Home რუბრიკები საზოგადოება ვახტანგ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის მიერ 2004 წელს სოფელ ეცერში ჩატარებული ოპერაცია იყო...

ვახტანგ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის მიერ 2004 წელს სოფელ ეცერში ჩატარებული ოპერაცია იყო სისხლიანი, მძიმე დანაშაულებრივი ქმედება!

1113

_ თუ შენ იმის იმედით მოხვედი, რომ მე ჩემს ფრონტულ თავგადასავლებს მოგიყვები, მაშინ სალაპარაკო არაფერი გვაქვს! შეგიძლია წახვიდე, ოღონდ, წასვლამდე ღვინო გამისინჯე, _ მოჩვენებითი სიმკაცრით  «მაფრთხილებს» დიდი სამამულო ომისა და შინაგან საქმეთა ორგანოების ვეტერანი, გადამდგარი პოლკოვნიკი ვახტანგ ჯაფარიძე.

ამ ადამიანის ხმის ტემბრი და იერი მეტყველებს მის ურყევ ნებისყოფაზე. ბატონ ვახტანგს ჩემს ჭკუაზე ნამდვილად ვერ ვატარებ და მომიწევს, თადარიგში «ჩაწყობილი» ჟურნალისტური ხრიკები გადავდო! რას ვიზამ, მის დაკრულზე ცეკვა მომიწევს!

_ მე, ბაბუ, ასე ვფიქრობ: წარსულს პატივი უნდა სცე, აწმყო დააფასო და მომავალზე იფიქრო. ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს სამშობლოს «ნაცმოძრაობის» სახით ასეთი უბედურება თუ დაატყდებოდა თავს!

აქ მოვლენებს გავუსწრებ და ვიტყვი, თითქმის ორსაათიანი საუბრის მანძილზე ბატონ ვახტანგს არ წამოსცდენია ფრაზა: «ამ ქვეყანაში»; მხოლოდ «ჩვენს ქვეყანაში», «ჩვენს სამშობლოში», «ჩვენს სახელმწიფოში» ამბობდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, საქართველო მისი სულის ნაწილია და არა სასტუმროს ნომერი!..

ვახტანგ ჯაფარიძე 1921 წელს, ღვთისმშობლობას _ 21 სექტემბერს დაიბადა რაჭის ულამაზეს სოფელ შარდომეთში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, 1942 წლის 21 იანვარს ჯერ კიდევ სტუდენტი ფრონტზე გაიწვიეს. იყო მზვერავი. ქალაქ ველიკიე ლუკისთან გაჩაღებულ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. ექიმებმა ფეხის ამპუტაცია მოითხოვეს, მაგრამ ურჩი პაციენტის უარი მტკიცე და შეუვალი აღმოჩნდა.

«ჯიუტმა ბიჭმა» ფეხი შეინარჩუნა, თუმცა მეორე ჯგუფის ინვალიდად დაუბრუნდა სამშობლოს. აქაც იჩინა თავი ვახუშტის მტკიცე ხასიათმა. ის ბედს არ შეურიგდა, ჯანმრთელობაც აღიდგინა, იურიდიული ფაკულტეტიც დაამთავრა და 1949 წლიდან დაიწყო მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. სხვადასხვა დროს იყო ოზურგეთის, ქუთაისისა და ზესტაფონის რაიონების მილიციის უფროსი. ის ხიფათს არასოდეს მორიდებია _ უიარაღოც დაპირისპირებია ბანდიტებს. თავის მუშაობაში ბატონმა ვახტანგმა მრავალი ნოვაცია დანერგა, რომელთაც, პროფილაქტიკური თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და საკავშირო შსს-ს მოწონება დაიმსახურა _ დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით, ასევე უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, რაც ძალზე იშვიათად ერგებოდა მილიციის თანამშრომლებს.

1974 წელს გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გახსნილ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ მათ აღწერას, ვშიშობ, ერთი სქელტანიანი წიგნიც კი არ ეყოფა! განსაკუთრებით აღსანიშნავია ვახტანგ ჯაფარიძის მიერ ისეთი საქმეების ოპერატიული გახსნა, როგორებიც იყო მინდიაშვილების, დევაძის, კაკაბეთის და სხვა იმ დროისთვის საკმაოდ გახმაურებული დანაშაულებები! მაგრამ სვანეთში, სოფელ ეცერში ჩატარებული ოპერაცია, რომელიც ყველა პროგნოზის მიუხედავად, უსისხლოდ ჩატარდა, დღემდე ნამდვილ პროფესიონალთა წრეში მიიჩნევა ოპერატიული საქმიანობის უმაღლეს მიღწევად!

_ ბატონო ვახტანგ, თქვენ არ მოისურვეთ საუბარი დიდი სამამულო ომის იმ ეპიზოდებზე, რომლებშიც მონაწილეობდით, რადგან თვლით, რომ დღევანდელობა უფრო გაწუხებთ და სათქმელიც ბევრი გაქვთ. გამოსავალი არ დამიტოვეთ! კეთილი, ვისაუბროთ დღევანდელ პოლიციაზე, რომლითაც ასე ამაყობენ «ნაციონალები».

_ საქართველოში დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლა «ნაციონალებიდან» არ დაწყებულა და არც «ნაციონალებით» დასრულდება. ამას თამამად ვიტყვი, ჩვენი ვალია, პატივი ვცეთ წინა თაობას, დავაფასოთ მათი თავდადებული, პატიოსანი შრომა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების პერიოდში უხდებოდათ მუშაობა თუ მათ შემდეგ. «ნაციონალებს» სურდათ, წინა თაობა გამოეყვანათ კორუმპირებულად, არაპროფესიონალებად და უსაქმურებადაც კი! ეს ხომ მტკნარი სიცრუეა! არათუ ჩემი თაობა, მომავალი თაობაც პატივისცემით მოიგონებს აწ გარდაცვლილებს: ოთარ ქავთარაძეს, ვარლამ შადურს, ნიკოლოზ ჯანჯღავას, ვალერიან თალაკვაძეს, ხუტა გაგუას, ვასო ჩალაძეს, ვახტანგ ოდიშვილს, ლეგენდარულ პიროვნებას _ გრიგოლ შალამბერიძესა და მათ წინამორბედებს! ვის შეუძლია დაივიწყოს და პატივი არ სცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელს _ გურამ გვეტაძეს, მის მოადგილეს _ სანდრო კავსაძეს, რომელიც ამჟამად ბერადაა აღკვეცილი, შოთა გორგოძეს, გივი ლობჟანიძეს, ჯიმი მიქელაძეს, დემურ მიქაძეს, ნუგზარ ქავთარაძეს, გოგი ხაზარაძეს, ზურაბ მაჩაიძეს, ბიჭიკო გაბუნიას და მრავალ სხვას შემდგომი თაობიდან! გყავდეს ასეთი პროფესიონალები და ერთხელ მაინც არ გამოთქვა მათთან შეხვედრის სურვილი, წარმოუდგენელია! ფაქტია, მსგავსი სურვილი არ გასჩენია არც მერაბიშვილს და არც ახალაიას.

_ ზოგიერთმა მკითხველმა შეიძლება თქვას _ რა საჭიროა ვეტერანებთან შეხვედრა, აგერ, მათი დახმარების გარეშე, ვანო მერაბიშვილმა ისეთი პოლიცია ჩამოაყალიბა, რომ მისი გამოცდილების შესასწავლად ევროპის მოწინავე ქვეყნებიდანაც ჩამოდიანო, განსაკუთრებით კი, .. პენიტენციალური სისტემის შესასწავლად.

_ ვეტერანებთან შეხვედრები, მათი გამოცდილების გაზიარება, არქივებიდან სენსაციური საქმეების ამოღება, რომლებიც წინა თაობამ განახორციელა მკვლელობებისა და ჩახოცვების გარეშე, და ამ საქმეების გაცნობა, ვფიქრობ, კარგ შედეგს გამოიღებდა დღევანდელი პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებაში. მაგრამ რომელ კვალიფიკაციაზეა საუბარი, როდესაც გამჭვირვალე შენობის ერთ ოთახში 20-25 გოგონა ზის, 20-დან 25 წლამდე ასაკისა, და, მე რომ მათ საუბარს შემთხვევით მოვუსმინე, გაოგნებული დავრჩი! ერთხელ მერაბიშვილმა ბავშვები მიიყვანა პოლიციის ახალ შენობაში და ტელევიზიით ამგვარი სიბრიყვე განაცხადა: პოლიციამ მომავალში ბავშვები უნდა გაართოსო. თქვა და მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე საშინელი მკვლელობა მოხდა!..

უფრო მეტიც, დიდი პროპაგანდა იყო იმისა, რომ დანაშაულები შემცირდაო. მართლაც, დანაშაულის ზოგიერთი კატეგორია შემცირდა, მაგრამ აქ გაუგებარი რამ ხდება. წესით და რიგით, დანაშაულის შემცირების პარალელურად უნდა მცირდებოდეს პატიმართა რაოდენობაც; ხოლო, თუ პატიმართა რაოდენობა გაზრდილია, მაშინ დანაშაულბათა შემცირებაზე ხალხს ვატყუებთ?! ამჟამად, პატიმართა რაოდენობა 40 ათასზე მეტია, პრობაციონერთა კი _ 300 ათასს აღწევს!

_ თუმცა, ბატონო ვახტანგ, პატრულის შექმნა მიღწევა იყო!

_ რა თქმა უნდა, მაგრამ თანდათანობით მოხდა ამ სამსახურის დეგრადირება. იგი დანაშაულის არა პროფილაქტიკად, არამედ თავისებურ ბიზნესად იქცა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონობით შემოსავალი უნდა შემოეტანა. აქ კიდევ საკითხავია, მართლა ბიუჯეტს ხმარდებოდა ეს თანხები?!

_ სამაგიეროდ, კანონიერი ქურდები აღარ გვყავს!

_ ქუთაისი საქართველოს მეორე ქალაქია. ჰოდა, 1960-65 წლებში იქ ვმუშაობდი სისხლის სამართლის განყოფილების უფროსად. თამამად ვაცხადებ, იმ პერიოდში ქუთაისში ე. წ. კანონიერი ქურდები არ იყვნენ.

ბატონ ვახტანგისთვის ყველაზე მტკივნეული თემაა მკვლელობები ოპერაციების ჩატარების დროს.

_ მე მიკვირს, სპეცრაზმი ასე რამ გააბოროტა! ნუთუ ამ სპეცრაზმელებს ოჯახები არ ჰყავთ? ჩაფხუტი რომ გაქვს სახეზე ჩამოფარებული, განა უფალი ვერ გხედავს?! ეს ხომ შენს შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს მოეკითხებათ!

მაგრამ ყველაზე ამაზრზენი რამ მოხდა სვანეთში, სოფელ ეცერში 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. უნდა გითხრა, რომ ეს ოპერაცია დამნაშავის აყვანა კი არ იყო, არამედ სისხლიანი, მძიმე დანაშაულებრივი ქმედება, რაც მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ჩაიდინა! იმის მიუხედავად, რომ ოჯახის უფროსი ევგენი აფრასიძე ხელებაწეული გამოვიდა კიბეზე, დაცხრილეს; როდესაც ის შვილებმა სახლში შეათრიეს, სპეცრაზმელები შეცვივდნენ შიგ და გოჩასა და ომეხს ბორკილები დაადეს, შემდეგ შარაგზაზე გაიყვანეს და დახვრიტეს!.. უნდა აღვნიშნო, რომ იმ საშინელ, დაუნდობელ ომშიც კი, ბორკილდადებული ადამიანი არავის დაუხვრეტია არც ფაშისტებს და, მითუმეტეს, არც ჩვენ! მეტსაც გეტყვი, თუ გერმანელ ტყვეს სასტიკად მოექცეოდი, საველე ტრიბუნალი არ აგცდებოდა! ეს სტალინის ბრძანება იყო, რომლის ძეგლი მის მშობლიურ გორში ამ ნაძირლებმა აიღეს!.. ომეხი დაიღუპა, გოჩა კი გადარჩა. მერე, ამ ჩაფხუტიანმა მხეცებმა სახლს ცეცხლი წაუკიდეს და დაჭრილი ევგენი აფრასიძე ცოცხლად დაწვეს! ამაზე მეტი ვანდალიზმი გაგიგონიათ სადმე?!

როდესაც გიორგი ბარამიძემ ჰაერიდან და ხმელეთიდან იერიში მიიტანა ევგენი აფრასიძის სახლზე, ევგენის უფროსი ვაჟიშვილი _ შმაგი სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მეორე სახლში. რომ ტყვიები წვიმაც წამოვიდა, შმაგიმ შვილები საწოლქვეშ შეყარა და თვითონ ზემოდან გადაეფარა. ასეთ მდგომარეობაში იყვნენ «ოპერაციის» დამთავრებამდე. შმაგის ხელოვნურად შეუქმნეს მასალები, თითქოს, ის საზენიტო არტილერიით უწევდა წინააღმდეგობას სპეცრაზმს და ქუთაისის სასამართლომ მას 18 წელი მიუსაჯა. ვეკითხები ბარამიძეს და ყველას: თუ საზენიტო არტილერია ჰქონდათ აფრასიძეებს და იყენებდნენ, სად გაქრა, რატომ არ ამოიღეს და არ დაურთეს საქმეს, როგორც ნივთმტკიცება? მართალია, სააკაშვილმა განაცხადა ტელევიზიით, რომ მე გავეცი განკარგულება აფრასიძეების ჩახოცვაზეო, მაგრამ ეს «აღიარება» ბარამიძეს არ ამართლებს, რადგან ის კანონით ვალდებული იყო, არ დამორჩილებოდა დანაშაულებრივ ბრძანებას! ბოლოს და ბოლოს, გადამდგარიყო!

1980 წელს, 16 წლის ძებნის შემდეგ, ვახტანგ ჯაფარიძემ გაიკეთა გრიმი, პარიკი, წაიღო ცემენტი სოფელ ეცერში და დაიწყო ვაჭრობა. გაიცნო ევგენი, მოიპოვა მისი ნდობა და ათკაციანი ოპერჯგუფით ისე აიყვანა, რომ ევგენი აფრასიძეს თითიც არ გაკაწვრია.

_ ბაბუ, ამნაირი 48 ოპერაცია პირადად ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდა, და იმით ვამაყობ, რომ აყვანისას არც ერთ ბოროტმოქმედს თმის ღერიც არ ჩამოვარდნია. იცი, რატომ? იმიტომ, რომ სამძებროში დიდებული მასწავლებლები მყავდა, რომლებიც თავის უმდიდრეს გამოცდილებას მიზიარებდნენ. ამიტომ, მე მივმართავ ახალ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თხოვნით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნას მუზეუმი, მოიწვიონ იქ მაღალკვალიფიციური მქონე პირები და შეისწავლონ როგორც წარსული, ისე აწმყო. დარწმუნებული ვარ, ბატონი ირაკლი ამ მოსაზრებას მხარს დაუჭერს!

1983 წელს 63 წლის ასაკში პენსიაზე გავედი. იმ პერიოდში, თამამად ვამბობ, ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება და პიროვნების დაკავება ფიქრადაც არავის მოუვიდოდა.

ვეკითხები მერაბიშვილსა და ახალაიას: რა შეიძლება იმაზე დიდი დანაშაული იყოს, ვიდრე ის, რომ პიროვნებას, რომელსაც არაფერი ჩაუდენია, ხელოვნურად უქმნი დანაშაულს, რათა სასამართლომ სასჯელი შეუფარდოს?! ეს ხომ არაკაცობაა! ამ ბოროტებამ თქვენი მმართველობის ბოლო პერიოდში საყოველთაო ხასიათი მიიღო!..

დღეს ზესტაფონის საპატიო მოქალაქე, მრავალი საბრძოლო ორდენის კავალერი ვახტანგ ჯაფარიძე ძველი თბილისის რაიონის ვეტერანთა კავშირს თავკაცობს. 2005 და 2007 წლებში ორჯერ დააჯილდოეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.

_ თბილისში ამჟამად დიდი სამამულო ომის მონაწილე მხოლოდ 1400  ვეტერანიღაა ცოცხალი, რომელთაც ყველა შეღავათი მოუხსნა ნაცმთავრობამ; მათ შორის ორასი მარტოხელაა და მწოლიარე ავადმყოფი. ვინ უნდა გაუწიოს დახმარება ამ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, თუ არა ქალაქის მერიამ და მილიონერმა ბიზნესმენებმა?!

რაც შეეხება გიგი უგულავას, გეტყვი, რომ ჩემს თავს ვერ ვპატიობ, მას ხმა რომ მივეცი! მომავალში თუ კიდევ მომეცემა ასეთი შესაძლებლობა, მე კი არა, მთლიანად ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს ჩავუტარებ აგიტაციას, რომ მას ხმა არ მისცენ!

_ რატომ, ბატონო ვახტანგ?

_ მართალია, ქალაქი ლამაზდება, მაგრამ ამას სხვა მიზანი აქვს, რაც თავად უგულავამ კარგად იცის. ადამიანებზე როგორ ზრუნავს ბატონი მერი, ამის  დანახვა თბილისის ყველა კუთხეში შეიძლება. ავტობუსები, გადასასვლელები, მეტროს ვაგონები, ჩვენდა სამწუხაროდ, სავსეა მათხოვრებით. მოხუცი, ახალგაზრდა, ქალი, კაცი, ინვალიდი თუ ჯანმრთელი მათხოვრადაა გადაქცეული! მათხოვრობა ჩრდილს არ აყენებს უგულავას მიერ გამშვენიერებულ ქალაქს? ვეკითხები უგულავას: რამ მიიყვანა ხალხი ამ ზომამდე?!

იმ დროს, როცა ავადსახსენებელი კომუნისტები ბატონობდნენ, ცეკას მდივნიდან დაწყებული, ყველა უწყების ხელმძვანელს მოქალაქეთა მიღება ჰქონდა დაწესებული ყოველგვარი განცხადების გარეშე. მაგალითად, კომუნისტების ლიდერი, რესპუბლიკის ხელმძღვანელი ვასილ მჟავანაძე თავისუფლად დადიოდა ხალხში როგორც რუსთაველზე, ისე კურორტ საირმეში. ამიტომაც მას დღესაც იგონებენ დიდი სიყვარულით! უგულავას კი მერიაში დაცვა ჰყავს დაყენებული, მიღების საათები არა აქვს! როგორ მართავს ქალაქს, თუ საქმის კურსში არაა, რით ცხოვრობს უბრალო მოქალაქე?! დანამდვილებით ვიცი, რომ მერი განცხადებებსაც არ კითხულობს! რამდენიმეჯერ პირადად მივმართე განცხადებით, რომ მიეღო ვეტერანები; 2007 წელს სააკაშვილმა უგულავას ასეთი მითითება მისცა, სიტყვასიტყვით გაგიმეორებ: სისტემატურად შეხვდი ომის ვეტერანებს და რეაგირების გარეშე არ დატოვო მათი წინადადებებიო!

_ რაო მერე მერმა? როგორ რეაგირებს?

_ დაპირება! დაპირება! დაპირება! თუმცა ახლა გავიგე, რატომ ვერ გამოძებნა ჩვენთვის დრო, თურმე ორგიების მოწყობით ყოფილა დაკავებული. დიდად «საპატიო მიზეზი» ჰქონია კაცს!

_ ბიზნესმენები თუ ეხმარებიან ვეტერანებს?

_ ბიზნესმენებსაც კი კოჭებში ეტყობათ, რა გზით აქვთ მოპოვებული ქონება! ვინც პატიოსნად იშოვა ფული, ის უთუოდ ქველმოქმედია და ამ კეთილშობილ საქმეს არც კი ახმაურებს! ჩემს გაკვირვებას იწვევს ის, რომ, როდესაც ზოგიერთი მდიდრდება, მილიონერი ხდება, ქველმოქმედების ნაცვლად  ამპარტავნება იპყრობს, ხოლო დახმარების მაგივრად უმძიმეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ზემოდან ამაყად დასცქერის, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა _ ქალამნად!..

ჩვენმა ორგანიზაციამ მწოლიარე ვეტერანების ერთდროული დახმარებისთვის 2010 წელს მიმართა ნავთობკომპანია «ვისოლის» თავკაც სოსო ფხაკაძეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის გულთან მიიტანდა ომის ვეტერანების  გაჭირვებას და შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმარებოდა. მისგან პასუხს ვერ ვეღირსეთ… ერთი წლის შემდეგ «იმედმა» გადასცა სიუჟეტი, რომელშიც «ვისოლის» ხელმძღვანელს ხოტბას ასხამდნენ. ვინც ეს სიუჟეტი მოამზადა და ეთერში გაუშვა, ნუთუ არ გაეცნო მანამდე პრესაში გახმაურებულ ფაქტებს, რომლებიც მეტყველებდნენ, რომ ეს კომპანია ყოველ ლიტრ ბენზინში მომხმარებელს 50 თეთრით ატყუებს, ანუ ყოველთვიურად საქართველოს მოსახლეობას ჯიბიდან უკანონოდ 30 მილიონ ლარს აცლის?!

ვეკითხები სიუჟეტის ავტორებს: ფხაკაძე დიდი ბიზნესმენია თუ თაღლითი?!

კიდევ დიდხანს ვისაუბრე ბატონ ვახტანგთან, ბევრი მომიყვა თანამშრომლების გმირობაზე, თავგანწირვაზე და უნებლიეთ მიდიხარ დასკვნამდე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ისტორია სისხლითაა დაწერილი. ესაა ისტორია სულითა და ხორცით ძლიერი ადამიანებისა, რომელთა შორის ვახტანგ ჯაფარიძეს, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ უმაღლესი დონის პროფესიონალს და ლეგენდარულ პიროვნებას, თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ეჰ, ბატონი ვახტანგი ერთი დიდებული ქართველის სახლ-მუზეუმსაც დაპირდა დახმარებას, მაგრამ მერე "მოუცლელობამ" ძალიან შეუშალა ხელი! არადა რა ენთუზიაზმით იყო ის დაპირება მოცემული!… სამწუხაროდ, კულტურად დღეს მხოლოდ "შოუ"-ებად მოიაზრებენ და მუზეუმები, მით უმეტეს მემორიალური მუზეუმები ნაკლებად, ან სულაც არ აინტერესებთ! არ თვლიან მომგებიან ბიზნესად! არადა ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა და ხვალინდელი დღეც ჩვენი დიდი წინაპრების გაკეთებულზე დგას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here