Home რუბრიკები პოლიტიკა ნოემბერიდან ნოემბრამდე

ნოემბერიდან ნოემბრამდე

749

5 წლის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციამ სასტიკად დაარბია ოპოზიციის მიტინგი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ამის შემდეგ არაერთი დრამატული, სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა, ამ დღეს მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2007 წლის 7 ნოემბრიდან დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დელეგიტიმაციის შეუქცევადი პროცესირომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო მასშტაბური ხდებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს იფეთქა ღია, დაუნდობელმა პოლიტიკურმა ომმა ხელისუფლებასა და ოპოზიციურ საზოგადოებას შორის, რომელიც მრავალი შეტაკების შემდეგ 2012 წლის ოქტომბერში, ამ უკანასკნელის ტრიუმფალური გამარჯვებით დაგვირგვინდა. 2007 წლის შემოდგომისთვის საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ საკმარისზე მეტი პრეტენზია დაუგროვდა. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც აღიზიანებდა სააკაშვილის ხისტი პოლიტიკა თანმდევი სადიზმით, ქონების წართმევითა და ცინიკური რიტორიკით, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ნდობის ლიმიტი ახალი ხელისუფლების მიმართ მნიშვნელოვანწილად ამოიწურა. 2006-ში სანდრო გვირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებულმა ამბებმა და არაერთმა სხვა ეპიზოდმა გაღიზიანება კიდევ უფრო გაზარდა. ყოველივე ამას დაემატა სამი ფაქტორი, რომელმაც გამწვავება პრაქტიკულად გარდაუვალი გახადა.

ამ დროისთვის ხელისუფლებას უკვე დაწყებული ჰქონდა გამოუცხადებელი ომი ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ. მიუხდავად იმისა, რა გახდა კონფრონტაციის გაღრმავების კონკრეტული საბაბი, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი, ალბათ, მთავარი პრინციპის გააზრებაა, კერძოდ კი იმის, რომ ხელისუფლება ცოცხალი თავით არ შეეგუებოდა საქართველოში მისგან თუნდაც ნაწილობრივ დამოუკიდებელი, მდიდარი და გავლენიანი ადამიანის არსებობას; სისტემა, რომლის კონსტრუირებას სააკაშვილის ჯგუფი ახდენდა, ამას, უბრალოდ, გამორიცხავდა. ეს კონფლიქტი გახდა ერთ-ერთი პირველი რგოლი მოვლენების გრძელ, ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივად დაკავშირებულ ჯაჭვში, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმი საბოლოოდ კრახამდე მიიყვანა. სხვათა შორის, 2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერები (განსაკუთრებით საგულისხმო ამ მხრივ უგულავა-პატარკაციშვილის დიალოგია) მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი და კონფრონტაციის გაღრმავება ხელისუფლებამ დაიწყო.

ირაკლი ოქრუაშვილის ფარული კონფლიქტი სხვა მაღალჩინოსნებთან 2004-06 წლებში მიმდინარეობდა. მისი გავლენის სფერო თანდათან შეიზღუდა,  2006 წლის მიწურულს ის «სახელისუფლო ოლიმპოდან» გამოაძევეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ოქრუაშვილი შურისძიებისთვის ემზადებოდა. 2007 წლის 25 სექტემბერს მან გააკეთა განცხადება პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შესახებ და იმავე დღეს «იმედის» ეთერში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია და განაცხადა, რომ სააკაშვილმა 2005 წლის ივლისში პატარკაციშვილის ლიკვიდაცია დაუკვეთა: «სააკაშვილმა მითხრა, რომ თავიდან უნდა მოგვეშორებინა ის იმ გზით, რა გზითაც ეს მოხდა რაფიკ ჰარირის შემთხვევაში» (ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2005 წლის თებერვალში მანქანაში ააფეთქეს). 27 ოქტომბერს ოქრუაშვილი დააპატიმრეს. 8 ოქტომბერს ხელისუფლებამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ოქრუაშვილმა უარყო ბრალდებები სააკაშვილის მისამართით. ის გაათავისუფლეს; 1 ნოემბრისთვის მან საქართველო დატოვა. 5 ნოემბერს კი მიუნხენიდან «იმედის» ეთერში ჩაერთო, განაცხადა, რომ მას აიძულეს ბრალდებებზე უარი ეთქვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც 25 სექტემბერს თქვა. ამ ეპოპეის თითოეული ეპიზოდი, ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებდა, რომელიც პროცესებს სულ უფრო ამწვავებდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეპიზოდები ამ მხრივ ოქრუაშვილის 25 სექტემბრის  ინტერვიუ და მისი დაპატიმრება იყო.

მესამე ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო სწრაფ ესკალაციას, ოპოზიციური პარტიების აქტიურობა იყო. 28 სექტემბერს, პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია ჩატარდა, მთავარი მოთხოვნა ოქრუაშვილის გათავისუფლება იყო, თუმცა იქვე გაკეთდა განცხადებები  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ. 17 ოქტომბერს ხელი მოეწერა «საგურამოს მანიფესტს» და ჩამოყალიბდა საკოორდინაციო «ეროვნული საბჭო», რომელშიც ათი ოპოზიციური პარტია შევიდა. ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, შემდეგი მოთხოვნებით მიმართა: ) პარლამენტის არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში, ანუ 2008 წლის გაზაფხულზე; ) არჩევნები ჩაატაროს პარიტეტულ საფუძვლებზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ; ) მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე; ) გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები.

ზებუნებრივი ამ მოთხოვნებში არაფერი იყო. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ მთავარ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ სასურველ შედეგს 100%-ით მიაღწია. 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი იძულებული გახდა გაზაფხულზე არჩევნების ჩატარების საკითხი პლებისციტზე გაეტანა და ამ ვარიანტს მხარი ამომრჩეველთა 69,8%-მა დაუჭირა. თუმცა 7 ნოემბრამდე, ტაქტიკური გათვლებიდან და «უკან არ დავიხევთ» პრინციპიდან გამომდინარე, ხელისუფლება ამაზე სასტიკ უარს ამბობდა.

მიხეილ სააკაშვილი სერიოზული და, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, საბედისწერო არჩევანის წინაშე დადგა. 2007 წლის 28 სექტემბერს რესპუბლიკელების ერთერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, «იმედის» ეთერში ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, თავიდან აიცილოს «სააარჩევნო რევოლუცია», თუ თავისი გარემოცვიდან დისტანცირებას მოახდენს, «უსახურ ხალხს» გაყრის და, «სანამ გვიანი არაა, პოლიტიკურ პროცესებს შემოაბრუნებს». სააკაშვილმა კი, როგორც ცნობილია, სხვა არჩევანი გააკეთა. სავარაუდოდ, ეს იყო უკანასკნელი შანსი მისთვის ეროვნული ერთიანობისკენ (და არა საზოგადოების გახლეჩისკენ) წასულიყო. 

მთელ ამ ისტორიას ერთი საინტერესო ქვეტექსტი ჰქონდა, რომელზეც საუბარს დოკუმენტების გარეშე, მხოლოდ ვარაუდის დონეზე, პოლიტიკოსების განცხადებებზე დაყრდნობით თუ მოვახერხებთ. 2007-ში ნათლად გამოჩნდა, რომ «ნაცმოძრაობა» ორიენტირებულია ფაქტობრივი ერთპარტიულობის დამყარებაზე და მოწადინებულია, მკვეთრად შეზღუდოს ოპოზიციური პარტიების საოპერაციო სივრცე. არსებობს ვერსია, რომ ოპოზიციის ლიდერებს (ცხადია, კულუარულად) ერთმნიშვნელოვნად განუცხადეს, რომ მომავალ პარლამენტში მიკროსკოპულ წარმომადგენლობას და მხოლოდ დეკორაციულ როლს უნდა დასჯერდნენ და ამ გარემოებამ მათი აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ამასთანავე, კონფრონტაციის ერთდროულ გაღრმავებას სამივე მიმართულებით (ოპოზიციური პარტიები, პატარკაციშვილი და ოქრუაშვილი) კომენტატორების დიდი ნაწილი გიგა ბოკერიას უკავშირებს. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ მას სტრატეგიული გათვლის უნარი არ გააჩნია, მოწინააღმდეგეებს ძალების გაერთიანებისკენ თვითონ უბიძგა და, შესაბამისად, სრულფასოვან პოლიტიკოსად ვერ ჩაითვლება. თუმცა ბოკერიას გადაჭარბებული დემონიზაცია და იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის რეჟიმი სწორედ მისმა რეცეპტებმა დაღუპა, ალბათ, არასწორია. საბოლოო გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი იღებდა, გარემოცვის სხვა წევრებთან კონსულტაციების შემდეგ, და, შესაბამისად, ალტერნატიული ვარიანტების არჩევაც შეეძლო. თვითგანადგურების გზას ყველანი ერთად დაადგნენ და სიტუაციის წარმოჩენა ისე, თითქოს ბოკერია მათ უფსკრულისკენ მიაქანებდა, როგორც უნებისყოფო მარიონეტებს, მიზანშეწონილი, ალბათ, არაა.

2 ნოემბერს, მოსამზადებელი რეგიონული ტურნეს შემდეგ, ოპოზიციამ რუსთაველზე გრანდიოზული აქცია ჩაატარა. მისი ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, რომელმაც კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ხელისუფლება გაზაფხულზე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მიტინგი 3 ნოემბერსაც (და მომდევნო დღეებშიც) ჩატარდა, ძველ მოთხოვნებს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა დაემატა, რომელიც მყისიერად დომინანტური გახდა. 7 ნოემბერს ხელისუფლებამ სადისტურად დაარბია საპროტესტო აქციები (ორჯერ _ პარლამენტთან და შემდგომ _ რიყეზე), საღამოს სპეცრაზმი ტელეკომპანია «იმედში» შეიჭრა, სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შეზღუდვას ითვალისწინებდა, რაც, უპირველესად, ტელეკომპანიებს შეეხო.

იმის თქმა, ვინ და როდის მიიღო მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება, საკმაოდ რთულია, დოკუმენტები და ოფიციალური ჩვენებები ამის თაობაზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა, თუმცა ყველა ვერსიაში, რომელიც იმ საბედისწერო თათბირთან დაკავშირებით ვრცელდება, იგრძნობა რევოლუციის პანიკური შიში, რომელიც იმ მომენტში სააკაშვილის ჯგუფს, როგორც ჩანს,  დაეუფლა და ესოდენ უგუნური გადაწყვეტილებისკენ უბიძგა.

დარბევას საქართველოში უმწავავესი რეაქცია მოჰყვა. სააკაშვილი, სავარაუდოდ, ამერიკელი პარტნიორების ზეწოლით, იძულებული გახდა გადამდგარიყო და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. «მე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალს, მჭირდება თქვენგან არაორაზროვანი მანდატი», _ განაცხადა მან 8 ნოემბრის მიმართვაში. თუმცა ის, რაც სააკაშვილმა 5 იანვარს მიიღო, მეტად ორაზროვნად გამოიყურებოდა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ ხმების დათვლის 23% შეაფასა, როგორც «ცუდი ან ძალიან ცუდი». დამკვირვებლები დათვლის პროცესის 8%-ში შემაჯამებელი ოქმების შეცვლის მოწმენი გახდნენ, 21%-ში კი მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირეს. ამ არჩევნების შემდეგ ოპოზიციური საზოგადოება განიხილავდა სააკაშვილს, როგორც გამყალბებელს და უზურპატორს; ყოველგვარი თანამშრომლობა მასთან შეუძლებელი შეიქნა.

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმის ისტორია 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სხვა არაფერი იყო, თუ არა გადარჩენისთვის ბრძოლის და, საბოლოო ჯამში, აგონიის ისტორია. რეფორმებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ (კარგი იყო ის თუ ცუდი, ამ კონტექსტში მნიშვნელობა არ აქვს) თანდათან უკანა პლანზე გადაინაცვლა და მათი ადგილი ერთობ ისტერიულმა ტაქტიკურმა მანევრირებამ დაიკავა, რომლის უკან თვითგადარჩენის ინსტინქტის გარდა, ღირსშესანიშნავი არაფერი იდგა. ეს აბსოლუტურად უპერსპექტივო გზა იყო, თუმცა სააკაშვილს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა; თავისუფალი მანევრის შესაძლებლობა მან 2007 წლის ნოემბერში რუსთაველის გამზირზე დაკარგა. მისი ყოველი შემდგომი ნაბიჯი არსებითად წარმოადგენდა იმ ფატალური არჩევანის შედეგს, რომელიც მაშინ გააკეთა. ის თითქოსდა ძალიან ვიწრო გვირაბში მოხვდა და მხოლოდ ერთი მიმართულებით სიარული შეეძლო. დროდადრო რეჟიმი თავს უკეთ გრძნობდა, დროდადრო _ უარესად, თუმცა დელეგიტიმაციისა და კვდომის პროცესის შეჩერება ვერაფრით მოახერხა.

2012 წლის 1 ოქტომბერს კი, ხანგრძლივი აგონიის შემდეგ, მას გამოუწერეს ცნობა პოლიტიკური გარდაცვალების შესახებ, რომელსაც მხოლოდ ბეჭედი აკლია. ალბათ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ პირველი რეალური ნაბიჯი რეჟიმზე გამარჯვებისკენ ქართულმა საზოგადოებამ 2007 წლის ნოემბერში გადადგა.

დიმიტრი მონიავა

 


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here