Home რუბრიკები პოლიტიკა ავლაბრული მელოდრამა, ანუ «ლეოპოლდ, გამოდი!»

ავლაბრული მელოდრამა, ანუ «ლეოპოლდ, გამოდი!»

580

ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, ავლაბრის რეზიდენცია დატოვოს, ხოლო მუშაობისთვის სახელმწიფო კანცელარიის შენობა გამოიყენოს. «ამორალურია, რომ მისი მომსახურეობა ათეულობით მილიონი დოლარი ჯდება», _ განაცხადა პრემიერმინისტრმა 2 ნოემბერს, როდესაც სააკაშვილის რეზიდენციებისა და თვითმფრინავების შენახვის სიძვირეზე საუბრობდა. იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთავრობის მიდგომა ასე ჩამოაყალიბა: ,,როგორც პრემიერმა თქვა, ბიუჯეტიდან უნდა ამოვიდეს ბიუროკრატიული და ფუფუნების ხარჯები. საჯარო მოხელეები ხალხის ხარჯზე არ უნდა ცხოვრობდნენ». ამ განცხადებების უკან, სავარაუდოდ, იდგა არა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის სურვილი, არამედ მათ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ქვეტექსტიც ჰქონდა.

არ ეთმობა და რა ქნას?

მიხეილ სააკაშვილი წამგებიან, გადაჭარბების გარეშე, იდიოტურ მდგომარეობაში ჩააყენეს და მეტად არაპოპულარული პოზიციის დაცვა აიძულეს. მმართველს, რომელიც პრივილეგიებს ებღაუჭება, საზოგადოების გულის მოგების შანსი არ აქვს, მითუმეტეს დღეს, როდესაც ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

სტრატეგიულად სააკაშვილმა ეს რაუნდი არჩევნებამდე გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მაშინ წააგო, როდესაც მთელ ამ რეზიდენციებს და საფრენ აპარატებს (დიდძალი თანხა იხარჯება არა მხოლოდ მისი თვითმფრინავების, არამედ ვერტმფრენების შენახვაზეც, კიდევ კარგი, მფრინავი თეფში არ იყიდა) დახარბდა, რითაც საკუთარი ხელით მიწასთან გაასწორა მომჭირნე, დემოკრატი პოლიტიკოსის იმიჯი, რომელიც ისეთივე ან თითქმის ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი; მცირე პერიოდის განმავლობაში «ვარდების რევოლუციის» შემდეგ სააკაშვილი ცდილობდა ამ გზით ევლო, თუმცა ეს მალევე მობეზრდა. დასავლურ მედიაში სააკაშვილს რამდენიმეჯერ საკმაოდ ოსტატურად, სოციალური დემაგოგიის გარეშე, სიტყვების თამაშისა და ქვეტექსტების დონეზე მიანიშნეს (განსაკუთრებით, ამ მხრივ თავი გამოიჩინეს ბრიტანელმა ავტორებმა), რომ არასწორად და წინდაუხედავად იქცევა, როდესაც ღარიბი ქვეყნის შუაგულში გამაღიზიანებელ ფუფუნებაში ცხოვრობს. მაგრამ მან ეს სიგნალები ყურად არ იღო. სააკაშვილს ნამდვილად ჰქონდა შესაძლებლობა, «ქამრების შემოჭერის» პროპაგანდისტული კამპანიის ფარგლებში ნაწილობრივ მაინც გამოესწორებინა დაშვებული შეცდომები და ყველას დასანახად ხარჯები შეემცირებინა, მაგრამ არც ეს გააკეთა. ყოველივე ამან ნათლად გამოაჩინა, სადაა სააკაშვილის სუსტი წერტილი, დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო. მას, ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, არ შეეძლო გაეცა სხვა პასუხი ივანიშვილის შეთავაზებაზე, გარდა იმისა, რომ პრივილეგიებს არ დათმობდა, იმისდა მიუხედავად, რომ, ქვეყნის გაჭირვების ფონზე, ისინი მართლაც რომ ამაზრზენად გამოიყურებიან.

საინტერესო იყო იმ რეაქციის დაკვირვება, რომელიც ამ ეპიზოდს სოციალურ ქსელებში სააკაშვილის მომხრეების და მასთან ასე თუ ისე დაახლოებული პირების მხრიდან მოჰყვა. ისინი ისე აკივლდნენ, თითქოს სააკაშვილს სადღაც გესტაპოს ჯურღმულებში მიათრევდნენ, სადაც უთოს და სხვა ორმაგი დანიშნულების ელექტროხელსაწყოების გამოყენებით უნდა აწამონ. ახალი მთავრობის სხვა შეტევებს მის პოზიციებზე, იქნებოდა ეს გუბერნატორების დანიშვნის უფლების ფაქტობრივი ჩამორთმევა, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება, თუ გაერთიანებულ შტაბზე რეალური კონტროლის განულება, ასეთი ისტერიული რეაქცია არ მოჰყოლია. ეს კი ირიბად მიუთითებდა იმაზე, რომ პრივილეგიები სააკაშვილისთვის და მისი აპოლოგეტების, როგორც მინიმუმი, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გაცილებით სერიოზული სახელისუფლო ბერკეტები; კიდევ ერთხელ დადასტურდა ფართოდ გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ისინი ვერ ავლებენ ზღვარს რეალურ ძალაუფლებასა და მის თანმდევ სასიამოვნო, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ნაკლებად გამოსადეგ აქსესუარებს შორის.

სააკაშვილი აუცილებლად ივაჭრებს იმისთვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ნაწილობრივ მაინც შენარჩუნდეს მისი რეზიდენციებისა და თვითმფრინავების დაფინანსება და ამ პროცესში, სავარაუდოდ, დათმობს ბევრ, გაცილებით მნიშვნელოვან რამეს, რადგან ღირებულებების მისეულ იერარქიაში პრივილეგიებს, სავარაუდოდ, ერთერთი ყველაზე პრიორიტეტული ადგილი უკავია, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩაბღაუჭება საიმიჯო თვალსაზრისით საკმაოდ ძვირი დაუჯდება. მას ვერც საქართველოში გაუგებენ, სადაც თითოეული საბიუჯეტო თეთრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვერც საზღვარგარეთ, სადაც ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, მსგავსი ხარჯების შემცირება ნორმად იქცა.

ავლაბრის რეზიდენციასთან სააკაშვილის განშორების მელოდრამა, ალბათ, საკმაო ხანს გაგრძელდება და მას მომავალში არაერთგზის შევეხებით, თუმცა ივანიშვილის 2 ნოემბრის განცხადებაში იყო კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც თითქოსდა შეიფუთა საუბარში რეზიდენციის თაობაზე და ის, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანი იყო.

«არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, თუ რატომ რჩება სააკაშვილი პირველ პირად, როცა მას 5 წელიწადში, ანუ იანვარში საპრეზიდენტო ვადა უმთავრდება, თუმცა ეს ცალკე საკითხია და მოგვიანებით შევეხები», _ განაცხადა პრემიერმინისტრმა, მანამ, სანამ გადავიდოდა იმაზე, თუ რამდენად ძვირი უჯდება ბიუჯეტს სააკაშვილის შენახვა. სააკაშვილის საპასუხო განცხადებაში კი, რომელიც მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმოვანა, ნათქვამი იყო, რომ ფიგურანტის «უფლებამოსილების ვადა იწურება ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში შედგება».

გამოდი, გამოდი, ახალი წელია

იანვარში თუ ოქტომბერში? ყოფილი ხელისუფლების საკონსტიტუციო ექსპერიმენტებმა პრაქტიკულად გამოუვალი სიტუაცია შექმნეს. ერთის მხრივ, ვადა აშკარად იანვარში იწურება, თუმცა, მეორე მხრივ, ახალი საკონსტიტუციო ნორმა მას ოქტომბრამდე ახანგრძლივებს. სააკაშვილის ხელისუფლებამ ისიც კი მოახერხა, რომ შექმნა კონსტიტუცია, რომელმაც  კალენდარი გააბათილა და არითმეტიკაც ზედ მიაყოლა.

დღეს სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ მათი ბელადი ოქტომბრამდე ცოცხალი თავით არ გადადგება და, რაც არ უნდა მოუწოდონ, რეზიდენციიდან ფეხს არ მოიცვლის. თუმცა აშკარაა, რომ საქმე ასე მარტივად არ არის, პოსტის შენარჩუნება იანვაროქტომბრის მონაკვეთში, ახალი ხელისუფლების თანხმობის გარეშე, მას ძალიან გაუჭირდება.

თავი დავანებოთ იმას, რომ შეიძლება მოიძებნოს იურიდიული მექანიზმი, რომელიც პრობლემის ოქტომბრამდე მოგვარების შესაძლებლობას შექმნის. უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მაგალითად, თებერვლის პირველ რიცხვებში, ავლაბრის რეზიდენციასთან მივა 8-10 (დასაწყისისთვის) ათასი ადამიანი და გამოთქვამს დაუოკებელ სურვილს, გაესაუბროს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკის საჭირბოროტო პრობლემებზე, კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ საკითხებზე ან სულაც ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეზე. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებიან ეს ადამიანები _ სტუდენტები, დევნილები თუ 26 მაისის მიტინგის ვეტერანები ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით. სააკაშვილთან გაბაასების სპონტანური სურვილი შეიძლება ნებიმიერ ამ, ისევე როგორც სხვა, ჯგუფს გაუჩნდეს.

წარმოვიდგინოთ, რომ მომიტინგეებმა, რომლებმაც რეზიდენცია ალყაში მოაქციეს, შეიტყვეს, რომ სააკაშვილი მათთან ღია, დასავლეთის ნახევარსფეროში რომ იტყვიან, ჭეშმარიტად პლურალისტულ დისკუსიაზე უარს ამბობს. ისინი შეიძლება აღელდნენ და შეძახილით «ლეოპოლდ, გამოდი!» რეზიდენციის ეზოში შევიდნენ. რას მოიმოქმედებს ამ დროს სააკაშვილის დაცვა? რომელიმე მომიტინგეს თითი რომ დააკარონ ან, ღმერთმა დაიფაროს, გაისროლონ, ერთ საათში იმ ადგილას ნახევარი თბილისი მივა და სააკაშვილს მეტად სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ამიტომ ფიგურანტი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაიქცეს. შემდეგ მომიტინგეები მიადგებიან იქ, სადაც გაიქცევა და პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ სააკაშვილი თავბედს არ დაიწყევლის იმის გამო, რომ პოსტზე ოქტომბრამდე დარჩენა გადაწყვიტა. თუ სააკაშვილი «ოქტომბრამდე ჯდომას» დააპირებს, ალბათ, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შესაძლებლობაც უნდა გაითვალისწინოს.

დღეს მიხეილ სააკაშვილი დაუცველია მომიტინგე ქუჩის სტიქიისგან, რომელმაც შეიძლება ძალიან სწრაფად, მისთვის მოულოდნელად იმძლავროს, და მხოლოდ ახალი მთავრობის კეთილი ნება თუ მისცემს მას ფარდობით შანსს, ოქტომბრამდე ავლაბრის რეზიდენციაში გაჩერდეს, რიგ დოკუმენტებს ფორმალურ-სიმბოლურად ხელი მოაწეროს და პოსტზე ყოფნის ვადა «მიშას წელთაღრიცხვით» (იმას, თუ როგორ დაიკავა მან ეს პოსტი, ანუ 2008 წლის არჩევნების სავარაუდო გაყალბებასა და ხელისუფლების უზურპაციას, შესაძლოა, ცალკე გამოიძიებენ) შედარებით მშვიდად დაასრულოს. მას, ისევე, როგორც პრივილეგიების შემთხვევაში, ამისთვის ვაჭრობა მოუხდება, ოღონდაც საფასური ამჯერად, ალბათ, გაცილებით დიდი იქნება. სააკაშვილს, ამ სცენარის ფარგლებში, სავარაუდოდ, აბსოლუტურად ყველა ბერკეტის დათმობა, ყოფილი თანამებრძოლების საიდუმლოებების გაცემა და ივანიშვილის ნების უსიტყვო შემსრულებლად გადაქცევა მოუწევს. ნუთუ ავლაბრის რეზიდენციაში გატარებული რამდენიმე თვე ამად ღირს? რა სასწაულს ელის, როდესაც ცდილობს, რომ დრო 2013 წლის ოქტომბრამდე გაწელოს?

გამორიცხული არაა, ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, გაჩნდეს ვარაუდი, რომ სააკაშვილი შეეცდება თანამდებობიდან წასვლა იანვარში ხელშეუხებლობის  გარანტიებში გაცვალოს, თუმცა ძალიან ძნელი იქნება იმ სამართლებრივი ფორმების წარმოდგენა, რომელიც მსგავსმა გარანტიებმა შეიძლება მიიღოს. ან როგორ შეიძლება (მაგალითად) 26 მაისის დარბევის,  ტელეკომპანია «იმედში» შეჭრის, ზურაბ ჟვანიას დაღუპვის და არაერთი სხვა საქმის ბოლომდე მიყვანა, ისე, რომ სააკაშვილი, როგორც მინიმუმი, მოწმის სტატუსით არ დაიკითხოს? ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დაკითხვებზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს, დიდი ალბათობით, ისევე ეფექტურად დაძირავენ, როგორც აისბერგი «ტიტანიკს», ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით მაინც, დღის წესრიგში სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების საკითხი არ დადგეს. თეორიულად, მან შეიძლება მიიღოს არაფორმალური, ზეპირი გარანტიები ზოგიერთი მაღალჩინოსნისგან, რომ ქვეყნიდან წასვლის შემთხვევაში, საქართველო მის ექსტრადირებას აქტიურად არ მოითხოვს, თუმცა ცხადია, რომ არანაირი იურიდიული შედეგები მსგავსი განცხადებებიდან არ გამომდინარეობს და ეს საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ სააკაშვილმა მშვიდად დაიძინოს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამ კონტექსტში, ის პრეზიდენტობას ერთგვარ ფარად განიხილავს, რომელიც ამ პრობლემებისგან დროებით მაინც იცავს.

იქნებ მაინც დაფიქრდეს?

სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რომ გადამდგარიყო, მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ (და გარკვეულწილად საქართველოშიც) მას დამარცხების აღიარება მოუწონეს, მას, სავარაუდოდ, გაცილებით კარგი სასტარტო პირობები ექნებოდა იმისთვის, რომ ოპოზიციური «ნაციონალური მოძრაობისთვის» ეხელმძღვანელა ან დასავლურ უნივერსიტეტებში, დემოკრატიის მეჩირაღდნის როლში, ლექციები წაეკითხა (ერთი მეორეს არ გამორიცხავს). ეს იყო «შესაძლებლობების ფანჯარა», რომელიც საკმაოდ მცირე დროით გაიხსნა, თუმცა სააკაშვილმა იმის ნაცვლად, რომ ის გამოეყენებინა, მისგან მიმავალი ხელისუფლების ჩაბღაუჭების უპერსპექტივო, პოლიტიკური და საიმიჯო თვალსაზრისით, ფრიად წამგებიანი ტაქტიკა აირჩია.

მეტ-ნაკლებად ლამაზად წასვლის შესაძლებლობა მან ხელიდან გაუშვა. დღეს იგივე ნაბიჯი იმდენადვე მომგებიანი ვეღარ გახდება, თუმცა მაინც გაცილებით ნაკლებად მტკივნეული და დამამცირებელი იქნება, ვიდრე «სავარძლიდან მოგლეჯის» პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება. სააკაშვილს ზედიზედ მეორედ მიანიშნეს, რომ მისთვის უმჯობესი იქნება, თანამდებობიდან რაც შეიძლება მალე, ხვალ თუ არა, იანვარში მაინც წავიდეს. ის ჯერჯერობით ფეხს ითრევს, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე გატყდება.

გასაგებია, რომ მას არ სურს, ასპარეზი დამარცხებულმა და შერცხვენილმა დატოვოს, თუმცა სხვა ვარიანტი, უბრალოდ, არ არსებობს. ყოველივე მომდევნო დღე, რომელსაც იგი ავლაბრის რეზიდენციაში, თავის სავარძელში გაატარებს, მის მდგომარეობას, სავარაუდოდ, უფრო დაამძიმებს.

მანამ, სანამ ეს პრობლემა მოიხსნება, ის თანხები, რომლებიც სააკაშვილზე ბიუჯეტიდან იხარჯება, სავარაუდოდ, მკვეთრად შემცირდება. შეიძლება საავიაციო საწვავის ლიმიტიც კი დაუწესონ, რათა მილანში შოპ-ტურებზე ბიუჯეტის ხარჯზე აღარ იფრინოს და თავი დაანებოს მოგზაურობებს, რომელთა შემდეგ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასეთი ტიპის ინფორმაციები ქვეყნდებოდა: «…ერთდღიანი ვიზიტით არუბაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი არუბას პრემიერ-მინისტრს მიშელ (გოდფრაიდ) ემანს, ასევე არუბას გუბერნატორს ფრედის რეფუნჯოლის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს კარიბის რეგიონის ურთიერთობების თაობაზე სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან». ეს 2010 წლის აგვისტოს ინფორმაციაა, მაშინ სააკაშვილი კოლუმბიის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, სადაც კაციშვილმა ვერ გაიგო, რა უნდოდა, მედიის თვალთახედვიდან რამდენიმე დღით გაქრა, მასზე ლამის ძებნა გამოცხადდა და მისი ადმინისტრაცია იძულებული შეიქმნა, საზოგადოებისთვის განემარტა, რომ ამ პერიოდში სააკაშვილი დაუცხრომლად იღვწოდა კარიბის ზღვის თვალწარმტაც კუნძულებზე. ვერაფერს ვიტყვით, დაუვიწყარი დრო იყო და, ალბათ, კარგია, რომ ის აღარასოდეს დაბრუნდება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here