Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო თორია: კოალიციამ სამეგრელოში საკმარისად არ იმუშავა

სოსო თორია: კოალიციამ სამეგრელოში საკმარისად არ იმუშავა

1029

«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი, დევნილი კანონიერი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი ჩეჩნეთში _ სოსო თორია.

_ ბატონო სოსო, მართალია, ხელისუფლება შეიცვალა და ახლა ამას, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ წლების მანძილზე ითვლებოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე რეალურ დასაყრდენს სამეგრელოს რეგიონი წარმოადგენდა. რამდენად შეესაბამებოდა ეს მოსაზრება სინამდვილეს და რით იყო განპირობებული ასეთი განწყობა?

_ საერთოდ, მეგრელებს ეშმაკი ხალხის იარლიყი გვაქვს მოკერებული, მაგრამ სინამდვილეში მეგრელზე უფრო მიამიტი და მიმნდობი დედამიწაზე არავინაა. მიუხედავად იმისა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში რა სიძნელეები და გაჭირვება გამოვიარეთ, დაუკვირდით მეგრულ სიმღერებს _ ცრემლის,  ტირილისა და მოთქმის გარდა მასში არაფერია. იმის თქმა მინდა, რომ, მიუხედავად იმ ძნელბედობისა, მეგრელს ბოროტება არ ჩაუდვია გულში. ახლა ამას რატომ ვამბობ: სამეგრელო რომ სააკაშვილის მომხრე გამხდარიყო, ამისთვის სანდრას ერთი სიმღერა აღმოჩნდა საკმარისი.

_ 22 სექტემბერს ზუგდიდში «ქართული ოცნების» აქციაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მაგრამ მეორე დღეს, როცა «ნაცმოძრაობამ» იმავე მოედანზე არანაკლებ ხალხმრავალი მიტინგი გამართა, დადიოდა ხმები, რომ იგივე ხალხი უკრავდა ტაშს სააკაშვილსაც. რამდენად მართალია ეს და რას ნიშნავს ამომრჩევლის მხრიდან ამგვარი საქციელი?

_ მართალია, უმეტესობა, ვინც «ნაციონალური მოძრაობის» შეკრებაზე მივიდა, წინა დღეს კოალიციის დროშებს აფრიალებდა, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. საქმეც ისაა, რომ დასწრება და თვალყურის დევნება არ ნიშნავს მხარდაჭერას. მეც ვესწრებოდი ზუგდიდში სააკაშვილის გამოსვლას, სხვათა შორის იმ დღესვე ვუთხარი ბიჭებს, ვინც აქ დგას, ამათგან მარტო ერთი მეოთხედი მისცემს ხელისუფლებას ხმას-მეთქი და ასეც მოხდა. ეს იგრძნობოდა განწყობაშიც და ხალხის ქცევაშიც, არ იყო ის მუხტი და ჟრიამული ადამიანებში, რაც, ვთქვათ, ივანიშვილის აქციაზე აშკარად ჩანდა…

_ მაშინ რით შეგიძლიათ ახსნათ ის ფაქტი, რომ «ნაცმოძრაობამ» სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში მოიგო?

_ გეტყვით, ერთადერთი რამით შეიძლება ამის ახსნა და ეს უნდა ვაღიაროთ: კოალიციამ საკმარისად არ იმუშავა სამეგრელოში და, სამწუხაროდ, არც ის სპეციფიკა იქნა გათვალისწინებული, რომელიც ამ რეგიონს ახასიათებს. კოალიციას რომ კანდიდატები სწორად შეერჩია, სამეგრელოს არც ერთ რაიონში არ წააგებდა არჩევნებს, იქ ისეთი განწყობა იყო, მაგრამ წამოაყენეს ისეთი ადამიანები, რომლებიც ხალხისთვის იყვნენ გამაღიზიანებელნი. ბუნებრივია, მარტო ამით ვერ ავხსნით ყველაფერს, მაგრამ ვიმეორებ, დიდწილად სწორედ ამან განაპირობა კოალიციის წარუმატებლობა სამეგრელოში. იმედია, ეს საკმარისი გაკვეთილი იყო ივანიშვილის გუნდისთვის და ამიერიდან სხვა მიდგომებს გამოიყენებენ რეგიონებთან მიმართებაში…

_ გამაღიზიანებელ კანდიდატებში კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

_ არ მინდა დავკონკრეტდე, მაგრამ ხალხმა, განსაკუთრებით კი სამეგრელოს მოსახლეობამ, კარგად იცის, ვისაც ვგულისხმობ.

_ თავის დროზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, თანამებრძოლი იყავით და ომიც გამოიარეთ. 1992-1993 წლებში, როცა ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, არმია არ ჰყავდა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მტერს წინააღმდეგობა გავუწიეთ. 2008 წელს კი ჯარი, რომლის მომზადებაშიც მილიარდები დაიხარჯა, სრულიად უუნარო აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?

_ საერთოდ, ქართველში მებრძოლი სული ყოველთვის იყო. არავინ თქვას, რომ ჩვენ მეომარი ერი არ ვართ, მაგრამ ბრძოლა რომ შეძლო, გარკვეული პირობებია საჭირო. ჯარი, უწინარესად, სტრატეგიაა და მართვა, ხელმძღვანელობა და არა ცალკეული ჯარისკაცი. თუ გენერალიტეტმა არ იმუშავა, მეომრებს ვერაფერს მოსთხოვ. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: 2008 წელს, როცა ომი დაიწყო, მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, ცხინვალი აიღეს, რას ფიქრობო. შევხედე ტელევიზორს და, რომ დავინახე, როგორ შედიოდნენ ესენი ქალაქში, როგორ მიმდინარეობდა გადაადგილებები და სროლები, მაშინვე ვთქვი: ორ საათში ამათ გამოყრიან უკან-მეთქი… ქალაქის პირობებში ომი ასე არ წარმოებს. ამათ ვერც ერთი ეს ფაქტორი ვერ გაითვალისწინეს და იყო კიდევ რამდენიმე უხეში შეცდომა, რამაც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა ყველაფერი; მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ცოტა არ იყოს უხერხულია. მოვა დრო და ამას, ალბათ, ექსპერტები შეაფასებენ, ისე, როგორც საჭიროა და სამართლიანობა მოითხოვს.

ჩვენმა მეომრებმა არნახული გმირობის მაგალითები აჩვენეს ამ ომის დროს ცალკეულ მონაკვეთებზე, ისეთი გმირობის მაგალითები, რომლითაც ნებისმიერი არმია და ერი იამაყებდა. ასე რომ, ქართველებში მეომარი სული უკვდავია და ჩვენ გადაშენება არ გვიწერია.

_ ახალი ხელისუფლება ახალი სამხედრო დოქტრინის შემუშავებას აპირებს და სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახლა ყალიბდება, სავარაუდოდ, ახლო მომავალში სტრატეგიის მოდელზე იმსჯელებს. თქვენი აზრით, რა ტიპის სტრატეგიაა ჩვენისთანა ქვეყნისთვის ოპტიმალური?

_ უამრავი მეთოდი არსებობს არმიის მოწყობის. მაგალითად, შვეიცარიული მოდელი, მუნიციპალური მოწყობა. ეს ისეთი სისტემაა, რომელიც იძლევა საშუალებას, წინააღმდეგობის კერები გაშალო მთელი ქვეყნის მასშტაბით. როცა შეიარაღებული ძალები ამ პრინციპითაა მომზადებული, ვთქვათ სიტყვაზე, მუხრანისოდენა სოფელს შეუძლია, ერთი სატანკო დივიზია მოსპოს წუთების განმავლობაში. ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოში სწორედ ასეთი სისტემა იყოს, მაგრამ რა და როგორ იქნება, ეს უკვე ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ამ საკითხს ბევრად უფრო სერიოზულად მიუდგება და გაუკეთებს საფუძვლიან ანალიზს იმას, რაც ბოლო წლების მანძილზე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ბატონო სოსო! აბსოლუტურად გეთანხმებით.სამწუხაროდ ამჟერადაც კოალიცია სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდში შეცდომებს კადრების შერჩევაშიც უშვებს.ისეთმა ადამიანებმა წამოყვეს თავი,მათი შემხედვარე ბოლო იმედიც შეიძლება გაგიქრეს.ორი და სამი ადამიანი წყვეტს კადრების საკითხს…სამწუხაროდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here