Home რუბრიკები პოლიტიკა ლადო ჩერქეზიშვილი: მივმართავ გენერალურ პროკურორს, გააძევოს პროკურატურიდან ბესო თხელიძე, შაქრო ზაალიშვილი, დათო...

ლადო ჩერქეზიშვილი: მივმართავ გენერალურ პროკურორს, გააძევოს პროკურატურიდან ბესო თხელიძე, შაქრო ზაალიშვილი, დათო მესტვირიშვილი და თენგიზ ხარებავა ყველა უკანონოდ გამოძიებული საქმე ამ ადამიანების სინდისზეა!

1932

35 წლის პოლიციის მაიორი ლადო ჩერქეზიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა დედაქალაქის ვაკესაბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსად, დიდუბეჩუღურეთის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილედ კრიმინალური პოლიციის ხაზით, თბილისის ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად და ბოლოს, 2007 წლის 21 თებერვლამდე მცხეთათიანეთის სამხარეო სამმართველოში _ უფროს გამომძიებლად. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი რესპონდენტი დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, უფრო კონკრეტულად, ის დაიბარა საგამოძიებოს იმდროინდელმა უფროსმა ზაზა ქიქავამ, თუმცა თავად მაიორ ჩერქეზიშვილს მოვუსმინოთ: «ქიქავას კაბინეტში დამხვდა სამძებრო სამსახურის უფროსი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ბევრ გახმაურებულ ამბებში ფიგურირებდა, მაგალითად, ვაზაგაშვილის საქმეშიქიქავამ და ფირცხალავამ შემახსენეს 2005 წელს სპორტის სასახლესთან მომხდარი ინციდენტი, როდესაც სამი ადამიანი დაიჭრა. კონკრეტულად, დაინტერესდნენ ერთერთი მათგანით _ არჩილ სახვაძით, თუ რა როლი მიუძღოდა მას ამ დანაშაულში. მაშინვე მივხვდი, რომ ქიქავამ და ფირცხალავამ მშვენივრად იცოდნენ, რომ სახვაძე დაზარალებული იყო და მის  საწინააღმდეგოდ არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა, მაგრამ მათ უნდოდათ ისეთი ადამიანის მონახვა, რომელიც სახვაძეს რაიმენაირად დანაშაულს დაუმძიმებდა».

_ ანუ ცრუმოწმის მოძებნა სურდათ?

_ დიახ!

_ რატომ?

_ მეც ეს ვკითხე!

_ მერე, რა პასუხი მიიღეთ?

_ გვაქვსო ასეთი ინფორმაცია, რომ ამ სახვაძემ პატრულის თანამშრომელი მოკლა 5 დეკემბრის ქუჩაზეო.

სახვაძე უკვე დაკავებული ჰყავდათ სხვადასხვა ბრალდებით, მაგრამ პოლიციელის მკვლელობას არ აღიარებდა და  ქიქავასა და ფირცხალავას  ამიტომ სჭირდებოდათ «მოწმე». ვინაიდან სახვაძე ფიგურირებდა ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე დაზარალებულად, ამ მხრიდანაც სურდათ მისი ბრალეულობის დამძიმება. მე ვუთხარი მათ, რომ მაშინ ვერ გაირკვა, ვინ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს ქიქავასა და ფირცხალავას არ აინტერესებდათ. ისინი მოითხოვდნენ «მოწმეს», რომელიც დაადანაშაულებდა სახვაძეს ორი ადამიანის დაჭრაში.

_ ორი წლის შემდეგ რატომ გაახსენდათ სახვაძე? მაშინვე, «ცხელ კვალზე» მოეძებნათ «მოწმე»…

_ ორი წლის შემდეგ მათ ახალი საზრუნავი გაუჩნდათ: ამ საქმესთან უნდა დაეკავშირებინათ დავით გობეჯიშვილი და ლუკა კურტანიძე.

_ კი მაგრამ, საიდან?

_ როდესაც ეს ამბავი მოხდა, სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობაში. ტურნირს ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე. რა თქმა უნდა, ამ ამბავს  ისინი არ შესწრებიან, მაგრამ ამ ინციდენტით დაინტერესებულან. მეც ვესაუბრე ამ სახელოვან ადამიანებს, მომხდართან დაკავშირებით ვუთხარი, რომ იყვნენ დაჭრილები.

ქიქავამ, ფირცხალავამ და  გამომძიებელმა დიტო ტეპნაძემ პირდაპირ მითხრეს: რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, რომ სახვაძეს დავუმძიმოთ ბრალდებაო. მე ცრუმოწმის მოყვანაზე უარი განვაცხადე, რადგან ეს ჩემი «ხელწერა» არ იყო, და სამსახურში დავბრუნდი, სადაც მაშინდელმა სამხარეოს უფროსმა საშა მაისურაძემ მაცნობა, რომ სამინისტროში მას ჩემი გათავისუფლება დაავალეს.

მე ბედს შევურიგდი და არაფრის გარკვევა არ დამიწყია. 2007 წლის 20 თებერვალს დავწერე პატაკი და მეორე დღეს უკვე დამაკავეს.

_ ბრალდება?

_ მომიყენეს მუხლი: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება!

_ რაში გამოიხატებოდა ეს?

_ ვითომდა 2005 წელს გამოძიებას, პროკურატურას ხელი შევუშალე  «სახვაძის საქმის» გამოძიებაში, იმიტომ, რომ ეს გობეჯიშვილმა და კურტანიძემ მთხოვეს. რას ერჩით ამ ხალხსმეთქი, _ მიპასუხეს, ჩვენ მაგათ თავად მივხედავთო, თან სახვაძეს დანაშაულს დაუმძიმებთო და შენც გაგიშვებთო. მე კატეგორიული უარი ვუთხარი, რადგან ჩემი ჩვენებით ამ უდანაშაულო ხალხს ზიანს მივაყენებდი!

 _ კი მაგრამ, რა შუაში იყვნენ კურტანიძე და გობეჯიშვილი?

_ კურტანიძე გასაგებია _ მტერი იყო მათი, მაგრამ გობეჯიშვილი?

მხოლოდ პატიმრობისას გავიგე, რომ 2007 წლის დასაწყისში ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე მან პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომელმაც ძალზე გააღიზიანა თურმე სააკაშვილი. რაკი თავისას ვერ მიაღწიეს, ჩემზე ახორციელებდნენ ზეწოლას.

_ რა ფორმით ხდებოდა ზეწოლა?

_ მოგეხსენებათ, საჯარო მოხელეების, მითუმეტეს პოლიციელების, საკნები უნდა იყოს ცალკე. დილით, გამომიყვანდნენ საკნიდან, ვითომ და, მივყავდი ადვოკატთან. გზადაგზა შევყავდი სხვადასხვა საკანში. ასეთი «სტუმრობები» კი, შესაძლოა, ჩემი მკვლელობით დამთავრებულიყო!

_ ეს გლდანის საპყრობილეში ხდებოდა?

_ არა, მაშინ ორთაჭალის ციხე ფუნქციონირებდა. მერე, ამ «გასეირნების» შემდეგ, შევყავდი კაბინეტში, სადაც მხვდებოდნენ ქიქავა და ტეპნაძე და ერთსა და იმავე კითხვებს მისვამდნენ: რა ქენი? რა მოიფიქრე? თუ ხარ ჩვენს წინადადებაზე თანახმა? რატომ წვალობ? და ა. შ. რომ ვერაფერს მიაღწიეს, მერე უკვე «მძიმე არტილერია» _ პროკურატურა მოიშველიეს შაქრო ზაალიშვილის და ბესო თხელიძის სახით! აქვე მინდა ვუთხრა გენერალურ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილოს, რომ ეს პიროვნებები: ბესო თხელიძე, შაქრო ზაალიშვილი, დათო მესტვირიშვილი (რომელიც ჩემს სასამართლო პროცესზე პროკურორი გახლდათ) და თენგიზ ხარებავა ფიგურირებენ ყველა იმ გახმაურებულ საქმეში, რომლებიც აღძრულ იქნა სახელმწიფო მოხელეების მიმართ 2004-2005 წლებში. ყველა უკანონოდ გამოძიებული საქმე, ყველა უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება ამ ადამიანების სინდისზეა! მე ვთხოვ ბატონ გენერალურ პროკურორს, როგორც, უპირველეს ყოვლისა, პატიოსან კაცს, გამოცდილ იურისტსა და განათლებულ პიროვნებას, რომ ეს ხალხი გააძევოს პროკურატურიდან, რადგან დადის ხმები მათი პროკურატურაში დატოვებისა! მე პირადად აზრს ვერ ვხედავ, სასამართლოში შევიტანო სარჩელი, თუ ის იმავე ბესო თხელიძის, შაქრო ზაალიშვილის, დათო მესტვირიშვილის, ქიქავას, ტეპნაძის და მათნაირების ხელში მოხვდება!..

როცა საგამოძიებო სამსახურმა ამოწურა ჩემთან «ოპერატიული მუშაობა» და ვერ მიიღო სასურველი შედეგი, მომიქსიეს პროკურორები _ თხელიძე და ზაალიშვილი. ისინი მემუქრებოდნენ, რომ სასჯელს ოც წლამდე გამიზრდიდნენ! დღეგამოშვებით საკანში მცემდნენ «პატიმრები», რომლებსაც რატომღაც სამხედრო ჩექმები ეცვათ!.. არადა, პატიმრებს არათუ ჩექმები, ზონარგაყრილი ბოტასებიც კი არ აცვიათ… ერთხელ ისე მცემეს, რომ ჩემი ადვოკატიც ვერ ახერხებდა ჩემს ნახვას. ეუბნებოდნენ, კარანტინიაო… ნაცემს შემიყვანდნენ ოთახში, რომელშიც თხელიძე მხვდებოდა. მართალია, ბესო თხელიძეს ჩემთვის ხელი არ დაურტყამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უშუალოდ მისი დავალებით მისწორდებოდნენ!

_ ბატონო ლადო, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ თხელიძე აძლევდა თქვენი ცემის ბრძანებას?

_ როცა ბადრაგს შევყავდი თხელიძესთან, ის ხომ ხედავდა ჩემს სახეზე ცემის კვალს, რატომ არ აღშფოთდა?! პირიქით, გაიღიმებდა და შემეკითხებოდა: «რა ქენი? რატომ წვალობ?»

ჩემზე ზეწოლის კიდევ ერთი ხერხი გამოიყენეს: ჩემს სიმამრს ჰყავს ერთი არაკაცი ნათესავი, რომელთანაც ჰქონდა უთანხმოება, ნიკო დარახველიძე. ეს პიროვნება, პირდაპირ ვამბობ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტია. მასზე მაქვს ზუსტად ექვსი სისხლის სამართლის საქმის განაჩენი ამოღებული და ყველგან ფიგურირებს მხოლოდ დაზარალებულად! მისი ჩვენებით, ხალხს წლები აქვთ მისჯილი! სწორედ ამ «ნასედკას» დააწერინეს, ვითომ მე, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსი, საქმის კურსში ვიყავი, თუ როგორ გროვდებოდა ქურდული «ობშჩიაგი» და ამაზე დამიმძიმეს მუხლი; კიდევ, ვითომ  ჩემმა ნათესავმა ქრთამად  მაჩუქა ავტომანქანა, რათა არ დამეკავებინა. და, მესამე: თითქოს ამ ნიკო დარახველიძეს ჩემმა სიმამრმა მის  ბიზნესში 25-პროცენტიან წილში  ჩასმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, ჩემი სიძე დაგაკავებსო!.. ასე დამემატა სამი ბრალდება!.. აღსანიშნავია, რომ არ არსებობდა მოწმე, ვინც ამ «დამუქრებას» ესწრებოდა და არავითარი მოწმე იმისა, ჰქონდა თუ არა ამ ნიკოს ბიზნესი, და საერთოდ, ინდმეწარმე თუ იყო, სასამართლოზე არავის მოუკითხავს! ასე დამიწყეს სიმამრით დაშანტაჟება. მაგრამ, რომ ნახეს, ყველაფერი ამოიწურა და მე ვერ «მოვრჯულდი», სასამართლო დარბაზში ჩემი სიმამრი დააკავეს…

მთელი პარადოქსი იყო ის, რომ ყველა ეპიზოდში, რომელიც მოგიყევით, სამოხელეო დანაშაულში (ვითომ გობეჯიშვილისა და კურტანიძის თხოვნით რომ არ გამოვიძიე სახვაძის საქმე) გამამართლეს! არადა, მაგ ბრალდებით ვიყავი დაკავებული. ორი ეპიზოდი იმ დარახველიძის ჩვენებიდანაც მომიხსნეს და ზუსტად ის დამიტოვეს, რომელშიც სიმამრი  ნიკოს თითქოს დაემუქრა. მე მომისაჯეს 8 წელი, სიმამრს _ 5 წელი!..

მოგვიანებით ჩემმა ადვოკატმა მისწერა საგადასახადოს, მართლა ჰქონდა თუ არა ნიკო დარახველიძეს რაიმე ბიზნესი და მიიღო ცნობა, რომ ამ პიროვნებას არც არასდროს ჰქონია რაიმე ბიზნესი! აი ასე, მხოლოდ პროვოკატორის ჩვენება გახდა საკმარისი იმისათვის, რომ ორი ადამიანი ციხეში აღმოვჩენილიყავით!

ბოლოს და ბოლოს, ზეწოლას ვერ გავუძელი, როცა სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე მამაჩემმა გამოთქვა აღშფოთება, ხოლო პროკურორმა დათო მესტვირიშვილმა მას უთხრა: შენ ყოფილი პოლიციელი ხარ, შენ ცოტა ხმას დაუწიე, არ ამომაქექინო შენი საქმეები, თორემ შენც დაგაკავებთო! ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მამაჩემის ჯერიც დადგა (არადა, გარეთ ცოლი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მრჩებოდა!). და, ასე, უკანონო პატიმრობის ერთი წლის და სამი თვის შემდეგ მაღიარებინეს ის, რაშიც ადრე სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გამამართლა! როგორც კი ყველა წაყენებული ბრალდება ვაღიარე, იმ დღესვე დათო მესტვირიშვილმა ჩემს სიმამრს საკნის კარი გაუღო და სახლში გაუშვა, მე კი რვაწლიანი პატიმრობა წელიწად-ნახევრით შემიცვალეს. გამომატანინეს ყველა განცხადება, თუ სადმე მქონდა დაწერილი: არასამთავრობოების სახელზე, სოზარ სუბარის სახელზე და 2008 წლის 20 აგვისტოს გამათავისუფლეს…

ახლა მე მინდა, რომ ამ არაადამიანებმა პასუხი აგონ ყველაფერზე  და კიდევ ერთხელ ვთხოვ გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, რა გვარებიც დავასახელე: თხელიძე, ზაალიშვილი, მესტვირიშვილი და ხარებავა, ეს არაადამიანები გააძევოს პროკურატურიდან! ამ პირებმა უამრავი ხალხი გააწამეს და ააწიოკეს! ესენი უშუალოდ იყვნენ პოლიციის კურატორები და ყველა საქმეში, ყველა პროვოცირებულ დანაშაულში მიუძღვით წვლილი! ბოლო დროს ბევრ საქმეს გავეცანი, ბევრი უკანონო განაჩენი ვნახე და ყველგან ეს გვარები ფიგურირებს! ვიმედოვნებ, რომ სხვებიც მომბაძავენ და უჩივლებენ ამ და მათ მსგავს ჯალათებს.

_ ნუ ღელავთ, ბატონო ლადო. მე თქვენი მჯერა. მითუმეტეს, როცა გავიგე, რომ თქვენ, თბილისელი კაცი, არა თუ ახლა, თანამდებობაზე მუშაობის დროსაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდით. ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს! ვსარგებლობ შემთხვევით და გეკითხებით, როგორც პროფესიონალ პოლიციეს: როგორი მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი?

_ მე, როგორც პროფესიონალი, რა თქმა უნდა, მისი მუშაობის მეთოდებს ვაკვირდებოდი, ვაანალიზებდი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ვანო მერაბიშვილი იყო არაკომპეტენტური შინაგან საქმეთა მინისტრი!

_ მოიცადეთბატონო ლადო! აბა, რომ ამბობენ, მაგარი ორგანიზატორი იყოო, სტრუქტურა შეკრაო?!

_ იცით, როგორ «შეკრა» სტრუქტურა? თავად თანამშრომლები ერთმანეთის მოსმენით და დასმენით იყვნენ დაკავებულნი! ისე იყო ეს მოსმენა დანერგილი, პოლიციელი სახლში ვერ რეკავდა, ვერც მშობლებს, ვერც ცოლს, ვერც შვილს ვერ ელაპარაკებოდა, რადგან იცოდა, რომ უსმენდნენ! შიგნით პოლიციაში  საყოველთაო შიში სუფევდა! მე მახსოვს, რესტორანში ერთი რომ დადგებოდა სკამზე და ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვამდა, მეორეს რომ დაეგვიანებინა, უკვე პრობლემები ექმნებოდა! ამაზე უფრო დაბალი დონე რაღა გინდათ?! და საერთოდ, რაზეა საუბარი, როდესაც მერაბიშვილი ან ადეიშვილი ერთი სატელეფონო ზარით ადამიანის ბედს წყვეტდნენ?! დღეს კი პოლიციელებს ერთმანეთთან ურთიერთობა უხარიათ და კრიმინალთან ბრძოლაში ბიჭები ერთმანეთს მხარში უდგანან! საერთოდ, როცა ადამიანი თავადაა მშიშარა, ცდილობს, ძალაუფლება სხვების დასაშინებლად გამოიყენოს, რადგან ლაჩრის ყველაზე დიდი სიამოვნება ვაჟკაცის დამცირებაა!

_ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. რამდენიმე დღის წინ «ნაციონალებმა» ირაკლი ღარიბაშვილს დაუწუნეს მოადგილეები. ამის თაობაზე განცხადებაც კი გააკეთეს. ერთერთი მოადგილის გვარი, თუ არ ვცდები, ტაბატაძეა. იცნობთ მას?

_ პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი 14-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, დღესდღეობით ისაა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თანამშრომელი კრიმინალური პოლიციის ხაზით. მას აქვს უნარი სწორი გადაწყვეტილების მიღებისა. დარწმუნებული ვარ, რომ ალეკო ტაბატაძის მინისტრის მოადგილეობის დროს  უკანონო არაფერი მოხდება. ეს ადამიანი ათჯერ ზომავს და ერთხელ ჭრის. რაც შეეხება «ნაციონალებს», მათ განცხადებებს რომ ვუსმენ, ყოველთვის აკაკის «მაიმუნი და სარკე» მახსენდება, «მაიმუნმა თავის თავი სარკეში რომ დაინახა, დაჯღანული, დაჭყანული…» და ასე შემდეგ. ვურჩევ, გადაიკითხონ, მერე ჩაიხედონ სარკეში…

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. უჰ, ძლივს არ ვნახე კაცი,მერაბიშვილი რომ ობიექტურად შეაფასა. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ნამდვილი დაუნი და კრიმინალია. აი ჩერქეზიშვილის მსგავსი ხალხი კი უნდა დაბრუნდეს პოლიციაში, რადგან წესით ახლა ბევრი ვაკანსია უნდა გამოჩნდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here