Home რუბრიკები პოლიტიკა ოპოზიცია თუ ბანდა?!

ოპოზიცია თუ ბანდა?!

546

21 ოქტომბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს თავის პოლიტიკურ კარიერაში ერთერთი ყველაზე მძიმე წუთების გადატანა მოუხდა, თანაც იმ შენობაში, სადაც, მისივე ჩანაფიქრით, ,,ნაციონალური მოძრაობისტრიუმფი საბოლოოდ უნდა გაფორმებულიყო. ის ძალიან ნერვიულობდა, ჩქარობდა, სიტყვებს ყლაპავდა და აშკარა იყო, რომ ერთი სული ჰქონდა, სხდომათა დარბაზი რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა. მის ქცევაში არ შეინიშნებოდა არაფერი ,,ღირსეული დამარცხებისეთიკისა და ესთეტიკისგან, თუნდაც ეს ერთ რეპლიკაში ან ჟესტში გამოვლენილიყო, თუმცა ამას, ფიგურანტის ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მისგან, პრინციპში, არც არავინ ელოდა. შატობრიანის ფრაზის ,,იმ დღეს მეფემ დაკარგა ყველაფერი ღირსების გარდა” (ფრანცისკ I-ისა და მისთვის საბედისწერო პავიას ბრძოლის შესახებ) მისადაგება სააკაშვილის მიმართ აშკარად არ გამოგვივა, რადგან ის, რაც პარლამენტის დარბაზში ვიხილეთ, ყველაზე მეტად ერთ ჩვეულებრივ, ცუდად შენიღბულ ისტერიკას მოგვაგონებდა.

უმრავლესობა სააკაშვილს ფეხზე ადგომით არ შეხვდა, ტაში არ დაუკრა და ეს გასაგებიცაა, თავი რომ დავანებოთ ყველა იმ უმსგავსობას, რომლებიც ძველმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში ჩაიდინა, ეს რეჟიმის მსხვერპლთა შეურაცხყოფა იქნებოდა. საინტერესოა, რომ ,,ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, რომ ფეხზე ადგომის აუცილებლობა სააკაშვილის სტატუსიდან გამომდინარეობდა: ,,ის 5 წლითაა არჩეული და მას ყველა უნდა შეხვდეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს”, მაგრამ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ოპოზიციური საზოგადოების დიდი ნაწილი 2008 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილს არა ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არამედ ბანალურ უზურპატორად თვლის და ,,პრეზიდენტს” არასოდეს უწოდებს. სხვათა შორის, ამ მცირე ნიუანსის, ანუ იმის მიხედვით, მოიხსენიებს თუ არა სააკაშვილს პრეზიდენტად, შესაძლებელია იმ ადამიანის ამოცნობა, რომელიც ოპოზიციაში არცთუ დიდი ხნის წინ გადავიდა. არსებითი მნიშვნელობა ამას უკვე აღარ აქვს, ფაქტი კი ერთია: ,,ქართული ოცნებისამომრჩევლები უკიდურესად გაღიზიანდებოდნენ, თუ მათი დეპუტატები სააკაშვილს ფეხზე ადგომით შეეგებებოდნენ ან ტაშს დაუკრავდნენ. მათ ეს არ გააკეთეს, მითუმეტეს, ამის სურვილი არც ჰქონდათ. მათმა დუმილმა სააკაშვილზე, სავარაუდოდ, მეტად დამთრგუნველად იმოქმედა, ისევე, როგორც მისი ფრაქციის დეპუტატებზე, რომელთაც, სხვა ყველაფერთან ერთად, დარბაზში შესვლამდე მომიტინგეთა მიერ მოწყობილ ერთგვარ ,,სირცხვილის დერეფანში! გავლა მოუხდათ.

სააკაშვილის განწყობა, ვნებები და მენტალური მდგომარეობა ქვეყნისთვის განსაკუთრებულ პრობლემას აღარ წარმოადგენს და მათზე შეჩერებას აზრი არ აქვს, რადგან ის დრო, როდესაც ხელისუფლების ნაბიჯების პროგნოზირება სააკაშვილის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე ან კლინიკური ფსიქიატრიის სახელმძღვანელოზე დაყრდნობით გვიხდებოდა, როგორც ჩანს, სამუდამოდ დასრულდა. რაც შეეხება მისი გამოსვლის პოლიტიკურ შემადგენელს, მასში, ალბათ, ერთადერთი საყურადღებო მონაკვეთი იყო: ,,პირდაპირი არჩევის წესი სხვა (და არა მხოლოდ თბილისის) მერებსა და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს. ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირი წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი”.

რაც შეეხება მერებსა და გამგებლებს, ამ საკითხს ოპოზიცია წლების განმავლობაში ჯერ კიდევ ,,ქართული ოცნების” ფორმირებამდე აყენებდა, სააკაშვილის ხელისუფლება კი გადაწყვეტილების მიღებას მაქსიმალურად აფერხებდა. ის ბეჰემოტური ელეგანტურობა, რომლითაც სააკაშვილმა სხვისი ინიციატივის მითვისება სცადა, უდავოდ აღნიშვნას იმსახურებს. ამ პრობლემის გადაწყვეტას დღეს წინ აღარაფერი უდგას, მითუმეტეს, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოსულ ,,ქართულ ოცნებას” თავის საარჩევნო პროგრამაში შავით თეთრზე უწერია: ,,შეიქმნება ადგილობრივი თვითმმართველობა პირდაპირი წესით არჩეული საკრებულოებისა და მერების (გამგებლების) სახით”. სააკაშვილს კი ამ თემის ხსენება, სავარაუდოდ, იმისთვის დასჭირდა, რომ მასზე, როგორც ლოკომოტივზე, მისთვის მნიშვნელოვანი ,,ვაგონი”, გუბერნატორების არჩევითობა, მიება. ეს კი სულ სხვა, გაცილებით რთული და სადავო საკითხია.

სააკაშვილის მმართველობის წლებში გუბერნატორებმა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, ,,ქაღალდზე” არც ისე ბევრი უფლება ჰქონდათ, ადგილობრივ თვითმმართველობას, ფაქტობრივად, ბულდოზერით გადაუარეს. ისინი, როგორც წესი, ძველსპარსული სატრაპებივით იქცეოდნენ, არანაირად არ კონტროლდებოდნენ რეგიონების მოსახლეობის მიერ და ანგარიშვალდებულები მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინაშე იყვნენ. გუბერნატორების ინსტიტუტი წარმოადგენდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს სისტემაში, რომელიც ქვეყანაზე სააკაშვილის ავტორიტარულ კონტროლს უზრუნველყოფდა.

როდესაც 2010 წლის ოქტომბერში სააკაშვილი კონსტიტუციას საკუთარ თავზე (მერამდენედ?) ირგებდა, გუბერნატორების დანიშვნის უფლება პრეზიდენტს ჩამოერთვა (რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ მართვის გაცილებით ნაკლები ბერკეტი ექნება, ვიდრე პრემიერმინისტრს) და მთავრობას გადაეცა.

საინტერესოა, რომ ცვლილებების პირველ რედაქციაში გუბერნატორების დანიშვნა პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო, მაგრამ საბოლოოდ დამტკიცდა ვარიანტი, რომელიც გუბერნატორების მთავრობის (ფაქტობრივად კი პრემიერ-მინისტრის) მიერ დანიშვნას გულისხმობს. მაშინ სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა ან, დასავლეთის აქტიური წინააღმდეგობის შემთხვევაში, პრემიერის სავარძელში თავის მარიონეტს დასვამდა და კონტროლი ქვეყანაზე (და მათ შორის გუბერნატორებზე) მის ხელში დარჩებოდა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს წააგებდა, ახლა კი ფაქტის წინაშე დადგა: მის მიერვე ინიცირებული ცვლილებების ამოქმედებისთანავე, გუბერნატორების დანიშვნა ივანიშვილის მთავრობის ხელში გადავა. ახლა სააკაშვილი, როგორც ჩანს, ცდილობს, გადაათამაშოს სიტუაცია, რომელიც მისივე გადაწყვეტილებებმა შექმნეს და ამას დემოკრატიაზე ზრუნვით ნიღბავს.

,,ქართული ოცნების” ხედვა გუბერნატორის ინსტიტუტთან და რეგიონულ თვითმმართველობასთან დაკავშირებით შემდეგნაირია: ,,შეიქმნება პირობები სამხარეო თვითმმართველობის ჩამოყალიბებისათვის, გარდამავალ ეტაპზე კი

მოხდება მხარეებისთვის ტერიტორიულ-სამართლებრივი სტატუსის მინიჭება, მათთვის რეალური უფლებამოსილების გადაცემა და რესურსული უზრუნველყოფა, მმართველობის დემოკრატიული ფორმებისა და მექანიზმის ჩამოყალიბება. უზრუნ-

ველყოფილი იქნება ხელისუფლების ავტორიტარული მართვის სისტემის რეგიონულ განშტოებად ჩამოყალიბებული გუბერნატორის ინსტიტუტის

ჩანაცვლება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე დაფუძნებული ქმედითი სამხარეო ხელისუფლების სისტემით. რეგიონს მიენიჭება ტერიტორიული ერთეულის სტატუსი, იგი უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური საბიუჯეტო შემოსავლებითა და უფლებამოსილებით”. ამგვარად, გუბერნატორის ინსტიტუტის მომავალი განიხილება არა ცალკე, არამედ მასშტაბური და, შესაძლოა, არცთუ სწრაფი რეფორმის კონტექსტში. ამ მიდგომის ფარგლებში ეტაპობრივი ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს სისტემამ მთლიანობაში, სააკაშვილის წინადადების მიღების შემთხვევაში კი, რეფორმის ,,სიმძიმის ცენტრი” გახდება არჩევითი გუბერნატორის ფიგურა და ის უფლებები, რომლებიც მას უნდა მიენიჭოს. ეს ნიუანსი ძნელად შესამჩნევია, მაგრამ მნიშვნელოვანი, მის უკან დისბალანსისა და მანკიერი სისტემის ნაჩქარევად შექმნის საფრთხე იმალება.

,,ნაციონალური მოძრაობისშანსები _ რომელიმე რეგიონში არჩევნები მოიგოს, დღეს ძალზე არადამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა მათ, როგორც ჩანს, ურჩევნიათ, ამ გზით წავიდნენ. ჯერ ერთი, ამ შემთხვევაში იარსებებს თუნდაც მცირე ალბათობა იმისა, რომ ერთი გუბერნატორი მაინც ,,ნაციონალიგახდება. ეს სააკაშვილის ჯგუფისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე გუბერნატორების დანიშვნის უფლების უბრალო გადასვლა ივანიშვილის მთავრობის ხელში, შეცვლილი საკონსტიტუციო ნორმების ამოქმედების შემდეგ. ამასთანავე, თუ ,,ქართული ოცნებასააკაშვილის ინიციატივას უგულვებელყოფს, ,,ნაციონალებსშესაძლებლობა მიეცემათ, დასავლელ პარტნიორებთან იჩივლონ, რომ ახალი ხელისუფლება გუბერნატორების არჩევითობას და, აქედან გამომდინარე, დემოკრატიას ებრძვის.

არის კიდევ ორი ფაქტორი: დღეს ,,ნაცმოძრაობა” რღვევის სტადიაშია და არც ერთი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადასვლის რეალური შესაძლებლობა არ აქვს, ეს კი მის წევრებზე ფრიად დამთრგუნველად მოქმედებს. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, თანაპარტიელებს მომავლის იმედი ჩაუსახო და თუნდაც შორეულ პერსპექტივებზე ესაუბრო; უხეშად რომ ვთქვათ, მისცე რაღაც ,,საქმე”, თუნდაც ეს გუბერნატორების არჩევის იდეის ტირაჟირება და ჰიპოთეტური რეგიონული არჩევნებისთვის მზადება იყოს. ამასთანავე, თუ ჩვენ წამით წარმოვიდგენთ, რომ ახალი ხელისუფლება ამ წინადადებას მიიღებს, ალბათ, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ,,ნაცმოძრაობა” თავის შემცირებულ ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კი არ დაქსაქსავს, არამედ მოახდენს მათ კონცენტრაციას და რეალურად შეეცდება, არჩევნები 2-3 ან სულაც ერთადერთ მხარეში მოიგოს, რათა შემდგომ ის ,,მიშიზმის” ბუდედ, ,,ნაცმოძრაობისთვის” ესოდენ აუცილებელ საიმედო საყრდენ წერტილად გადააქციოს, რომელიც დღეს არ აქვს. გამორიცხული არაა, რომ თავიანთ გათვლებში ისინი სამეგრელოს უმიზნებენ, რადგან სააკაშვილის ჯგუფი დღეს, ისევე, როგორც არჩევნებამდე, მიიჩნევს, რომ იქ წარმატების მიღწევის შედარებით მაღალი შანსი აქვს.

ცხადია, ასე შორს პროცესი არ წავა, რადგან ,,ქართული ოცნება” ამ ინიციატივას განსაკუთრებულ ყურადღებას, სავარაუდოდ, არ მიაქცევს. მისი წარმომადგენლების აზრით, სააკაშვილი დღეს იმ მდგომარეობაში არ იმყოფება, რომ პირობები წამოაყენოს, ვინმე დამოძღვროს ან თუნდაც მასშტაბური ინიციატივებით გამოვიდეს. სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ კოალიციის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში თქვა, რომ ეს იდეები აქტუალური არ არის და დასძინა: ,,პოლიტიკის დღის წესრიგს უკვე ,,ქართული ოცნება” განსაზღვრავს”. საერთოდ, აშკარაა, რომ გამარჯვებულ კოალიციას ამ ეტაპზე ,,ნაცმოძრაობასთან” სერიოზულ საჯარო დისკუსიებში ჩაბმა არ სურს, რადგან ამით სააკაშვილის ჯგუფს  შესაძლებლობას მისცემს, დაშორდეს ,,დამნაშავეთა ბანდის” იმიჯს, რომელიც მისი მოწინააღმდეგეების აღქმაში დაიმკვიდრა, და სავსებით ლეგიტიმური ოპოზიციის ნიღაბი მოირგოს (ეს, სავარაუდოდ, სააკაშვილის ჩანაფიქრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო). ეს პოზიცია დაახლოებით ასეთ ფორმულას ეფუძნება: ,,ჯერ წადით და პროკურორთან იდებატეთ. შემდეგ, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, დაბრუნდით და გნებავთ, გუბერნატორებზე, გნებავთ, კანტის კატეგორიულ იმპერატივზე ვიმსჯელოთ”.

თუმცა, ყოველივე თქმულის მიუხედავად, სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა მაინც მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს, იმ თვალსაზრისით, რომ საარჩევნო კრახის შემდეგ ,,ნაცმოძრაობამგონს მოსვლა და პირველი, მეტნაკლებად რაციონალური ტაქტიკური კომბინაციების მოფიქრება დაიწყო. საინტერესოა, მისცემს თუ არა მას ,,ქართული ოცნებადა მისი მხარდამჭერი საზოგადოება შესაძლებლობას, სული მოითქვას, თუ ძლიერი დარტყმების ახალი სერიით, გივი ვასილიჩის თქმის არ იყოს, ,,სულს ამოხდის”?  

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here