Home რუბრიკები საზოგადოება ნოდარ ხადური: რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ!

ნოდარ ხადური: რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ!

665

მას შემდეგ, რაც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ახალი ძალა გამოჩნდა, ბიზნესის წარმომადგენლები გადასახადების შემცირებისა და ფინანსური ამნისტიის მოლოდინში არიან. პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ონოფრიშვილმა, «ნეტ გაზეთთან» ინტერვიუში განაცხადა, რომ  გადასახადების შემცირება არ მოხდება. ამ განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია… საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გასავითარებლად ექსპერტები დაბალანსებულ საპროცენტო განაკვეთების არსებობას  და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას მიიჩნევენ.

საქართველოში საშემოსავლო გადასახადი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მცირეა, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. რუსეთში საშემოსავლო გადასახადი 13%-ს, ხოლო უკრაინაში 15%-ს შეადგენს. აღნიშნული გადასახადი თითქმის ყველგან დიფერენცირებულია.

შესაბამისად, გადასახადის პროცენტული მაჩვენებელი იმის მიხედვით დგინდება, თვეში ხელფასის სახით ვინ რამდენ შემოსავალს იღებს. განსხვავებული სიტუაციაა საქართველოსა და სომხეთში. ორივე ქვეყანაში დღემდე პროპორციული საშემოსავლო გადასახადის ფორმა მოქმედებს.

2008 წლის პირველი იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები: გაუქმდა 20%-იანი სოციალური გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი 12-დან 25%-მდე გაიზარდა. ამასთანავე, მთავრობას დაევალა, წარმოედგინა 5 წლის განმავლობაში სოციალური გადასახადის ეტაპობრივად შემცირების საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც 25%-იან განაკვეთს 15%-ამდე შეამცირებდა. საშემოსავლო გადასახადის ამგვარი ცვლილება მძიმე ტვირთად დააწვა თითოეულ დასაქმებულს.

მთავრობა ამტკიცებდა, რომ სოციალური გადასახადის გაუქმებითა და საშემოსავლო გადასახადის გაზრდით რამდენიმე პროცენტით შეამცირა საგადასახადო ტვირთი. 25%-იანი საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ წლის ბოლომდე დატოვებით და ზემოხსენებული 5-წლიანი საკანონმდებლო წინადადებების შემუშავების აუცილებლობით, ფაქტობრივად, აღიარა ახალი საშემოსავლო გადასახადის მაღალი საპროცენტო განაკვეთი. მაშინ ექსპერტები ამბობდნენ, რომ ცვლილებამ დამატებითი პრობლემები წარმოშვა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. დამსაქმებლები ვერ უზრუნველყოფენ ხელფასის მომატებას სასურველ რეალურ შემოსავლამდე და, ხელფასის ეტაპობრივად ზრდის მიუხედავად, მაინც არ იძლევა დიდ ეფექტს, რადგან გაზრდილ ხელფასს აკლდება გაზრდილი საპროცენტო თანხა. ეს თანხა ხელფასის 1/4 შეადგენს.  ცვლილებამ სიტუაცია სახელმწიფო სექტორში უფრო გაართულა. დაბალანაზღაურებადი საბიუჯეტო სექტორის წარმომადგენლები იხდიან ისედაც მიზერულ საარსებო მინიმუმს _ არსებული ხელფასის 25% პროცენტს.  ამ პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ მოსახლეობა ვერ იღებს არაპირდაპირი სახით მის მიერ გადახდილ თანხას და თავიდან უწევს დარჩენილი ხელფასით  საკუთარი და ოჯახის წევრების სოციალური სფეროების დაფინანსება  (განათლება, ჯანდაცვა). აქედან გამომდინარე, დასაქმებულთა უმრავლესობასაც კი არ აქვს საშუალება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება ან შეიძინოს სამედიცინო დაზღვევა, რაც სახელმწიფოს აყენებს ცალმხრივი მოსარგებლის როლში.  

მთავრობამ «საგადასახადო კოდექსში» შესატანი ცვლილებების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც არსებული საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 15%-მდე აღარ შემცირდება. მთავრობის ინიციატივით, 2013 წლიდან ახალი სისტემა ამოქმედდება. გადამხდელს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან საშუალება ექნება 18% ბიუჯეტში გადაიხადოს, ხოლო 2% ნებაყოფლობით, ინდივიდუალურ დაგროვებით ანგარიშზე დარიცხოს. კანონპროექტის მიხედვით, დაზოგილი თანხის მიღება მოქალაქეებს არაუმეტეს 15 წლის შემდეგ შეეძლებათ.

ნოდარ ჭიჭინაძე, «საქართველოს ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის» პრეზიდენტი:

«საშემოსავლო გადასახადიდან ამ სისტემით გამოქვითვას არ ვეთანხმები,   ნებისმიერი დაგროვება უნდა იყოს ნებაყოფლობითი. თავად პიროვნებამ უნდა გადაწყვიტოს, სად დააგროვოს _ საკუთარ ფონდში, საბანკო ანგარიშზე თუ სხვაგან. 2 პროცენტის ფონდში გადარიცხვა არის იძულების ფორმა, რაც დაუშვებლად მიმაჩნია. გადასახადების ცვლილების კუთხით, «საგადასახადო კოდექსში» კორექტივები შესატანი არაა. რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება არც იგეგმება. სხვა მიმართულებით არსებობს ინიციატივები. რამდენიმე მუხლი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომელიც  ბიზნესისა და საგადასახადო ორგანოს მხრიდან, შესაძლოა, სხვადასხვანაირად იქნეს შეფასებული. ამ მიმართულებით თუ მოხდება ცვლილება, რის შედეგადაც საგადასახადო კოდექსი მხარეებისთვის იქნება 100%-ით გაგებადი, ეს გაამარტივებს ბიზნესსაქმიანობას.

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მცირე და საშუალო მეწარმეებს არჩევანის საშუალებას დავუტოვებდი. არსებობს ბიზნესი, რომლისთვისაც ფიქსირებული გადასახადი უფრო მისაღებია და არსებობს ბიზნესი, რომელიც ბრუნვისა და შემოსავლის მიხედვით დაბეგვრას ამჯობინებს. უპრიანი იქნება, თუ დაბეგვრის ორ სისტემას შორის ბიზნესმენებს, საკუთარი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ. რომელი ფორმა უფრო მართებულია, ამ საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი. ძალიან ცნობილ ეკონომისტებს შორის არის დავა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე არაკომპეტენტურია. ჩემის აზრით, გადასახადი არ უნდა იყოს დიდი. შეიძლება დაბეგვრის ოდნავ დიდი განაკვეთის არსებობა, მაგრამ, რაც ხდება საფრანგეთში, ეს მიუღებელია. დღეს საფრანგეთში  მაღალშემოსავლიანი სპორტის სეგმენტი იბეგრება. არა მარტო სპორტის, ბიზნესის სფეროშიც  მაღალი საგადასახადო განაკვეთები ხელს უწყობს კაპიტალის სხვა ქვეყანაში გასვლას. საჭიროა დაბალანსებული მიდგომა პიროვნების შემოსავლებსა და დაბეგვრის  განაკვეთს შორის».

გიორგი აბაშაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:

«ძნელია იმის თქმა, ბიზნესგარემოსა და მოქალაქეთა ცხოვრების დონეზე რეალურად რამდენად აისახება რეიტინგში დაწინაურება. აქ არის საუბარი იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც უფრო მეტად ტექნიკურ პროცედურებს უკავშირდება, ყურადღება ნაკლებადაა გამახვილებული  ბიზნესგარემოს სიღრმისეულ  ანალიზზე. საქართველოში ტექნიკური პროცედურები მარტივია ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციაზე, საშუალო ნებართვების  სიმარტივეზე, გაცილებით უფრო შინაარსობრივი ნაწილია გადასახადები, ინვესტორები,  აღსრულება. აი, ამ კრიტერიუმებში საქართველოს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს. მეცხრე ადგილი არის ჯამური ადგილი, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმიდან გამომდინარეობს.

ქვეყანაში თავისუფალი ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის რამდენიმე ფაქტორია საჭირო. ამისთვის მინიმუმ უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ყველა აღიარებს, რომ, როდესაც სასამართლო სისტემაში არის პრობლემები, ბუნებრივია, ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია. სასამართლო სისტემის რეფორმა არის გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი. ბიზნესის თავისუფლებისა და დაცულობისთვის უკეთესი შედეგი რომ მივიღოთ, საჭიროა კერძო არბიტრაჟის ამოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი და არა ერთადერთი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთია, მგონია, რომ საქართველოს საკრედიტო სისტემას აქვს იმის რესურსი, რომ გადასახადები კიდევ უფრო შემცირდეს. ამით უფრო მეტი სტიმული იქნება ბიზნესისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესი რომ განვითარდეს, ორი მექანიზმია საჭირო, ესაა კერძო არბიტრაჟის ამოქმედება და გადასახადების შემცირება. ცალკეულ შემთხვევაში,  შესაძლოა, მცირე ბიზნესის ნაწილი რაღაც გარკვეულ ზღვრამდე საერთოდ გათავისუფლდეს გადასახადისგან».

შეიცვლება თუ არა საქართველოში საგადასახადო დაბეგვრის სისტემა და რა ცვლილებები იგეგმება ბიზნესის ხელშესაწყობად ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიო» ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს მისი უფლებამოსილების დამტკიცების პირველივე დღეს ესაუბრა.

ნოდარ ხადური:

_ ჩვენ შემოგვაქვს საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება, რომელიც საკმაოდ სერიოზული შეღავათი იქნება მცირე შემოსავლიანი ადამიანებისთვის. ეს ადამიანები დღეს იბეგრებიან 20%-იანი განაკვეთით, ამიტომ საარსებო მინიმუმის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან პედაგოგებისთვის და ასეთი ადამიანებისთვის იქნება საკმაოდ სერიოზული შვება.

რა ცვლილებების გატარებას გეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესის გასავითარებლად?

–  ათი წუთის წინ დავინიშნე მინისტრად! პროგრამაშიც წერია. რა თქმა უნდა, იქნება. მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ.  კონკრეტული ქმედებების განხორციელებას სჭირდება სერიოზული დაანგარიშება. წინა ხელისუფლების დროს რაც ხდებოდა, ეს აღარ განმეორდება. ვითომ აკეთებდნენ შეღავათიან დაბეგვრის სისტემას და სინამდვილეში საკმაოდ სერიოზულად უშლიდნენ ხელს ბიზნესის განვითარებას.

ჩვენი ამოცანაა საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაცია, რომ საგადასახადო ადმინისტრირება არ იწვევდეს ბიზნესის გაკოტრებას, იყოს მარტივი,  დამატებითი ხარჯები არ ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესს, რადგან არა აქვთ იმის ფუფუნება, რომ მაღალკვალიფიციური აუდიტორები დაიქირავონ. ასე რომ, ჩვენი ამოცანა იქნება კომპლექსური მუშაობა, იმისთვის, რომ ქართული საგადასახადო სისტემა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო.                                                   

ანა ქევხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here