Home რუბრიკები საზოგადოება დამთავრდა თქვენი თარეში, განათლებისა და მეცნიერების მიზანმიმართულო მნგრეველებო!

დამთავრდა თქვენი თარეში, განათლებისა და მეცნიერების მიზანმიმართულო მნგრეველებო!

702

როგორც იქნა, ჩამოშორდა დამანგრეველი, ანტიეროვნული იდეოლოგიური დიქტატის კასტა ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს. არავინ ელოდა ასეთ დასასრულს, თუმცა ისტორიული განვითარების კანონზომიერება მოითხოვდა, რომ ამ კაბალურ და ტოტალურ სისტემაში, რომელიც დემოკრატიის სახელით მძვინვარებდა ქვეყანაში, დაიბადებოდა წინააღმდეგობა და დამთავრდებოდა შავბნელი ღამე!

რა იქნება ხვალ? როგორი იქნება სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული მიდგომა სახელმწიფოსგან მიგდებული და მიტოვებული არაერთი დარგისა თუ საკითხის მიმართ?! ასეთი კითხვები აწუხებს ბევრს, მათ შორის _ მეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხამებისა და “გოიმების პარადის” დრო დამთავრდა, დასრულდა გაუგებარი თვითკმაყოფილებისა და თვითტკბობის ეპოქაც!

“ვარდების რევოლუციით” მოსული ხელისუფლების პირველი სამიზნე უნივერსიტეტი და მეცნიერების სისტემა იყო. ლომაიას დამანგრეველმა რეფორმამ ისე გააპარტახა ეს სფერო, რომ კარგა ხანი დასჭირდება მის ფეხზე წამოყენებას. ვინმეს შეუძლია ახსნას, რატომ ერქვა მეცნიერების სამინისტოც ამ უწყებას, რა გაუკეთა ქართულ მეცნიერებას სამეცნიერო ინსტიტუტების შენობების გაყიდვის, სამეცნიერო კაბინეტების გაუქმების, მეცნიერების სამსახურებიდან გამორეკვის, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასის (თვეში საშუალოდ 150 ლარი) დანიშვნისა და ამით, ფაქტობრივად, ქართული მეცნიერების ეროვნული ნიადაგიდან ამოძირკვის მანიაკური იდეის ხორცშეხმის მეტი?! და ასეთი დაფინანსებით, რომელსაც ჩვენთვის იმეტებდა “ეროვნული ხელისუფლება”, ახალ წიგნს იყიდდა მეცნიერი, საწერ საშუალებას, სამეცნიერო მივლინებით წავიდოდა სადმე თუ ადამიანის უმთავრეს მონაპოვარს _ სიცოცხლის უფლებას, შეინარჩუნებდა?! 

2006 წელს საქართველოს მთავრობამ უკლებლივ ყველა სამეცნიერო დაწესებულება და აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა გამოიყვანა მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დაუქვემდებარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მერე ინსტიტუტს საბოლოოდ წაართვა ავტონომიური არსებობის უფლება და კანონის უხეში დარღვევით მიუერთა სასწავლო დაწესებულებებს, როგორც გაურკვეველი სტატუსის მქონე ერთეულები.

ხელისუფლების ცინიკურმა და შეგნებულად გააზრებულმა ნგრევის პოლიტიკამ გაანადგურა არსებული სამეცნიერო პოტენციალი; მან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ფიზიკურად მოსპო კვალიფიციური კადრები.…რომელი ერთი გავიხსენოთ მათი “საქმენი საგმირონი”. როგორც თავის დროზე ხელისუფლების ერთმა რუპორმა აგვიხსნა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში თურმე ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა, და გაყიდეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობა-ნაგებობები, ქუჩაში გამოყრილი და სხვადასხვა ინსტანციას შეკედლებული ქართული მეცნიერება დროისა და ეპოქის მსხვერპლად აქციეს _ აი, ეს იყო “ვარდების რევულუციური ხელისუფლების” რეალური სახე!  მიუხედავად სააკაშვილის რეჟიმის მიერ დეკლარირებული დასავლური ორიენტაციისა, რეალურად რა მივიღეთ? თანამედროვე მსოფლიოში ბევრს საუბრობენ ცოდნის ეკონომიკის შესახებ და განვითარებულ ქვეყნებში კარგად იციან ნამდვილი მეცნიერების ფასიც. ჩვენ რისი ფასი ვიცით? _ მანდატურების სათვალთვალო მომავალს ვზრდით თუ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ვესწრაფვით?!

არაკომპეტენტური და საქმეში ჩაუხედავი ადამიანები შეესივნენ და ძირი გამოუთხარეს ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს! როცა სკოლაში რეფორმის სახელით გაუგებარი და სასწავლო პოლიტიკის დამანგრეველი პროცესები დაიწყო, მაშინ ეს გამარჯვებად მიიჩნიეს და, თურმე მერე მიხვდნენ, რომ მთლად კარგად არ ყოფილა საქმე. აქ გააზრებულ მიდგომაზე კი არ იყო საუბარი, არამედ ერთი ადამიანის ნება-სურვილი მართავდა ყველაფერს, მინისტრებს ხან აგიოგრაფიული მწერლობა მიაჩნდათ მკვდარ ტექსტებად და ხანაც ინტეგრირებული სწავლების აპოლოგეტებად გვევლინებოდნენ!

რაც შეეხებოდა მათ სურვილს, რომ საქართველო მოსამსახურეთა ქვეყნად გადააქციათ, ეს აღარ მოხდება! ბევრი რამ მეცნიერულ ძალაზეა დამოკიდებული, იმ ბირთვზე, რომელიც არ დაემონება, არ დაიჩოქებს, არც ერთი ხელისუფლების ნავში არ ჩაჯდება, პირადი კეთილდღეობისთვის ლიქვნასა და პირფერობას არ იკადრებს, არ გაუტყდება გასაჭირს, სიმართლისა და პატიოსნების, მამულიშვილობისა და ქვეყნის მსახურების პიროვნულ მაგალითად იქცევა და მიზანმიმართულად იმოქმედებს ადამიანური ღირსების დაცვისა და ეროვნულ ფასეულობათა დამკვიდრებისთვის.

მეცნიერებაზე უარის თქმა ისტორიული პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების მცდელობაა, რადგან ამით სახელმწიფო ირიბად აცხადებს, რომ არ სჭირდება განათლებული ქვეყანა. ბრბო ადვილად სამართავია! ვერ ეღირსა ქართველი ერის ბრბოდ ქცევას ვარდებით მოსული ხელისუფლება, რომელსაც ვარდი ცოცხად ექცა, რომლითაც გახვეტეს კიდეც!

მიზანმიმართული, გააზრებული და დაბალანსებული პოლიტიკაა აუცილებელი იმისათვის, რომ რამე შეიცვალოს განათლებისა და მეცნიერების მხრივ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ხსნის მოლოდინში არიან, იქნებ ახლა მაინც გაამართლოს თავისი ფუნქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთან ერთად (რომლის კეთილდღეობაც ხელისუფლებას აკვიატებული ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად არაფერს აკეთებდა ამისთვის) ქართველი მეცნიერის ბედზეც დაფიქრდეს და რეალური ნაბიჯები გადადგას მეცნიერისა და მეცნიერების გადასარჩენად. მართალია, სამეცნიერო წრეები ელექტორატად ვერ გამოდგება, ცოტანი ვართ მასწავლებლებთან შედარებით, მაგრამ ბინძური პოლიტიკისაგან თავისუფალი სტრუქტურა უნდა წარმართავდეს საქმიანობას და არა რევანშისტული განწყობის გაურკვეველი იდეოლოგიის სექტა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო სტრატეგიის რადიკალურ შეცვლას მეცნიერებისა და განათლების ფეროში. აუცილებელია, კონცეპტუალური საფუძველი დაედოს სარეფორმო ღონისძიებებს, რათა დარგები და მიმართულებები არ განადგურდეს, კადრების წყვეტა რომ ავიცილოთ თავიდან. ფუფუნებაში მეცნიერს არც ერთი რეჟიმის დროს არ უცხოვრია, რადგან მეცნიერული შრომა იმთავითვე გამორიცხავს შვებასა და განცხომას _ ეს ერთგვარი მსხვერპლშეწირვა, ახალი აზრის ძიება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაა. რთულია, ვინმეს დააძალო ასეთი ცხოვრება, თანაც მაშინ, როცა იცი, რომ განწირული ხარ შიმშილისათვის, როცა არავის სჭირდები, როცა ზედმეტი ხარ საზოგადოებისთვის… პერსპექტივა არცთუ სასიკეთოა, ახალგაზრდების დაინტერესება მეცნიერებით, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. საუნივერსიტეტო სწავლებას ხელოვნურად მოწყვეტილი მეცნიერება უკვე ნიშანია იმისა, რომ გადასახედია არაერთი ფუნდამენტური საკითხი. ბოლონიის პროცესის ხშირი ხსენებით უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარებული რეფორმები, რომლებმაც სამარცხვინო სახე მიიღო, სასწრაფოდ საჭიროებს შეცვლასა და რეორგანიზებას. იქნებ დამთავრდეს საქართველოში კლანური დაჯგუფებების, ნაცნობ-მეგობრობის მიხედვით კადრების შერჩევა და კვალიფიციური ადამიანების სრულიად არაკომპეტენტური პირებით ჩანაცვლება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა შეძლოს ლაბორატორიასა და აუდიტორიას დაუბრუნოს მეცნიერი, ახალგაზრდობას კი მისცეს ცოდნის შეძენის მოტივაცია. მეცნიერება, ანუ კვლევა და ამის შედეგად ამ ბაზაზე დაფუძნებული ცოდნის ეკონომიკა აუცილებელი გარანტია სახელმწიფოს აღმშენებლობისა, რადგანაც კარგი მეცნიერი კარგ უნივერსიტეტს ნიშნავს, იქ მიღებული ცოდნა კი მომავლის ბაზისია. ასე რომ, სწორად გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა აუცილებლობის გათვალისწინებით გულისხმობს განვითარებულ მეცნიერებას, ამის გარეშე ქვეყნის სერიოზულ წინსვლაზე საუბარი ილუზიაა.

მთავარი მაინც ისაა, რომ შეგნებული გვქონდეს მისია და აუცილებლობა მეცნიერებისა, სწორად გვესმოდეს მისი როლი და ადგილი საზოგადოების, სახელმწიფოებრივი განვითარების, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატსა და ჩვენს ეროვნულ ხელისუფლებას წარმატებები ვუსურვოთ ამ რთული საქმის გადაწყვეტაში!

 

საბა მეტრეველი

 

1 COMMENT

  1. მაგათი თარეში და ჩვენს ნერვებზე თამაში ისევ გრძლედება, სანამ ციხის კართან არ დადგებიან და პასუხს არ აგებენ იმ ყველაფრის გამო, რაც ქართველ საზოგადოებას დამართეს. დიდი მადლობა საბა ასეთი მწვავე და პროფესიონალური დამოკიდებულებისათვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here