Home რუბრიკები საზოგადოება შიოლა ღუდუშაური – გმირი თუ ანტიგმირი

შიოლა ღუდუშაური – გმირი თუ ანტიგმირი

7179

ისტორიულად, XVI საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებს მოსვენებას არ აძლევდნენ არაგვის ერისთავები, დაბეჯითებით ცდილობდნენ მათს დამონებას, ყმებად გადაქცევას, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ხევსურთა თუ მოხევეთა ამაყი და უდრეკი სული ასე ადვილად დასაპყრობი და მოსათვინიერებელი არ იყო. ამ ბრძოლების შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებში მწირი ცნობებია შემონახული. არაგვის ერისთავებიდან ხევის დასაპყრობად პირველად ნუგზარ ერისთავს გაულაშქრებია. ეს ამბები მხატვრულად აქვს აღწერილი ალექსანდრე ყაზბეგს თავის უკვდავ ხევისბერ გოჩაში. მაშინ ნუგზარ ერისთავს გეგმა ჩაუვარდა, თუმცა მისმა მემკვიდრემ, ზურაბმა, 1616-1629 წლებში შეძლო ხევის დროებით დაპყრობა.  

დროებით, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ ხევის დამონება ვეღარ გაბედეს. სერგი მაკალათია ასე გადმოგვცემს შემდეგ განვითარებულ მოვლენებს: „ხალხური გადმოცემებით, როდესაც არაგვის ერისთავები ვერარას გახდნენ და ხევი ვერ დაიმორჩილეს, მაშინ ისინი მშვიდობიანი გზით და დიპლომატიური ხერხებით ცდილობდნენ თემის მოთავეების გადმობირება-მოსყიდვას და ამით თემის პირის გატეხვას… ერისთავებმა დააწინაურეს გავლენიანი გვარის მეთაური შიოლა ღუდუშაური, რომელსაც აზნაურობა უბოძეს თურმე… ახლად გააზნაურებულმა შიოლამ ერისთავების წაქეზებით დაიწყო ხალხზე ბატონობა და საბეგრო ხარჯებით მოხევეებს ძლიერ აწუხებდა. ამაზე თემი ღელავდა. სათემო საბჭოში გვარის უხუცესებმა პირი შეკრეს, რომ თემის მოღალატე შიოლა სასტიკად დაესაჯათ“. (ს. მაკალათია, ხევი, ტფ. 1934, გვ. 42-43).

ნ. ბერძენიშვილის აზრით, ღუდუშაურები სნოში ყველაზე ადრე მისულან. ესენი ყოფილან შიოლა, პაპა და მესამე ძმა (სახელი არავინ იცის)… შიოლასა და პაპას მამა ყოფილა შალვა ღუდუშაური… შიოლას მარაბდას გაუმარჯვნია. ლეკს ხმალში გამოუთხოვია შიოლა. შიოლას მოუკლავს. შიოლა დაუსაჩუქრებიათ მთელი შეიარაღებით (ვერცხლის მუზარადი, ხმალი, საბუხარი და სხვა). შიოლა კიდევ უფრო განთქმულა. ფშავები, ხევსურები და თუშები გულნაკლულები ყოფილან. შიოლას წინააღმდეგ მარაბდიდან წამოსული ცხრა ფალავანი გამოუყვიათ (სამ-სამი); შიოლას ისინი სათითაოდ დაუმარცხებია. ამ გმირს, შიოლას, პირველს გაუტეხია თემის პირი. ეს იყო ნუგზარისა და შემდეგ ზურაბის მოხელე“ (ნ. ბერძენიშვილი, ხევის ისტორიული ფოლკლორიდან, მრავალთავი, თბ. 1964, გვ. 35-36).

ახლა მიმვმართოთ ინტერნეტსივრცეს, აქაც ბლომად დაგვხდება მასალები ამ საკითხის ირგვლივ: „თემმა გადაწყვიტა შიოლას დასჯა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო: შიოლას კარგი ციხე-სიმაგრეები ჰქონდა სნოსა და მის მიდამოებში. რაკი თემმა შიოლასთან შეხვედრა ვერ მოახერხა, მოისყიდა ვინმე ხევსური მთრეხელი. ეს უკანასკნელი ძმადნაფიცი ყოფილა იქვე ახლოს მდებარე სოფელ ახალციხეში გათხოვილ შიოლას დისა. ხევსურს ძღვენის მიტანისას უნდა მოეკლა შიოლა. შეჯდა ცხენზე და გასწია ძღვენით შიოლასაკენ. მაგრამ იგი გათქვეს და მთრეხელი აჩხოტში სანადიროდ მიმავალ შიოლას შეეყარა. შიოლამ ბრძანა ცხენის წართმევა. მთრეხელს ცხენი კი წაართვეს, მაგრამ მშვილდ-ისარი ვერ აართვეს და  ისარი პირდაპირ გულში გაუყარა შიოლას. ამ უკანასკნელის მხედრები დაედევნენ მას და დადნაფიცის სახლში მოკლეს. ასეთი საქციელი ოჯახის დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა. ოჯახის უფროსი სნოში მიუხტა ცოლოურებს, ორი მოკლა და თვითონაც ზედ შეაკვდა. ასეთია ლეგენდა სნოს ციხის მფლობელ შიოლა ღუდუშაურის შესახებ”  (http://dzeglebi.com/view.php?id=31).

მთრეხელის ვინაობის შესახებ სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს (ა. კობაიძე, ჟ. ჯაყელი, ა. არაბული, ა. გურასაშვილი…), სპეციალურ ლიტერატურაში კარგადაა შესწავლილი ბალადა  „შიოლა და მთრეხელიც“.

შეკითხვაზე, თუ ვინ იყო შიოლა ღუდუშაური, დიდი ხანია პასუხი გაცემულია როგორც ქართულ ფოლკლორში, ხალხურ გადმოცემებში,  ისე სამეცნიერო თუ მხატვრულ ლიტერატურაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რათა ისტორიას თვალებში ჩავხედოთ და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ფეხდაფეხ მივყვეთ მოვლენებს:

1. 1894 წელს ჟურნალ „მოამბეში“ (#8, განყოფილება I, გვ. 17-24) პირველად დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის დაუმთავრებელი მოთხრობა „შიოლა ღუდუშაური“; 1905 წელს უკვე წიგნად გამოდის ყაზბეგის მოთხრობები და იქაც იბეჭდება (გვ. 1089) ეს ტექსტი, რომელიც პირდაპირ ასე იწყება:

„შიოლავ ღუდუშაურო ,

სკამს ზიხარ ერისთვისასა,

აღარც ქალს ინდობ, აღარც კაცს,

არცა ბალღს ეთის თვისასა,

პირიდან ცეცხლს ჰყრი, კლდეს ადნობ ბასრის ქვისასა!

ასეთ სურათად გვიხატავს სახალხო გადმოცემა შიოლა ღუდუშაურს, იმ შიოლა ღუდუშაურს, რომელიც ხევში გაბატონებულის არაგვის ერისთავთა მარჯვენას შეადგენდა და შეუბრალებლად სწვავდა, სდაგავდა და ცეცხლში ატარებდა თავის მოძმეთ… ღუდუშაური შიოლა, შავ-შიოლა, როგორც მას ხალხი ეძახდა, დადიოდა გაცეცხლებული გატიალებულს ხევში და თვით ჯოჯოხეთიდან მოვლენილს ცეცხლის მათრად სწვავდა და სდაგავდა ხალხსა“ (ალექსანდრე ყაზბეგი, მოთხრობები, ტფ. 1905, გვ. 1089-1090). როგორც ვხედავთ, ამ მოთხრობაში ალექსანდრე ყაზბეგი გამოხატავს „მოღალატე შიოლასადმი მოხევეთა გულისწყრომას“ (ნანა ლატარია, ალ. ყაზბეგის დაუმთავრებელი მოთხრობები, თბ. 2010, გვ. 27).

1950 წელს გამოცემულ ალ. ყაზბეგის თხზულებათა მე-4 ტომში დაბეჭდილ ამ ტექსტს პროფესორი სოლომონ ყუბანეიშვილი ასეთ კომენტარს დაურთავს: „ალ. ყაზბეგს განზრახული ჰქონია, მთიელთა თავისუფლებისათვის თავგანწირული ბრძოლა ერისთავებთან და მათ აგენტ შიოლა ღუდუშაურთან მხატვრულად აღეწერა. საამისოდ მას შეუსწავლია ხალხური ლექსებიც და დაუწერია „შიოლა ღუდუშაური“ და მისი ვარიანტი „ნინო“, რომელთაგან მხოლოდ დასაწყისი ნაწილია მოღწეული“ (სოლომონ ყუბანეიშვილის შენიშვნები ალ. ყაზბეგის IV ტომზე, თბ. 1950, გვ. 488).

ს. ყუბანეიშვილის მიერ ნახსენებ მეორე მოთხრობაში, „ნინო“, ყაზბეგი წერს: „… ღუდუშაურებს სისხლსა და ხორცში გაუჯდა სიამპარტავნე, აზნაურობის გემოვნებამ გაიდგა ფესვი და ერთბაშად გაბატონებულებმა თავის თანამოძმეებზედ, ხალხს უწყალოდ წვალება დაუწყეს. ხალხი ჰგმინავდა, ჰკვნესავდა, ჰგრძნობდა უსამართლობას. ხალხი ამ მდგომარეობაში იყო, როდესაც ერთი უღმერთოდ გამძლავრებული შიოლა ღუდუშაური იქაურობას მუსრს ავლებდა. გამოჩენილი შიოლა, მებრძოლი და ძლიერი, გულადი და შეუპოვარი, ამასთანავე იყო ამპარტავანი, კაცმიუკარებელი და დაუნდობელი“ (ალ. ყაზბეგი, თხზულებანი, ტომი IV, დაუმთავრებელი მოთხრობა „ნინო“, თბ. 1950, გვ. 158-159). სხვათა შორის, ნანა ლატარიას აზრით, ხევში გამძლავრებული ღუდუშაურების თავგასულობა ნაჩვენებია აგრეთვე მოთხრობაში „ციკო“, სადაც აშკარად შეინიშნება მსგავსება შიოლასა და გორჯასპ ღუდუშაურის პორტრეტების  ჩვენებისას“ (ნ. ლატარია, დასახ. წიგნი, გვ. 29).

2. 1902 წელს გაზეთ „ივერიაში“ (#124) კალმის-წვერას ფსევდონიმით დაიბეჭდა ფელეტონი შიოლა ღუდუშაურის შესახებ. ამ ფსევდონიმის უკან იდგა ა. კობაიძე;

3. 1931 წელს გამოვიდა აკაკი შანიძის ფუნდამენტური შრომა „ხალხური პოეზია“. აქ დაბეჭდილია ლექსები შიოლა ღუდუშაურის შესახებ. დიდი მეცნიერი იმოწმებს ბესარიონ გაბურის ცნობას: „იგი (შიოლა) იმდენად ზნედაცემული ყოფილა, რომ ძველი ხალხური ლექსი ასე მიჰმართავს: არც ქალს უშობდი, არც რძალსა, არც ბალღსა შვიდის წლისასა – ასე ამბობდა მოხევე ბიჭა ღუდუშაური, 1925 წელს სოფელი სნო – ბიჭა ამ დროს 94 წლისა ყოფილა (ა. შანიძე, ხალხური პოეზია, I, ხევსურული, თბ., 1931, გვ. 337);

4. 1967 წელს გამოქვეყნდა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „აჩხოტელების ბატონი“, რომელშიც მხატვრულადაა გაცოცხლებული შიოლასა და მთრეხელის საბედისწერო შეხვედრა. ტექსტში ერთგან ვკითხულობთ: „ეს რა გაუბედეს აჩხოტის ბატონს, ერისთავებთან დაახლოებულ კაცს, შარამბალის მამას, გააზნაურებულ შიოლას – მისივე თემელი, ტანსაცმელჩამოხეული იაგორა, თავისი ცინგლიანი ბღარტის გულისათვის დაემუქრა კიდევაც. ვის გაუბედია აქამდე რამე: ხალხზე ბატონობდა – ხმა არავის ამოუღია, ბეგარას  ითხოვდა  და  იღებდა  კიდეც, რასაც  იტყოდა,  ყველაფერს  უსრულებდნენ,  დედამისის  შვილები  იყვნენ  და  არ შეესრულებინათ,  ნაცარტუტად  აქცევდა  იმათ  სახლ – კარს  შიოლა“  (http://lib.ge/book.php?author=21&book=3405);

5. 1992 წელს ჟურნალ კლდეკარში (#2) დაიბეჭდა ტრისტან მახაურის წერილი „ქართული ხალხური ბალადა „შიოლა და მთრეხელი“, რომელშიც ვკითხულობთ: „სნოელი შიოლა ღუდუშაური აჩხოტის ბატონად იხსენიება ხალხურ ლექსებში (აქამდე სჭამე აჩხოტი… ბატონსა აჩხოტისასა). აჩხოტი ყაზბეგსა და სნოს შუა მდებარეობს, უფრო სწორად, თერგისა და სნოს წყლის შენაკადში. აჩხოტის მინდვრიდან იწყება სნოს ხეობა. თურმე აქ ჩამოდიოდა შიოლა, გზაზე უხვდებოდა გამვლელ-გამოვლელს“ (გვ. 176).

6. ამავე ჟურნალის 1993 წლის მეორე ნომერში პროფესორი ამირან არაბული წერს: „არაგვის ერისთავებისაგან წაქეზებულმა, გააზნაურებულმა შიოლა ღუდუშაურმა ხევის მოსახლეობის დამონება განიზრახა… წელიწადში ყოველ კომლს ლიტრა ერბო უნდა ეძლია თავნება ბატონისათვის, სასწორის პინას ფეხს დაადგამდა, – ჩემი ფეხი ლიტრას იწონის, არც მეტი, არც ნაკლები, ამდენი უნდა მომცეთო… დაკლული ხარის მარცხენა მხარზე უარს ამბობდა, სხვა გზა არ იყო, მარჯვენა უნდა მიერთმია ხარის მეპატრონეს. ეგ კიდევ არაფერი, პირველი ღამის უფლებითაც სარგებლობდა და ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ აცამტვერებდა მთიელთა ვაჟკაცების თავმოყვარეობას“ (ა. არაბული, მშვილდ თაოდ უნდა მთრეხელსა, ჟურნალი „კლდეკარი“, #2, გორი, 1993, გვ. 194).

7. ბექა ქურხული თავის სადისერტაციო ნაშრომში „მოლაშქრეობა -მეკოპრეობის ასახვა აღმოსავლეთ საქართველოს მთის ხალხურ პოეზიაში“ შიოლა ღუდუშაურის შესახებ გვაუწყებს: „ზურაბ არაგვის ერისთავმა მისი რჩევითა და პირდაპირი მონაწილეობით თრუსოში სამოცი ნარჩევი ხევსური ჩაწყვიტა“ (გვ.79-84).

8. შ. არაბულის ცნობით: „შიოლამ გაბატონება მოინდომა, ამასთან საბეგრო ხარჯებით ძალზე შეავიწროვა მოხევეები“ (შ. არაბული, ნარჩევი ხევსურები, თბ. 1999, გვ. 172).

9. ს. მაკალათია თავის წიგნში ასე დაასკვნის: „ამგვარად, თემმა ერისთავებისაგან მოსყიდული და თემის მოღალატე შიოლა მოჰკლა და ამით ბოლო მოუღო მათ ვერაგულ პოლიტიკას“ (ს. მაკალათია, დასახ. წიგნი, გვ. 44).

ასეთი ერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს შიოლას „საგმირო საქმეების“ მიმართ. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ის იყო სასტიკი, დაუნდობელი, უზნეო და მოღალატე.

ჩვენ წარმოვადგინეთ ფაქტობრივი მასალა, შეფასება და დამოკიდებულება აჩხოტის ბატონის, შიოლა ღუდუშაურის შესახებ. იქნებ არსებობს ჩვენთვის უცნობი სხვა შიოლა ღუდუშაურიც?! დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველა შენიშვნას. თუ სადმე აღმოჩნდება საპირისპირო ისტორიული მასალა, რომელიც შიოლა ღუდუშაურის ღვაწლს წარმოაჩენს, ჩვენ მხოლოდ შვებით ამოვისუნთქავთ, რადგანაც ეროვნული ღირებულებების დევალვაციისა და ფასეულობათა გადაფასების ამ სასტიკ დროში ლამის დავკარგოთ ეროვნული იდენტობის განცდა!

რა ხდება თანამედროვე საქართველოში?! ერთობ საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე. სტეფანწმინდის რაიონის სოფელ სნოში გახნილია შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრი, იქვე დგას შიოლას ძეგლიც.

ინტერნეტში ადვილად შეგიძლიათ მოძებნოთ სოლო სიმღერა „შიოლა ღუდუშაური, ბატონი აჩხოტისაო“ (http://www.youtube.com/watch?v=F4g8N_YRcOo), რომელშიც იგი ლამის წმინდანადაა გამოყვანილი: „შიოლა ღუდუშაური, ბატონი აჩხოტისაო, სნოს ჭალას მადგა მთაზედა, გერგეტა დასწერს ჯვარსაო… ვაჟკაცი იყავ გულადი, პურადი სტუმრისთვისაო, კვლავაც სმენ შასანდობარსა ლაღის არწივის მთისაო… კაც იყავ ხევჩი ნაქები, ვით ვეფხი სალის კლდისაო, კვლავამც კი შაგეწეოდეს სამება გერგეტისაო“…

 ჩვენ თვალწინ სამარცხვინოდ აყალბებენ ისტორიას, მოღალატეებსა და აღვირახსნილებს გმირებად რაცხავენ, ზნედაცემულს (როგორც ალექსანდრე ყაზბეგი წერდა „აღარც ქალს ინდობ, აღარც კაცს / არცა ბალღს ერთის თვისასა / პირიდან ცეცხლს ჰყრი / კლდეს ადნობ ბასრის ქვისასა“ ) ძეგლს უდგამენ, სულიერებისა და კულტურის ცენტრს ანიჭებენ ისეთი ადამიანის სახელს, რომელიც „იყო ამპარტავანი, კაცმიუკარებელი და დაუნდობელი“.

ვინ გვაპატიებს ისტორიის შეცვლასა და გაყალბებას, ვის სჭირდება ანტიგმირის გმირად გამოცხადება, ვის ვუმღერით, ვის ვუდგამთ ძეგლებს, რა პასუხს ვაძლევთ შთამომავლობას?!

საბა მეტრეველი

 

 

 

 

 

4 COMMENTS

  1. დაანებე ძვირფასო ძმაო ხალხურ თქმულებებს თავი , ყოველი თქმულება მორგებულია მთქმელის სადაურობასა და დამოკიდებულებაზე . რაც შეეხება ღუდუშაურების გვარს , ჩადი ხევს და იქ იკითხე ასაკოვან ხალხში ვინ არიან და საიდან მოდიან . ამ ფორმით სხვაც შეცდომაში შეგყავს რადგან იქ ხევში სხვა დამოკიდებულება აქვთ ღუდუშაურების მიმართ და შენგან ასე სარწმუნოდ მიჩნეული ალექსანდრე ჩოფიკაშვილის გვარის მიმართ ( ბევრი პირადი მიზეზი ჰქონდა ალ. ყაზბეგს არ ჰყვარებოდა ღუდუშაურები)

    • ხალხური თქმულებები რა შუაშია, რა დაუნი ხარ ვიღაცა ხარ, ვერ ხედავ, რა ლიტერატურაა მითითებული გვერდების დამოწმებით? ცოტა თავი გაანძრიე. მოხევეები რასაც ამბობენ, ყველამ ვიცით და გაიკითხე თუ გინდა, სხვას რომ ასწავლი წკუას, ეტყობა თავად ხარ ღუდუშაური პ. ღ

  2. საპატრიარქოში ვიყავი და მთავარ დარბაზში ,,სამების” ხატის წინ შიოლას ქანდაკება ედგათ და სანთელს ანთებდნენ.
    სახლში შეიძლება ვინც გინდ წინაპარი გყავდეს სანთელი აუნთე თუნდაც რამდენიც გინდა, მაგრამ საპატრიარქოში არა მგონია სწორი იყოს.
    შიოლა არის ანტიგმირი და ასეთი ,,გმირები” ზოგჯერ ჩნდებიან ისტორიაშიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here