Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის თვითმფრინავის შასზე არნოლდ შვარცენეგერი იდგა

სააკაშვილის თვითმფრინავის შასზე არნოლდ შვარცენეგერი იდგა

939

დაბრძანდა 18 ოქტომბერს მიხეილი საკუთარი თვითმფრინავის პერსონალურ სავარძელში, რომელიც, როგორც ამბობენ, კატაპულტირების მექანიზმითაა აღჭურვილი. გარბენი. თვითმფრინავმა ცხვირი ასწია და აიჭრა ბუქარესტის ცაში.

ათ წუთში კი დაჯდა იქ, საიდანაც აფრინდა.

„დაჯექ, დაჯექ, პეპელავ…“

ან აფრენა რა იყო, ან დაფრენა?

იყო ეს ათიოდ წლის წინათ სააკაშვილზე ტერორისტული თავდამსხმის მის მიერვე შეთხზული ისტორიის მსგავსი ფაქტი, როცა მიშას ქუჩაში ვიღაცამ შეუღრინა, ხოლო ამან დაღუპვას გადარჩენილი შესაძლო მსხვერპლის როლი მოირგო, თუ მართლა სერიოზულ უბედურებას გადავურჩით ქართველები და ახლა სამებაში სამდღიან ლოცვად უნდა ვიდგეთ ღმერთისთვის მადლობის შესაწირად?

პრეზიდენტის ადმიისტრაციის მიერ ამ შემთხვევის გამო გავრცელებული განცხადება დიდთვალება შიშის კანკალის ძარღვებში დავლასავითაა: იძულებითი დაშვება!

ტა, ტა, ტა, ტააა!

„თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა“.

პრობლემა ცაში, როცა ვერც პირადი დაცვა გადაგეფარება და არც ბუჩქებია ახლომახლო, თავი რომ შეაფარო. გორში სხვა იყო: იქ მიწაზე გართხმაც გამოუვიდა და ზეცისკენ შეშინებული მზერის აპყრობაც. აქ, ქვემოთ უფსკრული იყო და არც მოსყიდული რუსი გენერალი ჩანდა სადმე, რომელსაც მიშას მამაცური ფეხის დაბაკუნებაზე მუხლები მოეკვეთებოდა.

განმუხურის ლაჟვარდოვანი სანაპირო აქედან წარმოუდგენლად შორს იყო. დროშიც და სივრცეშიც. სამაგიეროდ, იოლი წარმოსადგენია, როგორ გაგორდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თვითმფრინავის სალონში – მიშველეთ და მიწაზე დამაბრუნეთო.

10 წუთში ბუქარესტის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე „იძულებითი დაშვება“ რომ საშიშია?

არაფერი მაგის მსგავსიო, თქვა ცნობილმა მფრინავმა ალბერტ ნურბეკიანმა, რომელსაც კომენტარისთვის მივმართეთ:

– საშიში ძველი „ტუებისთვის“ იყო, ჯერ საწვავი უნდა დაეღვარათ და შემდეგ დაშვებაზე ეფიქრათ. ახალი თვითმფრინავებისთვის ამ მანევრის განხორციელება 10 წუთში და უფრო ნაკლებ დროში პრობლემა არ არის.

მაშ, საიდან გაჩნდა ასეთი ეჭვები და მირაჟები?

იქიდან, რომ როგორც აეროპორტის სპიკერმა ვალენტინ იორდაჩემ განაცხადა, მფრინავების ეჭვი, თითქოს თვითმფრინავს გარკვეული ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, დაშვების შემდეგ ჩატარებული შემოწმებით არ დადასტურდა.

ფრენისთვის ვარგისიაო ლაინერი და შენი გზით წადიო!

მოკლედ, მიხეილ სააკაშვილი ფატალისტი არ არის.

ფატალისტი არის ადამიანი, რომელსაც ბედისწერის სჯერა.

ყურანში წერია: „ყველაფერი იქნება ისე, როგორ უნდა იყოს, პირიქითაც რომ იყოს“.

ფსიქიატრების დასმულ დიაგნოზში კი აღნიშნულა, რომ თუ კაცი მშიშარაა, ეს ხანგრძლივი დაავადებაა.

თქვენს კარაბადინში რა წერია?

ვარიანტი 1. მფრინავებმა სააკაშვილი გააშყირეს და შემდეგ ხანგრძლივი ფრენის მოსაწყენ საათებში ამის გახსენებით ირთობდნენ თავს.

ვარიანტი 2. აეროპორტში საქართველოში ჩამოსატანი კონტრაბანდა დარჩათ და იმისთვის დაბრუნდნენო.

ვარიანტი 3. თვითმფრინავის შასზე მდგარმა არნოლდ შვარცენეგერმა ჩამოხტომა ვერ მოასწრო („კომანდო“) და იმიტომო.

სამში ერთი რომელია მართალი, ჩიორამ იცის. ჩიორა სახელია.

ბენჟამენ იგარკა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here