Home რუბრიკები პოლიტიკა თარგამაძე «ფრაერი» არ არის, – თარგამაძე «ფარმაზონია»!

თარგამაძე «ფრაერი» არ არის, – თარგამაძე «ფარმაზონია»!

2165

ქურდულ ჟარგონზე «ფრაერი» ქურდული სამყაროსთვის უცხო პირს ნიშნავს, «ფარმაზონი» კი _ თაღლითს, ყალბი ძვირფასეულობის გამსაღებელს. გივი თარგამაძე ისე იქცევა, როგორც სააკაშვილის რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, და საზოგადოებას არწმუნებს, თითქოს «ქურდული სამყარო» მისთვის სრულიად უცხო და მიუღებელია, სინამდვილეში კი იგი ნამდვილი «ფარმაზონია», რომელიც «ხავერდოვანი რევოლუციების» ყალბი ფასეულობებით ვაჭრობს.

ბოლოხანს რუსეთში გივი თარგამაძის, იმავე «ვასილიჩის» პოპულარობამ პიკს მიაღწია. მის მიერ რუსული ოპოზიციის ლიდერებისთვის რევოლუციის მოწყობის საქმეში აღთქმული დახმარების ჩანაწერის ირგვლივ მსჯელობენ ჟურნალისტები, ექსპერტები და უკვე სამართალდამცავებიც. საქართველოს, უკრაინის, ყირგიზეთისა და ბელარუსის «რევოლუციურ» მომავალზე მზრუნველი «ვასილიჩი» ვეღარ არის ისე ყოჩაღად, როგორც 2007 წელს, როცა მთელ საქართველოს ემუქრებოდა პირდაპირ ეთერში: «სულს ამოგხდითო»! თუმცა ჩვენთვის ამჯერად გივის პოლიტტექნოლოგობაზე მეტად მისი პირადი ცხოვრების დღემდე უცნობი დეტალებია საინტერესო.

რუსეთის პირველი ტელეარხის 27 ოქტომბრის სატელევიზიო გადაცემაში «ადამიანი და კანონი» პუბლიცისტმა მიხეილ ლეონტიევმა განაცხადა: «შეიძლება ითქვას, რომ ჰუმანიტარული ფასეულობებისა და დემოკრატიის იდეალების სამსახური გივი თარგამაძემ დაიწყო 15 წლის ასაკში, როდესაც სქესობრივ კავშირზე დაიყოლია 12 წლის მეზობელი ბიჭუნა. თარგამაძის მშობლებმა ფული დახარჯეს და  სკანდალის მიფუჩეჩება მოახერხეს. იმ დროიდან, შეიძლება ითქვას, გივი თარგამაძეს არასოდეს უღალატია საკუთარი ფასეულობებისა და იდეალებისთვის». 

ლეონტიევი აცხადებს, რომ მისი წყაროს სანდოობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. თუ «ვასილიჩს» ეყოფა «რევოლუციური სიმამაცე», შეუძლია ლეონტიევს უჩივლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, თუმცა თავად იმ ქვეყანაში ბევრად უფრო უარეს დანაშაულშია ეჭვმიტანილი და, სავარაუდოდ, ამას ვერ გააკეთებს. გარდა იმ «ჰუმანიტარული» ფასეულობებისა, რომელზეც გამჭვირვალედ მიანიშნა რუსმა ჟურნალისტმა, ირკვევა, რომ «ვასილიჩის» პირადი ცხოვრება სხვა, დღემდე უცნობი დეტალებითაც ყოფილა მდიდარი. კერძოდ, «ქურდულ სამყაროსთან» შეუპოვრად «მებრძოლი» გივი თარგამაძის ოჯახში არის საკავშირო მასშტაბით ცნობილი «კანონიერი ქურდი» ბეგლარ ხარაძე, მეტსახელად «ბუღა».

მართალია, «ბუღა» «ვასილიჩის» პირდაპირი ნათესავი არ არის, მაგრამ არც შორებელია: «ბუღა» მისი სიდედრის, მანანა ჩარგეიშვილის, მეორე ქმარია. ქალბატონი მანანა ინტერვიუში ამბობს: «დღეს მე ვარ ბედნიერი ადამიანი. მყავს სამი ქალიშვილი, სამი სიძე და ოთხი შვილიშვილი. გარდა ამისა, გვერდით მიდგას საყვარელი ადამიანი». კითხვაზე – ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება, მეორედ შეექმნა ოჯახი? _ მისი პასუხი ასეთია: «საკმაოდ. ეს იყო 17 წლის წინ. სიმართლე გითხრათ, აღარ ვაპირებდი და აღარც ვფიქრობდი ამაზე. თუმცა ჩემმა მომავალმა მეუღლემ ძალიან იაქტიურა _ გოგოებსაც შეაყვარა თავი და დღეს მათი მეგობარია. ძალიან კარგი ადამიანია და გოგოებსაც ძალიან უყვართ. მის ხელში გაიზარდნენ და გათხოვდნენ სამივე».

სხვა ქურდებისგან განსხვავებით, «ვასილიჩის» სიდედრის მეორე ქმარს «რევოლუციურ» საქართველოში პრობლემა არასოდეს შექმნია. მეტიც,  სხვებისთვისაც ბევრი პრობლემის მოგვარებას ახერხებდა. სიძე, როგორც ქართული ფოლკლორი გვამცნობს, «მურტალი ნათესავია», მაგრამ როგორც ჩანს არა ამ შემთხვევაში.

ვასილიჩი ხშირად გახვეულა კანონიერ ქურდებთან დაკავშირებულ სკანდალებში, მაშინ ყველას უკვირდა, საიდან ჰქონდა არცთუ «კაიბიჭური» წარსულის მქონე ვასილიჩს ასეთი ფართო კავშირები ქურდულ სამყაროსთან. თუმცა, როგორც ჩანს, მათ, ვისაც ეს შეკითხვები უჩნდებოდა, არ იცოდნენ, თუ ვინ არის გივიას სიმამრი.

მადლიერი სიდედრი კი «ვასილიჩს» ასე ახასიათებს: «ყველაზე სტაჟიანი სიძე გივია. მართლა ძალიან მაგარი ადამიანია. ურთიერთობაში ძალიან თბილი და საოცარია. ძალიან ყურადღებიანია თითოეული ჩვენგანის მიმართ. ძალიან უყვარს საჩუქრების გაკეთება და ჩვენი გახარება. ხშირად ვმოგზაურობთ ერთად. ბოლოს ესპანეთსა და რომში ვიყავით. გივი მარტო ჩემ მიმართ არ არის ასეთი ყურადღებიანი. ის ყველა ჩვენგანს აქცევს ყურადღებას».

«ძალიან ყურადღებიანი» რომ არის «ვასილიჩი», ამიტომაც იკავებს თავს საკუთარი პიროვნების გამჟღავნებაზე ჩვენი რესპონდენტი:

«ქვეყანაში, სადაც კრიმინალური ავტორიტეტის ნაცნობობაც კი კანონით ისჯება და ამ ბრალდებით რეალური ადამიანები რეალურ სასჯელებს იხდიან ციხეებში, არც გივი თარგამაძეს და არც მის სიმამრ «ბუღას» პრობლემები არ შექმნიათ, მაგრამ რა ვუყოთ ამდენ დაყაჩაღებულ ბიზნესსა და ბიზნესმენს, ამდენ გაუბედურებულ ადამიანს? თუმცა გამონაკლისები აქაც არის. არსებობენ ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც არც დაუყაჩაღებიათ და არც დაუზარალებიათ. ისინი მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას და ტკბებიან შვილების წარმატებით».

საუბარში ვარკვევთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ბიზნესმენი გუჯა ბუბუტეიშვილია. «მისმა უმცროსმა ვაჟმა ამ ოთხი წლის წინ «ვასილიჩის» ცოლისდა – 17 წლის თათა შეირთო ცოლად და ამით ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა. ბუბუტეიშვილი თავს დაცულად გრძნობს ქურდებისგან და მთავრობისგან.  თავს დაცულად გრძნობს «ვასილიჩი», რადგან ის ყველას და ყველაფერს იცავს, ზრდილობისა და ეთიკის ნორმების გარდა».

თუმცა ასე იყო 1 ოქტომბრამდე, ახლა კი ამ ადამიანების დაცულობა ისევე დაიწრიტა, როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისა «ნაციონალური» რეჟიმის ზეობისას. ახლა «ვასილიჩი» სიმშვიდის გარანტიას ვეღარავის მისცემს. გუჯა ბუბუტეიშვილის «მცხეთის მარანში» ხშირად ნადიმობდა მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, მაგრამ ახლა არ ენადიმებათ. ამის იმედი აქვს პოეტ რეზო ამაშუკელსაც, რომელიც სამი წელი ებრძოდა გივი თარგამაძის ძმასა და სიდედრს: «ეს კორპუსი, რომელიც ჩემი სახლის წინ ააშენეს, უკანონოდაა აშენებული. საუბარია აბაშიძის #42-ში მდებარე კორპუსზე, რომელიც გივი თარგამაძის ძმამ ააშენა. პატარა სახლი ჰქონდათ, ეზოში საპირფარეშოთი. მითხრეს, სამსართულიანი სახლის აშენებას ვაპირებთო. ვიფიქრე, ააშენონ, ცოდოები არიან, ჩემი რა მიდის-მეთქი. სულ მალე ექვსსართულიანი კორპუსი წამოჭიმეს ზუსტად ჩემს ფანჯრებთან. აივანზე ვეღარ გავსულვარ. სულ ჩამომიბნელეს ის ოთახიც, რომელშიც სახელოსნო მქონდა. მთელი სახლი ჩამობნელდა. მარტო მე კი არა, ეს პრობლემა ჩემი კორპუსის სხვა მცხოვრებლებსაც აწუხებთ, თუმცა არ ვიცი, ისინი რატომ არ აპროტესტებენ ამას. მერიაშიც შევიტანე საჩივარი. იმ დეგენერატ უგულავას მივწერე პირადად. მომწერეს, მოვალთო, თუმცა ერთ საათში გადაიფიქრეს. ამ ამბის ასე დატოვებას არ ვაპირებ.  იურისტი არ ვარ და შეიძლება კანონებში ზუსტად ვერ ვერკვევი, მაგრამ, უკანონოდ რომ ააშენეს ამხელა კორპუსი და თანაც ბინებიც გაყიდეს შემდგომ, ფაქტია. მერიიდან შემომითვალეს, ვერაფერს დაგვაკლებ შენი საჩივრებით, «ფეხებს ვერ მოგვჭამო».

ახლა ნახონ, საქმის განახლებას ვაპირებ და ვნახოთ ვინ დარჩება მოგებული. რომ გეკითხათ ნაცებისთვის, კორუფცია დავამარცხეთო. ამ სახლის აშენება კორუფცია არ იყო?! 8 წელია, ამ მტვერს ვყლაპავ. 3 წელი მატყუეს, ხან სად მატარეს, ხან სად. მიტაცებულ მიწაზე ააშენეს ეს სახლი. მიზერულ თანხას ვითხოვდი მაშინ, ბავშვი მყავდა საოპერაციო, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. 2010 წელს ეს სახლი მთლიანად აშენებული იყო. ბოლომდე ჩავყვები. ვინ ვის გაუშრობს სისხლს, ამასაც ვნახავთ. ამისთანა ბევრი აქვთ გაკეთებული მაგათ, მაგრამ გლახა ქვას წამოკრეს ფეხი».

სახლის კი არა, სახლების მფლობელი «ვასილიჩის» ქონებრივ დეკლარაციაში რომ ჩაიხედოთ, გული დაგეთუთქებათ. თითქმის ყველა გრაფაში ბეჭედია დასმული «მონაცემები არ არის». არ არის მონაცემები კიევის ცენტრში მდებარე ფეშენებელური სახლის შესახებ, რომელშიც უკრაინაში თვეობით მყოფი «ვასილიჩი» ცხოვრობდა. იქ მას საკუთარი ბიზნესი აქვს აწყობილი და, როგორც ამბობენ, საკმაოდ წარმატებულად.

საქართველოში მის სახელთან სწორედ მშენებლობის ბიზნესია დაკავშირებული. კომპანია «ბლექსი გრუპის» მფლობელი «ვასილიჩის» ძმაა, რომელიც «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ერთხანს გზების მშენებლობით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაც დაიწყო. რეზო ამაშუკელის სახლის წინ აშენებული კორპუსი მხოლოდ ერთია მათგან. თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბნებში მშენებლობის უფლება და შესაძლებლობა სწორედ ამ კომპანიას ჰქონდა და აქვს დღესაც.

როგორც სააგენტო «პირველმა» გაარკვია, ყვარლის ტბის დასასვენებელი კომპლექსი სწორედ თარგამაძის ბიზნეს-მეგობრების მიერაა აშენებული. მათვე ანდო სახელმწიფომ დურუჯის ტბის ანალოგიური კომპლექსის მშენებლობა. ცოტა ხნის წინ კი გივი თარგამაძის კუთვნილმა კომპანია «ბლექ სი სატმა» ქართულ საკომუნიკაციო ბაზარზე დაიწყო ოპერირება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს «ბლექ სი სატმა» მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებული ავტორიზაცია მიმდინარე წლის 24 მარტს გაიარა. კომპანია მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებას აპირებს. «ბლექ სი სატი» (იგივე «მედიაქეიშენი») 2011 წლის მარტში შეიქმნა. მისი დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელი მამუკა ცქიტიშვილია. გიორგი აბუაშვილს ეკუთვნის 10%, თამარ გრძელიშვილს _ 10%, ლევან გიორგაძეს _ 5%, ხოლო კომპანიის 70%-ის მფლობელი სწორედ თარგამაძის «ბლექ სი გრუპია».

თუმცა, როგორც არაერთი წყარო მიუთითებს, გივი თარგამაძის ძირითადი ბიზნესი მაინც რევოლუციების ექსპორტია. მიხეილ ლეონტიევის მინიშნების არ იყოს, «ჰუმანიტარული ფასეულობებისა და დემოკრატიული იდეალების» ერთგულება «ვასილიჩს» დღემდე მოჰყვება, მაგრამ ამ ერთგულებას ორი კომპონენტი სჭირდება – ფული და ძალაუფლება, გივი თარგამაძემ კი საქართველოში ახალი რეალობის დამკვიდრების შემდეგ ერთი უკვე დაკარგა და, სავარაუდოდ, არც მეორეს შეარჩენს ვინმე.

ლილი მიროტაძე

 

P.S. ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა გივი თარგამაძის სიმამრი «კანონიერი ქურდი», ბატონმა რეზო ამაშუკელმა ასე გვიპასუხა: «თარგამაძის სიმამრი ხარაგაულის რაიონიდანაა და ჩემი ნათესავის, მარინა ხარაძის, ძმაა. როგორც პატიოსან კაცს, ისე ვიცნობ. ზუსტად ვერ გეტყვით, კანონიერი ქურდია თუ არა. ჩემი ინფორმაციით, ერთი პატიოსანი ქართველი კაცია. დანარჩენი თქვენი ჟურნალისტების გადასამოწმებელია».

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here