Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი ყანდარელი: ოთხი სახელმწიფოს საპატიო მოქალაქე ვარ და იცით, რას გეტყვით _...

ირაკლი ყანდარელი: ოთხი სახელმწიფოს საპატიო მოქალაქე ვარ და იცით, რას გეტყვით _ ვინც გორში სტალინის ძეგლი აიღო, მე იმის … და ვინც უკან არ დააბრუნოს, იმისიც…

1082

უკვე ორ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც სააკაშვილის ძეგლთმოძულე რეჟიმმა გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის მონუმენტი ვანდალურად გააქრო. მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრი, ნიკოლოზ რურუა, ამ ფაქტს საზოგადოების ინტერესებით ხსნიდა და აცხადებდა, რომ საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის ადგილი არ არის. ხელისუფლების შეცვლასთან ერთად გაჩნდა მოლოდინი, რომ ძეგლი, რომელიც, ფაქტობრივად, გორის სიმბოლოს წარმოადგენდა, ქალაქს ისევ დაუბრუნდება. რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით ახალ მთავრობას და რეალურად საჭიროა თუ არა ამ ძეგლის აღდგენა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» გორის მკვიდრი, ომის ვეტერანი და შრომის გმირი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი ირაკლი ყანდარელი ესაუბრება.

 

_ ბატონო ირაკლი, ომის მონაწილე ხართ და, ბუნებრივია, თქვენთვის, როგორც ყველა ვეტერანისთვის, ყველაფერი, რაც სამამულო ომს უკავშირდება, ძვირფასია

_ 14 ნოემბერს 89 წელი შემისრულდება. ამ ასაკამდე იოლად და სიძნელეების გარეშე არ მოვსულვარ. 1941 წლის 22 ივნისს ომი რომ დაიწყო, ზუსტად იმ დღეს სკოლა დავამთავრეთ და მცირე პურმარილი გვქონდა. 23-ში უკვე მოხალისედ ჩავეწერეთ და გაგვიყვანეს… ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ვერ ნახავთ საქართველოში ადამიანს, რომელსაც იმდენი ჯილდოები ჰქონდეს მიღებული, რამდენიც მე; 26 წელი სამხედრო სამსახურში ვიყავი, ომის შემდეგ კი, სწავლა რომ დავამთავრე, 20 წელი ვმუშაობდი ინტურისტებში. იქ მარტო რუსულად ვსწავლობდით, ამიტომ ქართულად ცოტა მიძნელდება საუბარი და ბოდიშს გიხდით.

_ თქვენისთანა დამსახურებული ადამიანები საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი არიან. ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამეთი?

_ იცით, რას გეტყვით, მე ამათი… არ შემაგინებინოთ. ეს რა მთავრობაა, ვუგზავნი წერილს, განცხადებას, ყურსაც არ იბერტყავენ. ადამიანი ჩალის ფასად არ უღირთ. მე ოთხი სახელმწიფოს საპატიო მოქალაქე ვარ: ჩეხეთის, სლოვაკეთის, აფხაზეთისა და უკრაინის…

_ კი მაგრამ, აფხაზეთი ხომ სახელმწიფო არ არის?

_ ფეხებზე მკიდია, მთავრობა რას იტყვის. მე აფხაზეთის საპატიო მოქალაქე ვარ! ეს შემთხვევით კი არ ხდება, მათ იციან ადამიანების დაფასება.

პირველი შეხვედრა ფაშისტურ ძალებთან სწორედ აფხაზეთში გვქონდა, სანჩეროს უღელტეხილზე. იქ ვიყავით მთელი საოფიცრო სკოლა. შეტაკებების შემდეგ სამი ათას ორასი კაციდან სულ რამდენიმე დავრჩით საღსალამათი. უმეტესობა ბრძოლაში დაიღუპა, ნაწილი კი ისე დასახიჩრდა, რომ ჯარში მათი გაჩერება შეუძლებელი იყო…

_ ბოლოს როდის შეიკრიბეთ ვეტერანები?

_ 1982 წელს სოხუმში. იმ დროისთვის უკვე 15-ღა ვიყავით დარჩენილი საოფიცრო სკოლიდან.

_ არ მინდა, ერთი და იმავე კითხვებით თავი შეგაწყინოთ, მაგრამ თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება არაფრით გეხმარებათ. მიმართეთ ვინმეს?

_ როგორ არ მივმართე, ვის არ მივმართე! გაქცევს ვინმე ყურადღებას?! გთვლიან ადამიანად?! გუბერნატორი რომ იყო ჩვენი, ლამაზად რომ ივარცხნიდა ხოლმე ქოჩორს, პასუხის ღირსად არა გვთვლიდა… სხვათა შორის, ალასანია იყო ჩემთან მოსული არჩევნებამდე და 2007 წელს სააკაშვილმაც მინახულა, ორდენი გადმომცა საჩუქრად და ტელევიზორი…

_ ალასანიამ რა გადმოგცათ?

_ ალასანიამ არაფერი მაჩუქა, მაგრამ დამპირდა… დაპირებაში მაგრები არიან, მოგეცა ლხენა. ისე ალასანია კარგი ბიჭია, არ ვემდური.

_ სხვებზე რას იტყვით?

_ ჯერ ახალმოსულები არიან, რა უნდა ვთქვა… ოთხი დღის წინ სააკაშვილს მივწერე წერილი, იქნებ შემოიარონ მთავრობის წევრებმამეთქი. ტელეფონებსაც არ პასუხობენ, რომ ვრეკავ. ყველა ერთსა და იმავეს მეუბნება: შეგეშალათ, სხვაგან მოხვდითო. რა არის ეს, გამაგებინეთ! შეიძლება მთავრობამ ასე დაიკიდოს ფეხებზე საკუთარი ხალხი?!

_ არის საუბარი იმაზე, რომ გორში სტალინის ძეგლი უნდა აღდგეს. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ ჯერ ერთი, ვინც სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან გაიტანა, მე იმისდა, ვინც უკან არ დააბრუნოს, იმისიცარ მინდა, შევაგინო; რა თქმა უნდა, ძეგლი აღსადგენია. ესაა ჩვენი ღირსეული წარსული. არ ვიცი, გაქვთ თუ არა იმ მონუმენტის სურათი, რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზე, სტალინის ადგილზე უნდა დაედგათ, მაგრამ ეს დაცინვა და თვალებში შეფურთხებაა, ხალხის აბუჩად აგდება.

_ თქვენი აზრით, ვისი იდეა იყო ეს ყველაფერი?

_ ვისი და ამათი ღმერთი რომაა, ნიკა რურუასი.

_ რაში სჭირდებოდა რურუას ამ მონუმენტის აღება, როგორ ფიქრობთ?

_ დურაკი რომაა, იმაში _ საბჭოთა კავშირს გვაგონებსო, დალოცვილო, შენ რომ წახვალ, შენი გაკეთებული საქმეები რას გაახსენებს ხალხს, გიფიქრია?!

_ თქვენი ბინის სარკმელი გორის ცენტრალურ მოედანს პირდაპირ გადაჰყურებს. ძეგლს რომ იღებდნენ, ხედავდით?

_ როგორც თქვენ არ დაგინახავთ ეს ყველაფერი, არც მე. 25 ივნისს, შუა ღამით, როცა მოსახლეობას ეძინა, მოვიდნენ, მოიყვანეს ტექნიკა და ძეგლი რამდენიმე საათში გააქრეს. იცოდნენ, რომ ხალხს პროტესტი ექნებოდა და ეს იმიტომ გააკეთეს. მერე გავიგეთ, რომ ვიღაც მილიონერი დაინტერესებულა ამ ძეგლით და თვრამეტი ათას დოლარს იხდის. აი, ესაა ამათი მზრუნველი პოლიტიკა: თუ რამე არ მოსწონთ, ხალხის აზრი ფეხებზე ჰკიდიათ და ყიდიან კიდეც.

_ ხალხს რა რეაქცია ჰქონდა, ძეგლი რომ ვეღარ დაინახეს?

_ ხალხიც აღარაა ის ხალხი, რაც წინათ იყო. მაგ ძეგლის აღება 1956 წელსაც უნდოდათ და დააპირეს კიდეც, მაგრამ მთელი გორი ფეხზე დადგა და არაფერი გამოუვიდათ. კარვები ჰქონდა მოსახლეობას გაშლილი და დარაჯობდა, რომ ძეგლი მალულად არ წაეღოთ. მაშინ ჰქონდათ ადამიანებს ღირსების გრძნობა და საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

_ გაქვთ იმედი, რომ ახალი მთავრობა ძეგლს აღადგენს?

_ უნდა აღადგინოს. სხვა აზრი არ არსებობს. ეს ძეგლი ქალაქის განუყოფელი ნაწილია, ჩვენ მისით ვამაყობდით და ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.

_ თუ არ დააბრუნებენ?

_ არა, ეგ არ შეიძლება. მაგის წარმოდგენაც არ მინდა.

_ ისევ ცენტრალურ მოედანზე უნდა დაიდგას, თუ სადმე სხვაგან?

_ როგორც მე ვიცი, ეგენი სტალინის მუზეუმთან აპირებენ დადგმას. იყოს იქაც, მშვენიერი ადგილია; საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძეგლი უნდა იყოს ხელუხლებელი; ვის, როგორ მოეპრიანება, ეგრე კი არაა. ის, რაც ერის საკუთრებაა და ხალხისთვის იქმნება, ვიღაცის ნება-სურვილით არ უნდა გააქრონ; და კიდევ ერთი: ეს უტვინო რურუა საერთოდ არ უნდა გაიკარონ მაგ საქმეში. ჯერ ერთი მაგას კულტურის არაფერი გაეგება და მეორეც, რაც მთავარია, საკუთარი წარსულის მიმართ პატივისცემა არ გააჩნია. რამდენჯერ მივწერე წერილი, ვთხოვე, გამომიარემეთქი და ყურადღების ღირსად არ ჩამთვალა. შე კაი დედმამის შვილო, ოცდათოთხმეტ (34) სახელმწიფოსთან მქონდა მიმოწერა და ისინი მიპასუხებდნენ, შენ რა გახდი ასეთი?!

…სტალინი მარტო საქართველოს კი არ ეკუთვნის, ის ეკუთვნის ყველას, იმიტომ, რომ მან გადაარჩინა მთელი მსოფლიო. სტალინზე დიდი პიროვნება ბევრი გვყავდა? მოსკოვი, პეტერბურგი ან რომელიმე სხვა ქალაქი აიღეთ რუსეთში, იმპერატორების ძეგლები დგას. ჩვენთან შეიძლება ამხელა ადამიანის მონუმენტი არ იდგეს?!

_ გორის მოსახლეობას რამდენად უყვარს სტალინი?

_ სტალინი ვის არ უყვარს… კი, ხალხი სხვანაირია, მაგრამ ამხელა ადამიანი, შენი მამულიშვილი შეიძლება არ გიყვარდეს?! მარტო ამათნაირ ტვინგახურებულს თუ მოუვა აზრად მისი სახელის შეურაცხყოფა, თორემ, ვინც საღად აზროვნებს, რატომ უნდა სძულდეს კაცი, რომელმაც, ფაქტობრივად, იხსნა მთელი მსოფლიო?! რაც უნდა გააკეთონ, რაც უნდა პროპაგანდამ იმუშაოს, სტალინის სახელს, მის ამაგს კაცობრიობის წინაშე ჩრდილს ვერ მიაყენებენ.

_ დასაწყისში საბჭოთა სიმბოლიკა ახსენეთ და ეს ძეგლიც ამ სიმბოლიკის ნაწილად მიიჩნეოდა. თქვენი აზრით, ახალ ხელისუფლებას, რომელიც აშკარად პროდასავლურია, ექნება ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა?

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სტალინი არ არის მარტო ჩვენი საკუთრება, მისი სახელი და მისი პიროვნება მთელი მსოფლიოს სიამაყეა. თუ ესენი საღად მოაზროვნე ხალხია და დარწმუნებული ვარ, ასეცაა, მაშინ წინა ხელისუფლების გზას არ უნდა გაჰყვნენ. იმ პროპაგანდას, რომ თითქოს ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირში შეიქმნა, ცუდია, ხაზი უნდა გადაესვას. თუ ეს არ მოხდება, ცვლილებას რეალურად ვერ მივიღებთ.

გორში სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით «საქართველო და მსოფლიომ» კომენტარი სთხოვა პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას.

აი, რა გვითხრა მან:

სტალინის ძეგლის აღებით ხელისუფლებამ თავიანთ დასავლელ პატრონებს  მათი ფასეულობების, მათი იდეოლოგიისადმი ძაღლური ერთგულება დაუმტკიცა და ამით კიდევ ერთხელ ჩააფურთხა სულში საკუთარ ხალხს, ტალახში ამოსვარა საკუთარი ისტორია.

იმ არამზადებს, რომლებმაც ინიციატივა გამოიჩინეს და განახორციელეს ძეგლის დემონტაჟი, შესაშური  ბედი ნამდვილად არ ელით. საქმე ისაა, რომ ყველა იმ სახელმწიფო მოღვაწემ, მწერალმა, ისტორიკოსმა, მსახიობმა, რიგითმა მოქალაქემ, რომლებიც ცდილობდნენ სტალინის დისკრედიტირებას, მისთვის ტალახის სროლას, მისი ნათელი ხსოვნისათვის ჭუჭყიანი ხელით შეხებას, ცუდად დაამთავრეს. მათ, როგორც წესი, თანამემამულეთა ზიზღთან ერთად, თავს ატყდებათ საშინელი ავადმყოფობა, უბედურება, პირადი ტრაგედიები. ამასთან, ეს მათ შვილებსა და შვილიშვილებზეც გადადის. საოცარია, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ თვით განგება მათ სასტიკად სჯის და არ ინდობს მათ შვილებსაც კი. ამიტომ მე მებრალება ის სულელი მარიონეტები, რომლებმაც მონუმენტის აღების ბრძანება გასცეს, და მეცოდება ის იდიოტებიც, რომლებიც ფოტოებს იღებდნენ წაქცეული ძეგლის ფონზე. მათ და მათ ოჯახებს დიდი ტანჯვა ელით, საშინელი წყევლა დაატყდება თავს მთელ მათ მოდგმას.

ზოგადად, სტალინის ძეგლის აღება, რა თქმა უნდასამარცხვინო ფაქტია საქართველოს ისტორიაში და სამარცხვინო ლაქა მთელი ქართველი ხალხისთვის, უპირველეს ყოვლისა, ქალაქ გორის მცხოვრებთათვის. დღევანდელი გორელების მამებმა ამის გაკეთების  უფლება არ მისცეს  არამზადა ხრუშჩოვს, მათმა შვილებმა კი ხელისუფლებაში მყოფ ლაწირაკ მაიმუნების წინაარმდეგობა არ გაუწიეს. არც თუ ისე ცოტანი არიან ისეთებიც, რომლებმაც ამ მკრეხელობის შემდეგ ხმა მისცეს «ნაციონალურ მოძრაობას». ეს არის ერის განადგურების, ეროვნული ღირსების დაკარგვის მორიგი ნიშანი.

რა თქმა უნდა, სტალინის ძეგლის აღდგენა _ ეს ქართველი ერის და თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. ბატონმა ირაკლიმ დასაწყისში თავადაც აღნიშნა, რომ 14 ნოემბერს 89 წელი შეუსრულდება. გილოცავთ, ბატონო ირაკლი, დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას გისურვებთ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here