Home რუბრიკები პოლიტიკა კახა მიქაია: ბაჩო ახალაიამ წასვლის წინ ბანდფორმირებებს უბრძანა, წინააღმდეგობა გაუწიონ ახალ მთავრობას…

კახა მიქაია: ბაჩო ახალაიამ წასვლის წინ ბანდფორმირებებს უბრძანა, წინააღმდეგობა გაუწიონ ახალ მთავრობას…

565

ეს დღეებია, ბეჭდურ მედიასა თუ სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სამეგრელოში ბაჩო ახალაიასდროინდელი შეიარაღებული დაჯგუფებები იმყოფებიან. თემას, რომელიც აწ უკვე თავდაცვის მინისტრმა (მაშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა) ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში წამოწია, აქტუალობა კახა მიქაიას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ შეჰმატა. მისი თქმით, ბანდფორმირებები ამჟამად ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას კუთვნილ მიწაზე იმყოფებიან, სოფელ ხეთაში და, სავარაუდოდ, გარკვეულ მომზადებასაც გადიან. კონკრეტულად რა მიზნით შეიქმნა ეს დაჯგუფებები და რა საფრთხეს წარმოადგენენ რეალურად, ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» დეტალურად თავად კახა მიქაია ესაუბრება.

_ ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც არჩევნები «ნაცმოძრაობის» კრახით დასრულდა, ყველას ეგონა, რომ ის შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთა შესახებაც ალასანია საუბრობდა, დაიშალა და გაქრა. თქვენ ამბობთ, რომ ის ისევ არსებობს. კონკრეტულად რა დაჯგუფებებზეა საუბარი?

_ ეს არის, როგორც თვითონ ამბობენ, მეორე ქვეითი ბრიგადა სენაკიდან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ოფიციალური სტრუქტურების, თავდაცვის სამინისტროსა და განსაკუთრებით ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ ბაჩო ახალაიამ თავის დროზე შექმნა კრიმინალური ბანდფორმირებები, რომლებიც მხოლოდ მას ექვემდებარებოდნენ. სწორედ ეს ჯგუფები იმყოფებიან ახლა სოფელ ურთაში. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიამ, სავარაუდოდ, როცა დატოვა ქვეყნის ტერიტორია, უბრძანა ამ დაჯგუფებების წევრებს, არ დამორჩილებოდნენ არავის და წინააღმდეგობაც კი გაეწიათ ახალი ხელისუფლებისთვის…

_ რამდენად ზუსტია ეს ინფორმაციები?

_ აბსოლუტურად ზუსტია. ახალაიამ ყველას მისცა ანალოგიური მითითება, იმიტომ, რომ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბოლოს უკვე დაჯგუფების შიგნით აირია სიტუაცია. იქ იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავის დროზე აფხაზეთშიც იბრძოდნენ, სამაჩაბლოშიც და 2008 წლის აგვისტოს ომშიც. ბაჩო ახალაიამ მოახერხა ყველას გაერთიანება და ერთი მიზნისთვის შეკრება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ დაჯგუფებაში ასევე არიან როგორც ყოფილი ზვიადისტები, ისე ყოფილი «ტყის ძმები» და მხედრიონელები…

_ ანუ ფორმირებაში არიან ადამიანები, რომლებიც არეულობის დროს სხვადასხვა მხარეს იდგნენ?

_ დიახ და როგორც ჩანს, საბოლოოდ სწორედ ამან გამოიწვია შიგნით გარკვეული უთანხმოება.

_ რა შეიძლება ამ დაჯგუფებებს მოუხერხდეს?

_ ჩემი აზრით, ახლა უკვე დადგა დრო, ახალმა ხელისუფლებამ ამაზე ღიად ისაუბროს და მოახერხოს ამ ბანდფორმირებების დაშლა. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, ვინაიდან ყველასთვის გასაგებია, რა სურდა ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილს…

_ დაჯგუფების რომელიმე წევრის ვინაობა თუა ცნობილი?  ფოტო ან ვიდეომასალა თუ მოიპოვება, რომელიც მის არსებობას დაადასტურებს?

_ მათმა ერთ-ერთმა წევრმა ინკოგნიტოდ მისცა ინტერვიუ ჟურნალისტ ნანა ფაჟავას და, ფაქტობრივად, დაადასტურა ყველაფერი, რაზეც მე პირადად გასული წლის ოქტომბრიდან ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ვიდეომასალაც არსებობს და მეტიც; თუ გახსოვთ, თავის დროზე მე ჟურნალისტებთან ერთად დავადექი მათ სქურში. ჯერ გვითხრეს, პოლიციელები ვართო, მერე _ სამხედროებიო, ხოლო როცა ამის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება ვთხოვე, ვერაფერი წარმოგვიდგინეს. ასე რომ, საკმარისი ფოტომასალაც არსებობს, ვიდეოც და აუდიოც, ამიტომ, ვფიქრობ, თანდათან გამოაშკარავდება, რაც ჰქონდათ განზრახული ბაჩო ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილს, როცა ქმნიდნენ ამ კრიმინალურ ფორმირებებს.

_ რისთვის შეიქმნა, გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, დღევანდელ ვითარებაში, როცა ხელისუფლება უკვე შეცვლილია, რამდენად წარმოადგენს საფრთხეს ეს დაჯგუფება?

_ არა მგონია, საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ ერთი რამ აღსანიშნავია: მიხეილ სააკაშვილი ჯერ პრეზიდენტია და, თუ ესენი ახალმა ხელისუფლებამ არ დაშალა, დამნაშავეები თუ არ წარსდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე და ყველას თავისი კუთვნილი ადგილი არ მიეჩინა, მაშინ სააკაშვილს შეუძლია ამ ბანდფორმირების გადამალვაც და შემდეგ უკვე გამოყენებაც. ამიტომ, ვიმეორებ, ახალი ხელისუფლების პირობებში სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ დაჯგუფებების დაშლა და გარკვევა იმისა, თუ ვინ ქმნიდა მათ, ვინ აფინანსებდა და საერთოდ, რისთვის შეიქმნა იგი.

_ გოდერძი ბუკიას სახელი ფიგურირებდა თქვენ მიერ შეიარაღებული დაჯგუფების არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში. რა შუაშია ეს პიროვნება? რა ფორმით მონაწილეობს ის ამ ყველაფერში?

_ გოდერძი ბუკიას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე იყო განლაგებული ეს ფორმირებები. ბუკია ფლობს სამას ჰექტრამდე ფართობს ურთის გზაზე და სწორედ იქ მიმდინარეობდა დაჯგუფების წვრთნები.

_ ფინანსურადაც ეხმარებოდა?

_ როგორც ვიცი, ის გარკვეულწილად აფინანსებდა კიდეც მათ.

_ ერთის მხრივ, უცნაურია, არჩევნების შემდეგ ბუკია «ქართულ ოცნებაში» გადავიდა. თუ ის ახლა ახალაიას დაჯგუფებებს აფინანსებს, გამოდის, რომ ორმაგ თამაშს თამაშობს და «ოცნებაში» ეს არ იციან?

_ არა მგონია, ახლა  აფინანსებდეს, მე ადრინდელზე ვსაუბრობ. ის თავის დროზე სააკაშვილსაც აფინანსებდა და შევარდნაძესაც. მართალია, ბიძინა ივანიშვილს ბუკიას დასაფინანსებელი არაფერი სჭირს, მაგრამ, რომ გადასკუპდეს «ქართულ ოცნებაში» და განაცხადოს, ჯვარი არ მაქვს დაწერილი «ნაცმოძრაობაზეო», არ გამიკვირდება. ასე გააკეთა წლების წინ, როცა შევარდნაძესთან იყო და სააკაშვილთან გადავიდა. ასე რომ, ასეთ მხტუნავ პოლიტიკოსებზე ბევრს ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ.

_ ისე, როგორც ბიზნესმენს, სამეგრელოში რამე პროექტი ან ინვესტიცია თუ აქვს ამ წლების მანძილზე განხორციელებული?

_ ერთადერთი, რითაც მან რეგიონს თავი დაამახსოვრა, იყო მეგრული სიმღერების ფესტივალი. რაც შეეხება მის დანარჩენ საქმიანობას, დეპუტატობის პერიოდში ის რასაც აკეთებდა, ყველამ იცის. ხობი ისევ ისეთ პირობებში ცხოვრობს, როგორშიც შევარდნაძის დროს; და კიდევ, ოთხადგილიანი ტუალეტი გახსნა ხობის ცენტრში და არჩევნების წინ ოთხი ადამიანი დაასაქმა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ნაცები რომ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები და საამისო პლაცდარმად სამეგრელოს გამოყენებას გეგმავენ ეჭვს არ იწვევს, აქ მაგრად აქვთ ფეხი მოკიდებული ახალაიებს და ქარდავებს მათ შორის ყველა მორწმუნის და ზუგდიდ–ცაიშის ეპარქიის სამგვდელოების სამცუხაროდ (ასეთი სამგვდელოთა რიცხვი სამცუხაროდ ძალზედ მცირეა) საეკლესიო ცხოვრებაშიც,მათი ძმაკაცი ერთ დროს მეუფის მძგოლი რომ იყო მაშინაც ახერხებდა ეპარქიის საქმეებში ჩარევას, ნაცების მთავრობაში ყოფნის დროს ხომ მთლად "გაჯეჯილებული " იყო ის და მისი ძმა (როგორც ამბობენ ადრე მომპარავი და კრიმინალი რომ იყო)–ბიზნესების აწყობა იყო თუ სამგვდელოების წარმომადგენელთა მიმართ მართვა და მუქარა– და ალბათ ახლაც როცა საკმაოდ დიდი ხანია "თანამდებობრივად" უფრო მაგალ საფეხურზეა (ხუმრობიტ მეუფის მოადგილეს ეძახიან, ზოგი კი "(საჭე)თ–მპყრობელს") იგივე გრძელდება… (ზოგადად იმიტომ ვსაუბრობ რომ არ მინდა გამშიფრონ…)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here