათასი ლარი. ჩატარდა აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები, შპს-მ მიიღო სანებართვო დოკუმენტები. მხოლოდ საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 220 მილიონი დოლარი შეადგინა.

2010 წლის სექტემბერში შპს «ანაკლია-პორტმა» დაიწყო სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული სამუშაოები. კერძოდ, სამშენებლო მოედნის ათვისება დაიწყეს გეოდეზიური ქსელის შექმნით, რომელიც პროექტის რეალურ გარემოში გადასატანად არის საჭირო. ადგილზე დაახლოებით 300 კაცი მუშაობდა.

საქართველოს პრეზიდენტს ბავშვივით უხაროდა «საუკუნის პროექტის» დაწყება. კერძოდ, 2010 წლის 3 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას ასეთი განცხადება გააკეთა:

«დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელზეც მრავალი წელია ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ვერავინ მოჰკიდა ხელი. თქვენ იცით, რომ ხელშეწყობის მიმართულებითაც გადავდგით ნაბიჯები. როგორც მეუბნებიან, კერძო ინვესტორმა დაიწყო მშენებლობა, გადაიხადა რამდენიმე მილიონი დოლარი ამ მიწაში. იცით, რომ აქ არის შავი ზღვის ყველაზე კარგი აკვატორია იმ გაგებით, რომ მთელ შავ ზღვისპირეთში ყველაზე ღრმა ნაწილია, აქ არის ყველაზე დიდი ჩაღრმავება. მართლაც, ოქრო ადგილი შავი ზღვის პორტის ასაშენებლად. არ ცდებოდნენ არც ბერძნები და არც თურქები, როდესაც ციხესიმაგრეები ააგეს. სავაჭრო პორტის შესაქმნელად ეს საუკეთესო ადგილია».

ჭექაქუხილი მოწმენდილ ცაზე

«ანაკლიაპორტის» დამფუძნებლის, თემურ ქარჩავას, თქმით, სამუშაოები მიმდინარეობდა იმ ვადებში, რა ვადებშიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. თითქოს არაფერი მოასწავებდა ავდარს, მაგრამ მოწმენდილ ცაზე ჭექაქუხილი მაინც დაიწყო მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ ანაკლიაში ქალაქ ლაზიკისა და ლაზიკაპორტის მშენებლობის შესახებ. «ანაკლია-პორტის» საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უცხო სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. პორტის აკვატორიაში რაღაც წინაფრიანი ნაგებობის მშენებლობა დაიწყეს. დიდი გაჭირვებით მოახერხეს იმის გაგება, რომ ეს იქნებოდა იუსტიციის სახლი ლაზიკის მომავალი მოქალაქეებისთვის. ამ ნაგებობის მშენებლობა იქ დაიწყეს, სადაც დიდი ტვირთმზიდაობის ტანკერებს უნდა ემოძრავათ. ინვესტორებმა «ანაკლია-პორტის» მშენებლობა შეაჩერეს მომხდარ ამბებში გარკვევამდე.

გარკვევა კი ვერ ხერხდებოდა. «ანაკლია-პორტის» კითხვები უპასუხოდ რჩებოდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ცალმხრივად გააუქმა შპს «ანაკლია-პორტთან» გაფორმებული შეთანხმება, ჩამოართვა მას ნაყიდი მიწის ნაკვეთი და ყველაფერთან ერთად სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრება 100 მილიონი დოლარის ოდენობით. რადგან «ანაკლია-პორტი»… ვერ ჩაეტია პორტის მშენებლობის გრაფიკში.

«ჩვენ გვაჯარიმებენ ის ადამიანები, – ამბობს თემურ ქარჩავა, – რომლებიც, პირდაპირი გაგებით, შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკით და მოგვაყენეს ჩვენ და მიაყენეს ქვეყანას განუზომელი ზარალი: დაბლოკეს მილიარდებიანი ინვესტიცია, არ შეიქმნება 15000 სამუშაო ადგილი. ერთი სიტყვით, ხელისუფლების ქმედებას მხოლოდ აბსურდის თეატრს თუ შეადარებ».

ლაზიკა და «ლაზიკაპორტი» – ქალის ოცნება, იყოს ოცნების ქალი

იმის შესახებ, რისთვის გახდა უცებ საჭირო ლაზიკა და ლაზიკა-პორტი, ვარაუდი გამოთქვა ენერგეტიკის მინისტრმა, წარსულში ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ. ის ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აფხაზეთის საზღვართან ნახევარმილიონიანი ცათამბჯენებიანი ქალაქის აშენებით სურდა აფხაზეთის თემის გადაფარვა. ამ ჩანაფიქრის მიხედვით, მზიანი, ზღვიანი, გრანდიოზული ქალაქ-კურორტის დანახვით აფხაზეთში მოსვენება და ძილი უნდა დაეკარგათ. აფხაზმა ჟურნალისტმა ახრა სმირმა მართლაც გამოთქვა ასეთი შეშფოთება: «თუ ქართველები ააშენებენ თავის ქალაქ-ბაღნარს, გაღატაკებული, მეჩხერად დასახლებული აფხაზეთი ორ საქალაქო აგლომერაციას შორის აღმოჩნდება… ერთი მხრიდან ლაზიკა, მეორედან – სოჭი… ჩვენ, უბრალოდ, დაგვგლეჯენ – ღატაკ, მოუვლელ ქვეყანაში, სადაც ნორმალური სერვისი არ არსებობს, ტურისტები არ ჩამოვლენ».

თემურ ქარჩავა ვარაუდობს, რომ «ლაზიკაპორტის» იდეა საქართველოს პრეზიდენტისთვის შეიძლება მიეწოდებინა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, რომლის გარეშე საქართველოში არც ერთი მსხვილი პროექტი არ ხორციელდებოდა, პრემიერმინისტრ ნიკა გილაურს ან სამეგრელოზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას. ამ სამეულს შეეძლო დაერწმუნებინა მიხეილ სააკაშვილი, რომ «ლაზიკაპორტის» მშენებლობაზე საბიუჯეტო თანხების დახარჯვა აჯობებდა კერძო ინვესტორების შემოსვლას. და ოცნების ქალაქის მშენებლობაზე უკვე ხაზინიდან აღმოჩნდა გახარჯული მილიონობით დოლარი. ედუარდ სევრუსის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, ლაზიკასა და «ლაზიკაპორტზე» ოცნება გახდა იმ ქალის ოცნება, რომელიც ოცნებობს, იყოს ოცნების ქალი.

სიმართლეს ვერსად დაემალები!

სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა «ძალა აღმართს ხნავსო» ანდაზის მიხედვით, თუმცა «ანაკლია-პორტის» გუნდს ხელები არ ჩამოუშვია, მუშაობას აგრძელებდა და იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე გაიმარჯვებდა.

«ანაკლიაპორტმა» 5,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვის შესახებ უმნიშვნელოვანესი კონტრაქტი გააფორმა კორეულ კომპანიასთან GILTZ  FINANCIAL  HOLDINGS AG. კომპანია SAMSUNGმა გამოთქვა მზადყოფნა პორტის მშენებლობაში 700 მილიონი დოლარის ჩადების შესახებ. «ექსიმბანკი» (EX-IM BANK) – აშშის სახელმწიფო დაწესებულება, მზადაა, გამოყოს 2 მილიარდი დოლარის კრედიტი საპორტო აღჭურვილობის შესაძენად ამერიკაში.

DP WORLD FZE თანახმაა, გახდეს პორტის ოპერატორი. ეს არის ტვირთბრუნვის მოცულობის მიხედვით მსოფლიოში საპორტო ტერმინალების ოპერატორებს შორის მესამე ოპერატორი HUTCHINSON WHAMPOA-სა (ჰონგ-კონგი) და PSA-ს (სინგაპური) შემდეგ. DP WORLD მართავს 60-ზე მეტ პორტს ექვს კონტინენტზე.

ბრიტანული კომპანია ERNST & YOUNG-ის შეფასებით, რომელიც მსოფლიოს აუდიტორული კომპანიების «დიდ ოთხეულში» შედის, დღეს შპს «ანაკლია-პორტის» აქტივები 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

«ანაკლიის პორტი უნივერსალური გახდება, – ამბობს თემურ ქარჩავა. – გაჩნდება საშუალება, საქართველოს ახალი საზღვაო ჭიშკრის გავლით გადაიზიდოს საკონტეინერო ტვირთები, გროვები (მადანი, სასარგებლო წიაღისეული და სხვ.), ლითონები და ლითონნაკეთობანი, მარცვლეული, კვების პროდუქტები და მალფუჭებადი ტვირთები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ქიმიური ტვირთები, ღვინო და მინერალური წყლები, ბამბა, ნავთობი, ნავთობპროდუქტები და გაზი.

იმავე დროს სოფელ ხორგასთან, მდინარე ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე გაჩნდება საერთაშორისო აეროპორტი ოთხი სატვირთო და ორი სამგზავრო ტერმინალით. სატვირთოსატრანსპორტო კვანძის ტერიტორიასთან მიყვანილი იქნება ოთხზოლიანი საავტომობილო გზა და ორლიანდაგიანი რკინიგზა, აშენდება ტვირთების დახარისხების სადგური და ვაგონების ტექნიკური მომსახურების ცენტრი. გაჩნდება ახალი თანამედროვე დასახლება, სადაც იქნება სავაჭრო ცენტრი, კაფე, სპორტული მოედნები და დასასვენებელი ადგილები, საავადმყოფო, სკოლა, საბავშვო ბაღი…»

«ცხოვრებაში იმაზე დიდი მიზანი არ გამაჩნია, – თქვა თემურ ქარჩავამ, – რომ ვნახო ჩემი თანამემამულეების ბედნიერი სახეები, რომელთაც ექნებათ სტაბილური მომავალი: ექნებათ სამსახური, ექნებათ დასვენების, ქორწინების, ბავშვებისთვის განათლების მიცემის საშუალება».

როტერდამი, სინგაპური, შანხაი და ანაკლია

…დღეს ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც ტერიტორიულად მიეკუთვნება ანაკლია, მიმდინარეობს სასამართლო საქმის განხილვა. დავა მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და შპს «ანაკლია-პორტს» შორის. პორტის მშენებლებს იმედი აქვთ, რომ გაუქმდება უკანონო საჯარიმო სანქციები შპს «ანაკლია-პორტის» მიმართ და უკანონოდ ჩამორთმეული 2100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება მის ჭეშმარიტ მფლობელს – «ანაკლია-პორტს». ეს მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ «საუკუნის პროექტი» – ანაკლიაში პორტის მშენებლობა, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ისეთ უდიდეს პორტებს, როგორებიცაა როტერდამის, სინგაპურის, შანხაის პორტები.

«გვახარებს და იმედს გვაძლევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადება, რომელიც მან გასულ შაბათს გაავრცელა, – აღნიშნა თემურ ქარჩავამ. – ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება ბიზნესის ხელშეუხებლობა და მისი განვითარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა».

ბესიკ ფიფია,

ჟურნალისტთა საერთაშორისო

ფედერაციის წევრი

 

2 COMMENTS

  1. იმედია ახალი ხელისუფლება გამოასწორებს სიტუაციას და ავადმყოფი მიშას ხუშტურებს არ შესწირავს ამ საშვილიშვილო წამოწყებას

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here