Home რუბრიკები საზოგადოება გიგა ბათიაშვილი: სააკაშვილის “შორსმხედველობას” ანალოგი არ მოეძებნება

გიგა ბათიაშვილი: სააკაშვილის “შორსმხედველობას” ანალოგი არ მოეძებნება

926

საჯეირნო, იცით, სად არის? არა? გეტყვით: ეს არის თბილისის გარეუბანში, კერძოდ, თბილისის ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ მხარეს მდებარე ვრცელი, აუთვისებელი ტერიტორია.

თბილისელობას ხომ იჩემებთ?

კი, რა თქმა უნდა.

მაშინ მოუსმინეთ ბატონ გიგა ბათიაშვილს, ჩვენს სახელგანთქმულ არქიტექტორსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელიც შეშფოთებული ლაპარაკობს იმ საშიშროებაზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქის განვითარებას სწორედ საჯეირნოს რკინიგზით გახლეჩის გამო ელის.

_ ეს მხოლოდ პრობლემა კი არ არის, თბილისის განვითარება-სრულყოფის კონკრეტულად საქმიანი უბნის (city) აქ განთავსების საკითხია, _ ამბობს ბატონი გიგა და განაგრძობს, _ ამასთან დაკავშირებით წერილიც კი მივწერე სააკაშვილს და დედაქალაქის მერს, შემდეგ _ ორივეს ერთად, მაგრამ არც ერთისგან პასუხი არ მიმიღია. ბოლოს, როგორც იქნა, შესაბამისმა უწყებებმა პატივი დამდეს და გამომიგზავნეს კურიოზული პასუხები.

შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის, ირაკლი ეზუგბაიას, ბელეტრისტიკის მარგალიტი მაინც განსაკუთრებულია: “…საავტომობილო გზატკეცილი (კახეთი-გლდანი) გადის დამეწყრილ ტერიტორიაზე, ამიტომ ამ დერეფანში რკინიგზის გატარება არ არის სასურველი (თუმცა შერჩეული ვარიანტით რკინიგზა სწორედ დამეწყრილ მონაკვეთზეა დაპროექტებული. _ ა.ს.). რაც შეეხება ლანდშაფტის ვიზუალურ მხარეს, რკინიგზა გაივლის ჭრილში, ამდენად, ვიზუალურად არ მიიღებს მონაწილეობას ლანდშაფტის ექსპოზიციაში. ასევე უნდა აღინიშნოს წერილში მოყვანილი საკითხი რკინიგზის გასწვრივ ტერმინალებისა და სასაწყობო მეურნეობების მშენებლობის შესახებ” (რას ნიშნავს ეს ფრაზა? _ ა.ს.).

ამ აბდაუბდის მავნებლურ არსში, შევეცდები, თანდათან გაგარკვიოთ.

_ ჩათვალეთ, რომ ინტრიგის მარცვალი ნოყიერ ნიადაგში ჩავარდა, და ყურადღებით გისმენთ.

_ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფუნქცია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აღიდგინა გაზრდილ მასშტაბში გარკვეული გეოპოლიტიკური არეალისთვის, არის სატრანზიტო ფუნქცია, რაც ტვირთების გადაზიდვასთან ერთად ინტელექტუალური პროდუქტის გადატან-გადმოტანასაც ნიშნავს, რომელიც უმეტესად მატერიალურ-ფინანსურ მოძრაობაშია გამოხატული.

აქედან გამომდინარე, საქმიანი უბნის ე. წ. სიტის (city) შექმნა თბილისსა და ქვეყნის ზოგიერთ სხვა ქალაქში გარდაუვალია.

_ სანამ ამის გარდაუვალობას დაგვიმტკიცებთ, იქნებ აუხსნათ ჩვენს მკითხველებს, _ რა არის სიტი?

_ სიტი არის სრულიად განსხვავებული ორგანიზმი, ქალაქგეგმარებით აღმოცენებული უბანი საქალაქო ტრანსპორტის ერთიან ქსელში ჩაწერილი.

_ სად?

_ ქალაქში, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს თბილისი და ახლა გავარკვიოთ _ სად და რისთვის.

დავიწყოთ იმით, რომ თბილისის ღირებული ნაწილი არის ისტორიული განაშენიანების ზონა. ახალი ფუნქციის მინიჭება ნიშნავს, რომ მან, ამ სიახლემ, მთლიანად უნდა შეცვალოს ის ისტორიული, გენეტიკური ფესვი, რომელზეც ეს ისტორიული ნაწილია აღმოცენებული და რომელიც შეიძლება იყოს სამომავლო აღმშენებლობითი საქმიანობის საფუძველი.

აქედან გამომდინარე, რომ არ დავღუპოთ და დავანგრიოთ ის, რაც გვაქვს, უნდა ვიფიქროთ, სად განვსაზღვროთ, სად დავუდოთ შესაძლო ბინა ამ ახალ სტრუქტურას.

_ სიტის.

_ დიახ, სიტის ფორმირებას, შექმნას. საამისოდ საუკეთესო ადგილი თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში აღმოჩნდა თბილისის ზღვის მიდამოები, კერძოდ, თბილისის ზღვის ჩრდილოეთი ფერდი _ კავკასიონის სამხრეთი კალთა, რომელიც ჩამოდის ხელოვნურ წყალსაცავამდე და იდეალური ექსპოზიცია აქვს, მამადავითის სიმაღლეზე მეტია და ამ ადგილს გვირგვინივით ადგას. თანაც ეს ტერიტორია თბილისს უკავშირდება თბილისის ზღვის შემოვლითი გზით, მეტროს სამი სადგურით, რომლებიც იქვე ახლოსაა და ტურისტულ-გამაჯანსაღებელი შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია.

თუ მეორე ნაპირზე სიტი აღმოცენდება და, ალბათ, ხიდიც გაიდება, თბილისის ზღვა ჟენევის ახალ ტბად წარმოგვიდგება, ანუ გახდება ქალაქის ორგანული ნაწილი და თბილისის გრძივი კავშირების პარალელურად ბიძგი მიეცემა ქალაქის განივი კავშირების განვითარებას.

პოტენცია, ღირებულება და მნიშვნელობა ამ ყველაფრის იმდენად დიდია, რომ მას ვერავითარი მატერიალური ღირებულებით ვერ განვსაზღვრავთ.

_ და ამ რეალობის პერსპექტივას ალღო ვერ აუღო ვერც სააკაშვილმა, ვერც უგულავამ? იმდენად ახლომხედველები აღმოჩნდნენ, იმდენად უმნიშვნელოდ ეჩვენათ, რომ პასუხის გაცემის ღირსადაც არ ჩაგთვალეს?

_ სააკაშვილის “შორსმხედველობას” ანალოგი არ მოეძებნება. ეს კაცი ისეთ ჰორიზონტებს იყო მიჩერებული, რომლებზეც მხოლოდ ლაზიკა და ამ ქალაქის მშვენება, იუსტიციის სახლი, ბრწყინვალებდა.

ეს _ საერთოდ.

ახლა კი კონკრეტულად საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც თავისი ისტორია აქვს.

დაახლოებით რვა წლის წინათ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს თბილისის რკინიგზის აყრისა და ჩიხურად შემოსვლის საკითხი _ ერთი ნავთლუღის, მეორე დიდუბის მხრიდან.

_ ჩიხურად შემოსვლა ნიშნავს, რომ ორივე მხრიდან შემოსული მატარებლები თქვენ მიერ დასახელებულ სადგურებში, როგორც ჩიხში ჩერდებოდნენ?

_ აგიხსნით. არავისთან რომ არ შეუთანხმებიათ, ისე გაჩნდა იდეა მათ შორის გვირაბის მშენებლობის, რომელიც, პირველი, ნაკარნახევი იყო შეზღუდული გონებით, მეორე, მერკანტილური მოტივით, რადგან ამ შემთხვევაში ქალაქის ცენტრში თავისუფლდებოდა დიდი ტერიტორიები, რომლებიც კომერციის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნიდა.

_ ანუ იქმნებოდა ელიტური კორუფციის კიდევ ერთი სარფიანი წყარო

_ შეიძლება ასეც ითქვას. ეს იდეა-პროექტი ყოველგვარი ექსპერტიზის გაუვლელად სხდომაზე დასამტკიცებლად გამოიტანეს.

ის პერიოდია, როცა ხელისუფლება ჯერ კიდევ უსმენდა ოპოზიციას. ვინაიდან იქ იმ დროს საკრებულოში მხოლოდ მე ვიყავი არქიტექტორი, ყველამ მე შემომხედა _ აინტერესებდათ, რას ვიტყოდი. ვთქვი, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის “ჩიხურად შემოსვლა” დიდი ხანია ქალაქის გენერალურ გეგმაში დევს. ამის გაკეთება მიზანშეწონილია, სამაგიეროდ ყოვლად დაუშვებელია გვირაბის მშენებლობა, რადგან ნავთობის სატრანზიტო შემადგენლობების, რომელთა გატარება საქართველოს, როგორც აზია-ევროპის დამაკავშირებელ ქვეყანას უწერია, გვირაბით უდიდესი საფრთხის შემცველია.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ გვირაბში ელექტრო წევის შემთხვევაში გაჩენილმა ნაპერწკალმაც კი შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს მთელი ქალაქის მასშტაბით.

_ ჩვენი გაზეთის მკითხველებს შეიძლება ახსოვთ კიდეც, რომ ამ საშიშროებაზე თქვენ დაწვრილებით ისაუბრეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში.

_ ამიტომ ამ საკითხზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში, როცა გარშემოვლითი სატრანზიტო-საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხი დაისვა, ეს გზა _ რუსთავი-კახეთის გზატკეცილი-ავჭალა _ გაატარეს საჯეირნოს გადაღმა ბუნებრივ დერეფანში. მაშინვე იყო აღნიშნული, რომ ეს დერეფანი გამოდგებოდა რკინიგზის გასატარებლადაც. ეს იქნებოდა იდეალური შემთხვევა: დერეფანი ყველა კომუნიკაციით არსებობს და ისღა დაგვრჩენია, რკინიგზის გარშემოვლითი ხაზის  გაყვანა აქვე ვივარაუდოთ.

თანაც ეს დაუსახლებელი და აუთვისებელი მიწები შესანიშნავი ადგილია ტერმინალების მშენებლობისთვის, რომლებიც ასე აუცილებელია განახლებული ისტორიული “აბრეშუმის გზის” ფუნქციონირებისთვის.

ეს ტერმინალები ხელს შეუწყობს გზის მშენებლობას და, ამდენად, ეკონომიკურადაც მიზანშეწონილი და სარფიანია.

_ რა თქვა საკრებულომ თქვენი არგუმენტების მოსმენის შემდეგ?

_ მოხდა საოცრება და, რაც არ მახსოვს ბოლო ოცი წლის განმავლობაში, წარმოდგენილი პროექტი არ დაამტკიცეს.

მაგრამ გავიდა გარკვეული დრო და გავიგეთ, რომ მოხდა უარესი _ სარკინიგზო შემოვლითი გზით პირდაპირ გაჩეხეს საჯეირნო, ანუ თბილისის განვითარების პერსპექტივა დაჩეხეს. ეს იგივეა, ახალშობილს ფეხები რომ მოჰკვეთო. ეს ნიშნავს რკინიგზის გაყვანის შედეგად სამრეწველო ობიექტების გაჩენას, ანუ საწარმოო ზონის წარმოქმნას იქ, სადაც ქალაქის პერსპექტიული განვითარების ყველაზე კარგი ტერიტორია არის.

ეს ერთი.

მეორე. თბილისის ზღვას მიუახლოვეს რკინიგზა იქ, სადაც ამ წყალსაცავის ერთი ნაწილი დღეს გამოყენებულია, როგორც ქალაქის სასმელი წყლის რეზერვუარი. ამით რა საშიშროება დაემუქრება თბილისელების სასმელ წყალს, ცხადზე უცხადესია.

რკინიგზის ამ მაგისტრალის გასწვრივ ყველა რელიეფური ნაოჭი ჩადის თბილისის ზღვისკენ, სხვა გზა არ აქვს. ნავთობის ერთი ცისტერნაც რომ ასცდეს ლიანდაგს, ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალია.

ამ რკინიგზის პროექტი უკრაინულ ორგანიზაციას შეუკვეთეს. კოლეგებმა პროფესიულად იმუშავეს და ოთხი ალტერნატივით წარმოადგინეს. ჩვენმა ქალაქის მამებმა კი ყველაზე უარესი აირჩიეს. რა მერკანტილური მოსაზრებები უდევს საფუძვლად მათ გადაწყვეტილებას, ღმერთმა იცის.

_ მოსაწამლად გვიმეტებენ და ეგაა.

_ ოფიციალურ განმარტებაში, თუ რატომ აირჩიეს მაინც და მაინც ეს ვარიანტი, ნათქვამია, რომ ზედა ალტერნატივები მეწყერსაშიშ ზონაში გადის. ეს განცხადება საქმეში ჩაუხედავ ხალხზეა გათვლილი. უნდა გითხრათ, რომ ყველა ალტერნატივა ეროზიულ მონაკვეთს ერთნაირად გადის. მაშასადამე, ნებისმიერი ალტერნატივისთვის ამ მონაკვეთში უნდა ჩატარდეს ისეთი სამუშაოები, რომლებიც ეფექტიანი ანტიეროზიული იქნება.

მე მგონი, გონივრულ გადაწყვეტილებაზე უარი თქვეს იმიტომ, რომ თავის დროზე სხვების მიერ ასე იყო გადაწყვეტილი, ამათ კი, ხომ იცით, გართულება სჭირდათ წინა თაობების მიმართ.

_ დაავადებულნი არიან. ერთი ანეკდოტი მახსენდება ამასთან დაკავშირებით. ექიმი გასინჯავს პაციენტს და ეუბნება, ორი დასკვნა შემიძლია გაცნობოთ: უიმედო და სასიხარულო. პირველი, _ გამოჯანმრთელების შანსი არ გაქვთ! სასიხარულო რა არისო? სასიხარულო ისაა, რომ ამ დაავადებას თქვენს სახელს უწოდებენ.

ასე რომ, ამათი დაავადება ავადმყოფობის ისტორიაში მათი სახელით ჩაიწერება.

_ ოქროს ასოებით

ახლა სიტი. სწორედ ეს რკინიგზის ხაზი კვეთს სიტის განთავსებულ შესაძლო ტერიტორიას.

რა არის სიტი? მართვის ქალაქია: ბანკები, კომპანიების ოფისები, სამინისტროები, საელჩოები, რომლებსაც ფუნქციონირების თავისი წესი აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციების მისიები და ა. შ.

დღეს მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ხელისუფლება იცვლება, მაგრამ ყოფილების უგნური გადაწყვეტილების რეალიზაცია ძალაში რჩება. ეს ახალი უბედურებაა.

თბილისში სიტის (ციტყ) ფორმირების აუცილებლობა საქართველოს ახალმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ვითარებამ, მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულების თავისებურებამ განაპირობა. ახალი ურბანული სტრუქტურის შექმნა გარდაუვალია, მაგრამ ამ ამოცანის განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუ არ აღმოვფხვრით წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობად მიღებული უგუნური გადაწყვეტილებებით დამდგარ და მოსალოდნელ შედეგებს.

შევიკრიბოთ პროფესიონალები, ვიმსჯელოთ, გადავწყვიტოთ!

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. უნდა შეჩერდეს ყველა მშენებლობა,რათა კომპეტენტურმა ადამიანებმა იმსჯელონ მათი მიზანშეწონილობის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here