Home რუბრიკები პოლიტიკა «ვარდების რევოლუციის» აჩრდილი

«ვარდების რევოლუციის» აჩრდილი

793

ბოლოს და ბოლოს, რას ვუშვებით ავლაბრის რეზიდენციას? სარგებელი არ მოაქვს, ბევრ შუქს წვავს და, შესაბამისად, ნაგავს წერს, ობიექტის შენახვა და პერსონალისთვის ხელფასების გადახდა საკმაოდ ძვირი გვიჯდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ფინანსურად არ ულხინს და, ამასთანავე, ძლიერ არასასურველი და უხერხულია, რომ მომავალი პრეზიდენტი ამ «ერთი ამპარტავნების მემორიალში» დაბინავდეს. შენობა, სასურველია, გაიყიდოს ან გაქირავდეს. მართალია, იქ ჯერ კიდევ სახლობს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ამ, ერთი შეხედვით შემაფერხებელმა ფაქტორმა შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგვიტანოს. არის ორი გზა: უბრალოდ, გავასახლოთ სააკაშვილი რეზიდენციიდან ან შოტლანდიელი მაკლერების ტაქტიკა გამოვიყენოთ.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის კუნძულებზე, სახელდობრ, შოტლანდიაში არცთუ იშვიათად იყიდება სახლები და სასახლეები მოჩვენებებით, ეს გასაყიდი (გასაქირავებელი) ობიექტების ფასს ზრდის. იქაური აფერისტები უმტკიცებენ კლიენტებს, რომ შენობაში ღამ-ღამობით დაბორიალობს ძველი მეპატრონის აჩრდილი, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ყოვლად უსამართლოდ მიახრჩვეს. ამავე დროს ისინი უთანხმდებიან მებაღეს, მეეზოვეს ან, უბრალოდ, ვინმე იქაურ ლოთს, რომელიც მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ, თვეში რამდენიმეჯერ საღამო ჟამს მალულად კედლებს უკაკუნებს, კიბის საფეხურებს აჭრაჭუნებს ან სევდიანად ღმუის: «სადაა ჩემი ვისკი?», შედარებით იშვიათად კი ზეწარშემოხვეული სასახლის შორეულ მისადგომებთან დაბორიალობს. ისტორიულ ეგზოტიკას მოწყურებულ მდიდარ ამერიკელებს, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ძალიან მოსწონთ ეს «სახლები მოჩვენებებით» და საბოლოოდ ყველა კმაყოფილი რჩება _ კლიენტიც, მაკლერიც და ის ზეწარშემოხვეული ტიპიც.

ჩვენ გვაქვს რეზიდენცია და გვყავს სააკაშვილი, რომელსაც ამ შენობასთან განშორება არ სურს და ეს ქმნის შესანიშნავ წინაპირობებს იმისთვის, რომ შოტლანდიური კომბინაცია გავათამაშოთ. ვპოულობთ პირველ მდიდარ ამერიკელს, ვყიდით (ვაქირავებთ) ავლაბრის რეზიდენციას, პროექტის პირველ ეტაპზე იაფად (!) და ასე ერთი კვირის შემდეგ, როდესაც უცხოელი სტუმარი იმ გამჭვირვალე გუმბათში ავა, რათა ხედებით დატკბეს, უკნიდან ზეწარშემოხვეული სააკაშვილი მიეპარება, შესძახებს «მეტი სარგებელი ხააააალხს!» და ჩვეულ სტილში გაიცინებს. ცხადია, ამის შემდეგ გაგიჟების პირას მყოფი უცხოელი გაიქცევა, რეზიდენციას ჩალის ფასად, თუ არა უფასოდ, დაგვიბრუნებს, რის შემდეგაც ახალ, მძაფრ შეგრძნებებს მოწყურებულ, მდიდარ ამერიკელს ვიპოვით და შოტლანდიურ მაქინაციას ახალ წრეზე დავატრიალებთ. ამ პროექტში მონაწილეობისთვის სააკაშვილი მიიღებს სამჯერად კვებას, სპეცტანსაცმელს და, რაც მთავრია, ავლაბრის რეზიდენციაში (სავარაუდოდ, სხვენში) ცხოვრების უფლებას, რომელიც მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. ფული? არა, ფული არ სჭირდება, ფული ისედაც აქვს. მეტიც, ჩვენ ვეტყვით, რომ ამ ფორმით მაინც შეძლებს სამშობლოსთვის სარგებლის მოტანას. როდესაც «ვარდების რევოლუციის აჩრდილის» ამბავი მსოფლიოს მოედება, ექსტრიმს მოწყურებული ტურისტების ნაკადი იმატებს.

კიდევ რა შეიძლება ვუყოთ ცინიკური კაცთმოძულეობის ამ მონუმენტს, რომელზეც უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში ასეულობით მილიონი დაიხარჯა? სხვათა შორის, როდესაც სააკაშვილი 2004-ში ცდილობდა, მორიდებულად მოქცეულიყო, საზღვარგარეთ სარეისო თვითმფრინავით დადიოდა და .. ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ, ამბობდნენ, რომ ასე დიდხანს ვერ გაძლებს და აუცილებლად დახარბდება ძალაუფლების ძვირადღირებულ (და, როგორც წესი, საოცრად უგემოვნო) აქსესუარებს, მთელ ამ რეზიდენციებს, თვითმფრინავებს, ბრჭყვიალა ნივთებს და მომხმარებლებისგან ქებულ მასაჟისტ გოგონებს.

ვერაფერს ვიზამთ, ეს მისი არჩევანი იყო, ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა კი სულ სხვა გზით წავიდა.

ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანოს ბობოქარი ახალგაზრდობა ჰქონდა. «ტუპამაროსის» წევრი იყო (რადიკალური მემარცხენე ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა), მეტსახელად «პეპეს» ეძახდნენ, ვაჟკაცურად იბრძოდა და ერთ-ერთ შეტაკებაში მძიმედ დაიჭრა. 14 წელი ციხეში იჯდა, ხოლო მას შემდეგ, რაც დიქტატურა დაემხო, პოლიტიკაში ჩაება; იყო სენატორი და მინისტრი, 2010-ში კი პრეზიდენტი გახდა.

პრეზიდენტის ხელფასის 87%- ხოსე მუხიკა ქველმოქმედებას ახმარს და საკუთარ თავს მხოლოდ 1250 დოლარს უტოვებს. ასე იქცევა მისი მეუღლეც, სენატორი ლუსია ტოპოლანსკი, რომელიც ასევე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ქართული ნეპოტიზმის გადამკიდე, ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მუხიკამ ცოლი გაასენატორა, თუმცა ეს ასე არ არის. 2005-ში, უკვე ხანში შესულები (პრეზიდენტი 1935-შია დაბადებული, მისი მეუღლე კი 1944-ში) დაქორწინდნენ, როდესაც ლუსია სენატორი იყო. ისინი მონტევიდეოს მახლობლად ფერმაზე ცხოვრობენ და ამბობენ, რომ საკუთარი შემოსავლით სავსებით კმაყოფილნი არიან. ხოსე მუხიკას ყველაზე დიდი შენაძენი პრეზიდენტობის პერიოდში 1945 დოლარის ღირებულების ძველი  «ფოლქსვაგენიხოჭო» იყო. იქამდე თითქმის ოცი წელი მოტოროლერით დადიოდა, რომელიც ბანალურად სიძველისგან დაიშალა. პრეზიდენტის ოჯახს არ აქვს დანაზოგი ბანკში და არც ვალები აქვს. გავითვალისწინოთ, რომ ურუგვაი საქართველოზე გაცილებით მდიდარი ქვეყანაა, მას ხშირად «ლათინური ამერიკის შვეიცარიას» უწოდებენ, თუმცა, ცხადია, ყველაზე დალხენილ ქვეყანაშიც კი ყოველთვის მოიძებნება სივრცე ქველმოქმედებისთვის, რომელსაც ურუგვაის პრეზიდენტი ხელფასის უდიდეს ნაწილს ახმარს.

ხოსე მუხიკას არაერთი პოლიტიკური ოპონენტი ჰყავს, თუმცა არც ერთ მათგანს უმწვავესი პოლემიკის პროცესში ენა არ მოუბრუნდება, თქვას, რომ პრეზიდენტი უღირსი ადამიანია და, საერთოდ, სიტყვებს «ჩვენი პრეზიდენტი» დღეს ურუგვაიში განსაკუთრებული მოწიწებითა და სითბოთი წარმოთქვამენ, რადგან ყველასათვის ცხადია, რომ ეს კაცი, რომელმაც პარტიზანული ომისა და დიქტატურის საპატიმროების ჯოჯოხეთი გამოიარა, რაღაც მომენტში მივიდა ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე სიცოცხლის არსსა და აზრზე და გააკეთა არჩევანი, რომელიც უდავოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს. ახლაც დადის სადღაც იქ, მონტევიდეოს ქუჩებში, ძველ კოსტუმში გამოწყობილი, 1982 წელს გამოშვებული «ფოლქსვაგენით», ღირსეული პრეზიდენტი და საიმედო მთავარსარდალი, 77 წლის ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო, ყველაზე ღარიბი და, შესაძლოა, ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოს მეთაური მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქართული საზოგადოება იოლად ეგუება იმ აზრს, რომ პოლიტიკოსს საშუალო მოქალაქეზე გაცილებით დიდი შემოსავალი შეიძლება (ან სულაც, «უნდა») ჰქონდეს. ის შინაგანად მზადაა, თვალი დახუჭოს ხელისუფალთა მცირე, პირად ქონებასთან დაკავშირებულ ცუღლუტობაზე; ამ მხრივ, ქართველები გაცილებით მომთმენნი არიან, ვიდრე ბევრი სხვა ერის წარმომადგენლები, თუმცა, ამავე დროს, ისინი არ პატიობენ პოლიტიკოსებს ზღვარგადასულობას, მარტივად რომ ვთქვათ, ღორობას და მას კონცენტრირებული სიძულვილით პასუხობენ. ძნელი სათქმელია, როდის გადალახეს სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს უხილავი ზღვარი, თუმცა აშკარაა, რომ ამან მათ კრახში ერთ-ერთი მთავარი (ცხადია, არა ერთადერთი) როლი შეასრულა.

როდესაც ღარიბ ქვეყანაში, მტკივნეულ და მეტწილად იდიოტურ რეფორმებს ატარებ და ავტორიტარულ მეთოდებს იყენებ, ალბათ, უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ ამ სიტუაციაში პირად პატიოსნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სამხრეთკორეული მოდერნიზაციის მამას, გენერალ პაკ ჩონ ხის, პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან არც ერთი ცენტი არ გამოუყენებია. რა თქმა უნდა, ის იყო დიქტატორი, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა ოპოზიციას, თუმცა მისი მოსისხლე მტრებიც კი აღიარებენ, რომ კორუფციის ამბავში გენერალი უმწიკვლო იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეეძლო მილიონები მიესაკუთრებინა ისე, რომ კაციშვილი ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ მას სხვა ღირებულებები და ცხოვრებისეული ორიენტირები ჰქონდა.

როდესაც ჩვენ დღეს ვათვალიერებთ იმ მდიდრული სახლების ფოტოებს, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აიშენეს, ვაკვირდებით ავლაბრის რეზიდენციის ინტერიერს თუ ექსტერიერს ან იმ სურათებს, რომლებზეც უკიდურეს სტადიამდე გამომთვრალი უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები სტრიპტიზიორების გარემოცვაში ნებივრობენ, ალბათ, არა რისხვა, არამედ, უპირველესად, უდიდესი სევდა უნდა დაგვეუფლოს იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი მიზანი საკუთარი მოთხოვნილებების პომპეზურ დაკმაყოფილებაში როდი მდგომარეობს. მდიდარ სახელმწიფოში, ასე თუ ისე, შესაძლებელია ერთმანეთს შეუთავსო ეფექტური პოლიტიკის გატარება და «კაი ცხოვრებით ტკბობა» (თავი დავანებოთ იმას, რომ ეს, როგორც წესი, დეგრადაციით სრულდება), თუმცა საქართველოსავით ღარიბ ქვეყანაში ეს გამორიცხულია. აქ დიქტატორი (თუ მაინც და მაინც მათზე ვისაუბრებთ) ან პაკ ჩონ ხის გზით უნდა წავიდეს (როდესაც ის პრეზიდენტი გახდა, სამხრეთ კორეას საქართველოზე უარესად უჭირდა), ან ჩვეულებრივ წურბელად გადაიქცეს; არჩევანი კი იმ ღირებულებებზე დაყრდნობით კეთდება, რომელიც ადამიანმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე გაითავისა.

ცხადია, 2003-ში არავის ჰქონდა ილუზია, რომ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ძველი კოსტუმებით ივლიდნენ და რკინის საწოლებზე დაიძინებდნენ, მაგრამ მათ მიერ ფარდობითი პატიოსნების გამოვლენის მოლოდინი საზოგადოებაში ნამდვილად იგრძნობოდა. სააკაშვილის ჯგუფმა სათანადოდ ვერ გააცნობიერა ამ ფაქტორის პოლიტიკური მნიშვნელობა ან, უბრალოდ, ვერ გაუძლო ცდუნებას და მალე მას ცხვირწინ აუფრიალეს ლოზუნგი, რომელსაც ადრე თვითონ იყენებდა: «ისინი ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან». საბოლოოდ კი, საქმე იქამდე მივიდა, რომ ამომრჩევლების დიდ ნაწილს აღარ სჯეროდა, რომ ხელისუფალნი ზრუნავენ რაიმეზე, პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარდა; რაღაც მომენტში საუბარი იმაზე, რომ სხვა მიზნებიც და ამბიციებიც აქვთ (პოზიტიური თუ, ოპონენტების აზრით, ნეგატიური, მნიშვნელობა არ აქვს), უბრალოდ, შეწყდა.

და მაინც, რა ვუყოთ ახლა ავლაბრის რეზიდენციას? ავიყვანოთ თუ არა, შოტლანდიელი მაკლერების მსგავსად, სააკაშვილი «ვარდების რევოლუციის» მოჩვენების და აჩრდილის ვაკანსიაზე? იმ სცენარებთან შედარებით, რომლებიც ბოლო დროს მის მომავალთან დაკავშირებით განიხილება, ეს ვარიანტი ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ჩანს. ღამ-ღამობით, წინდაუხედავად ჩაძინებულ სტუმარს ყურში ჩასჩურჩულებს ხოლმე: «პირველად ისტორიაში… დემოკრატიის შუქურა… ყველაზე არაკორუმპირებული…», შემდეგ კი დაიკივლებს «მეტი სარგებელი ხააააალხს!» და საბრალოს რეზიდენციიდან გააქცევს. არაფერი პირადული, უბრალოდ, ბიზნესი და უნიკალური შესაძლებლობა მისთვის, გახდეს იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც მის გარდა დიდად არავის აინტერესებს. შეგვიძლია გავიხსენოთ ფინალური სცენა ბერნარდო ბერტოლუჩის 1987 წლის ფილმიდან, რომელშიც ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი პუ ი მუზეუმში (თავის ყოფილ სასახლეში) პიონერს ხვდება და ავლაბრის რეზიდენციაში მსგავსი სცენები დავდგათ, ოღონდაც რეალიტი-შოუს ფორმატით და სასპენსის ელემენტებით; ამ ტიპის პროდუქცია დღეს მსოფლიო ბაზარზე კარგად იყიდება.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. გენიალური იდეაა! ეს მართლაც იქნება "მეტი სარგებელი ხალხს!" სააკაშვილმა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, იქნებ მართლა მოუტანოს ხალხს სარგებელი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here