Home რუბრიკები საზოგადოება სამორინეების «მორევში» აკრძალავენ თუ არა სათამაშო ბიზნესს?

სამორინეების «მორევში» აკრძალავენ თუ არა სათამაშო ბიზნესს?

877

თურქულ გამოცემა «საბაჰ»-თან მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში სათამაშო სახლების გაუქმებას აპირებს. მისივე თქმით, ამ სფეროდან შემოსული თანხა ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია და ამის გამო ქვეყნის იმიჯის შელახვა არ ღირს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეს განცხადება შეასწორა: «ქართული ოცნება» კაზინოების დახურვას არ აპირებს, მაგრამ ეს ბიზნესი მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელიაო.

სახელმწიფოს თითოეული სათამაშო აპარატიდან კვარტალში 3 ათას ლარამდე შესდის, სამორინეს მაგიდიდან – 15-დან 30 ათას ლარამდე. სისტემური ელექტრონული ტიპის თამაშებიდან კი _ 20-დან 60 ათასამდე. არასამთავრობო ორგანიზაცია «ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის» ჩატარებული კვლევის თანახმად, ათასი მამაკაციდან 36% აქტიური მოთამაშეა, 41% თამაშობს ყოველკვირეულად, 7%-მა თამაშს თავი დაანება, 16% კი საერთოდ არ თამაშობს.

საქართველოში ყველაზე პოპულარული თამაშებია: ტოტალიზატორი, პოკერი, სათამაშო სლოტ აპარატები, ე.წ. რულეტკა, ნარდი, ბლექ ჯეკი, ბინგო იგივე ლოტო. სხვათაშორის, ამ უკანასკნელში 40 წელს გადაცილებული ქალები სჭარბობენ. «ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი» მოითხოვს საინფორმაციო საშუალებებით სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვას, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში _ მკვეთრად შეზღუდვას. აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად «ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი» პრემიერ-მინისტრს პეტიციით მიმართავს.

«ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა გააკეთეს სწორი დასკვნები და აზარტული თამაშები კანონით აკრძალეს. 1998 წლიდან აზარტული თამაშები კანონით აიკრძალა თურქეთში, 2007 წლიდან _ აზერბაიჯანში, 2013 წლიდან კი სომხეთში კაზინოებს მხოლოდ სამ რეგიონში დაუშვებენ. საზოგადოებაში გაჩნდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება მეტ ინტერესს გამოიჩენს აღნიშნული საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს და იმ ფორმით რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით დარჩენა დაუშვებელია», _ აღნიშნულია პეტიციაში.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ საზოგადოებაში დისკუსიები გამოიწვია. ზოგი მომხრეა წვრილი სათამაშო დაწესებულების აკრძალვისა და სამორინეების მდიდარი კლიენტებისთვის ღიად დატოვების, ზოგი კი _ სამორინეების სპეციალურ ზონებში გადატანის. სასტუმროების მეპატრონეების განცხადებით კი, მკაცრი ზომები მათ გაკოტრებას შეუწყობს ხელს. ცნობისთვის, ქვეყანაში შემოსული ტურისტების დაახლოებით 43% ფულის საშუალოდ 25%-ს სამორინეებში ტოვებს.

მიხეილ ადეიშვილი, «ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის» აღმასრულებელი დირექტორი:

«თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი აჭარაში დასვენების გარდა, სათამაშოდაც ჩადის. რა თქმა უნდა, მხოლოდ კაზინოს შემოსავალზე არ მყარდება სასტუმროს ბიუჯეტი. გარდა კაზინოში თამაშისა, სტუმარი სხვა სერვისებითაც სარგებლობს. უბრალოდ, სასტუმროს ბიზნესის წამოწყებისას მფლობელი თავიდანვე ითვალისწინებს, იქნება იქ კაზინო თუ არა, და ბიზნესგეგმას ამის მიხედვით აწყობს. ტოტალიზატორებისა და სლოტკლუბების მეპატრონეებსაც ბიზნესის წარსამართად  კრედიტები აქვთ აღებული და ამიტომ ასე უბრალოდ ამ სექტორის დახურვა არ გამოვა, მრავალი მფლობელი დაზარალდება. ყველაზე მეტად მოსაწესრიგებელია ასეთ დაწესებულებებში 18 წლამდე პირების შესვლის კონტროლი. მიუხედავად არსებული კანონისა, მოზარდები თავისუფლად ერთვებიან აზარტულ თამაშებში. მაგრამ ზრდასრული ადამიანის გაკონტროლება როგორ უნდა მოახდინო, ვერ წარმომიდგენია – რა კრიტერიუმით უნდა გავარჩიოთ, ვის შევუშვებთ კაზინოში და ვის არა? ზღვრული თანხის უფლება უნდა დაწესდეს თუ სხვა რამე, არ ვიცი. იდეა კარგია, მაგრამ განსახორციელებლად _ ცუდი. ვისაც თამაში სურს, აკრძალვის მიუხედავად, მაინც ითამაშებს, მონახავს შესაბამის ადგილს და თანამოაზრეებს. ამბობენ, ქონება წააგოო თამაშში, კი მაგრამ კაზინოში თანხის გარეშე არავინ გათამაშებს. ესე იგი ის აზარტული პიროვნება ჯ?რ ყიდის ან აგირავებს  ქონებას და მერე მიდის სათამაშოდ. ტოტალიზატორებში კი იყო გავრცელებული «ხელზე თამაშის» პრაქტიკა, ეს მართლა მოსაგვარებელი პრობლემაა.

აკრძალვა სათამაშო ბიზნესს არალეგალურ, ჩრდილოვან მდგომარეობაში გადასვლას აიძულებს. არც ცალკე ზონებში მოთავსებაა კარგი აზრი. მაგალითად, წყალტუბო გამოაცხადეს სათ?მაშო ბიზნესისთვის მოსაკრებლისგან თავისუფალ ზონად, მაგრამ იქ ჩამსვლელი არავინაა. ბიზნესმენს ურჩევნია თბილისში ან ბათუმში გახსნას სათამშო დაწესებულება, მოსაკრებელიც გადაიხადოს და მოგებაც ნახოს. მხოლოდ თავისუფალი ზონა კურორტებს ვერ ააღორძინებს, საამისოდ ბევრი სხვა რამ არ?ს გასაკეთებელი. ასე რომ, ჯობს სათამ?შო ბიზნესი იყოს ლეგალიზებული და კონტროლირებადი, რაც მეტს დავახარჯინებთ ტურისტებს, მით უკეთესი».

მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი:

«სათამაშო  ბიზნესიდან შემოსული თანხა ხომ საერთოდ ამორალურია, ცოდვის ფულია, მრავალი ადამიანის დაკარგული ქონებით შემოსული ფული. აშშ-ის შტატ ტეხასში კაზინო არ არის, მის დედაქალაქ ოსტინშიც კი, რადგან მოსახლეობას მიაჩნია, რომ ამორალური ფული მათ ბიუჯეტს არ სჭირდება. არ სჭირდება დანგრეული და გაუბედურებული  ოჯახებიდან წამოსული თანხა. არ სურთ მათ თამაში და არც ასეთი ფული. ცდუნებით მოპოვებული ფული არაფერში ვარგა. როგორც რწმენაში არ უნდა აცდუნო ვინმე, ასევეა სხვა რამეშიც. სათამაშო დაწესებულება ყოველ ნაბიჯზე რომ არის გახსნილი, ცდუნება არ არის? საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოს ტოტალიზატორები და სათამაშო აპარატებიც არ უნდა იყოს განლაგებული. ბავშვი საფუნთუშეში რომ შედის, გვერდით კი «ცალხელა ჯეკი» დგას, ცდუნებაა, აბა, რა! იგი ფიქრობს, სადილის ფული საჭმელზე დავხარჯო თუ ვითამაშო და იქნებ ველოსიპედი მოვიგოო.

საერთოდ, ცნობილი ფაქტია, რომ დაბალშემოსავლიანი ფენა, უფრო მეტს ხარჯავს აზარტულ თამაშებში და აგებს კიდეც. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოწესრიგდეს, აქ რადიკალური ზომები დაუშვებელია. მაგალითად, ჯერ შეიზღუდოს ლიცენზიების გაცემა, რამდენიმე ხანში მოსაკრებელი გაიზარდოს, რამდენიმე წელიწადში კი სულ დაიხუროს. პირველად პრინციპი «სასტუმრო+კაზინო» სასტუმრო «ჰიუსტონის» ქსელმა შემოიღო და ამით გადაარჩინეს საკუთარი ბიზნესი. შემდეგ სამკურნალო წყლის კურორტ ბადენზე დაინერგა და ასე თანდათან გავრცელდა. ამიტომ საჭიროა ეტაპობრივი მიდგომა, ხელის ერთი მოსმით ამის მოშლა არ შეიძლება, გარდამავალი ვარიანტები უნდა შემუშავდეს, დაითვალოს სასტუმროს ხარჯები და შემოსავალი, შეიზღუდოს კაზინოში შემავალი პირები.

 მაგალითად, კაზინოში შესვლის უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ სასტუმროს ბინადარს და ა.შ.»

სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში, გარდა გაკოტრებული მოთამაშეებისასხვა ასპექტებიც იჩენს თავს. სამორინეების საქმიანობას, როგორც წესი, თან მოჰყვება პროსტიტუციისა და კრიმინალის ზრდა. მოსახლეობა შეურაცხყოფად მიიჩნევს ქალაქის ცენტრში, მით უფრო საპატრიარქოს ახლოს, სამორინეების ფუნქციონირებას. მთავრობა და ბიზნესმენები კი ტურისტების კომფორტზე მეტად მოგების მიღებაზე ფიქრობენ და თავს გამუდმებით ბიუჯეტისთვის საჭირო თანხების მოპოვებით იმართლებენ.

ზაზა ნანობაშვილი, «ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის» ხელმძღვანელი:

«მართლმადიდებელი კაცი როგორ უნდა იყო განწყობილი აზარტისადმი და ცრუ მანქანებისადმი? სათამაშო აპარატები ისეა დაპროგრამებული, რომ ადამიანს მოგების შანსი არ აქვს. კაცს რომ ასე მოატყუებ, ამას კაცობა ჰქვია და ქრისტიანობა?! ბევრი გაჭირვებული ოჯახი ვიცით საქართველოში, თამაშობდნენ იმ იმედით, რომ მოიგებდნენ, ბოლოს სახლები გააყიდინეს. ეს არის საშინელი საცდური, რომელსაც წლების განმავლობაში სახელმწიფო უკეთებდა პროპაგანდას. კარგად ჩანს, ყველა «სიკეთესთან» ერთად, რა ძალები მართავდნენ საქართველოს. აღვირახსნილობის დონემ იქამდე მიაღწია, რომ კაზინო ლამის საპატრიარქოს ეზოში შესასვლელთან დადგეს. ჯალალედინმა სხვა რამე კი არ გააკეთა, წმიდა ადგილას, სიონის გუმბათზე ზევიდან დაჯდა და შეურაცხყო, ამათაც კაზინოთი და ბუდაბარით _ ამ ორი ობიექტის დამაკავშირებელი ხიდის მეშვეობით შეურაცხყვეს მოწამეთა წმინდა ადგილი, ჩვენი სარწმუნოება და პატრიარქის სიტყვა. ის, თუ სიონის გუმბათიდან უყურებდა ადამიანის ფიზიკურ განადგურებას, ესენი კაზინოებიდან უყურებენ ქართველი ხალხის სულიერ განადგურებას. მე მგონი, ეს უკანასკნელი უფრო უარესია. აზარტული ჟინითა და ქარაფშუტული მოქმედებებით კინაღამ საქართველო წავაგეთ. საერთოდაც უნდა გამოვიდეს კანონი არა მარტო კაზინოების, რესტორნების შესახებაც, რომ ეკლესია-მონასტრების გვერდით არ მისცენ ფუნქციონირების უფლება. საჭიროა, მანძილი იქნეს დაცული, თორემ ანჩისხატის უძველესი ტაძარი და სხვა წმინდა ადგილები რესტორნების, მემრუშეობისა და მემთვრალეობის შემოტევებს ვეღარ უძლებენ».

ასმათ ჯაღმაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here