Home რუბრიკები საზოგადოება ბუბაჯან, ცავატანემ, ვაზელინ ჩკა?!

ბუბაჯან, ცავატანემ, ვაზელინ ჩკა?!

1016

მიუხედავად უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვებისა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოლოდინი, გნებავთ, მოთხოვნა «ქართული ოცნების» მიმართ, პირველ რიგში არა «კარაქიანი პური» (ანუ ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური სიკეთეები), არამედ სამართლიანობის აღდგენაა, თანაც მაქსიმალურად სწრაფად, რის პირობასაც უკლებლივ ყველა წინასაარჩევნო შეხვედრებზე იძლეოდა თავად ბიძინა ივანიშვილი. დიახაც სწრაფად, რადგანაც, მისივე განმარტებით, «კარაქიანი პურისგან» განსხვავებით, სამართლიანობის აღდგენას არა ფინანსური რესურსები, არამედ მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება!

რაც გინდათ, ის დაარქვით ამ სამართლიან მოლოდინს, მართლმსაჯულების ასრულების ცივილური ტერმინით დაწყებული, გნებავთ, შურისძიების «ქვენა» გრძნობით დამთავრებული. დიახ, ბრჭყალებშია ეს სიტყვა, რადგან ამ 8-9 წლის მანძილზე იმდენი სისხლი და ცრემლი გვანთხევინეს ნაცისტებმა (დიახ, ნაცისტები  _ ბრჭყალების გარეშე), რომ ქართული საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილს შურისგების გამართლებული თუ არა, სრულიად გასაგები სურვილი აქვს!

ჰოდა, ნუ დავიწყებთ ახლა რომის პაპზე მეტ კათოლიკობას _ მსგავსი «ქვენა» სურვილები ჩვენზე არანაკლებად ცივილურ (აი, იმ ევროპის, საითაც მივისწრაფვით) ერებსაც არა თუ ჰქონიათ, არამედ ეს სურვილები აუსრულებიათ კიდეც და რაღაც არ მსმენია,  იტალიელები დღეს იმის გამო წითლდებოდნენ, რომ «გუშინ» ბენიტო მუსოლინი და მისი კახპა ფეხებით ჩამოკიდეს!

ეს ისე,  ცნობისათვის და იმ ნაძირლების გასაგონად, გნებავთ გასაფრთხილებლად, რომლებიც დღეს ქუთაისის პარლამენტში ოპოზიციის მანტიამოსხმულები ძველებურად დაგვცინიან და მასხრად გვიგდებენ _ ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი, რომლის რისხვისგანაც ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იცავთ, მაგრამ ეს «ჯერჯერობით» უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ, როგორც იტყვიან, აზრზე მოდით და, თუ გინდათ, მშვიდობის ხიდზე გადი-გამოდით, აკუ, გაკუ, გოკუებო, ემანდ რაიმე არ გაიჩალიჩოთ ისეთი, თორემ ბიძინასაც აღარაფერს შევეკითხებით!..

ყოველივე თქმულის, ანუ სისხლის სამართლებრივი თუ შურისგებითი პასუხისმგებლობის გარდა, არსებობს ზნეობრივ-მორალურიც, რაც ზოგჯერ შეიძლება არანაკლებ მძიმეც იყოს, რადგან პირველი ორის მოხსნა თუ ასრულებული განაჩენის შემდეგ მაინც არის შესაძლებელი, ზნეობრივ-მორალური პასუხისმგებლობა, როგორც წესი, უვადოა, იშვიათად ეხება ამნისტია და სიცოცხლის ბოლომდე მიგყვება ტვირთად!

ამას წინათ მეცხრე არხით გავრცელდა მიმართვა-მოთხოვნა საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის მიმართ, რომელსაც  რუსული შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, უფრო სწორად პირველი, ხელს აწერდა რუსული ესტრადის პრიმადონა ალა პუგაჩოვა!

მიმართვის ტექსტში, რომლის ციტირებაზეც თავს ვერ დავდებ, რუსული ესტრადის ვარსკვლავები თავიანთ ქართველ კოლეგა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს ესარჩლებიან, რომლის სახელობის ვარსკვლავი, როგორც ცნობილია, ა. წ. 21 სექტემბერს სტუდენტებს გადაუღებავთ პროტესტის ნიშნად და ამ უსამართლობის გამოსწორებას საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვენ ხელმომწერები!

ბუბას სააკაშვილის მხარდაჭერა ვერ აპატიეს, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ხოლო ხელოვნება რჩება. თქვენ ხომ დასავლეთისკენ მიდიხართ.  იმის მიხედვით, ვინ რომელ პრეზიდენტს უჭერს მხარს, ამერიკაში, ბროდვეიზე ვარსკვლავებს არ გადაღებავენ და ა.შ. ჩვენ გვამუნათებს ბუბაზე მატროსოვივით გადაფარებული ალოჩკა…

ეეეჰ, ალა ბორისოვნა! შენ სულ შენი კეთილი გულით და იულია ლატინინას თუ ვალერია ნოვოდვორსკაიას შეგონებით მოგდის ეგეები, თორემ პარალელებს მიშას «ნაცმოძრაობასა» და ბუბას გადაღებილ და ბროდვეის ხელუხლებელ ვარსკვლავებთან კი არა, სხვა მიმართულებით გაავლებდი…

მაგალითად, ჰიტლერულ გერმანიასთან. ადოლფ ჰიტლერსაც ჰყავდა საკუთარი ბუბა კიკაბიძე უნიჭიერესი და ულამაზესი (თუმცა ამ ეპითეტებამდე ბუბას ბევრი უკლია) მარიკა როკის სახით, მაგრამ დღეს ეს ქალბატონი, უპირველესად, იმით ახსენდება მსოფლიოს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკ და სისხლიან ტირანს ბოლომდე ეთაყვანებოდა, და მხოლოდ შემდეგ _ მისი ცეკვა-სიმღერა…

დიახ, შედარება ნურავის გემცხეთებათ _ «ნაციონალური მოძრაობაც», ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტურის მსგავსად, ფაშისტური პარტია იყო და არის. მათ შორის განსხვავება მხოლოდ მასშტაბებში და კიდევ იმაშია, რომ ჰიტლერის პარტიას ერთი «პლიუსი» მაინც ჰქონდა _ საკუთარ ხალხს არ ერჩოდა, გერმანელი ერის გარდა, ყველას და ყველაფერს ანადგურებდა. ჩვენს ნაცისტებს კი პირიქით _ საქართველო ათასი ჯურის გადამთიელების საჯეჯილოდ უნდოდათ და, თუ რამეს ებრძოდნენ და ვერ იტანდნენ, ეს ქართველი ერი და ყოველივე ეროვნული, ტრადიციული, მართლმადიდებლური იყო!

დროსა და სივრცეში არ გაუმართლათ ქართველ ნაცისტებს, თორემ, დღეს რომ გასული საუკუნის 30-იანი წლები ყოფილიყო, მხოლოდ გაზებს (რითიც არაერთხელ დაგვწამლეს), რეზინისა თუ ნამდვილ ტყვიებსა და ხელკეტებს არ გვაკმარებდნენ, კრემატორიუმებშიც სიამოვნებით ამოგვბუგავდნენ სადისტი ახალაიები.

თუმცა ცოცხებით გაუპატიურებამდე თვით ესესელების ფანტაზიამაც ვერ გაქაჩა. მაშინ რით არიან ნაკლებნი ჩვენი ნაცისტების ჯალათები ესესის კალტენბრუნერზე, ჰიმლერზე, მიულერზე და ა.შ., მხოლოდ ცოცხებით?

ეს ის ბუბაა, რომელიც ამბობენ, ავტომატით ხელში ებრძოდაო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას; შემდეგ მიატოვა გაყინულ-ჩაბნელებული, დამშეული საქართველო და უკეთესი დროების დადგომამდე «მშობლიურ რუსეთს» შეაფარა თავი. რუსეთს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ბუბა კიკაბიძის ჯერ საბჭოური თავბრუდამხვევი კარიერა და შემდგომ  90-იან წლებში გაგრძელებული. ბუბა კიკაბიძე, რომელიც ახალ, სააკაშვილის «დემოკრატიულ» საქართველოში დაბრუნებული შეუდგა საკუთარი კეთილდღეობის შენებას, რასაც წარმატებით ახერხებდა უმძიმეს კრიმინალში ეჭვმიტანილ გია უდესიანთან ბიზნესპარტნიორობით; ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი, ფართოდ დახუჭული თვალებით «ვერ ამჩნევდა» ვერაფერს ამ ხელისუფლების, პირადად მიშას დანაშაულებიდან: 7 ნოემბერი თუ აგვისტოს ომი, რომლის დროსაც რუსთაველზე მხარს უმშვენებდა გორში მიწაზე მფორთხავ, ჰალსტუხის მცოხვნელ მთავარსარდალს, რომელიც წაგებულ ომში გამარჯვებას ზეიმობდა…

ამ ომის შემდეგ დაუფიქრებლად მიაფურთხა საკუთარ გამზრდელ რუსეთს. «ვი მენია ნე ობიდელი, ვი მენია რაზოჩიროვალიო», _ უმღერა. რუსეთს, სადაც არ დაბადებულა, თორემ, რომ იტყვიან, ძუძუ იქა აქვს ნაჭამი და ჭიპი მოჭრილი! რისგანაც მართლაც «რაზოჩეროვანმა» ერთმა მეგობარმა ბუბაზე თქვა, «ონ დლია ნას უმერო».

არც იმისთვის ეყო ჭკუა, რომ დიდი სამამულო ომის მემორიალის აფეთქება მაინც გაეპროტესტებინა. ომის, რომელშიც  მამამისიც დაიღუპა, მემორიალის, რომლის აფეთქებასაც ქუთაისში დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.

არც ეს იკმარა და 26 მაისის სისხლიანი კალოს შემდეგაც კი აშკარად შექანებულ პრეზიდენტს საქართველოს მხსნელად მოვლენილი ღვთის წყალობა უწოდა!

უფრო მეტიც, «უკანასკნელმა ყარაჩოხელმა» ისეთი რამ იკადრა, რომ იეთიმ გურჯი, ალბათ, ახლაც ტრიალებს საფლავში _ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის და ეგრევე მისი «ქართუ ბანკის» დაყადაღების შემდეგ, როდესაც მთელი თბილისი სოლიდარობის ნიშნად ანგარიშებს ხსნიდა ბიძინას ბანკში, როგორც ამბობენ, ბუბა კიკაბიძე, რომელსაც 5000 ლარს პენსიას უხდიდა ბიძინა, რასაც ხელს არ ახლებდა ბუბა და ბანკშივე ტოვებდა, რადგანაც ძალიან «უჭირდა», მისულა ბატონი ბუბა და თავის პროცენტებიანად გამოუტანია რამდენიმე წლის დაგროვილი თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ  განაცხადა უარი კრემლის აგენტ ივანიშვილის პენსიაზე. ვაა, ეს თუ მართალია, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი მიმიქარავს…

რომელი ერთი გავიხსენო ჩვენი «ჩიტო-გრიტოს» საქმენი საგმირონიდან, თუმცა ბოლო აკორდი მაინც მართლაც «მაჟორული» გამოუვიდა _ მაშინაც კი, როდესაც მთელი საქართველო და თბილისი ყალყზე იდგა ცოცხების სადისტობით შეძრული, ვითომც აქ არაფერიაო, «ვერის უბნის მელოდიების» უნიჭო რიმეიკში მანამდე ტინგიცობდა, ვიდრე ის ცოცხები სცენაზე არ დაუყარეს სტუდენტებმა და ამის მერე ვინმეს უკვირს, რომ მისი სახელობის ვარსკვლავი გადაღებეს ფილარმონიასთან?

«ლავ ელი ბუბაჯან, ლავ ტყაე პეპელა ტოო» და შენც იქ გეყო რა, ალა ბორისოვნა»…

სამწუხაროდ, ბუბა არ გახლავთ ერთადერთი ამ საქმეში, სხვების ჩამოთვლაც შეიძლება, «ხელოვანების» თუ «მწერალ-პოეტების», რომლებიც ამ წლების მანძილზე უგვანოდ ფლირტაობდნენ მიშნაცების ფაშისტურ რეჟიმთან _ ზოგი «ჩემი გმირი გიწოდეს» უმღეროდა წინასაარჩევნოდ მიშიკოს და მერე «ნაგლად» თვალში ნაცარს გვაყრიდა მერაბ სეფაშვილი _ ეს სიმღერა მამაჩემს უყვარდა და მიშას კი არა, მამაჩემს ვუმღერეო; ზოგ-ზოგები კი იმ დროს, როდესაც პაპანაქება სიცხეში ჩვენი ბიჭების გვამები იხრწნებოდა, რუსთაველზე პატრიოტულ ლირიკას უბერავდნენ!

სხვათა შორის, რეჟიმთან ფლირტაობაში შემჩნეულები, ბუბასი არ იყოს, სხვა ვარსკვლავოსნებიც გახლავან…

თუმცა მაამებლობის, უნამუსობის კვინტესენცია მაინც ის იყო, როდესაც 26 მაისის ბართლომეს ღამის გათენებისას, «კვლავ გადარეცხეს სისხლი ქვაფენილს» და ცხვრებივით ჩამწკრივებულმა «შემოქმედებითმა ელიტამ» მორჩილად ჩამოიკდა მკერდზე მიშას ბრწყინვალების ორდენები. მიშას მეხოტბე კიდევ ერთმა, უკაცრავად და, მწერალმა, რეზო ჭეიშვილმა, კი მიცვალებულები იქით დაამუნათა: _ აბა, რა ეგონათ, იმ სულელ ქალს (ნინო ბურჯანაძეს. _ დ. მ.) რომ დაუჯერესო…

ამისთანა ხალხს რომ ეკითხები მათი კონფორმიზმის, უფრო მარტივად კი, «პადხალიმობის» შესახებ, არაფრის დიდებით არ აღიარებენ მაამებლობას. «უკეთეს» შემთხვევაში გეტყვიან, რომ ისინი პროფესიონალები არიან და თავის საქმეს აკეთებენ, უარესში კი _ თავს «იქლიავებენ» და პოლიტიკაში არ ვერევი, ან მთლად «უკეთესი» _ პოლიტიკა არ მესმისო, გაიძახიან!

პოლიტიკა ბერძნული სიტყვაა და ყოფით დონეზე, ანუ მარტივად, ასე განმარტავს უცხო სიტყვათა ლექსიკონი: «მოქმედება რისამე მისაღწევად; სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, დამოკიდებულება»…

მაშ, რა არ ესმით ამ უმარტივეს რამეზე, ხელოვანმა და განათლებულმა ხალხმა კი არა, ელემენტალურად, წერა-კითხვის მცოდნე ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ არ მესმის, არ ვიცი და, გნებავთ, არ მაინტერესებს?

ამ წერილის წამკითხავთაგან შეიძლება ვინმემ მორალისტობა დამწამოს ან კიდევ უარესი, განკითხვის ცოდვაში დამადანაშაულოს, მაგრამ მე მაინც ჩემსაზე დავრჩები _ ყველამ ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი, მათ შორის მორალურიც. გამობრძანდნენ მავანნი და საჯაროდ მოუხადონ ბოდიში ქართველ ხალხს იმისთვის, რომ, როდესაც საქართველო ტიროდა და უილაჯობის ჯავრის გორგალი ჰქონდა ყელში გაჩხერილი, იმ დროს ზოგი «თავის საქმეს» აკეთებდა, ზოგს პოლიტიკა «არ ესმოდა», ყველანი ერთად და ცალკ-ცალკე კი ხელისუფლების საამებლად მარტივად ტინგიცობდნენ.

დიახ, საჯაროდ თვალებში ჩახედონ საკუთარ ხალხს და არა ისე, როგორც ნიკა რაჭველმა მოიხადა ბოდიში, ანუ ლაითად, ვინ იცის, დიდსულოვანმა ქართველმა ხალხმა იქნებ შეუნდოს კიდეც მის გზააბნეულ შვილებს?!

დავით მხეიძე

 

P.S. ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, მაგას რა სჯობს.  მომღერალმა  უნდა იმღეროს, პოეტმა ლექსი წეროს, მხატვარმა ხატოს, მაგრამ ისეთ ნაცისტურ ხელისუფლებას, როგორიც გვყავდა, ოდები არ უნდა მიუძღვნას _ ამაშია ხელოვნების და ხელოვანის არსი, თორემ სხვანაირად ასეთი ხელოვნება იაფფასიანი ტინგიცობაა და სხვა არაფერი…

1 COMMENT

  1. Отело промахнулся! Грузины так не поступают. Предателям нет места на свете! Тот кто предал раз – предаст Еще.

  2. ვთარგმნოთ რუსულად და გამოვუქვეყნოთ წერილის ხელმომწერებს! თუმცა მე იმ აზრზე ვარ, რომ ამ ადამიანსაც აქვს თავისი აზტის ქონის უფლება (თეორიულად, იქნებ გულწრფელად სწამდა მის, რასაც უჭერდა მხარს?)ჩვენ ვიყოთ დემოკრატები და ისიც გავითვალისწინოთ, რომ ვარსკვლავი არც პოლიტიკური აქტივობისთვის და არც სამშობლოს სიყვარულისთვის მიუღია. სტატია – სუპერ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here