Home რუბრიკები პოლიტიკა ესაა, კორუფცია დავამარცხეთო?

ესაა, კორუფცია დავამარცხეთო?

611

სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა სამუშაო ადგილზე მისვლისთანავე აღმოაჩინა კორუფცია, რომელსაც „ნაციონალური“ ხელისუფლება დიდი ხნის „დამარცხებულად“ აცხადებდა. სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „რამდენიმე წელია, გვესმის, რომ საქართველოში ევროსტანდარტის დონის ციხეებია. თუმცა ამ ევროპული დონის ციხეებში, სწორედ მაშინ, როდესაც მე სახალხო დამცველი ვიყავი, 2 თვის აშენებულ ციხეში, ე. წ. მე-6 კოლონიაში, რომელსაც ახლა მე-17 დაწესებულება ჰქვია, 2 თვის განმავლობაში პატიმრები იწვნენ ისე, რომ თეთრეული არ ჰქონდათ.

სუბარის განცხადებით, ტენდენცია დღემდე გრძელდება და პატიმრების ოჯახის წევრები იძულებულები არიან, თვითონ შეიძინონ თეთრეული. ციხეებში არ ვარგა საკვები და ზოგადად პირობებია ძალიან მძიმე. როგორც სუბარი ირწმუნება, მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში გამოსწორდება, რაც მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფოსგან. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ უკეთესი პირობები ყოფილიყო, თუმცა იქ კორუფციაა – ხდება საბიუჯეტო თანხების დატაცება და პატიმრებისგან ქრთამს იღებენ.

„მე კარგად ვიცოდი კორუფციის ელიტური  დონე, მაგრამ გაოგნებული ვარ კორუფციის იმ დონით, რომელიც აღმოვაჩინე სისტემის გაცნობისას, როდესაც თითოეული პატიმრის გადაადგილება დაკავშირებულია ფულთან. ამ ადამიანებთან ვინმეს შესვლა დაკავშირებულია ფულთან, გრძელვადიანი პაემანი დაკავშირებულია ფულთან. და აქ ლაპარაკია 500, 1000 და 1500 დოლარზე“, – განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.

სოზარ სუბარს ჯერ არ უთქვამს, მაგრამ ასეთივე განუკითხაობაა სასჯელაღსრულების სისტემაში გახსნილ მაღაზიებში. პროდუქტი ორმაგად ძვირია, ვიდრე გარეთ და თან პატიმრებზე ვადაგასულ პროდუქციას ასაღებენ. პრესის შეტანა შეზღუდულია, რომ პატიმრებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ვერ მიიღონ, ხოლო საკნებში ავეჯის, გამათბობლების და ყველა სახის საყოფაცხოვრებო ნივთების შეტანა ისევ მათი ოჯახის წევრებს უწევთ. სად მიდის ამისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

„კანონიერ ქურდებთან მებრძოლი“ ხელისუფლება მთელი წინასაარჩევნო პერიოდი იმას ჩაგვჩიჩინებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქურდებს დააბრუნებს“, ახლა კი ირკვევა, რომ კანონიერი ქურდები გლდანის მე-8 საპყრობილეში ერთ საკანში ჰყავთ. ამის შესახებ სოზარ სუბარმა განაცხადა. მას ბოლო დღეებში ისეთი ინფორმაციები მისდის, რომელიც რეალურად საბოტაჟის ნიშნებს ატარებს. მაგალითად, სხვადასხვა დაწესებულებებში შედის დიდი რაოდენობით აკრძალული ნივთები, როგორიცაა მობილური ტელეფონი.

„როგორც ჩანს, ვიღაცებს აქვთ იმის იმედი, რომ ამ ნივთების ამოღებას შეიძლება მოჰყვეს ამბოხება. ნურავის ექნება იმედი, რომ სისტემაში რღვევას შეიტანს. ჩვენ დავამყარებთ წესრიგს და ამასთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იყოს დაცული. ყველა დამნაშავე ამ სისტემაში აგებს პასუხს და ყველა, ვინც ღირსეულად ემსახურებოდა და შეძლო ამ სისტემაში თავისი ადამიანური სახე შეენარჩუნებინა, გააგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here