Home რუბრიკები საზოგადოება ირმა ინაშვილის სპეციალური განცხადება – შურისძიება „ობიექტივზე“

ირმა ინაშვილის სპეციალური განცხადება – შურისძიება „ობიექტივზე“

887

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე): „არა მგონია, სხვაგან იყოს ისეთი ქვეყანა, საცა ადამიანის პატიოსნება და ნამუსი ისე წინდაუხედავად, ტყუილ-უბრალოდ ილანძღებოდეს, როგორც ჩვენში“…

პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოფირების გასაჯაროების შედეგად, სააკაშვილის რეჟიმის „ოპოზიციაში გადაბრძანდა.“ ახლადგამომცხვარმა ოპოზიციამ მედია-კავშირ „ობიექტივის“ წინააღმდეგ მზაკვრული კამპანია წამოიწყო. უეცრად გააქტიურდა ყველა ტელევიზია, გაზეთი თუ ინტერნეტგვერდი, რომლებსაც მიშა და ვანო ჯერ კიდევ აკონტროლებენ.  გადმოიღვარა უამრავი ტალახი, ტყუილი და ცილისწამება. სამწუხაროდ, ამ კამპანიაში სხვა კატეგორიის ადამიანებიც ჩაერთვნენ, რომლებსაც არც მიშასთან და არც ვანოსთან კონტაქტი არასდროს ჰქონიათ და არც ახლა აქვთ. ზოგს შური ამოძრავებს, ზოგს – არაჯანსაღი კონკურენცია, ზოგსაც, უბრალოდ, არ ვუყვარვართ.

 

მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ კამპანიის მიზანი არ არის მხოლოდ  „ობიექტივისა“ და მისი ხელმძღვანელის, ანუ ჩემი დისკრედიტაცია. მიშას და ვანოს  ბელგიის პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ბედი აღელვებთ. ეს სარჩელი პატიმრების წამების ფაქტებზე გამოძიებასა და კონკრეტული დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. კონკრეტულ დამნაშავეებში ადვოკატ ამრაანის დასახელებული ჰყავს ბატონები: სააკაშვილი, ზოდელავა, ახალაია, მერაბიშვილი. თუ მიშა და ვანო მოწმე ბედუკაძის ბრიუსელის სარჩელიდან „ჩახსნას“ მოახერხებენ, ცხადია, ისინი დასჯას გადაურჩებიან.

 

პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოფირები

განვმარტავ, რომ ვიდეოფირებსა და ინფორმაციას ჩვენ  სამი სხვადასხვა წყარო გვაწვდიდა. ერთი მხარე იყო ვლადიმერ ბედუკაძე, მერე მხარე –  ფარულავა-აკობია, მესამე კი – ჩვენი მოკავშირეები შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს  ერთმანეთისგან განსხვავებული და  დამოუკიდებელი წყაროები იყო. ამასთან, ბედუკაძემ არაფერი იცოდა ფარულავა-აკობიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენი მოკავშირეების შესახებ. არც ფარულავა-აკობიას ჰქონდათ ინფორმაცია ბედუკაძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენი მოკავშირეების თაობაზე. ბედუკაძის კადრები პრინციპულად განსხვავდებოდა ფარულავა-აკობიას კადრებისგან. ბედუკაძის კადრები ასახავს ციხის ცალკეული თანამშრომლების სასტიკ დანაშაულს, ანუ ერთი პირის თანამდებობრივ ბოროტებას. ფარულავა-აკობიას კადრები კი, კოლექტიურ ბოროტებას ხდის ფარდას, რასაც თავად სააკაშვილმა „სისტემური კრახი“ უწოდა. ახლავე ვიტყვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროების შესახებ ინფორმაციას არ გავამხელთ მანამდე, ვიდრე სააკაშვილსა და მერაბიშვილს შურისძიების რაიმე ბერკეტი ექნებათ ხელში. აქ კი, მხოლოდ დავსძენ, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს ნამდვილი პატრიოტები. განვმარტავ, რომ ბედუკაძის კადრებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ქართველ საზოგადოებაზე, რადგან აქ ქართული აზროვნებისთვის გამაოგნებელი წამების ფაქტები ვიხილეთ. დასავლეთში კი, სხვა ვითარება იყო. დასავლეთისთვის ფარულავა-აკობიას კადრებს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ეს კადრები ქვეყანაში მთლიანად ხელისუფლებას ამხელდა და ცხადყოფდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი არანაირ დემოკრატიულ ხელისუფლებას არ წარმოადგენს.

 

როგორ მოვიპოვეთ კადრები

შეგახსენებთ, რომ „ობიექტივი“ და „წინააღმდეგობის მოძრაობა“ 2 წელი მუშაობდა პატიმრების თემაზე. ვაწყობდით ყოველკვირეულ მიტინგებს, საპროტესტო მსვლელობებს,  საჯაროდ ვასახელებდით ჯალათთა გვარებს. ამის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში ფართოდაა გავრცელებული. 2010 წლის მიწურულს ჩემი ძმა – კოტე ინაშვილი დააპატიმრეს. გლდანის მე-8 საპყრობილეში მან ასევე პატიმარი გიორგი ლომია გაიცნო. აღმოჩნდა, რომ გიორგი ლომია 2008 წლიდან იცნობდა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარეს დავით თარხან-მოურავს. ასე დაიწყო მეგობრობა, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა კადრების მოპოვების საქმეში.

ციხეში გიორგი ლომიამ ლადო ბედუკაძე გაიცნო. მათ შორის ნდობა გაჩნდა, შემდეგ კი ეს ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, კოტე ინაშვილი „ობიექტივსა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობას“ დაუბრუნდა. ამავე პერიოდში გიორგი ლომიაც გაათავისუფლეს და იგი ჩვენს გუნდს შემოუერთდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პატიმრების უფლებებისთვის ვიბრძოდით და ყველანაირი ინფორმაცია გვაინტერესებდა, კოტეც და გიორგიც ამ მიმართულებით მუშაობაში ჩაერთვნენ. ბედუკაძესთან ურთიერთობის პროცესში, გიორგი ლომიამ გაარკვია, რომ ბედუკაძეს დაწუნებული კადრები ჰქონდა. დაწუნებულს იმ ვიდეომასალას უწოდებდნენ, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებისთვის უინტერესო იყო. წარმოიდგინეთ, რა ვიდეოკადრები იგზავნებოდა ახალაია-მერაბიშვილ-სააკაშვილთან.

დაიწყო ბედუკაძესთან ხანგრძლივი საუბრისა და მსჯელობის, გნებავთ, მოლაპარაკების ეტაპი. პარალელურად, ციხის სხვა თანამშრომლებთანაც ვმუშაობდით. ცხადია, საიდუმლოდ. აკობია-ფარულავასთან საერთო პოზიციები გამოიძებნა. ისინი, ასევე, შეწუხებულნი იყვნენ ციხეებში არსებული ვითარებით. ვიმეორებ: ციხის თანამშრომლებთან გიორგი ლომია მუშაობდა. არც ბედუკაძემ იცოდა ფარულავა-აკობიასთან ჩვენი მოლაპარაკებების შესახებ და არც  ფარულავა -აკობიას ჰქონდა ინფორმაცია ბედუკაძესთან ჩვენი მოლაპარაკებების თაობაზე. მათთან მსჯელობისა და მოლაპარაკების პროცესში გიორგი ლომია არ ასახელებდა არც „ობიექტივს“ და არც „წინააღმდეგობის მოძრაობას.“

მოლაპარაკების პათოსი ასეთი იყო: წამების ფაქტების გამჟღავნება სიკეთეს მოუტანს როგორც პატიმრებს, ისე მთელ ქართველ საზოგადოებას. ეს ეროვნული და პატრიოტული საქმეა. ლომია ეუბნებოდა ბედუკაძესაც, ფარულავასაც და აკობიასაც, რომ არის სერიოზული ხალხი, ვინც კადრებსაც გაასაჯაროებს და თქვენს უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. მოლაპარაკებები შედგა!

ახლავე ვპასუხობ ცრუ ბრალმდებლებს: მოლაპარაკებები მორალის ფარგლებს არ გასცდენია და კადრები ჩვენ  ზნეობრივად მოვიპოვეთ.

 

კადრების გასაჯაროების პირობები

ჩვენმა გუნდმა კადრების გასაჯაროების შემდეგი გეგმა შეიმუშავა: კადრები უნდა გაგვეტანა ბრიუსელში, ბრიუსელშივე უნდა გაგვეყვანა მოწმეები: ბედუკაძე, ფარულავა და აკობია და ევროპარლამენტში, საგანგებოდ მოწყობილ ბრიფინგზე უნდა გაგვესაჯაროებინა ვიდეოკადრები. ნათელია, რომ უნდა შესრულებულიყო შემდეგი სამუშაო: ქვეყნიდან გაგვეყვანა ბედუკაძე და მისი ოჯახი, ასევე, ფარულავა და აკობია (არც ერთს ცოლ-შვილი არ ჰყავდა), გაგვეტანა კადრები, ექსპერტიზის გზით  დაგვედასტურებინა კადრების უტყუარობა, მოგვეწყო ბედუკაძის, აკობიასა და ფარულავას შეხვედრები ევროჩინოვნიკებთან, სწორედ ამ დროს (ანუ უკვე ევროპაში) ბედუკაძეს უნდა გაეგო ამ საქმეში ფარულავა-აკობიას მონაწილობის შესახებ, ხოლო ფარულავა- აკობიას – ამავე საქმეში ბედუკაძის მონაწილეობის თაობაზე. ასეც მოხდა. ბედუკაძემ ფარულავა -აკობიას შესახებ 24 აგვისტოს შემდეგ გაიგო, როცა ფარულავა-აკობიას კადრები ჩვენ უკვე ბრიუსელში ჩავიტანეთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ევროსტრუქტურებსა და ორგანიზაციებში აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, ევროპარლამენტში უნდა ჩატარებულიყო პრესკონფერენცია, რომელსაც ბედუკაძე, ფარულავა და აკობია მოწმის სტატუსით დაესწრებოდნენ.

 

ლადო ბედუკაძე და მისი გაყვანა ქვეყნიდან

ვლადიმერ ბედუკაძე მრავალი წლის მანძილზე სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა. მისივე განცხადებით, მხოლოდ ვიდეოფირზე აღბეჭდავდა პატიმართა წამებას. ბედუკაძე ხასიათდება არამდგრადი, მერყევი ფსიქიკით. დღეს მეგობრად გაცხადებს, ხვალ – მტრად. დღეს მწამებლები დამნაშავეებად მიაჩნია, ხვალ – ფირების გავრცელებას ნანობს. სინდისის ქეჯნა ბედუკაძეს პერიოდულად აწუხებს. ამას არ  დავწერდი, რომ არა ის დაძაბულობა და ბედუკაძესთან კონფლიქტი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მისივე ხასიათიდან გამომდინარეობს. თუმცა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი აღვნიშნავ, რომ ბედუკაძესთან მოლაპარაკებისას ჩვენ ვიტვირთეთ ბედუკაძის უსაფრთხოდ გადაყვანა ბრიუსელში, ხოლო მისი ცოლ-შვილის გადაყვანა კიევში, ან სხვა „უვიზო“ ქვეყანაში.

ბედუკაძემ, ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ჩვენს მიერ დასახელებული მოტივით, დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, – ავადმყოფობის მიზეზით. ამის შემდეგ, „ობიექტივმა“ ბედუკაძე ოჯახთან ერთად გამიზნულად გააგზავნა ბორჯომში, მისსავე მეგობართან, თითქოსდა სამკურნალოდ. ეს ყველაფერი რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდებოდა. ამასობაში ჩვენ ვაკვირდებოდით, ხომ არ უთვალთვალებდნენ ბედუკაძეს. ამავდროულად, ჩვენი წყაროები შინაგან საქმეთა სამინისტროში თვალ-ყურს ადევნებდნენ, – ხომ არ იყო ინტერესი ბედუკაძის პიროვნების მიმართ. ბედუკაძე უსაფრთხო დროს, ავტობუსით გადავიყვანეთ თურქეთში. ეს ვარიანტი თვითმფრინავზე უფრო უსაფრთხოდ მიგვაჩნდა. თურქეთში გავუკეთეთ ვიზა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. შემდეგ კი, სამი ქვეყნის გავლით, ის აღმოჩნდა ბრიუსელში, სადაც ჩვენი მოკავშირეები ელოდნენ. ცხადია, ყველა ხარჯი ჩვენ გავიღეთ. ბედუკაძე დავაბინავეთ „ობიექტივის“ ერთ-ერთ წარმომადგენელთან  მერაბ ბლადაძესთან. ამის პარალელურად, სამი სხვადასხვა გზით, ვიდეოფირები მე და ჩემმა მეგობრებმა ბრიუსელში გადავიტანეთ. ბედუკაძეც და მისი ვიდეოფირებიც მხოლოდ აგვისტოში აღმოჩნდა ბრიუსელში, ხოლო ფარულავა-აკობიას ვიდეოფირები – სექტემბრის დასაწყისში. ამ პერიოდში ბედუკაძის მეუღლემ საქართველოს დატოვებაზე უარი თქვა.

კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავ: ყველა ამ ეტაპზე ბედუკაძესთან მუშაობდა გიორგი ლომია. ბედუკაძემ არ იცოდა, რომ ლომიას უკან დგას „ობიექტივი“ და „წინააღმდეგობის მოძრაობა“.  გიორგი ლომია ბედუკაძეს მხოლოდ ერთ ფრაზას ეუბნებოდა: „ჩემს უკან დგას სერიოზული და სანდო ხალხი“.

ბედუკაძე, როგორც უკვე განვმარტე, ბრიუსელში „ობიექტივის“ ერთ-ერთ წარმომადგენელთან მერაბ ბლადაძესთან დაახლოებით თვენახევრის მანძილზე ცხოვრობდა. ბლადაძე სტუმრად მოსულ მეგობრებს ბედუკაძეს, როგორც მის ნათესავს, ისე აცნობდა. რაც შეეხება ფირებს, ფირები ბედუკაძეს აღარ ჰქონდა, ხოლო ბლადაძეს ეს ფირები არც ჰქონია და არც უნახავს, – მან მხოლოდ გადმოცემით იცოდა ვიდეოკადრების არსი.

 

დასავლეთში შესრულებული სამუშაო და რეჟიმის კრახი

10-12 სექტემბრისთვის ვიდეოკადრები უკვე ნანახი ჰქონდათ როგორც ევროსტრუქტურების, ისე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებს. ამ დროისთვის ბედუკაძე უკვე შევახვედრეთ ადამიანის უფლებათა ევროკომისრის აპარატის თანამშრომლებს. ფარულავა და აკობია ჯერ ქვეყნიდაგ გაყვანილი არ გვყავდა, მაგრამ მათ გაყვანაზე ვმუშაობდით. ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თუ სხვა მაღალჩინოსანთა განცხადებები სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგია. 15 სექტემბრისთვის სამუშაო დასრულებული იყო და ჩვენ გვქონდა ევროპის მაღალჩინოსანთა თანხმობა მასალის გასაჯაროებაზე. მხოლოდ ბედუკაძის ცოლ-შვილის, აკობიასა და ფარულავას საქართველოდან გაყვანის პრობლემა იყო მოსაგვარებელი. ბედუკაძის ოჯახის გაყვანა ვერ ხერხდებოდა, რადგან წინააღმდეგობას ქმნიდა მისი მეუღლე. იგი ძლივს დავითანხმეთ, 17 სექტემბრისთვის დაეტოვებინა საქართველო. შემდეგ, მისივე მიზეზით, ოჯახის  გაყვანა გადავიტანეთ 19 რიცხვისთვის.  ევროპარლამენტში პრესკონფერენცია 20 სექტემბრისთვის გვქონდა დანიშნული.

როგორც აღვნიშნე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ფირები ჩვენი მოკავშირეების მეშვეობით აღმოჩნდა. მათვე შეგვატყობინეს, რომ 15-17 სექტემბერს სააკაშვილს დაუკავშირდნენ მისი ამერიკელი მხარდამჭერები და აცნობეს, რომ არსებობდა უდავო მამხილებელი ვიდეომასალა, რომ წინააღმდეგობის გაწევა უნაყოფო იქნებოდა და რომ სააკაშვილი არჩევნებში უნდა დამორჩილებოდა ქართველი ხალხის ნებას, ანუ არჩევნები არ უნდა გაეყალბებინა. სააკაშვილი პარლამენტში უნდა დასჯერებოდა  30, მაქსიმუმ 40 დეპუტატს, ანუ რეალობასთან მიახლოებულ ციფრს. ამიტომაც იყო, რომ სააკაშვილს არ უარუყვია ამ მასალების უტყუარობა და არავითარ რუსულ კვალზე არ უსაუბრია, რაზეც დღეს უკვე საუბრობს მისი და მერაბიშვილის აგენტურა.

18 სექტემბერს სააკაშვილმა დადგა ყველასთვის ცნობილი სპექტაკლი და ივანიშვილის გუნდს  პატიმართა წამების ორგანიზება დააბრალა, რაც სასაცილო და სამარცხვინო იყო. ჩვენ იძულებული გავხდით, სასწრაფოდ გაგვესაჯაროებინა კადრები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ კადრების არსებობის შესახებ „მე-9 არხმა“ გაიგო კადრების გადაცემამდე ერთი საათით ადრე. მე პირადად ვესაუბრე კახა ბექაურს. ასევე, მე (ჩემი მეგობრების დახმარებით)  კადრები მივაწოდე შალვა რამიშვილს. ამ ყველაფრის შემდეგ, გამაოგნებელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჩნდებიან უზნეო ადამიანები, რომლებიც ხან ვანოს, ხან რუსეთის აგენტობაში, ხან ფულის აღებაში, ხან თანამდებობებისთვის ბრძოლაში და კიდევ არ ვიცი, რაში გვადანაშაულებენ.

 

ფარულავა-აკობიას დაკავება

სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ მოვასწარით ფარულავასა და აკობიას გაყვანა საქართველოდან. ფარულავა 17 სექტემბერს დააკავეს, ხოლო აკობია – 18 სექტემბერს, როცა ჩვენ მის საზღვარზე გადაყვანას ვცდილობდით. დაკავების შემდეგ, ფარულავას სააკაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობა აიძულეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში უნდა მიიღოს. ვფიქრობ, სასამართლომ, ასევე უნდა გაითვალისწინოს, ფარულავას წვლილი პატიმართა წამების ამსახველი კადრების მოპოვებაში.

 

ბედუკაძის ოჯახი და „ობიექტივი“

კვლავ აღვნიშნავ, რომ ბედუკაძეს არასდროს დავპირებივართ მისი ოჯახის  ბრიუსელში ჩაყვანას. ჩვენი მოლაპარაკება ითვალისწინებდა საქართველოდან ბედუკაძის ბელგიაში გაყვანას, ხოლო მისი ოჯახის  კიევში, ერევანში, ბაქოში ან სტამბოლში გადაყვანას. როცა ბატონი ბედუკაძე პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებდა, ოჯახის გადასვლას ბელგიაში არავითარი პრობლემა აღარ შეექმნებოდა. მანამდე „ობიექტივი“ თავის თავზე იღებდა კიევში (ან სხვა ქალაქში) ბედუკაძის ოჯახის (საცხოვრებელი და სხვა პირობებით) უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, ბედუკაძის მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა, დაეტოვებინა საქართველო. ამასობაში სიტუაცია შეიცვალა და კადრები გასაჯაროვდა. ბედუკაძე მუდმივად ითხოვდა ჩვენგან ,- დაგვეცვა მისი ოჯახი და გაგვეყვანა საქართველოდან. მე ბრიუსელიდან დავურეკე  ცნობილ ქართველ უფლებადამცველებს და სწორედ მათი და „ობიექტივის“ ჟურნალისტების თანდასწრებით გავიყვანეთ ბედუკაძის ოჯახი მეზობელ თურქეთში.  ვაცხადებ, რომ ბედუკაძის ოჯახი ახლაც  მშვიდობიანად ცხოვრობს სტამბოლში. მისი გადაადგილება შეზღუდული არ ყოფილა და არც არის, ის ორჯერ სტუმრობდა ანკარას და საკონსულოში გასაუბრებაც გაიარა. ახლა ბედუკაძე ბრალს გვდებს, – ჩემი ოჯახი ბრიუსელში არ გადმოგყავთ, სტამბოლში მძევლად გყავთო. რა მძევლობაზეა საუბარი? მძევლები რომ ყოფილიყვნენ, ამას კონსულს ეტყოდნენ.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ  ბედუკაძეს ბრიუსელში იცავს „ობიექტივის“ მიერ დაქირავებული ადვოკატი ამრაანი. ასევე, ადვოკატის თანდასწრებით, „ობიექტივმა“ ბედუკაძეს გადასცა გარკვეული თანხა ბინის დაქირავების მიზნით. „ობიექტივის“ ჟურნალისტები სამი კვირის განმავლობაში სტამბოლში ცხოვრობდნენ და ბედუკაძის მეუღლესა  და შვილებს არ ტოვებდნენ . მივმართეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის „წითელ ჯვარსა“ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, რათა  ბედუკაძის ოჯახს ვიზების მიღებასა და ბრიუსელში ჩასვლაში დაეხმარონ. ბელგიის კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს ადვოკატი ამრაანი, რომელმაც  ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა ბედუკაძის ოჯახის გამოყვანის საკითხზე. ვისაც გონება აქვს, უნდა ხვდებოდეს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცედურაა და არ და ვერ  წყდება ერთ-ორ კვირაში. ამასობაში „ობიექტივის“ ჟურნალისტები ბატონმა ბედუკაძემ ტერორისტებად გამოგვაცხადა და მუდმივად იმეორებს, რომ მისი ოჯახი მძევლადაა თურქეთში. ბედუკაძე და მისი მეუღლე ჩვენგან იმას ითხოვენ, რასაც არ დავპირებივართ და უსაფუძვლოდ გვადანაშაულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთ საკონსულოს მივმართეთ, ჩვენ უკვე აღარ გვყოფნის ძალები, ბედუკაძის ოჯახი ვიზებით უზრუნველვყოთ. ხაზს ვუსვამ: ბრიუსელში ოჯახის ჩაყვანას ჩვენ არ დავპირებივართ ბედუკაძეს, ეს ვალდებულება ჩვენ არ აგვიღია… ამიტომაც ბედუკაძის ოჯახის დასახმარებლად მივმართე გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, რომელმაც უკვე შემოგვითვალა უარი. ახლა მხოლოდ ადვოკატი ამრაანი თუ შეძლებს რაიმეს. თუ არა და ბედუკაძის ოჯახს საქართველოში დაბრუნება მოუწევს, რაც სულაც აღარაა საშიში შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის პირობებში.

 

ბედუკაძის პრეტენზიების უსამართლობა

ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ აბსოლუტურად ყველა შეთანხმება, რომელიც კი არსებობდა გიორგი ლომიას, ჩემს თუ ჩემი გუნდის სხვა წევრებსა და ბედუკაძეს შორის პირნათლადაა შესრულებული. ბედუკაძის პრეტენზიები უსაფუძვლო და გაუგებარია. სამწუხაროდ, ამ თემით ჩვენი არაკეთილმოსურნენი სპეკულირებენ.

 

ბედუკაძის გადაყვანა სხვა ბინაში

კადრების გავრცელების შემდეგ, ბედუკაძემ განმიცხადა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი საიდუმლო აღარ იყო და მერაბ ბლადაძისგან გადაყვანა მთხოვა. ეს საუბარი გიორგი ფოფხაძისა და ბელგიაში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველის თანდასწრებით შედგა, რომლის ვინაობასაც ჯერ არ დავასახელებ. ამ უკანასკნელმა მაშინვე  შემომთავაზა ბედუკაძე ლიეჟში, მასთან გადაგვეყვანა. შექმნილ ვითარებაში საჭირო იყო სწრაფი მოქმედება, ამიტომ წინადადება მივიღე და ბატონი ბედუკაძე ლიეჟში გადავიყვანეთ. ამასობაში, ვატყობდი, რომ ბედუკაძე ძალზედ დაიძაბა. ის ნერვიულობდა მისი ოჯახის გამო, არ გრძნობდა თავს დაცულად, სისტემატურად  ეცვლებოდა განწყობა, ხან ჩვენი სჯეროდა, ხან – მუდმივად გვემუქრებოდა: ჩემი ოჯახი თურქეთიდან ჩამოიყვანეთ ბრიუსელში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენებას ისე შევცვლი, რომ ყველას დაგაზიანებთო. ეს ჩვეულებრივი შანტაჟი იყო.

 

ბედუკაძისთვის თავგზის აბნევა

როგორც აღვნიშნეთ, ბედუკაძე ბლადაძესთან ცხოვრობდა. როცა ბლადაძეს მეგობრები სტუმრობდნენ, იგი მათ ბედუკაძეს, როგორც ნათესავს, ისე აცნობდა. არსებობს არაერთი მოწმე, რომელიც დაგიდასტურებთ, როგორ უვლიდა ბლადაძე ბედუკაძეს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბლადაძეს ბედუკაძე არ გაუცია, ბოლომდე დაიცვა, როგორც მოწმე. ახლა კი, ბედუკაძე ყველას გადაგვემტერა და მერაბ ბლადაძეს ხან ვანოს და ხან რუსეთის აგენტობას აბრალებს, ხან კი ფირების გაყიდვაში ადანაშაულებს,  რაც აბსურდია. ბლადაძე ვერც ფირებს  ვერავის მიჰყიდდა, – უკვე გითხარით, რომ ეს მასალა მას არასდროს ჰქონია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მერაბ ბლადაძემ გადამწყვეტი როლი შეასრულა უმნიშვნელოვანესი მოწმის დაცვის საქმეში. ამ ფაქტის  უარყოფა უკვე  ადამიანური ლოგიკის ფარგლებს სცდება.

დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი ჭელიძე ბლადაძეს ზოგჯერ მეუღლესთან ერთად სტუმრობდა და ბედუკაძეც იქ გაიცნო. დღეს ბედუკაძე და ჭელიძე  ამტკიცებდნენ, რომ ისინი მრავალი წლის მეგობრები არიან, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. ბედუკაძეს სწორედ ჭელიძემ აუბნია თავგზა, ამიტომ იძულებული ვარ მასზე ვისაუბრო.

 

ვინ არის სინამდვილეში პოლკოვნიკი ჭელიძე

ბრიუსელში ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჩემს მეგობარს, ვის ბინაშიც ბედუკაძე ცხოვრობდა, ჭელიძე მოჰყვა. ჭელიძემ შემომთავაზა ბედუკაძის მართვა საერთო ძალებით. მითხრა, რომ სამხედრო პირია და ფლობს არამდგრადი ფსიქიკის მქონე პირების მართვის ხელოვნებას. მე მას ვეჩხუბე და ვუთხარი, რომ ჩვენ ბედუკაძეს კი არ ვმართავთ, ის ჩვენი თანამებრძოლია; შენ ვინ ხარ, საიდან მოხვედი, რა საერთო გაქვს ჩვენთან ან ჩვენს საქმიანობასთან მეთქი. ასე დავშორდით.

მრავალი წლის ჟურნალისტური გამოცდილება მაქვს. ადამიანების ფსიქოლოგიასაც  ვიცნობ და სიტუაციასაც კარგად ვაანალიზებ. არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მაქვს ჩატარებული და კარგად ვიცი: ასეთ საქმეში ახალი ადამიანი შემთხვევით არ ჩნდება.

ამის შემდეგ, ჭელიძე ხელმეორედ და მოულოდნელად  ქალაქ ლიეჟში დამხვდა, სადაც მე და გიორგი ფოფხაძე ბედუკაძის მოსანახულებლად ჩავედით. კაფეში უეცრად გამომეცხადა ჭელიძე და მითხრა, – ბედუკაძეს შენთან შეხვედრა აღარ სურს, ამიერიდან მე უნდა მესაუბროო. ეს მოულოდნელი შეხვედრაც კონფლიქტით დამთავრდა. მოკლედ, მე და ფოფხაძე შანტაჟის მცდლობას პირველად აქ წავაწყდით.

ვიქტორ ჭელიძე 2006 წლიდან იძებნება სამხედრო პოლიციის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 323-ე და 399-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურ მითვისებას, გაფლანგვას. თან, – არაერთგზის. ასევე, სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას და სამხედრო ქონების წესის დარღვევას.

ვიქტორ ჭელიძე, მისივე განცხადებით, 1991 წლიდან მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში (ჩოლოყაშვილის ბატალიონში). ჩემთან შეხვედრისას განმიცხადა, რომ ხელმძღვანელობდა ამ ბატალიონს, რაც ტყუილია. აფხაზეთის ომში მონაწილე ჩემი ვეტერანი მეგობრები მას მხოლოდ ნეგატიურად ახასიათებენ.

 საინტერესოა ფაქტი, რომ თავის დროზე ვიქტორ ჭელიძე ოქრუაშვილმა რუსეთთან ფარული თანამშრომლობის მოტივით გაათავისუფლა. საინტერესეოა ისიც, რომ თავად ვიქტორჭელიძე საქართველოდან გაქცევის შემდეგ, აბსოლუტურად უდანაშაულოდ თვლიდა თავს და ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვდა: მისთვის მოესმინათ, თუნდაც იმიტომ, რომ 2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს, სწორედ მე ჩავშალე პრეზიდენტ სააკაშვილზე თავდასხმაო, ანუ ჭელიძე რევერანსს უკეთებდა სააკაშვილს, – მე ოქრუაშვილმა აღმიძრა საქმე, გამომადგო სამსახურიდან და შენ კი, ჩემი ვალი გაქვს, მე შენზე თავდასხმა აღვკვეთე და ახლა მომისმინეო. მოკლედ, ჭელიძეს პრეტენზია უშუალოდ სააკაშვილთან არასდროს ჰქონია.

ინფორმაციის შეკრების პროცესში დამიკავშირდნენ ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები, რომელთა ვინაობასაც საჭიროების შემთხვევაში დავასახელებ. ეს ადამიანები ჭელიძეს ახასიათებენ, როგორც თაღლითს, რომელიც შეკრული იყო კრიმინალურ დაჯგუფებებთან და საზღვარგარეთ, კონკრეტულად, ესპანეთსა და ბრიუსელში მცხოვრებ (შედარებით შეძლებულ) ქართველებს სხვადასხვა ფორმით ატერორებდა. ბელგიის პოლიციამ ჭელიძე, როგორც ამბობენ,  სწორედ ნაქურდალი ნივთების შენახვის ბრალდებით დააკავა. ამ და სხვა ინფორმაციის ანალიზმა დამარწმუნა, რომ ჭელიძე ბედუკაძის გვერდით სრულიად მიზანმიმართულად გაჩნდა.

ბედუკაძისთვის ჭელიძემ კეთილი გულშემატკივრის როლი მაღალ დონეზე ითამაშა და, საბოლოოდ, ბატონი ლადო არა მარტო ბლადაძეს, არამედ მე და გიორგი ფოფხაძესაც დაგვიპირისპირა. ჭელიძე ბედუკაძეს ხან არწმუნებდა,- ამ საქმეში რუსებმა გადაიხადეს 2 მილიონიო, ხან უმტკიცებდა, – ბიძინამ გადაიხადა 2 მილიონიო. შენ კი, გმირი ხარ, მაგრამ ფულიც არ  მოგცეს და მიგატოვესო.

დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამად ვიქტორ ჭელიძე სააკაშვილ-მერაბიშვილის დავალებას ასრულებს. ამიტომაც ემთხვევა დროში ვიქტორ ჭელიძის ბრალდებების ტირაჟირება („ობიექტივის“ წინააღმდეგ) და ვანო მერაბიშვილის განცხადებები, – ციხის კადრებთან მიმართებაში. აქამდე ვანო მერაბიშვილი სდუმდა, ახლა კომენტირებითაა დაკავებული. ვიმეორებ: ამ კამპანიაში ყველა ის მედია-საშუალებაა ჩართული, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ახლაც  აკონტროლებენ.

 

რეჟიმის მხრიდან  კონტროლირებადი მედია და ბედუკაძის თემა

ბედუკაძის გვერდით ვიქტორ  ჭელიძის აღმოცენების შემდეგ, სააკაშვილ- მერაბიშვილის სტრუქტურებმა „ობიექტივის“ წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო როგორც თავად ჭელიძე, ისე სააკაშვილის დასაყრდენი მედიის ნაწილი. დააკვირდით ფაქტს: მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდი, არც ერთ ტელეარხს ( გარდა „ინფო 9“-ისა) გადაცემაში არ მივუწვევივარ, ხოლო ბეჭდური მედია ძირითადად ბედუკაძე-ჭელიძის განცხადებებზე მთხოვს კომენტარს და ჟურნალების „სარკე“ და „რეიტინგის“ გარდა, არც ერთ გაზეთს არ უთხოვია ინტერვიუ უშუალოდ ჩემთვის. არადა, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მზად ვიყავი და მზად ვარ პასუხისთვის. ნაცვლად ამისა, გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ და „პრაიმ-ტაიმმა“  განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მხოლოდ ჭელიძე-ბედუკაძის ტანდემს, გაავრცელეს მათი ცრუ ბრალდებები და ჩემი მოკლე კომენტარით დაასრულეს „დიდი“ გამოძიება. სინამდვილეში „კვირის პალიტრა“ მხარე იყო. ჟურნალისტი  ეკა ასათიანი, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა ბედუკაძე-ჭელიძესთან, მრავალი წელია თანამშრომლობს ჭელიძესთან, როგორც რესპონდენტთან, და აქვეყნებს მის ინტერვიუებს. ეს იყო დაკვეთილი სტატია, ყველა ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევით და ამას ნებისმიერ ჟურნალისტს და არაჟურნალისტს დავუმტკიცებ.

ყურადღება მიაქციეთ „კვირის პალიტრის“  წერილის გაგრძელებას. ეს სტატია იმავე დღეს საფუძვლად გამოიყენა ტელეკომპანია „იმედმა“, რომელმაც ფართო ასპარეზი მისცა ბედუკაძე-ჭელიძის ცრუ ბრალდებებს და კვლავ ჩემი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. არადა, ვიმეორებ: მზად ვარ, ყველა ჟურნალისტს ვუპასუხო იმ შეკითხვებზე, რაც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე საფრთხეს არ გვიქმნის მე, ჩემს ოჯახს და ჩემს მეგობრებს. სხვა შეკითხვებს პასუხს მხოლოდ მაშინ გავცემ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და „ნაციონალური მოძრაობაც“ საბოლოოდ წავა პოლიტიკური ასპარეზიდან.

დააკვირდით: მსჯელობა და კამათი მიდის არა პატიმართა წამებაში ეჭვმიტანილ ახალაიაზე, მერაბიშვილსა თუ სხვებზე, არამედ, რატომღაც,  აქტუალურია მოწმე ბედუკაძის და თაღლითი ჭელიძის ცრუ ბრალდებები „ობიექტივის“ წინააღმდეგ. ამ უმთავრესი აქცენტის გადატანის მიზანი ჩვენთვის ნათელია: სააკაშვილ-მერაბიშვილის კრიმინალურმა დაჯგუფებამ დაიწყო შურისძიება ჩემს, როგორც ამ კადრების გამავრცელებლის წინააღმდეგ. მეორე – ვიმეორებ: სააკაშვილ-მერაბიშვილის ერთობა დაინტერესებულია ბელგიის სარჩელიდან „ჩაიხნას“ მოწმე ბედუკაძე. თუ ბედუკაძე აღარ იქნება მოწმე, სააკაშვილი გაურკვეველი ვადით გადაურჩება პასუხისგებაში მიცემას.

ბრიუსელიდან წამოსვლამდე ერთი დღით ადრე ბატონი ბედუკაძე  ადვოკატ ამრაანის ჩავაბარე. ადვოკატს მოვთხოვე ბედუკაძის გარემოცვის შესწავლა და მოწმისთვის ბელგიის ფედერალური პოლიციის მხრიდან დაცვის უზრუნველყოფა. ამას დაადასტურებს როგორც ადვოკატი ამრაანი, ისე ჩემი კოლეგა გიორგი ფოფხაძე. ახლა იძულებული ვარ, იგივე განცხადებით უშუალოდ მე, როგორც ჟურნალისტმა, მივმართო ბელგიის ფედერალურ პოლიციას. ვთვლი, რომ  ბედუკაძეს უკვე იყენებენ არაკეთილსინდისიერი მიზნით და ამით მხოლოდ სააკაშვილ-მერაბიშვილის დაჯგუფება ისარგებლებს.

 

ბედუკაძე ივანიშვილს მიმართავს. ნეტავ, რატომ?

პატიმართა წამების გახმაურებული კადრების გავრცელების შემდეგ, დაბნეულმა რეჟიმმა ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი ბედუკაძესთან კავშირში დაადანაშაულა. ამავე პერიოდში მთავარმა პროკურორმა არარსებული 2 მილიონის თემა გააჟღერა, რომელიც თითქოსდა კადრების მოპოვებაში თამაზაშვილმა ბედუკაძესა და ციხის სხვა თანამშრომლებს გადაუხადა. იმავე დღეს მე გავავრცელე განცხადება, სადაც აღვნიშნე, რომ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და არც ბატონ თამაზ თამაზაშვილს. ცხადია, ვირტუალური 2 მილიონის თემა რეჟიმმა შეგნებულად „შემოაგდო“, რათა ბედუკაძესა და ჩვენს შორის დაპირისპირების პროვოცირება მოეხდინა და შემდგომ ეს დაპირისპირება გაეღვივებინა. ეს ტყუილი არა ჩვენზე (ვისაც, ღმერთია მოწმე,  ერთი თეთრი არავისგან აგვიღია), არამედ ბედუკაძეზე იყო გათვლილი. გათვლამ გაამართლა. როგორც ჩანს, რეჟიმი კარგად იცნობს მისი ერთგული მსახურების ფსიქოპორტრეტს. როგორც ჩანს, ბედუკაძემ არარსებულ 2 მილიონზე ფიქრი დაიწყო. ჩემი ინფორმაციით, სწორედ ამ არარსებულ 2 მილიონს დახარბდა თაღლითი ვიქტორ ჭელიძე, რომელიც ბედუკაძეს ეჭვებს უღვივებდა და, პარალელურად, საკუთარ მატერიალურ გამორჩენაზეც ზრუნავდა და ზრუნავს. ვფიქრობ, ვირტუალური 2 მილიონის თემა იყო განხეთქილების საბაბი ჩვენსა და ბედუკაძეს შორის, რომელიც ჭელიძემ და, შესაბამისად, სააკაშვილ-მერაბიშვილის კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჯერ-ჯერობით ხელსაყრელად გამოიყენა. ამ თემას დღესაც იყენებენ. ამიტომ, ჭელიძისვე რეკომენდაციით, ბედუკაძე თითქმის ყოველდღიურად მიმართავს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ითხოვს შეხვედრას მის წარმომადგენელთან. ბედუკაძეს, ისევე როგორც ბევრ ეჭვიანს საქართველოში, არ სჯერა, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არაფერშუაშია, რომ მათ მხოლოდ ტელეეკრანიდან შეიტყვეს, თუ რა კადრებს ვავრცელებდით ბრიუსელიდან.

 

გულსატკენი უსინდისობა

მინდა ზოგიერთ ჩემს კოლეგას შევახსენო, რომ როცა ჟურნალისტი იმ ტიპისა და მნიშვნელობის ფაქტობრივი მასალის მოპოვების შესაძლებლობის წინაშე დგება, როგორიც იყო პატიმართა წამების ამსახველი კადრები, ის ვალდებულია ყველა ზომას მიმართოს ამ მასალის მოსაპოვებლად და გასავრცელებლად. არ ვიცი, ვინ რას იგულისხმებდა „ყველა ზომაში“. მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ წამების ამსახველი კადრები ჩვენ  პატიოსანი და ზნეობრივი გზით მოვიპოვეთ და გავავრცელეთ. მომავალში, როცა  „ნაცმოძრაობის“ მხრიდან კონკრეტული საფრთხეები განეიტრალდება, ყველა დეტალზე ღიად ვისაუბრებ.

ვაცხადებ, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ყველა ქმედება, დაწყებული ბედუკაძესთან ურთიერთობით და დასრულებული ევროსტრუქტურებსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობით, იყო მხოლოდ ზნეობრივი, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი. ამ ვითარებაში გაოგნებული ვარ, როცა ზოგიერთი ჟურნალისტი და არაჟურნალისტი ლამისაა დამნაშავედ მაცხადებს და მუდმივად ეძებს „შავ კატას ნათელ ოთახში“ მაშინ, როდესაც ეს კატა ამ სრულიად ნათელ ოთახში არ არის.

ქრისტეს სწავლებით, შური კაცობრიობის დაავადებაა. ასე მგონია, ჩვენს ქვეყანაში ამ დაავადებამ ეპიდემიის სახე მიიღო. ეს მადარდებს და გულს მტკენს. უმადურებს მინდა ავუხსნა: ეს საქმე რაიმე ეტაპზე რომ „გამსკდარიყო“, მე და მასში მონაწილე ჩემს თანამებრძოლებს ისეთი წამებით ამოგვხდიდნენ სულს, კალიგულას წამებები მონაგონი იქნებოდა. უბედურება არ ასცდებოდათ ჩვენი ოჯახების წევრებსაც.

ამიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ ძალზედ ნაადრევად მიმაჩნია,  მოითხოვოთ ჩემგან დეტალური ინფორმაციის გამჟღავნება, გამომდინარე ჩემი, ჩემი ოჯახის და ჩემი თანამებრძოლების უსაფრთხოებიდან. ჩემი შვილები ერთხელ უკვე გავწირე; როცა ბედუკაძის შვილებს თურქეთში ვაცილებდი, ჩემი შვილები საქართველოში სრულიად დაუცველნი რჩებოდნენ… ვისაც გონება აქვს, უნდა მიხვდეს. გმირობას არ  ვიჩემებ, ჩემი საქმე და ჩემი გზა მაქვს. ფაქტია, რომ პატიმართა წამების კადრების გავრცელებით სააკაშვილის რეჟიმი გატყდა და არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.

 

არის თუ არა ბედუკაძე გმირი

კაცი, რომელიც ვიდეოკამერით იღებდა არასრულწლოვანი ახალგაზრდის ხელკეტით გაუპატიურებას და ამასთან, ვიდეოკამერის წინ ეკითხება ამ ახალგაზრდას: „ხარ მოტ…ული?!“, არის კი გმირი?

კაცი, რომელიც თვლის, რომ სულიერად ავადმყოფს უკანალში ცოცხს თუ შეურჭობ, გაუპატიურება კი არა, დაცინვაა, არის კი გმირი?

ხმამაღლა ვაცხადებ: ბედუკაძესთან ჩვენ რომ არ გვემუშავა, იგი დღესაც ციხეში იმუშავებდა და წამების ამსახველ კადრებს ძველებურად გადაიღებდა, ხოლო ვანო დღესაც პრემიერმინისტრი იქნებოდა.

კვლავ ვამბობ: ბედუკაძესთან მუშაობას  ჩვენ განვიხილავდით, როგორც ცოდვების გამოსყიდვის შანსს მისთვის. თანაც, მხოლოდ იმ პირობით, რომ ბედუკაძე, როგორც თავად ამტკიცებდა, მარტოოდენ ვიდეოოპერატორი იყო, მაგრამ დღეს ვითარება იცვლება. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც პატიმრები ბედუკაძეს პირადად ადანაშაულებენ წამებაში. „ობიექტივში“ მოდიან პატიმართა ოჯახის წევრები, რომლებიც ხელს ადებენ ბედუკაძეს. „ობიექტივი“ ვალდებული გახდა, დაეწყო ჟურნალისტური გამოძიება. პატიმართა წამებებში ბედუკაძის მონაწილეობა თუ დადასტურდა, ჩვენი ადვოკატი მის დაცვას შეწყვეტს. ვფიქრობთ, ამ ახალმა გარემოებამ ჩვენდამი ბედუკაძის დამოკიდებულება კიდევ უფრო გააწვავა.

 

კეთილი რჩევა ბედუკაძეს

თუ წამებებში არ მონაწილობდი და დანაშაულში შენი თანამონაწილობა მხოლოდ კადრების გადაღებით შემოიფარგლებოდა, გირჩევ, იზრუნო სახის შენარჩუნებაზე – სასწრაფოდ გაემიჯნო ჭელიძეს, სილაგაძეს და სხვებს, ვინც დღეს არ დამისახელებია; გირჩევ, გაარჩიო კარგი ცუდისგან, მეგობარი – მტრისგან, ვანოს აგენტი – პატრიოტისგან.

ირმა ინაშვილი,
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი.

1 COMMENT

  1. ქალბატონო ირმა გმირი ხართ, გმირი, ჩვენი დროის გმირი,ქალმა შეძელით შეუძლებელი….ღმერთი იყოს მუდამ თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი

  2. არც შენ ჩანხარ სუფთა ირმაა,ასეა თუ ისე ამ კაცმა გმირობა ჩაიდინა,აბა ვინ გარისკავდით ასეთ რამეს?ვინც არ უნდა იყოსბედუკაძე მან დიდი საქმე გააკეტა,ამის არ დანახვა არ შეიძლება,მთელი ჯალათების ხროვა გადაიკიდა

  3. ხმერტმა გაგადძლიეროს,სიმარტლისატვის მებრძოლო ქალბატონო ირმა წარმატებებს გისურვებთ,გფარავდეთ ხვტისმშობელი.

  4. "არც შენ ჩანხარ სუფთა ირმაა"-ამას როგორ წერთ ხალო? ეს ის ირმა ინაშვილია ,20 წლის გოგონა მედდად რო ცავიდა ცხელ ხაზზე..ირმა გენაცვალე შენ! გულს არ გააკარო არაფერი..ამათ რა ენაღვლებათ ,სახლში თბილად ზიან და ტელევიზორს უყურებენ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here