Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ბერძენიშვილი: ხალხმა ივანიშვილი აირჩია, მაგრამ ივანიშვილთან ერთად აირჩია სია, რომელიც მან...

ლევან ბერძენიშვილი: ხალხმა ივანიშვილი აირჩია, მაგრამ ივანიშვილთან ერთად აირჩია სია, რომელიც მან წარადგინა, ასე რომ, ცოტა ხმები ჩვენც მივიღეთ

597

ბოლოს და ბოლოს დადგა დრო საქართველოში, როდესაც სამართალმა უნდა იზეიმოს, დაიწყო არსებული რეჟიმის დაშლა. ერთ დროს გამარჯვებული ძალა, რომელიც შემდგომში სიცრუითა და გაყალბებით იმაგრებდა საძირკველს, შეცვალა ახალმა, უფრო ჯანსაღმა და პროგრესულმა ძალამ. ქართველი ხალხის მოლოდინი და ცხოველი ინტერესი დიდია მის მიმართ, რადგანძველი რეჟიმის «ნამსხვრევი» პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ ახალ ძალაში ძველი პოლიტიკური სახეების არსებობას. მწვავე კითხვებს დღეს რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი უპასუხებს.

_ საზოგადოებას აინტერესებს, როგორ დაინიშნა ყველაზე დაბალრეიტინგული პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ?

_ პარლამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა არა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პარტიის ლიდერი, არამედ ერთ-ერთი გამარჯვებული პარტიის ლიდერი, რომელიც თვითონ, პიროვნულად, როგორც იურისტი, არის ყველაზე უკეთესი და მაღალრეიტინგიანი მთელ ქვეყანაში და ამიტომაც დაინიშნა პარლამენტის წევრებიდან საუკეთესო. ისე, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ სულ  2% მიიღო. ზოგმა _ 4%-ს ვერ ააცილა. ასე რომ, რესპუბლიკური პარტია ნამდვილად არაა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე პარტია.

_ საზოგადოებას ასევე ძალიან აინტერესებს, რატომ ჩაება ივანიშვილი ლოკომოტივად პარტიას, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე დამოუკიდებლად ერთხელაც არ გადაულახავს საპარლამენტო ბარიერი?

_ ივანიშვილი არა მხოლოდ ერთ პარტიას ჩაუდგა ლოკომოტივად, არამედ ექვს პარტიას, რომლებსაც ასევე არასდროს გადაულახავთ ბარიერი დამოუკიდებლად. ასე რომ, ეს შეკითხვა არ შეიძლება მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის მისამართით დაისვას. იგივე შეიძლება ითქვას ფორუმთან დაკავშირებითაც, ასევე თავისუფალ დემოკრატებზე, კონსერვატორებსა და სხვა დანარჩენებზე. 1990 წელს საქართველოს პირველ პარლამენტში რესპუბლიკური პარტია წარმოდგენილი იყო მაჟორიტარების სახით. მაშინ ყველასგან დამოუკიდებლად, ყველასათვის მოულოდნელად და სხვა პარტიების გარეშე,  გაიმარჯვეს დავით ბერძენიშვილმა და თამაზ დიასამიძემ ქალაქ ბათუმში.

_ ბატონო ლევან, რამდენად ნორმალურია ივანიშვილის წელიწადნახევარში პოლიტიკიდან წასვლა, მაშინ, როცა ხალხმა მას ნდობა გაცილებით მეტი ხნით გამოუცხადა?

_ ეს მხოლოდ სიტყვებია, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ერთი ან ორი წლის შემდეგ. ადამიანს აქვს უფლება, მოვიდეს, აქვს უფლება, წავიდეს. ვნახოთ, შეიძლება ივანიშვილი წელიწადნახევარში არც წავიდეს და დიდხანს დარჩეს პრემიერად, ამაზე ახლა მსჯელობა და წინასწარ ამის განჭვრეტა, მგონი, არალოგიკურია. ვაცადოთ და, თუ წავა, შემდეგ ვიმსჯელოთ ამაზე…

_ მოსახლეობამ კი შემოხაზა 41, მაგრამ ხალხმა ამით მეტწილად ბიძინას გამოუცხადა ნდობა, ბიძინა აირჩიეს და, შესაძლოა, არა ის კანდიდატი, რომელიც სიაში იყო წარმოდგენილი, თქვენი განმარტება ამაზე

_ თქვენი კითხვა არ არის მთლად სამართლიანი, პოლიტიკაში ასე ხდება… თავის დროზე ხალხმა ზვიად გამსახურდიაც აირჩია და მანაც აბსოლუტურად უცხო ხალხი შეიყვანა პარლამენტში. რა თქმა უნდა, ხალხმა ივანიშვილი აირჩია, მაგრამ ივანიშვილთან ერთად მათ აირჩიეს სია, რომელიც მან წარადგინა, ივანიშვილი მარტო ხომ არ იყო? დღეს პარლამენტში 150 ადამიანი ზის და ისინი არჩეულები არიან. ასე რომ, ცოტა ხმები ჩვენც მივიღეთ, ცოტა ხმები სხვებმაც მიიღეს.

_ დამნაშავე მაღალჩინოსნებს რაც შეეხება, რომლებიც გარბიან ქვეყნიდან, ხალხში გარკვეული უკმაყოფილებაა ამ საკითხთან დაკავშირებით: როდის და რა მექანიზმებით აპირებს ახალი მთავრობა მათ წინააღმდეგ კანონის ამუშავებას?

_ ჩვენ უკვე გვყავს ახალი მტავარი პროკურორი, ის უკვე დაამტკიცა პრეზიდენტმა. როცა ყველა კანდიდატი შეუდგება თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებას, დაუყოვნებლივ ამუშავდება ყველა ის მექანიზმი, რომელიც, დამნაშავეთა დასასჯელად არის საჭირო.  რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც ქვეყნიდან გარბის, ვის მიმართაც ჯერ არ შესულა ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი, კი არ გარბის, არამედ ტოვებს ქვეყანას, ამის უფლება მათ აქვთ, ხოლო, როცა დაიწყება გამოძიება და მათი ბრალეულობა დამტკიცდება, მხოლოდ მაშინ გვექნება ჩვენ საშუალება, ვთქვათ, რომ ისინი გაურბიან მართლმსაჯულებას  და აქ უკვე არსებობს ბევრი მექანიზმი დამნაშავეთა ქვეყანაში დასაბრუნებლად,  რასაკვირველია, ჩვენ ყველა მათგანს ავამუშავებთ! 

_ ბატონო ლევან, ივანიშვილს საკმაოდ გულისხმიერ ადამიანად იცნობს საზოგადოება, სწორედ ეს გახდა ხალხის შიშისა და ჩემი კითხვის მიზეზიც, თქვენი პირადი დამოკიდებულება როგორია დამნაშავეთა დასჯასთან დაკავშირებით?

_ ივანიშვილი გულისხმიერია თუ არა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის ბრალეულობასთან, პროკურორი არის დამოუკიდებელი, მათ შორის ივანიშვილისგანაც, დამნაშავეს ვერავინ უშველის, მითუმეტეს, რომ ივანიშვილი პრემიერია და პრემიერს დამნაშავის შეწყალების არც სურვილი და არც ვალდებულება არ აქვს. მან შეიძლება რაღაც რჩევა მოგვცეს, მაგრამ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს.

რაც შემეხება მე, არ ვარ დიდი სიმკაცრის მომხრე ყველას მიმართ განურჩევლად, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა დამნაშავე დამნაშავედ ვაღიაროთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დამნაშავე ოც-ოცი წლით ჩავსვათ ციხეში და ისედაც გადავსებული ქართული ციხეები, კიდევ უფრო გადავავსოთ, მაგრამ ყველას უნდა შეეფარდოს სასჯელი, თუნდაც პირობითი, რათა დაუსჯელობის სინდრომი აღარ არსებობდეს ქვეყანაში. პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იქნება, მაგრამ იქნება ჩვეულებრივი სასამართლო რუტინა, მუშაობა და დამნაშავეები იქნებიან გამოაშკარავებულნი და შესაბამისად დასჯილნი. ამიტომაც ხალხი ნუ აღელდება იმაზე, რომ ვინმე ვინმეს რამეს აპატიებს. არავითარ შემთხვევაში არ ეპატიებათ ძმებ ახალაიებს თავიანთი დანაშაული, თუ სასამართლო დაადგენს მათ ბრალეულობას, რისი ლეგიტიმური ეჭვიც მე გამაჩნია, თუ მათ დაუმტკიცდებათ დანაშაული, ვერც ვერავინ შეიფარებს მათ და ვერც ვერავინ შეიწყნარებს.

_ თუ იგეგმება მასობრივი ამნისტია  და გადავსებული ციხეების განტვირთვა, რომელზეც ხშირად საუბრობდა «ქართულიოცნება»?

_ ციხის განტვირთვა უკვე დაწყებულია, პირველ ეტაპზე დაახლოებით 300 კაცი დატოვებს საპყრობილეებს. ჩვენ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ პატიმრების რაოდენობით. ამ მდგომარეობიდან წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეთ, მთლიანად ციხის დაცლა, რათქმაუნდა, ვერ მოხდება, მაგრამ ხალხი საგრძნობლად შემცირდება საპატიმროებში.  გათავისუფლდებიან, უპირველესად, პოლიტიკური პატიმრები, დარჩენილებს კი საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ პირობები. მოხდება ყველა სარჩელის გადახედვა და ბევრი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება.  

ესაუბრა

ეკა კახიანი

 

1 COMMENT

  1. მართალია ჟურნალისტი.საქართველომ უდიდესი სიყვარული და ნდობა ბატონ ბიძინას გამოუცხადა და თქვენ ვალდებულნი ხართ ეს ნდობა ყველა მიმართულებით გაამართლოთ,რადგან ამ ღვთისნიერმა ადამიანმა სწორება თქვენზე გააკეთა. გისურვებთ დიდ წარმატებას საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here