Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: სად გაქრნენ ძალოვანი სტრუქტურების თავკაცები? ხომ უნდა გავიგოთ, რაშია...

ანზორ მაისურაძე: სად გაქრნენ ძალოვანი სტრუქტურების თავკაცები? ხომ უნდა გავიგოთ, რაშია საქმე? სახელმწიფოა თუ ბარდაგი?

836

რატომ დუმს ამერიკის ელჩი?

უშიშროების გენერალმაიორმა ანზორ მაისურაძემ დამირეკა და იკითხა

ამ შეკითხვაზე პასუხი, როგორც ჩანს, ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილსაც აინტერესებს და ამიტომ უპრიანად მივიჩნიეთ მისი გაზეთის ფურცლებზე გამოტანა.

_ გულისყურით ვადევნებდი თვალს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის პირველ სხდომას. მოვისმინე კომენტარებიც და გამიჩნდა საფუძვლიანი შეკითხვა, რომლითაც საქართველოში აშშ ელჩს რიჩარდ ნორლანდს მივმართავ: ბატონო ნორლანდ, თქვენს ქვეყანაში არჩევნების მეორე დღეს ქვეყნიდან რომ გაქცეულიყვნენ იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე აშშ კონგრესს თავის პირველ სხდომაზე?

ქუთაისში პარლამენტის არც პირველი სხდომის მსვლელობისას, არც დეპუტატთა კომენტარებში ამის შესახებ კაციშვილს ხმა არ ამოუღია.

მაინტერესებს ამერიკელების აზრი _ რას იტყოდნენ მსგავსი შემთხვევა ამერიკაში რომ მომხდარიყო, როგორ შეაფასებდნენ? გვითხრას ამაზე თავისი მოსაზრება ბატონმა ელჩმა, რატომ დუმს?

(მართლაც საინტერესოა: ჩვენ ხომ ჩვენს საათებს ვაშინგტონის დროზე ვასწორებთ?).

ჩვენც ხმას არ ვიღებთ, მიგვაჩნია ჩვეულებრივ ამბად, ნორმალურ სიტუაციად, ასეც უნდა მომხდარიყო თუ რა?

_ რა უნდა ეთქვათ ჩვენი პარლამენტის დეპუტატებს?!

_ უნდა დაინტერესებულიყვნენ იმით, რა იქნენ ჩვენი, აწ უკვე ყოფილი მთავრობის წევრები, რომლებიც ამდენი წელიწადი ხელისუფლების სათავეში იდგნენ? სად გაქრნენ ძალოვანი სტრუქტურების თავკაცები? ან რატომ წავიდნენ? ვინ მისცა ამის უფლება და ვინ გაუშვა? ადგნენ და გაიქცნენ? ხომ უნდა გავიგოთ, რაშია საქმე? სახელმწიფოა თუ ბარდაგი?

_ იქნებ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ხელი შეუშალა პირველი სხდომის ჩატარების რეგლამენტმა?

_ რას ითვალისწინებს რეგლამენტი და რატომ არ შეიძლება ასეთ არაორდინალურ ვითარებაში მისი დარღვევა, არ ვიცი. სამაგიეროდ ვიცი, და თქვენი მკითხველებიც დამეთანხმებიან, რომ ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი. დამყარებული უნდა იყოს სახელმწიფო დისციპლინა.

_ ეგებ შევურიგდით ამ სიტუაციას? თუ რახანქართული ოცნებახელისუფლების სათავეში მოვიდა, საყოველთაო შეწყალებაპატიების პოლიტიკა უნდა განხორციელდეს?

_ არა მგონია, რომ მთლად ასე იყოს. ვფიქრობ, გაქცეულებს იმის გარანტია მისცეს, რომ საზღვარგარეთ ხელს არავინ ახლებდა. გარანტიას ვინ იძლევა? ის ქვეყანა, რომელშიც მიდიან. ხომ ასეა?

_ მით უფრო, რომ, მაგალითად, გაქცეული თავდაცვის მინისტრი (თუ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) დიმიტრი შაშკინი თავს ისე არხეინად გრძნობს, რომ დაბრუნებასაც გვპირდება. უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან კარგი სამუშაო ადგილიც იპოვა შტატებში.

_ მაშასადამე, იქ არიან მისი და მისნაირთა მფარველები. მაგრამ შეიძლება, რომ ყოფილი დიდჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი თავიანთ ქვეყანაში, პარტნიორმა ქვეყანამ შეიფაროს?! სადმე ყოფილა ასე, გარდა ჩვენი შემთხვევისა?! არ ყოფილა და არც იქნება.

ეგებ მითხრათ, როდის იყო, რომ ამერიკიდან გაქცეული დამნაშავე სხვა ქვეყანამ მიიღო? თანაც ასეთი თანამდებობის ხალხი?

_ ვერ დაგისახელებთ.

_ ვერ დამისახელებთ იმიტომ, რომ არ ყოფილა.

_ ბატონო ანზორ, დიმა შაშკინი ამერიკამ სასწრაფოდ რომ მოაცილა სიტუაციას, რომელიც საქართველოში შეიქმნა, ხომ არ ნიშნავს, რომ აშშის სპეცსამსახურმა აქაურობას მოარიდა ჩანერგილი რეზიდენტი თუ გავლენის აგენტი?

_ დაბეჯითებით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ძალიან კი ჰგავს.

_ ჩვენი გაზეთისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სპეცსამსახურების ხელი ურევია და მოვლენათა განვითარების კვალზე ასეთი ჩარევა უფრო გააქტიურდება.

_ სპეცსამსახურების ხელი ყველგან ურევია, ყველგან. მაგრამ მე სხვა კუთხით ვუყურებ ამ საქმეებს და ამიტომ მებადება შეკითხვა: რას უნდა ნიშნავდეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნიდან გაქრობა?

_ ზოგი იმავე ღამეს გაუჩინარდა!

_ თანაცფეხებსაც ვერ მომჭამთოგანწყობილებით წავიდნენ, თუ დანაშაული მიუძღვით იმ შემთხვევაში, ცხადია, რატომაც დატოვეს საქართველო, მაგრამ, თუ უდანაშაულონი არიან, რას გარბოდნენ?!

_ მფარველობასთან დაკავშირებით ხალხში გაჩნდა აზრი, რომ: რესპუბლიკელები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერც ერთ წინა არჩევნებში გადასალახ ბარიერს ოდნავადაც ვერ მიუახლოვდნენ, ამჯერად პარლამენტში სწორედ ამერიკელების დახმარებით და კოალიციაზე მათი ზეგავლენის წყალობით მიხვდნენ.

_ არა მგონია, რომ ამერიკელები აქტიურად ჩარეულიყვნენ მათი არჩევა-არარჩევის საქმეში. სიმპათიების გამჟღავნება სხვაა. ეს არჩევნები პრაქტიკულად მოიგო ბიძინა ივანიშვილმა და არა კოალიციამ. იგი იყო ლოკომოტივი, რომელმაც კოალიცია პარლამენტში შეიყვანა.

_ ესე იგი, ამერიკელები არაფერ შუაში არიან?

_ არა, ბატონო, არ არიან. თანაც დღეს სხვა საკითხებია აქტუალური, მთავარი მათ შორის ისაა, რომ ყველას თავი იმგვარად უჭირავს, თითქოს ქვეყანაში არავითარი დანაშაული არავის ჩაუდენია.

_ და ამას ამბობთ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის ერთერთ ვიცესპიკერად აირჩიეს გიორგი ბარამიძე, რომლის დანაშაულებრივ ქმედებაზე სვანეთში ამ დღეებში ამდენს ლაპარაკობდა მასმედია?

_ თუნდაც ეს. მას მხარი დაუჭირა დეპუტატების ისეთმა რაოდენობამ, რომელშიც ერთი მესამედი მაინც უმრავლესობის ხმები იყო. რა, უკვე გამოუშვეს ამნისტია? თუ, რომ არ აერჩიათ, მსოფლიოში თავი მოგვეჭრებოდა, როგორც არადემოკრატიულ სახელმწიფოს? ძალიან გამიკვირდა: კაცი, რომელსაც სისხლის სამართლის ბევრი დანაშაულის ჩადენაში ბრალს სდებენ, პარლამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფიგურა ხდება და ამაში “ოცნების” წარმომადგენელთა ხელი ურევია.

არაფერი მესმის ასეთი კომპრომისის.

ჯერ გაერკვიათ, შეესწავლათ, დაედგინათ, შემდეგ აერჩიათ. რა იყო ასეთი საჩქარო და გადაუდებელი?

_ იქნებ თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო?

_ გამორიცხულია, რომ კოალიციისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოწვევის პარლამენტში ძმებად გადაიქცნენ. თუმცა იქნება შემწყნარებლობა, მაგრამ ასეთი თავზე ხელის გადასმა არ გამოვა.

_ ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პოზიცია რადიკალურია?

_ არა. ასე მგონია, რომ ამ პოზიციას საქართველოს მოქალაქეთა 90 პროცენტი იზიარებს.

პირდაპირ გეტყვით, უპირველესი საქმე, რაც დღეს საქართველოშია გასაკეთებელი, სახელმწიფო დისციპლინის დამყარებაა, საშემსრულებლო დისციპლინა მაქვს მხედველობაში; შემდეგ კვალიფიციური კადრების მოძებნა და შესაბამის ადგილებზე დანიშვნა; დაბოლოს, კონსპირაციის დაცვა ყველა საქმეში. თუ ასე არ გაკეთდა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ წელიწადში რადიკალურად შეიცვლება ხალხის აზრი დღევანდელ ხელისუფლებაზე, რაც არა მარტო სამწუხარო იქნება, არამედ კატასტროფულიც.

_ კონსპირაციაში რას გულისხმობთ?

_ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას. ჩემი პროფესიის გადასახედიდან ვუყურებ ამ პრობლემას: არანაირი საქმე არ გამოვა, თუ არ დავიცავთ კონსპირაციას.

ვერანაირი მთავრობა ვერ უხელმძღვანელებს ქვეყანას, თუ მას არ ექნება სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, როგორი პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. ხელისუფალი ასეთი ინფორმაციით უხვად უნდა იყოს მომარაგებული, რათა მან შეუცდომელი გადაწყვეტილებები დროზე მიიღოს.

ამისთვის კი საჭიროა ჰქონდეს ინფორმაციის მომპოვებელი პროფესიული სამსახურები, რომლებიც ანალიტიკურ მასალას თავიანთი რეკომენდაციებით სისტემატურად მიაწვდიან.

_ გულისხმობთ სპეცსამსახურებს?

_ რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებს _ დაზვერვასა და კონტრდაზვერვას. დაზვერვა აწვდის ინფორმაციას იმაზე, თუ რა პოზიციები პრევალირებს მეზობელ და შორეულ ქვეყნებში ჩვენ შესახებ, როგორი პოლიტიკის განხორციელებას აპირებენ უახლოეს დროსა და პერსპექტივაში. კონტრდაზვერვა კი უნდა ფლობდეს სიტუაციას ქვეყნის შიგნით.

ზუსტად ვერა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართებით მუშაობა მაღალ დონეზე არ მიმდინარეობს, თან ამ სფეროში ბევრი დანაშაულებრივი მომენტიც იკვეთება.

საქართველოში დაზვერვის სამსახური მცირერიცხოვანია და უმნიშვნელო როლს ასრულებს, იცით, რატომ?

_ არ ვიცი.

_ იმიტომ, რომ ამერიკელებმა გვითხრეს, რად გინდათ დაზვერვა, ყველა ინფორმაციას ჩვენ მოგაწვდითო. მადლობელი ვართ.

მაგრამ  მოგვაწვდიან ამერიკელები ინფორმაციას, თუ რა ჩაიფიქრეს ამერიკამ და თურქეთმა საქართველოს მიმართ?

არ მოგვაწვდიან.

რა ჩაიფიქრეს რუსეთთან ერთად კავკასიასთან დაკავშირებით?

არც ამას გვეტყვიან, და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა იცოდეს აღნიშნულ ზესახელმწიფოებთან თავისი პოლიტიკის სწორად წარმართვისათვის. პატარა ქვეყანას ძალიან ძლიერი დაზვერვის სამსახური უნდა ჰქონდეს, ისეთი, როგორიც ისრაელს აქვს. თავის დროზე “მოსადმა” დამპატიჟა და საკუთარი თვალით ვნახე,  ქვეყნის მშენებლობის საქმეში როგორ უნდა დაიყენო გვერდით სპეცსამსახური, როგორ უნდა ამუშაო ეს სამსახური ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.

პირდაპირ გეტყვით, ამ გზით მოპოვებულმა ინფორმაციამ შეიძლება ისეთი შედეგი გამოიღოს, რომ დაზვერვისთვის გაწეული სახსრები ათმაგად ამოიღოს. ამიტომ არ უნდა დაგენანოს დაზვერვასა და კონტრდაზვერვაში დახარჯული ფული, ეს საჭიროა ქვეყნისთვის და არა იმისთვის, რომ ხალხი დაიჭირო და ციხეში ჩასვა.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here