Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილის მთავრობას ხელშეუხებლობის გარანტია არავისთვის არ მიუცია, ეს ჭორია!

ივანიშვილის მთავრობას ხელშეუხებლობის გარანტია არავისთვის არ მიუცია, ეს ჭორია!

672

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი, კოალიციაქართული ოცნებისმაჟორიტარი დეპუტატი , შალვა შავგულიძე.

_ ბატონო შალვა, როგორც ადვოკატი და უფლებადამცველი, წლების მანძილზე რეჟიმს ებრძოდით, თუმცა შედეგის ბოლომდე მიღწევა, ცხადია, რთული იყო. დღეს, როცა ამ რეჟიმს ძალაუფლება გამოეცალა, მიგაჩნიათ თუ არა, რომ არჩეული მთავრობის ერთერთი მთავარი ამოცანა დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა იყოს?

_ რა თქმა უნდა, რეალობაა ის, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდში საქართველოში სამართალწარმოების სფერო მოიცვა უსამართლობამ და უკანონობამ. მეტიც, არა მხოლოდ ფაქტობრივად, პრაქტიკაში მოხდა სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, არამედ გატარდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლებმაც ჯერ დააშორა, შემდეგ კი დააპირისპირა ქართული სამართალწარმოება საერთაშორისო, კონკრეტულად კი ევროპულ სამართალწარმოებას. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზა ჩვენს ქვეყანაში თავისთავად უკვე ნიშნავდა უსამართლობას, ვინაიდან იმ კანონებით, იმ საპროცესო ნორმებით ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება. რაც შეეხება კითხვას, უნდა დაისაჯონ თუ არა ისინი, ვინც ამას სჩადიოდნენ, გიპასუხებთ, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ეს არ არის ვინმეს ახირება, ეს არის სამართლიანობის პრინციპი და, როცა საუბარია პასუხისმგებლობაზე, ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ წინა ხელისუფლებას; ყველაფერი უნდა მოხდეს, ბუნებრივია, კანონის სრული დაცვით, სამართლიანობის შესაბამისად…

_ თქვენ თქვით, რომ ქართული სამართალწარმოება საერთაშორისო სტანდარტებს დაშორდა და შემდეგ უკვე დაუპირისპირდა, ცხადია, არ გთხოვთ, გამოძიებას გაუსწროთ და ვინმეს განაჩენი გამოუტანოთ, მაგრამ ფაქტია, მთელი ამ პროცესების უკან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი იდგა. თქვენი აზრით, ვის ეკისრება მეტი წილი პასუხისმგებლობა მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცევაში?

_ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია კოლეგებისაგან, ასე ვთქვათ, იქითა ბანაკების წარმომადგენლებისგან, ერთ-ერთი მთავარი ავტორი და შემოქმედი იმ საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს, იყო ზურაბ ადეიშვილი. სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა მთელი მანკიერი ე. წ. რეფორმები და ამის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი კანონმდებლობა გაიხრწნა; თუმცა, ბუნებრივია, მარტო ადეიშვილის ხელით არ კეთდებოდა ყველაფერი, მისი ინიციატივები შემდეგ უკვე ბეჭდით დასტურდებოდა იურიდიული კომიტეტის მიერ, რომელსაც პალიკო კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა. ასევე, ამაში მონაწილეობდა ის მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობაც და საბოლოოდ ამას კანონის სახეს აძლევდა პარლამენტი. არც კი იაზრებდნენ დეპუტატები, რას სჩადიოდნენ, რას აძლევდნენ ხმას, პირდაპირ ისე უჭერდნენ მხარს ნებისმიერ ინიციატივას. აი, ასეთი პარლამენტი გვყავდა, რაც უნდა დასრულდეს…

_ ადეიშვილთან ერთად, ალბათ, კუბლაშვილმაც და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხარს უჭერდნენ მსგავს ინიციატივებს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, ნაწილს _ პოლიტიკური, ნაწილს კი _ სამართლებრივი. არ მეთანხმებით?

_ რა თქმა უნდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობას”, ვფიქრობ, გარკვეულწილად უკვე დაეკისრა და ეს მათ დააკისრა ქართველმა ხალხმა არჩევნების შედეგით, რაც შეეხება კონკრეტულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ცხადია, ეს საკითხი უნდა დადგეს აუცილებლად, ვინაიდან სამართალი სხვანაირად ვერ მოვა ქვეყანაში, ასევე, მე არ მინდა გავჩერდეთ მარტო ზურაბ ადეიშვილზე, კუბლაშვილზე და მორჩილ საპარლამენტო უმრავლესობაზე, ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ამ უსამართლობისა და უკანონობის იყო ქვეყნის რეალური მმართველი მიხეილ სააკაშვილი. მისი ნება რომ არ ყოფილიყო, ვერც ადეიშვილი და მით უფრო კუბლაშვილი კანონის მორგებას ვერ გაბედავდნენ.

_ ქვეყნის პირველი პირის მიმართ რა ფორმით შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი?

_ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბრალეულობა გამოიკვეთება მის მიმართ და იქნება თუ არა კონკრეტული, საფუძვლიანი და უტყუარი მტკიცებულებები. მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: ახალი მთავრობა ჩაატარებს ობიექტურ, მიუკერძოებელ გამოძიებას და ყველა დამნაშავე, რანგისა და თანამდებობის მიუხედავად, ჩაჯდება ციხეში.

_ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება გურამ დონაძის დაკავება, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეში ფიგურირებს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი და უნდა დადგეს თუ არა ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი?

_ კიდევ ერთხელ ვამბობ: ყველა პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მიუხედავად მისი რანგისა და სტატუსის, თუ დაუდასტურდება დანაშაული. რა თქმა უნდა, რამე გამონაკლისს გურამ დონაძე არ წარმოადგენს და შესაბამისად მის მიმართ რამე განსხვავებული მიდგომა არ იქნება; მით უფრო, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მას გარკვეული მონაწილეობა აქვს მიღებული სანდრო გირგვლიანის საქმეში, ვინაიდან ის იყო იმ სუფრის წევრი და სულ მცირე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ან დაფარვაში მაინც, ალბათ, გამოიკვეთება მისი როლი. ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მაგრამ ვიმეორებ, მე მაქვს დასაბუთებული ვარაუდი და არა მხოლოდ მე, ევროპის სამართალმაც თქვა, რომ სახელმწიფომ, არასრულად ჩატარებული გამოძიებითა და სასამართლო განხილვებით არ უარყო საფუძვლიანი ეჭვი სუფრის წევრების კავშირისა ამ დანაშაულთან.

_ მოკლედ, როგორც მინიმუმ, ეს საქმე უნდა გადაიხედოს?

_ აუცილებლად და ასეც მოხდებოდა, რომც არ ყოფილიყო არჩევნები და არ გაემარჯვა ქართულ ოცნებას, იმიტომ, რომ ეს უკვე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო განპირობებული.

_ წინა ხელისუფლების დროინდელმა არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა ჯერ კიდევ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დატოვა საქართველო. სამართლებრივად რამდენად მოხერხდება მათი უკან დაბრუნება, თუ გამოძიებამ ეს მოითხოვა?

_ არა თუ მოხერხდება, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, თუ მათ დაუდასტურდებათ დანაშაულები. აქ უკვე პროკურატურამ უნდა იყოჩაღოს…

_ იყო საუბარი იმაზეც, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობისგან სააკაშვილის ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონდეს მიღებული.

_ ივანიშვილის მთავრობას არავითარი ხელშეუხებლობის გარანტია არავისთვის მიუცია, ეს ჭორია, რომელიც მოიგონეს თვითონ       “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. არანაირ გარიგებაში დამნაშავეებთან “ქართული ოცნება” არ შევა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. აქ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზუსტად უნდა იმოქმედოს პროკურატურამ; მისი ვალდებულებაა, ისეთი საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს და იმდენად დასაბუთებული იყოს ბრალდება თითოეული სახელმწიფო მოხელის მიმართ, რომლებმაც თითქოს თავს უშველეს, გაიქცნენ საზღვარგარეთ და როგორც ცნობილია, ძალიან სოლიდური თანხებიც თან წაიყოლეს, რომ ამ გამოძიების შედეგებმა უზრუნველყოს მათი ექსტრადიცია. ეს თუ მოხერხდება, მათ ჩამოყვანასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება, ყველა წარსდგება სასამართლოს წინაშე და მოუწევთ პასუხისგებაში ყოფნა ჩვეულებრივ, როგორც ეს სამართლებრივადაა დადგენილი და გათვალისწინებული.

_ უამრავი კითხვა ჩნდება მოსამართლეების მიმართაცკოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ის დამოკიდებულება, რაც მათ მიმართ პოლიტიკურ წრეებში არსებობს, უკვე ერთგვარი ზეწოლის ხასიათს ატარებს. რას იტყვით ამაზე?

_ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასერიოზული განცხადება, ეს არის რაღაც პრევენცია იმისთვის, რომ იქნებ ამ ადამიანმა თავი გადაირჩინოს. ბატონ კუბლაშვილს ძალიან ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი როგორც მართლმსაჯულების, ისე საზოგადოების წინაშე და მალე ეს ყველაფერი შეფასდება სათანადოდ. არანაირი ზეწოლა მოსამართლეებზე არ ხდება, არც ერთი ამგვარი ფაქტი არ არსებობს; ან როგორ შეიძლება, ზეწოლას ახორციელებდეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჯერ ხელისუფლება არ გადაუბარებია?! ვიმეორებ: ასეთი განცხადებები რეალურად ემსახურება გარკვეულ პრევენციას, მაგრამ მათ ეს არ უშველით. ყველაფერი იქნება გამოკვლეული, გამოძიებული და, სადაც დადასტურდება დანაშაული, მიუხედავად რანგისა, ეს იქნება მოსამართლე, უზენაესის თავმჯდომარე თუ ქვეყნის პრეზიდენტი, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება კანონის შესაბამისად. ყველა დამნაშავე გასამართლდება, ეს ასე მოხდება აუცილებლად, უნდა თუ არა ბატონ კუბლაშვილს, გაქცეულ ბაჩო ახალაიას და ზურაბ ადეიშვილს, დღეს ქართული საზოგადოება ითხოვს სამართალს და ის ამ სამართალს მიიღებს.

_ მინისტრობის ყველა კანდიდატი ერთმნიშვნელოვნად საუბრობს უწყებების დეპოლიტიზაციაზე. სასამართლო სისტემაში რამდენად მოხერხდება ამის მიღწევა?

_ ძალიან ადვილად, უბრალოდ, ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა უთხრას სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს, _ ჩვენსკენ ნუ იხედებით, ჩვენ არაფერს გიკარნახებთ, შეხედეთ კანონს და იმოქმედეთ კანონის შესაბამისადო. მარტივად რომ ვთქვათ, აქ ლაპარაკია მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე და, როცა შედგება ეს ყველაფერი, სასამართლოც, ბუნებრივია, დაუბრუნდება თავის სამართლებრივ ნორმებს, სტანდარტებს, იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

ჯაბა ჟვანია

 

 

1 COMMENT

  1. ბატონო შალვა იმედია ქართველ ხალხს იმედს არ გაუცრუებთ და შეასრულებთ თქვენს დანაპირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here