Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: მივმართავ მაია ფანჯიკიძეს _ ამოძირკვოს სარეველა საგარეო საქმეთა სამინისტროდან!

გულბაათ რცხილაძე: მივმართავ მაია ფანჯიკიძეს _ ამოძირკვოს სარეველა საგარეო საქმეთა სამინისტროდან!

793

საქართველოს ახალი ხელისუფლება მრავალ პრობლემათაგან საკადრო პრობლემის წინაშეც დგასგაიმიჯნოს სააკაშვილის რეჟიმის დროს სახელმწიფო სექტორში მომუშავე პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კადრები რეჟიმის მსახურ, ხშირად დამნაშავე ელემენტებისგან. სახელმწიფო სტრუქტურებში ჯერ კიდევ ბევრი ასეთი არასასურველი კადრია შემორჩენილი. ერთერთ მათგანთან დაკავშირებით «საქართველო და მსოფლიოს» მიმართა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინტერესდით ამ საკითხით, ვინაიდან საქმე ისეთ უმნიშვნელოვანეს უწყებას ეხება, როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა. გთავაზობთ ბლიცინტერვიუს გულბაათ რცხილაძესთან:

_ ბატონო გულბაათ, რა ინფორმაციაზეა საუბარი?

_ დღეს ჩემთვის ფრიად უჩვეულო ამპლუაში მიხდება ინტერვიუს მოცემა, ვინაიდან მე გახლავარ პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი და ჩემი საქმე არ არის მსგავსი ინფორმაციების მოპოვება და გავრცელება. მაგრამ ვფიქრობ, სამართლიანობის აღსადგენად, და ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორი კურსის წარსამართად, აუცილებელია, ასეთი საკითხები არ იქნას მიჩუმათებული. ჩემი მიზანია, გავაფრთხილო ამჟამინდელი ხელისუფლება _ ნუ დაელოდება სასამართლო რეფორმას და დაუყოვნებლივ ამოძირკვოს სარეველა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან!

_ უფრო კონკრეტულად?

_ მოგახსენებთ. დიპლომატიის სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკებთან _ აწ განსვენებულ ალექსანდრე ჩიკვაიძესთან და ამჟამად კარგად მყოფ ჰამლეტ ჭიპაშვილთან ერთად, 2005 წლის მანძილზე ორიოდე შეხვედრა მქონდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩ ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან. ბატონ ელჩთან ჭიქა ჩაიზე მიმოვიხილეთ ქართულ-რუსული ურთიერთობების აწმყო და მომავალი, მას ასევე გავაცანით პრესაში გამოქვეყნებული ჩვენი პუბლიკაციები. გავიხსენეთ ძველი დრო, რუსულ-ქართული მეგობრობის სანიმუშო მაგალითები. მოკლედ, საუბარი ეხებოდა დიპლომატებისთვის ჩვეულებრივ თემებს. ჩვენი ორი თუ სამი შეხვედრაც აბსოლუტურად ღიად დღის საათებში საელჩოში შედგა. ჩვენ შევდიოდით მთავარი შესასვლელიდან, ჭავჭავაძის გამზირზე. მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი შეხვედრების მომიზეზებით, სააკაშვილის დამქაშები პრობლემას შეუქმნიდნენ მესამე პირებს, კერძოდ, ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს.

ელჩთან ჩვენი შეხვედრებიდან არც თუ დიდი ხნის გასვლის შემდეგ, რამდენიმე მათგანი დააკავეს. ადგილი ჰქონდა ამ პიროვნებებზე ფიზიკურ და მორალურ ზეწოლას, მეტიც _ წამებას. ამ პიროვნებათა ვინაობას საზოგადოება არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ შეიტყობს, როდესაც სასამართლოში აღიძრება შესაბამისი სარჩელიკერძოდ, მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს _ ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს:

ქალბატონო მაია, თქვენი სამინისტროს რიგებში ირიცხება ის კაცი, უფრო სწორად, არაკაცი, რომელიც აწამებდა ჩვენს კოლეგებსა და მეგობრებს, თან ერთ მათგანს (ეს უკვე 2006 წელს ხდება) ასეთი რამეც უთხრა: «სიმონ კილაძეს არაფერი დაუშავებია საერთოდ და ის დავიჭირეთ, და შენ რას გიზამთ, წარმოიდგინე»! ჩვენს მეგობრებს კი, უბრალოდ, ჩვენთან მეგობრობა ედებოდათ ბრალად და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი გაეტეხათ, და ასე «დამუშავებულნი» მერე ჩვენს რიგებში ჩაენერგათ რაიმე პროვოკაციის მოსაწყობად. შემდეგ ეტაპზე ჩვენც უნდა დავეპატიმრებინეთ, სავარაუდოდ, «ჯაშუშობისთვის». ჩემს ერთ კოლეგას სასტიკად სცემდნენ, ბოთლზე დასმითა და მამათმავლების საკანში გამოკეტვით ემუქრებოდნენ. კერძოდ, ამას აკეთებდა ერთი ახმახი, ორმეტრიანი ჯალათი, რომელიც დღეს თქვენი სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.

ადრე, როდესაც იგი ხალხს აწამებდა, კონტრდაზვერვის საკმაოდ მაღალი რანგის თანამშრომელი იყო და ე.წ. «მოდულის» შენობაში იჯდა. მისი ვინაობაა: გივი მამუკას ძე ჯაფარიძე, დაბადებული 1973 წლის 6 მაისს.

ამჟამად დაკავებული თანამდებობა: საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

აი, ეს სუბიექტი სცემდა ხალხს და აწამებდა მათ, თან უყვიროდა: «ჩიკვაიძეს, ჭიპაშვილსა და რცხილაძესაც დავიჭერთ მალე!». ჩემი ერთი კოლეგა ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს, მას ნარკოტიკი ჯიბეში ჩაუდეს 2006 წელს, შემდგომ, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, ეს ფაქტი ახალ ფაქტად გაასაღეს, თითქოს აღნიშნული პიროვნება მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციებში… აი, ასეთი სიბინძურეების აქტიური მონაწილეა გ. ჯაფარიძე და ამიტომ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გამოაგდოთ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ეს ვიგინდარა თქვენდამი დაქვემდებარებული სამინისტროდან _ უნდა გამოირიცხოს საბოტაჟის თეორიული შესაძლებლობაც, რის საფრთხესაც ჯაფარიძე და მსგავსი სუბიექტები ქმნიან და თან ჩირქს სცხებენ სახელმწიფო ორგანოების რეპუტაციას.

პირადად მე მომხრე ვარ, რომ საერთოდ გაუქმდეს ე. წ. შიდა აუდიტის სამსახურები ყველა სამინისტროში, ვინაიდან ანტიდემოკრატიული სტრუქტურებია, სააკაშვილის რეჟიმის გადმონაშთი. ჩემი წყაროების საშუალებით, ვიცოდი და ვიცი, რომ, მაგალითად, პირადად მე, მონიჭებული მქონდა ე. წ. FUF-სტატუსი, ანუ მუდმივად ისმინებოდა ჩემი ტელეფონები, აღნუსხული იყო ჩემი საზღვარგარეთული ვოიაჟების მარშრუტები, მოძრაობა ჩემს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე და ა. შ., მათ  შორის, მე რომ მდომოდა სახელმწიფო სამსახურში მუშაობა, ამის გზა აპრიორი მოჭრილი მქონდა _ «შიდა აუდიტი» არ დაუშვებდა ამას, რადგან არ ვიყავი რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი, ხოლო პროფესიონალიზმს არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ასეთ მდგომარეობაში, ვგონებ, ნახევარი საქართველო იყო და ამიტომაც უნდა გაუქმდეს აღნიშნული სტრუქტურები. სახელმწიფოს აქვს დემოკრატიული ბერკეტები თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, საჭირო არ არის სააკაშვილის რეჟიმის პრაქტიკის გაგრძელება (თუმცა პირადად მე არც მაშინ ვაპირებდი და არც ახლა ვაპირებ სახელმწიფო სამსახურში მუშაობას).

ესაუბრა ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here