Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი-მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს

ღია წერილი-მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს

591

გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» რედაქტორს

პატივცემულო ბატონო ირაკლი!

გთხოვთ, თქვენს გაზეთში, რომელსაც ვკითხულობ და პატივსა ვცემ, გამოაქვეყნოთ ჩემი ღია წერილიმიმართვა საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი.

მე, გრიგოლ ლიპარტელიანი, დავიბადე ლენტეხში 1938 წლის 6 დეკემბერს. 1956 წელს დავამთავრე ლენტეხის საშუალო სკოლის 11 კლასი. 1964 წელს გავხდი საბჭოთა არმიის ოფიცერი, ვიმსახურე 30 წელიწადი. ვცხოვრობ სანკტ-პეტერბურგში, ჩემი სახელი შეტანილია წიგნში «სანკტ-პეტერბურგის ცნობილი ადამიანები», ვარ ქართული დიასპორის _ «ივერიის» საპატიო წევრი, დავით აღმაშენებლის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, რუსეთის რეგიონთაშორისი მწერალთა კავშირის წევრი, 10 წიგნის ავტორი, მათ შორის: «დიადი სტალინი» (720 გვ.), «თავადი ბაგრატიონი» (420 გვ.), «ქართველები _ დიდი სამამულო ომის გმირები» (300 გვ.), «ქართველები პეტერბურგში: ისტორიული მიმოხილვა და თანამედროვეობა» (930 გვ.) და სხვ.

დაჯილდოებული ვარ 40-ზე მეტი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ჯილდოთი.

დაწვრილებითი ინფორმაცია

ჩემ შესახებ მოთავსებულია საიტზე:

www.grig1983.narod.ru

პატივისცემით, გიორგი ლიპარტელიანი

პატივცემულო ბიძინა გრიგოლის ძევ!

როგორც იცით, მსოფლიოში არც ისე ბევრია ერი, რომელთაც შვეს მსოფლიო მასშტაბის ადამიანები. მაგრამ, თუ ხალხს გაუმართლა და ისეთი ადამიანი დაიბადა, რომელმაც უკვდავყო თავისი ერი, სამშობლომ უნდა იამაყოს მისით და ახსოვდეს თავისი დიდებული ადამიანები. დიდი ადამიანები ხომ იშვიათად იბადებიან, თანაც არა ყველა ქვეყანაში. ჩვენს ერს ბედმა გაუღიმა. საქართველო სტალინის სამშობლოა, იმ ადამიანის, რომელიც XX საუკუნის პირველ ნახევარში დედამიწის მოსახლეობის 70 პროცენტს აკონტროლებდა (ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით).

მსოფლიოს ხალხები ამაყობენ თავიანთი წინაპრებით; ფარაონებით, ალექსანდრე მაკედონელით, კიროსით, იულიუს კეისრით, პეტრე პირველით, ჩინგიზ ყაენით, ში-ხუანდით, ნაპოლეონით, ჩერჩილით, რუზველტით და სხვებით. მათ დიადი საქმეები «თეთრი ხელთათმანებით» და ლოცვა-ვედრებით კი არ უკეთებიათ, არამედ თავიანთ მიზნებს გაბედული მეთოდებით მიაღწიეს. ისტორიამ შემოინახა  ხალხთა წინაშე მათი დამსახურება. მათი მოწინააღმდეგეები ან მათ მიერ ე. წ. რეპრესირებულები გარკვეული დროის  შემდეგ არავის ახსოვს.

ზემოთ დასახელებულთა შესახებ უამრავი მართალი წიგნია დაწერილი,  გადაღებულია კინოფილმები, მათით ამაყობენ მშობელი ხალხები. მხოლოდ სტალინს არ გაუმართლა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ გამოცემული წიგნებისა და ბროშურების, გადაღებული ფილმების 99 პროცენტი მიმართულია მისი სახელის გატეხვისა და მისი ხსოვნის შეურაცხყოფისკენ, პრაქტიკული საქმეების დამახინჯებულად წარმოდგენისკენ. მის ისტორიულ სამშობლოში, საქართველოში, ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, რომელიც გამოვიდოდა ისტორიის ამ ტიტანის დასაცავად. პირიქით, საქართველოს ყოფილმა მთავრობამ დაანგრია ყველაფერი. «მკვიდრი ლომის» _ სტალინის ფონზე თავს იწონებენ «პიგმეები» და «ტანმორჩილი» პოლიტიკოსები, რომლებმაც იგრძნეს, რომ შეუძლიათ დაუსჯელად იმოქმედონ, ლაფს ესვრიან #1 ქართველს. მაგრამ ყველა ერს, ადრე თუ გვიან, გაეღვიძება ეროვნული სიამაყე, გამოჩნდებიან პატრიოტი ადამიანები, რომლებიც განადიდებენ იმათ, ვინც უკვდავყო თავისი ხალხი და თავისი ერის ისტორია. ახალგაზრდა თაობას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს თავის დიად წინაპრებზე, არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი, მაშასადამე, იგი განწირულია დეგრადაციისა და გადაგვარებისთვის.

პატივცემულო ბიძინა, გთავაზობთ, გამოიჩინოთ ინიციატივა დიდი სტალინის შესახებ მრავალსერიანი ფილმის შესაქმნელად, რითაც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში შეხვალთ.

 არის წიგნი-ბესტსელერი «დიადი სტალინი», რომელიც დღეს (სტალინის წინააღმდეგ აგორებული ტალახის ფონზე) მიჩნეულია «სინათლის სხივად».

თქვენ მხარს დაგიჭერთ არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ მთელი მსოფლიო.

მიმაჩნია, რომ ფილმი უნდა შექმნას სწორედ ქართველმა ხალხმა: წიგნის, სცენარის ავტორებმა, კომპოზიტორმა. მთავარი მოქმედი გმირები ქართველი მსახიობები უნდა იყვნენ. კინოფილმი გადაღებული უნდა იყოს დიდი გაქანებით, მასშტაბურად, მსოფლიო დონეზე.

ჩვენ არ გვყავდა ასეთი დონის ადამიანი და არავინ უწყის, დაიბადება კიდევ თუ არა. მაშასადამე, ჩვენს ქართველ ერს უნდა ჰქონდეს ის, რაც აქვს, და იამაყოს იმით.

მომავალი თაობა შეიძლება აღიზარდოს მხოლოდ თანამემამულეთა მოღვაწეობის მაგალითებზე. მოსწონს ვინმეს ეს თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩება: სტალინი ისტორიის ჭეშმარიტი გიგანტია და იგი ჩვენი, ქართველი გიგანტია.

პატივისცემით,

გრიგოლ ლიპარტელიანი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here