Home რუბრიკები საზოგადოება სიცრუის იმპერიის ლაქიები

სიცრუის იმპერიის ლაქიები

711

ჟურნალ «ფორბსის» ჟურნალისტი მარკ ადომანისი  Foreign Policy ერთ ფრიად საინტერესო სტატიას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში დასავლური ექსპერტების მუშაობის შეფასებას ეხება. ადომანისი გაოცებას ვერ ფარავს _ დასავლური ექსპერტები ვალდებულნი იყვნენ, დაწვრილებით მოეთხროთ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, მათ კი ორი მთავარი რამ ვითომ და ვერ შენიშნეს: ის, რომ საქართველო ჭეშმარიტად ღარიბი ქვეყანაა, და უმუშევრობის დონე ძალზე მაღალია.

მარკ ადომანისი წერს: «საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მე ვიცოდი, რომ, სააკაშვილის შესანიშნავი შედეგების მიუხედავად, ქვეყანა ძალიან ღარიბია. ქვეყნის კეთილდღეობის გასარკვევად საჭიროა სულ ცოტა რამ – ცნობისმოყვარეობა და ინტერნეტის ცოდნა. მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე მთელი საჭირო ინფორმაცია მოვნახე და დასკვნებიც გამოვიტანე. რუსეთი ყველანაირი გამოთვლით ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ სამჯერ მდიდარია საქართველოზე. საქართველოში პენსია დაბალია, სამუშაო კი _ ცოტა. მე იმის თქმა მინდოდა, რომ დეტალური ანალიზის გაკეთება და პოლიტიკური რეცეპტების დაწერა მაშინ უნდა გაბედო, როდესაც ქვეყანაში გამეფებული ეკონომიკური მდგომარეობის ობიექტურად შეფასებას შეძლებთ».

მართლაც, ბოლო ათ წელს თუ გადავხედავთ, ამერიკის პრეზიდენტით დაწყებული, საერთაშორისო ინსტიტუტებით დამთავრებული საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბრობენ. არადა, ნებისმიერ რეიტინგში დაწინაურება მყარი ინდიკატორების მეშვეობით, ხოლო სტატისტიკის გამოთვლა კი სწორი მეთოდოლოგიით რომ უნდა ხდებოდეს, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. საქართველოში ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს საქსტატი აქვეყნებს, მისი მონაცემებით კი, უმუშევრობის დონე 2010 წელთან შედარებით 16,3 პროცენტიდან 15,1%-მდე შემცირდა. ექსპერტების აზრით, სიღარიბესთან, საარსებო მინიმუმთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომელთაც სტატისტიკის დეპარტამენტი არ ითვალისწინებს.

ირაკლი ლექვინაძე, «ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის» დირექტორი:

«უმუშევრობასთან დაკავშირებით გვაქვს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები. საკამათოა მეთოდოლოგია, რომლითაც საქსტატი ადამიანებს დასაქმებულად მიიჩნევს. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც აქვს ერთი ჰექტარი მიწა და არაფერს აკეთებს, დასაქმებულად არ უნდა ითვლებოდეს. ამას გარდა, საქსტატის მეთოდოლოგიაში არის ბევრი გადასახედი საკითხი, რის შემდეგაც უმუშევრობის მაჩვენებელი აღმოჩნდება უფრო მეტი, ვიდრე 16%-ია. საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობა რეგიონებში უფრო დაბალია, ვიდრე თბილისში, მაგრამ რეგიონებში დასაქმებულად ითვლებიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ერთი ჰექტარი მიწა აქვთ. რეალურად სხვა სურათი გვაქვს. თბილისი ეკონომიკურად უფრო აქტიურია, უფრო მეტი დასაქმებული ადამიანია, ვიდრე რეგიონებში. ეს ცდომილება საქსტატს გამოსწორებული არ აქვს. მთლიანობაში აქ შესაცვლელია კვლევის მეთოდი, მიდგომა და ასევე მნიშვნელოვანია ბაზების ფორმირება, რომელიც ოფიციალურად ასახავს ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ სამსახური. გასამახვილებელია ყურადღება უმუშევრობის ფორმაზე. უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამსახური, ასევე დასაქმებული ადამიანი, რომელიც ეძებს უკეთეს სამსახურს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენად ითვალისწინებს სტატისტიკა ასეთი ტიპის უმუშევრობას. საქართველოში უმუშევრობის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა. სამუშაო ადგილს არ ქმნის სახელმწიფო, ქმნის ბიზნესი, ამიტომ სახელმწიფომ ბიზნესს უნდა შეუქმნას პირობები: შეუმციროს გადასახადები, უზრუნველყოს სამართლებრივი გარემო, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით არ შუწყოს ხელი მონოპოლიებს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრებში ყველაზე კრიტიკული ასაკი 35-დან 50 წლამდე ადამიანებშია. ეს ადამიანები საბჭოთა პერიოდის შემდეგ დარჩნენ უმუშევრები. მორალურად მათი უნარ-ჩევები მოძველდა. თანამედროვე სამუშაო პირობების შესაბამისად, წინა პლანზე წამოვიდა ახალი პროფესიები, როგორიცაა პროგრამისტი, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, პიარსპეციალისტები და სხვ. ბიზნესს სჭირდება კვალიფიციური კადრები, მაგრამ ასეთი ადამიანები ჩვენ არ გვყავს. ამიტომ საჭიროა გადამზადება სხვადასხვა პროფესიის მიხედვით, რაც სახელმწიფის ჩარევით უნდა განხორციელდეს».

საარსებო მინიმუმი 2012 წლის იანვრიდან პერმანენტულად მცირდებოდა. საშუალო შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2012 წლის იანვარში 157,2 ლარს შეადგენდა, აგვისტოში კი ამ მაჩვენებელმა 145,5 ლარამდე დაიკლო. მატება სექტემბრის თვეში აღინიშნა და საშუალო შრომისუნარიანი მამაკაცისთვის განსაზღვრულმა საარსებო მინიმუმმა 149 ლარი შეადგინა.

ირაკლი ლექვინაძე: «საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ითვლებიან ადამიანები, ვისაც საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი აქვთ. ჩვენ რომ ვნახოთ ოფიციალური სტატისტიკა და ამ მეთოდით დათვლილი სიღარიბე, გამოვა სადღაც 10%-ის ფარგლებში. რეალურად ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია, იმიტომ, რომ ეს არ არის ზუსტი საზომი. საარსებო მინიმუმი სწორად ვერ ზომავს  იმ თანხას, რომელიც რეალურად სჭირდება ადამიანს. ერთი ადამიანის საშუალო მოხმარება არსებული საარსებო მინიმუმით 132 ლარია. თვეში 132 ლარით როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა? ამიტომ სიღარიბის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ამ პროცესის რეალურ შეფასებას თუ გავაკეთებთ, დაახლოებით შეიძლება იყოს 40%-ის ფარგლებში. საარსებო მინიმუმში მინიმალურ დონეზეც კი თუ შევიტანთ ყველა საარსებო პროდუქტსა და სერვისს, რომელიც ადამიანს ცხოვრებისთვის სჭირდება, ეს რიცხვი საკმაოდ გაიზრდება. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონებში დასაქმების უფრო დაბალი მაჩვენებელია, რის გამოც უფრო მეტია სიღარიბე. ცენტრალურ ქალაქებში ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალია. ჩვენთან სიღარიბე მწავედ არ ჩანს, რადგან ემიგრანტები ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ფულს უგზავნიან.

სიღარიბის შემცირების ყველაზე ეფექტური გზა არის დასაქმების ზრდა. სხვანაირად ამ პრობლემის მოგვარება საქართველოში რთულია».

შევარდნაძის დროს პენსია 14 ლარს შეადგენდა. 2003 წლის შემდეგ კი ეტაპობრივად იზდებოდა. ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტში «ერთიანი საქართველო _ სიღარიბის გარეშე» არსებობდა განცხადება: «სოციალური დახმარების პაკეტი მიმართული იქნება ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის ღირსეული საარსებო გარემოს შესაქმნელად. ეტაპობრივად გაიზრდება სოციალური საპენსიო პაკეტის მოცულობა და ის 100 დოლარს მიაღწევს». ექსპერტები თავის დროზე ამ პროექტს უსაფუძვლოს უწოდებდნენ, პოლიტიკოსებმა კი დანაპირების შეუსრულებლობა გლობალური ეკონომიკური კრიზისითა და 2008 წლის რუსეთის აგრესიით ახსნეს.

მიმდინარე წლის სექტემბერში საპენსიო პაკეტმა 140 ლარი შეადგინა, საიდანაც 15 ლარი სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე ირიცხება. უშუალოდ ასაკის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის ოდენობა 2011 წლის 1 სექტემბრიდან შეადგენს 100 ლარს. შრომითი სტაჟის დანამატი 0-5 წლამდე _ 2, 15-დან 25-მდე _ 7, ხოლო 25 წლიდან ზევით 10 ლარს შეადგენს.

2007 წლამდე საქართველოში მოქმედებდა, სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ოჯახზე 22 ლარის ოდენობის შემწეობას 5 კატეგორიის ოჯახისთვის. დღესდღეობით პირი, რომელიც თავს სოციალურად დაუცველად თვლის, რეგისტრირდება მონაცემთა ერთიან ბაზაში. დახმარების დანიშვნის უფლებას მოიპოვებს ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 57000. ფულადი დახმარება ერთსულიანი ოჯახისთვის 30 ლარს, ორი და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ოჯახის უხუცეს წევრზე 30 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარს შეადგენს. ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის თქმით, პენსიონერები საშულო ინფლაციური მაჩვენებლის პირობებშიც კი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. სოციალურ პროგრამაში დასარეგისტრირებლად კი აქცენტი უფრო მყარ ინდიკატორებზე უნდა გაკეთდეს.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: «საქართველოში ძალიან დიდი განხვავებაა საშუალო ხელფასსა და საშუალო პენსიას შორის. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იმისა, რომ პენსიონერები შედარებით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან. ბოლო წლებში ცალსახად გამოიკვეთა, რომ პენსიონერები შემოსავლების მხრივ ყველაზე მარგინალურ, მაღალი რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობას წარმოადგენენ. დაბალი შემოსავლის გამო ორმაგად განიცდიან ფასების ზრდას. შემოსავალი ვერ სწვდება საარსებო მინიმუმს და საშუალო ინფლაციური მაჩვენებლის პირობებშიც კი პენსიონერთათვის ფასები უფრო მეტად მატულობს, ვიდრე დანარჩენი კატეგორიის მოსახლეობისთვის. ინფლაცია იმაში მდგომარეობს, რომ პენსიონერების მცირე შემოსავალი, ძირითადად, მიმართულია პირველადი კვების პროდუქტებისა და კომუნალური გადასახადების მომსახურებისთვის. მაღალი ტექნოლოგიების მოხმარებისთვის და მგზავრობისთვის სახსრები აღარ რჩებათ.

ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ფასები ყველაზე სწრაფად საკვებ პროდუქტებზე იზრდება. ეს უშუალოდ აისახება პენსიონერთა მდგომარეობაზე. თუ საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი პირობითად არის 90 პროცენტამდე, პენსიონერებისთვის ეს მაჩვენებელი არის, სულ ცოტა, 120-125 პროცენტი. მათ დაბალ შემოსავალს კიდევ უფრო მეტად ამცირებს შედარებით მაღალი ინფლაცია, ამიტომ მათი მდგომარეობა არის სერიოზულად დრამატული. პენსიონერების მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, რომ არა ჩვენი ცხოვრების წესი, მხედველობაში მაქვს ტრადიციული ოჯახი. შიდა მოხმარების ოჯახური გადანაწილების ხარჯზე ადგილი აქვს შრომისუნარიანი წევრების მიერ შრომისუუნარო წევრების მოვლა-პატრონობას, შენახვას.

სოციალური აგენტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და, როგორც ნებისმიერ ადამიანს, მათაც ახასიათებთ შეფასებაში გარკვეული ცდომილება. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს შედარებით მყარ ინდიკატორებზე, როგორიცაა მიმდინარე შემოსავლები და პენსია.»                                                                                                  

ანა ქევხიშვილი

ასმათ ჯაღმაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here