Home რუბრიკები პოლიტიკა ობამა, რომნი და სახიფათო ილუზიები

ობამა, რომნი და სახიფათო ილუზიები

775

საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში ერთი კვირაღა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, მიმდინარე ცვლილებების გამო, ინტერესმა უცხო ქვეყნებში განვითარებული მოვლენების მიმართ მნიშვნელოვნად იკლო, ამერიკულ არჩევნებს მაინც საკმაო ყურადღება ეთმობა. საინტერესოა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერები, ლამის სრული შემადგენლობით, მიტ რომნის გულშემატკივრობენ და იმედოვნებენ, რომ რესპუბლიკელების გამარჯვება სააკაშვილის ჯგუფის ხელისუფლებაში დაბრუნებას ხელს შეუწყობს. მათი ოპონენტების სიმპათია ბარაკ ობამას მიმართ ასე მკვეთრად გამოხატული არაა და მას «ნაციონალებისთვის» დამახასიათებელი კვაზირელიგიური ექსტაზი არ ახასიათებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დემოკრატების კანდიდატს არ გულშემატკივრობენ. შტატებში კი მოვლენები მეტად დრამატულად ვითარდება და აშკარაა, რომ ინტრიგა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შენარჩუნდება.

მოულოდნელი ნოკდაუნი

3 ოქტომბრის დებატებამდე ობამას, ასე თუ ისე, მშვიდად ეძინა, ყველა გამოკითხვაში მისი მცირე, თუმცა სტაბილური უპირატესობა ფიქსირდებოდა, ის რომნის 4-6%-ით უსწრებდა. შემდეგ კი სრული კატასტროფა მოხდა. დებატების პირველ რაუნდში ობამა ძალიან სუსტად გამოვიდა, ის დაღლილად, ზოგიერთ ეპიზოდში კი დაბნეულად გამოიყურებოდა და ამის აღიარება მისი გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელსაც კი მოუხდა. ეს მოულოდნელი და შოკისმომგვრელი მარცხი იყო, რომელმაც რეიტინგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რომნიმ არა მხოლოდ დაფარა ის დისტანცია, რომელიც ლიდერს აშორებდა, არამედ, ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, წინ გაიჭრა. მართალია, მისი უპირატესობა სტატისტიკური ცდომილების ფარგლებს არ გასცდენია, მაგრამ აშკარა გახდა: თუ ობამა მეორე დებატებსაც იმავე სტილში ჩაატარებს, ჩემოდნების ჩალაგება და თეთრი სახლიდან წასვლა მოუწევს. პრეზიდენტი ფორმაში ჩადგა, 16 და 22 ოქტომბრის დებატები მძიმე ბრძოლაში ძალიან მცირე უპირატესობით მოიგო კიდეც, მაგრამ 3 ოქტომბრის ნოკდაუნის შედეგების სრული აღმოფხვრა ვერ მოახერხა.

ცხადია, არ შეიძლება რეიტინგების მიბმა მხოლოდ დებატების შედეგებზე, მათ ცვლილებაზე მოქმედებს კამპანია მთლიანობაში, თუმცა 3 ოქტომბერმა წარმოქმნა მეტად ანგარიშგასაწევი, ობამასთვის ნეგატიური იმპულსი, რომელმაც ფინიშის სწორზე შეჯიბრი ძალიან დრამატული გახადა. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ობამასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შთაბეჭდილება, რომელსაც აუდიტორიაზე ახდენს, რადგან მისი ამომრჩევლებისთვის საიმიჯო შემადგენელს და მისგან გამომდინარე სიმპათიას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ერთ-ერთ გამოკითხვაში ობამას «კარგი ადამიანი» რესპონდენტების 47%-მა უწოდა, რომნის კი _ მხოლოდ 31%-მა, მეორეში კი 53%-მა განაცხადა, რომ ობამას მიმართ «დადებითი დამოკიდებულება აქვს», რომნიზე იგივე 28%-მა თქვა. თუ ამ შედეგებს მივუსადაგებთ იმ რეიტინგებს, რომლებიც ასახავენ იმას, თუ ვისთვის აპირებენ ხმის მიცემას ამომრჩევლები, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ რომნის არგუმენტაცია მათ უფრო დამაჯერებლად ეჩვენებათ, ხოლო ობამა უფრო მოსწონთ. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ რომნის შტაბმა მთლიანობაში ძალიან კარგად იმუშავა და მოახერხა ნაკლებად მიმზიდველი, ძნელად «დასამუშავებელი» კანდიდატისგან, მარტივად რომ ვთქვათ, «კანფეტი გაეკეთებინა», ხოლო ობამას შტაბმა იმთავითვე არსებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. 

ობამას კიდევ ორი პრობლემა აქვს. მისი ამომრჩეველი შედარებით «ზარმაცია», მისი მხარდამჭერების ნაწილი 6 ნოემბერს შეიძლება საარჩევნო უბანზე არ მივიდეს. მაშინაც კი, როდესაც ობამა რეიტინგებში 5-6%-ით ლიდერობდა, იმ ამომრჩეველთა შორის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე დანამდვილებით მივლენ, ეს უპირატესობა 1-2%-მდე იკუმშებოდა. ამასთანავე, არსებობს ერთი უცნაური ფენომენი, რომელიც 2008 წლის არჩევნებზე დაფიქსირდა: ზოგიერთ ამომრჩეველს, პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, ეუხერხულებოდა იმის თქმა, რომ ხმას პირველი შავკანიანი კანდიდატის წინააღმდეგ მისცემს, თავს ობამას გულშემატკივრად აცხადებდა ან ამბობდა, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია, ხოლო მხარი საბოლოოდ ჯონ მაკკეინს დაუჭირა; ასე ზოგიერთი შენიღბული რასისტიც მოიქცა. მართალია, წლევანდელი არჩევნები ობამასთვის პირველი აღარ არის და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში «უჩვეულობის და უხერხულობის» ფაქტორის მნიშვნელოვნება თითქმის განულდა, მაგრამ ის მაინც არსებობს და ობამას პერსპექტივაზე ცუდად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ამომრჩევლები, სადღაც 1-2%-ის ფარგლებში არიან ლოკალიზებულები, დღეს, როდესაც ბრძოლა პროცენტების მეათედებისთვის მიდის, ამ პრობლემის (მისი მასშტაბის ზუსტი დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია) მნიშვნელობა იზრდება.

3 ოქტომბრის მძიმე მარცხისა და რეიტინგის ვარდნის მიუხედავად, ობამას შანსები ოდნავ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება; ექსპერტების შეფასების შეჯამებას მაინც ამ დასკვნამდე მივყავართ, თუმცა ისიც აშკარაა, რომ დღეს დემოკრატების კანდიდატი ბეწვის ხიდზე გადის. 6 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩევლები თავის პოზიციას დააფიქსირებენ, ჩვენთვის კი, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, ცალკე განვიხილოთ 22 ოქტომბრის დებატები, რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა.

ტყუპისცალივით ხარ ახლობელი

ის, რაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხდება, დღეს ამერიკელ ამომრჩეველს ნაკლებად ანაღვლებს, «გელაპის» მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 2%-მა  განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა აინტერესებთ, დანარჩენებმა კონცენტრირება შიდაამერიკულ, უპირველესად, ეკონომიკურ პრობლემებზე მოახდინეს. დებატების წინ პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ იმ ამომრჩევლების უმრავლესობას, რომლებიც ჯერ კიდევ მერყეობს, უმრავლესობა ქალია, რომლებსაც, გამოკითხვების თანახმად, საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო ნაკლებად აინტერესებდათ, ვიდრე მისადმი ფრიად ინდეფერენტულ მამაკაცებს; ამიტომ მთავარი აქცენტი შტაბებმა  აგრესიულობაზე გააკეთეს, კანდიდატი არ უნდა წარმოჩენილიყო ზედმეტად აგრესიულად, ანუ საშიშად, თუმცა ამავე დროს ძლიერი და თანმიმდევრული ლიდერის შთაბეჭდილება უნდა შეექმნა. ორივე კანდიდატი ცდილობდა, საგარეო პოლიტიკიდან გადასულიყო საშინაო პრობლემებზე, რომლებიც ამომრჩეველს უფრო აინტერესებდა. რომნი, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ნაკლებად კომპეტენტურია (ეს იმდენად აშკარაა, რომ ამას ზოგიერთი მისი მხარდამჭერიც კი არ უარყოფს) ფრთხილობდა; დროდადრო იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის თანახმაა «ფრეზე» და არ სურს მწვავე პოლემიკაში შესვლის დროს მძიმე შეცდომები დაუშვას და 3 ოქტომბერს მოპოვებული უპირატესობა თუნდაც ნაწილობრივ დაკარგოს. ობამა კი უტევდა, რადგან სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ ჰქონდა. კომენტატორების უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ დებატებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა, თუმცა ეს იყო «გამარჯვება ქულებით», მცირე სხვაობით და არა ნოკაუტით.

ახლა კი მთავარი: ამ დებატების შემდეგ ექსპერტები ლამის ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კანდიდატების პოზიციები საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე თითქმის იდენტური იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა უნდა შევადაროთ არა გემს, რომელსაც კურსი შეიძლება საკმაოდ სწრაფად 180 გრადუსით შეუცვალო, არამედ მატარებელს, რომელიც შეიძლება (ზომიერების ფარგლებში) ააჩქარო ან შეანელო, მაგრამ ლიანდაგიდან ვერ გადაახვევინებ.

კანდიდატების მსგავსების შეგრძნებას ის ამყარებდა, რომ რომნის საუბრიდან სადღაც გაქრა «ქორული» ინტონაციები, რომლებიც განსაკუთრებით საგრძნობი კამპანიის საწყის ეტაპზე იყო. ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ ყოველივე შეიცვლება, როგორც კი რესპუბლიკელების კანდიდატი თეთრ სახლში მოხვდება, თუმცა ეს ასე არ არის. ის, თუ რამდენად ხისტი იქნება რომნის ადმინისტრაცია საგარეო არენაზე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გავლენა ექნება მასზე (და პოზიციები მის შიგნით) რადიკალურად განწყობილ ნეოკონებს, ამისთვის «ხალიჩის ქვეშ» სერიოზული ბრძოლა მიდის და გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია. ასე რომ, ის კომენტატორები, რომლებიც თეთრ სახლში რომნის მოსვლას ახალი «ცივი ომის» ავტომატურ დაწყებას უკავშირებენ (თანაც ერთდროულად ორ ფრონტზე _ რუსეთთან და ჩინეთთან), შესაძლოა, ოდნავ ჩქარობენ.

მთელი კამპანიის განმავლობაში რომნის შტაბი ცდილობდა წარმოეჩინა, რომ ობამას ადმინისტრაციამ უღალატა ტრადიციულ სამოკავშირეო ურთიერთობებს ისრაელთან, ამას, იდეაში, ებრაელი ამომრჩევლების, აგრეთვე, გავლენიანი ებრაული ორგანიზაციების განწყობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოეხდინა. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა. დებატების დროს კი ნათლად გამოჩნდა, რომ არც ერთ კანდიდატს (უპირველესად კი, რომნის) ახლო აღმოსავლეთის პრობლემებთან დაკავშირებით, რაიმე განსხვავებული, პრინციპულად ახალი სტრატეგია არ აქვს. ორივე შეთანხმდა, რომ ისრაელი აშშ-ის მთავარი მოკავშირეა, რომ რეგიონის ქვეყნებში ამერიკული ჯარების შეყვანა არ შეიძლება, ძალა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, ხოლო სირიის ოპოზიციას დახმარება უნდა გაეწიოს (აქ გარკვეული სხვაობა დაფიქსირდა _ ობამა მიემხრო მძიმე შეიარაღების ფარულ გადაცემას მოკავშირეების ხელით, ხოლო რომნი _ პირდაპირს). ავღანეთის, პაკისტანისა და ჩინეთის პრობლემებზე კანდიდატებმა თითქმის იდენტური პოზიცია დააფიქსირეს. რომნიმ გააკრიტიკა მოქმედი პრეზიდენტი იმისთვის, რომ არასაკმარისად ხისტი იყო ირანთან, და მისმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას, თუმცა ობამამ ეს შეტევა მეტ-ნაკლებად წარმატებულად მოიგერია. 

საბოლოოდ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ობამა, გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მატარებელს იმავე სიჩქარით წაიყვანს, ხოლო რომნი ოდნავ უფრო სწრაფად, თანაც სიგნალს აქტიურად გამოიყენებს, თუმცა დრამატული ცვლილებების მოლოდინი აუდიტორიას ნამდვილად არ გასჩენია. მართალია, რომნის საგარეოპოლიტიკურ პროგრამაში არის მთელი რიგი პუნქტებისა, რომლებმაც რეალიზების შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვნად გააღრმაოს აშშ-ჩინეთისა და აშშ-რუსეთის კონფრონტაცია, მაგრამ მათ პრაქტიკულ რეალიზებამდე საქმე შეიძლება არც მივიდეს, რადგან საქმეში გაცილებით სერიოზული შემაკავებელი ფაქტორები ჩაერთვება, ვიდრე მერყევი ამერიკელი დიასახლისების განწყობა, რომელთა გულის მოგების მიზნით, რესპუბლიკელების კანდიდატმა 22 ოქტომბრის დებატებში «ქორების» აგრესიული რიტორიკა გვერდზე მოისროლა.

სახიფათო ილუზიები

ერთი შეხედვით, ქართული საზოგადოება ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებს უნდა უყურებდეს, როგორც საინტერესო სპორტულ სანახაობას შოუს ელემენტებით, რომელიც ჩვენს მომავალზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ეს ასე არ არის. «ნაციონალები» თვლიან, რომ მიტ რომნის გამარჯვება მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთერთი მნიშვნელოვანი საწინდარი გახდება და ამ თემაზე მსჯელობისას რთულ კონსპიროლოგიურ კონსტრუქციებს აგებენ და არცთუ იშვიათად სრულიად შიზოფრენიულ დასკვნამდე მიდიან: «რომნი სააკაშვილს ისევ დანიშნავს». მართალია, რომნის გამარჯვების შემთხვევაში, სააკაშვილის მოკავშირეების (უფრო ზუსტად კი იმ ადამიანების, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აშშმა საქართველო ისე უნდა გამოიყენოს, როგორც უმცროსი ბუშის მმართველობის წლებში) პოზიციები ვაშინგტონში გაძლიერდება, თუმცა ამ გარემოებიდან, ხელისუფლებაში დაბრუნებამდე ძალიან დიდი მანძილია, რომლის გავლა «ნაციონალებისთვის» არც ისე იოლი იქნება.

ერთი რამ აშკარაა: რომნის გამარჯვება ყოფილი მმართველი პარტიის საბრძოლო სულისკვეთებას აამაღლებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი გათვლები ახალი ადმინისტრაციის დახმარებასთან დაკავშირებით რეალობისგან ძალიან შორს დგას, ხოლო რწმენა-წარმოდგენები მეტად ირაციონალურია, ეს გახდება ერთ-ერთი დამატებითი და არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი, რომელმაც შეიძლება «ნაციონალებს» კონფრონტაციის გაღრმავებისა და პოლიტიკური კრიზისის მოწყობის მიმართულებით უბიძგოს (აქ ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ ისინი კლასიკურ პუტჩს მოაწყობენ და არანაირი ზნეობრივი წინაღობა ამაში ხელს არ შეუშლით, თუმცა ამის შნო სააკაშვილის ჯგუფის წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, არ აქვთ). ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახალ ხელისუფლებას ექნება საკმაო დრო საიმისოდ, რომ საფრთხე გაანეიტრალოს, სანამ «ნაციონალები» და მათი ლობისტები შეტევაზე გადავლენ.

საზოგადოების უფრო დიდი ნაწილისთვის, რომელიც სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს აერთიანებს, უფრო სასურველი ობამას ადმინისტრაციის დარჩენა ჩანს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილის ჯგუფს სახიფათო ილუზიები არ გაუჩნდება. ამასთანავე, ამ ადამიანებს თვალწინ აქვთ, საქართველოში უმცროსი ბუშის და ობამას ადმინისტრაციის მოქმედების გამოცდილება და, როგორც წესი, იზიარებენ მოსაზრებას, რომ მეორე გაცილებით ადეკვატური იყო და საპარლამენტო არჩევნების დროს სააკაშვილის მიერ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ნაწილობრივ მაინც შეზღუდა. ამ გარემოებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ დღეს, ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სიმპათია ბარაკ ობამას მხარესაა

მთავარი კი მთელ ამ ისტორიაში, ალბათ, ისაა, რომ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ სააკაშვილის მმართველობის წლებში დამკვიდრებული მოსაზრებისგან, რომ ვაშინგტონი (ან ვინმე სხვა) წყვეტს, თუ ვინ გახდება საქართველოს მმართველი. ეს ძალზე მანკიერი და საშიში პოლიტიკური ერესია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეასთან სრულ შეუსაბამობაში მოდის.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here