Home რუბრიკები საზოგადოება ჩინ-მედლები სოფლის მეურნეობის გასაჩანაგებლად

ჩინ-მედლები სოფლის მეურნეობის გასაჩანაგებლად

1217

სოფლის მეურნეობა მატერიალური წარმოების ერთერთი ძირითადი დარგია, რომელიც ქვეყნების განვითარების დონეს განსაზღვრავს. საქართველო აგრარული ქვეყანაა და, აპოლიტიკური ნების არსებობის შეთხვევაში, ეს დარგი დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასაც გამოკვებავდა და ექსპორტზეც შევძლებდით სოფლის მეურნეობის როგორც ნედლეულის, ისე მზა პროდუქციის გატანას. ასეთი შესაძლებლობების პირობებში, მაინც რამ განაპირობა ქვეყანაში აგრარული დარგის სრული განადგურება?

ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზებია:

1) ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის სრული იგნორირება და პოლიტიკური ნების უქონლობა;

2) მინისტრების ხშირი ცვლა და დარგის არაკვალიფიციური კადრების ხელში ჩაგდება;

3) ქვეყნის ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის 1,5% პროცენტით დაფინანსება;

4) სამინისტროდან კვალიფიციური კადრების გაშვება, გაუაზრებელი, უაზრო რეფორმების გატარება;

5) მეცნიერებისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების უგულებელყოფა;

6) ტრადიციული, მათ შორის, დამხმარე დარგების განადგურება;

7) უაზრო კორპორაციებისა და მომსახურე (საპიროსადემონსტრაციო პუნქტების) შექმნა;

8) საკუთარი ბაზრის დაუცველობა, იმპორტის წახალისება და . .

აი, ამან გამოიწვია ქვეყანაში კატასტროფული ვითარება, როცა ადგილობრივი ფერმერი თუ გლეხი საკუთარი შრომით მოყვანილ პროდუქციას ვერ ყიდდა და დანახარჯებსაც ვერ ინაზღაურებდა.

«ვარდების რევოლუციის» შემდეგ ქვეყანაში ფასეულობების გადაფასება, ვითომ და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყო (მამა ამ პოლიტიკის _ კახაბერ  ბედუქიძე), მაგრამ ამ პოლიტიკაში სოფლის მეურნეობისათვის ადგილი არ მოიძებნა. მოსაზრება, რომ სოფლის მეურნეობა საჭირო არ იყო ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, და რომ იმპორტით მოხდებოდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის უზრუნველყოფა, ხელისუფლებაში საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ ამ იდეის გასატარებლად ჯერ ტრადიციული დარგების განადგურება (მეცხვარეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა, მეთამბაქოეობა) იყო საჭირო. დაიწყოს კიდეც ქართული სოფლის დაცლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე მონოპოლიების შექმნა. პარალერულად ნადგურდებოდა სამსახურები, რომლებსაც ევალებოდა სოფლის მეურნეობის იმპორტირებული პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმება. ლიბერალური პოლიტიკის ეგიდით საზღვრებზე ყოველგვარი შემოწმების გარეშე შემოდიოდა საეჭვო წარმომავლობის ხილი, ბაღჩეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები. ერთი მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტის სანაცვლოდ, თურქეთთან დაიდო ხელშეკრულება, რომელიც თურქეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის აბსოლუტურად დაუბეგრავად შემოტანას გულისხმობდა. ამ დროს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ექსპორტის შემთხვევაში, სტრატეგიული 100%-ით, ხოლო არასტრატეგიული 50%-ით იბეგრებოდა.

ამავე დროს, გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური, განადგურდა სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელი საწარმოები (ისედაც მცირე რაოდენობა), მოისპო სტრატეგიული დარგი _ მეჩაიეობა და ნაწილობრივ მევენახეობა. მთლიანად გაანადგურეს ისეთი დარგები, როგორიცაა მეღორეობა, მებოცვრეობა, მეფუტკრეობა, მემარცვლეობა, მებაღჩეობა, მეხილეობა. უყურადღებობისა და მოუვლელობისგან საქართველოს ყველა რეგიონში გაიზარდა ეროზიული პროცესები და გამოიფიტა ნიადაგები. აგროტექნიკა სოფლებში არ არსებობს და გლეხი თუ საშუალო ფერმერი (პირობითად ფერმერი) კვლავ თოხის ამარადაა დარჩენილი, სერვის-ცენტრები საჩვენებლადაა  მოწყობილი. კრახი განიცადა მსხვილფეხა პირუტყვის შემოყვანამ და ხელოვნური დათესვლის პუნქტების გახსნამ, რაზეც ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ესეც კამპანიურ ხასიათს ატარებდა (მამალი ძროხები). გაუქმდა სოფლად აგრონომიისა და ვეტერინარიის, ფიტოკარანტინის სამსახური, რამაც სავალალო შედეგები მოგვცა. ნარგავების 80% დაავადებულია. მეტიც, XXI საუკუნეში საქართველოში კვლავ მძვინვარებს ზოოანთროპოზული დაავადებები: ჯილეხი, ცოფი, ტუბერკულოზი, თურქული. მსხვილფეხა პირუტყვი დაავადებულია ჰელმითური დაავადებითა და ლეიკოზით. შესაბამისად, დაბალია პროდუქტიულობა. კატასტროფული სიტუაცია გვაქვს სურსათის უსაფრთხოების საკითხებშიც. კრახი განიცადა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი 100 საწარმოს შექმნამ და სხვა პროექტებმა, რაც მხოლოდ და მხოლოდ პიარზე იყო გათვლილი. სოფლის მეურნეობის განადგურებისათვის და ახალი ჯიშის გამოგონებისთვის (მამალი ძროხა) ქვეყნის უმაღლესი ჯილდოები გადასცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის ამაგდარ მინისტრს, ბაკურ კვეზერელს, და იქვე საკუთარი კორპორაცია შეუქმნა, ეტყობა, შეეცოდა პატარა მეგობარი, მინისტრობისას ჩაჯიბული მილიონები რას ეყოფოდა, მერეც ხომ უნდოდა ცხოვრება კაცს. არც მისი მოადგილეები დავიწყებია ამხანაგ  სააკაშვილს და ისინიც სარფიანად დაასაქმა.

ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში აგრარულ სექტორში. FAO- ექსპერტები აცხადებენ, რომ დედამიწის მთლიანი ფართობის 78% სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარია, ფართობის 13%  დაბალი პროდუქტიულობით ხასიათდება, 6% საშუალოდ პროდუქტიულია, მხოლოდ 3%-ია მაღალპროდუქტიული და ნოყიერი. დღეს დედამიწის მხოლოდ 11%-ია დამუშავებული, 24% საძოვრებად გამოიყენება

ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც ისრაელია, სადაც აპრილიდან ოქტომბრამდე არ წვიმს, რძის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა _ წლიური მონაწველი 9-12 ათას ლიტრს შეადგენს. შედარებისთვის: ამერიკაში იგი 9-10 ათასი ლიტრია, ევროპაში (საშუალო) _ 8-9 ათასი ლიტრი. ისრაელი ბაღჩეული კულტურების წარმოებით მეორე, ხოლო კვერცხის წარმოებით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ქვეყნის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 17% სოფლის მეურნეობაზე მოდის, მაშინ, როცა დარგში მოსახლეობის მხოლოდ 6%-ია დაკავებული. იტალიის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 10%-ს სოფლის მეურნეობის სექტორი იძლევა, რომელშიც მოსახლეობის 14%-ია დასაქმებული.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში ოფიციალურად მოსახლეობის 57%-ია დასაქმებული. ჩვენთან სოფლის მეურნეობის წილი საერთო ეროვნულ შემოსავალში 12% შეადგენს. ერთ ისრაელელი ფერმერი 97 თანამემამულეს კვებავს, ამერიკელი ფერმერი _ 79-ს, ევროპელი (საშუალოდ) _ 67-ს, უკრაინელი _ 17,4-ს, რუსი _ 14,7-ს, ხოლო ქართველი ფერმერი _ 0,85-ს, ე.ი. საკუთარ თავსაც ვერ უზრუნველყოფს საკვებით, არადა, დარგში ქვეყნის 57%-ია დასაქმებული.

საქართველოში აგრარულ სექტორში დასაქმებულთა 50 პროცენტი დღეში  1 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს იღებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობა არავითარ როლს არ თამაშობს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში.

 საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ამას საბჭოთა პერიოდიც მოწმობს. იმ დროს საქართველო მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა იყო, რომლის წილი საკვები პროდუქტებით რესპუბლიკათშორის ვაჭრობაში 10%-ს შეადგენდა.

რეზერვი და რესურსი ძალინ დიდია. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების 75% სახელმწიფო საკუთრებაშია და, ძირითადად, გამოუყენებელია. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოს მომავალმა მთავრობამ თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას გლობალურ ეკონომიკაში, უფრო მეტად ინტეგრირებისთვის ისეთი საერთაშორისო შეთანხმებების დადების გზით, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები (FთA): თურქეთთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან (დსთ), უსაფრთხოების ნორმების (GშP) ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან. იმედია, წახალისდებიან ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში, სოფლად დასაქმდებიან.

აღდგება ზოოვეტერინარული უნივერსიტეტი, რომელსაც დიდი ტრადიციები ჰქონდა, და შესანიშნავი სამეცნიერო სკოლა არსებობდა. იქნებ გვეფიქრა ისეთი ტიპის მეურნეობების შექმნაზე, როგორიც ისრაელში კიბუცებია. 

სასწრაფოდ აღსადგენია მელიორაციის სამსახური და ნაკვეთების ახალი ტექნოლოგიური რწყვის სისტემაზე გადასვლა (წვეთოვანი რწყვა), რაც წყლის რესურსებს დაზოგავს; ნიადაგის ახალი ტექნოლოგიებით დამუშავება, რაც შეამცირებს ნიადაგის გამოფიტვასა და ეროზიებს; მეცხოველეობაში გეგმიური აცრების დაბრუნებას, ლაბორატორიული გამოკვლევებისა და მინიმუმ 5 განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებზე ცხოველებში უფასო პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას, ტრადიციული კულტურების (ჩაი, ციტრუსი და ვაზი) ნარგავების განახლებას.

რაც მთავარია, ვხედავ რომ საამისოდ არსებობს ქვეყნის ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ფინანსური უზრუნველყოფა.

აი,  ეს არის ჩვენი ქართული ოცნება.

ნიკოლოზ გუგუშვილი,

სოფლის მეურნეობის ექსპერტი

უკრაინა, კიევი.

 

1 COMMENT

  1. ბოლო წლებში მიწის გადასახადის გაძვირების შემდეგ უამრავ ქართულ მიწაზე აღარაფერი დათესილა ეს პურის გაძვირების პირველი მიზეზია მე ვიცი ერთი ადგილი სადაც 200 ჰექტარზე წინა წლებში ვერ ნახავDით ცარიელა ადგილს სადაც ხორბალი არ ყოფილიყო დათესილი,ეხლა ბალახმა გადაუარა,ყველამ მიატოვა გადასახადების გამო და აღარაფერი ითესება

  2. რაც შეეხება გასიებულ აგრარულ სექტორში აბსოლირურ ბეცს ბენდუქიძეს ჯობს აგრარულ სექტორს დაუბრუნოს კვლევით ინსტიტუტები!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here