Home რუბრიკები საზოგადოება მურმან ომანიძე: კეზერაშვილის ბანდას ძლივს გამოვასწარი

მურმან ომანიძე: კეზერაშვილის ბანდას ძლივს გამოვასწარი

1793

მურმან ომანიძე, ეროვნული მთავრობის პირველი ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ ბოლო არჩევნების კვალზე წლების შემდეგ პირველად გამოჩნდა ქართულ პრესაში.

_ ბატონ ბიძინას მივულოცე ისტორიული გამარჯვება «საქართველოს რესპუბლიკის» მეშვეობით, _ ამბობს მურმან ომანიძე, _ მივმართე, რომ უდიდესი ყურადღებითა და თანალმობით ვადევნებდით თვალს კაცთმოძულე რეჟიმის მიერ სამშობლოდან დევნილი პოლიტემიგრანტები მისი და «ქართული ოცნების» კოალიციის თავდადებულ ბრძოლას ტირანიის ბორკილებისგან ქართველი ერის გათავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საკაცობრიო იდეალების საბოლოო გამარჯვებისა და დამკვიდრებისთვის.

რატომ არ ჩანდით აქამდე, ბატონო მურმან, სად იყავით?

_ ვიყავი პოლიტიკურ ემიგრაციაში. ეს მეორე ემიგრაცია იყო. პირველად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ გავხდი იძულებული,  დამეტოვებინა საქართველო, მეორედ _ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

_ რა მიზეზით, ბატონო მურმან?

_ პირველ შემთხვევაზე იმდენი დაიწერა, რომ შეიძლება აღარც ღირდეს გამეორებად. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ოპოზიციონერების უმრავლესობა, რომლებიც მაშინ აქტიურად ილაშქრებდნენ ეროვნული ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, დღეს ხვდებიან, რა დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ორად გახლიჩეს საქართველოს მოსახლეობა და ერთმანეთს დაუპირისპირეს.

დღეს ისინი ცდილობენ, გაემიჯნონ თავიანთ ძველ ოპოზიციონერობას. ღმერთმა შეუნდოს!

წარსულის გამოცდილებით დამძიმებული, სამშობლოს მოწყვეტილი ქართველობა ღმერთს შევთხოვდით, აეცილებინა ბატონი ბიძინასთვის ის სატანისტური ძალები, რომლებმაც წლების წინათ დასაღუპად გაწირეს ქართული ეროვნული სახელმწიფო, რომლის მშენებლობა ისის იყო იწყებოდა.

მეორე ჩემი იძულებითი ემიგრაცია დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის პერიოდის ოლიგარქების პარპაშთან, როცა ელიტურმა კორუფციამ ხელთ იგდო მთელი ბიზნესი, უწინარეს ყოვლისა, იმპორტ-ექსპორტის ნაკადები, ბიუჯეტი, სრულად გაყვლიფა ხალხი და მილიარდობით ქონება ჩაიჯიბა.

საკვირველი რა არის, იცით? ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთი კერძო  საკუთრების გამრავლებაზე იყვნენ გადაგებულნი, ფეხქვეშ თელავდნენ კერძო საკუთრების უფლებას, კლავდნენ წვრილ და საშუალო ბიზნესს, გადასახადების პერმანენტული გაზრდით ახრჩობდნენ ისედაც გაღატაკებულ ხალხს. პარალელურად კი მათი დაქირავებული ლობისტები აქ, ჩვენთან, საზღვარგარეთ სააკაშვილის ავტორიტარულ მმართველობას წარმოგვიდგენდნენ, როგორც «დემოკრატიის შუქურის» გამონათებას.

აი, ამ ოლიგარქებმა, კერძოდ კეზერაშვილის ბანდამ, ჩემი და ჩემი პარტნიორების ბიზნესის ხელში ჩასაგდებად უბინძურესი ხერხები გამოიყენა.

ერთი სიტყვით, კეზერაშვილის ბანდას ძლივს გამოვასწარი და იმედით შევყურებ ჩემი ქვეყნის ხვალინდელ დღეს.

_ როგორია უცხოეთიდან დანახული საქართველო? როგორ აფასებთ ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ პროცესებს?

_ ერთ შედარებას გავაკეთებ და ნუ დამძრახავთ.

თბილისში, მოგეხსენებათ, გამართულად ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღები. ახლა აღარც კი ვიცი, დარჩა თუ არა ეს სკოლამდელი დაწესებულებები, რომლებსაც დედაქალაქის მერია «ოპტიმიზაციისა» და «რეფორმირების» მიზნით დაერია და ერთიმეორის მიყოლებით დახურა.

«საბავშვო ბაღების ოპტიმიზაცია» _ ამაზე დიდი სისულელე არ გამიგია, მაგრამ ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ…

«ოპტიმიზაციამდელი» საბავშვო ბაღების ეზოებში ყოველთვის იყო «ქვიშაში სათამაშო» კუთხეები, სადაც პატარები ქვიშის გვირაბების გაყვანით, ქვიშის სახლების აშენებით და ა. შ. უწყინრად ერთობოდნენ.

სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, ამ უმწიფარმა ხალხმა და იუდუშკა გოლოვლიოვებმა _ ფარისევლებმა, ცრუპენტელებმა და გამყიდველებმა _ ასეთ «ქვიშაში სათამაშო ადგილად» წარმოიდგინეს მთელი საქართველო და დაიწყეს თამაში _ ანგრევდნენ სახლებს და აშენებდნენ რაღაც ხუხულებს, ფატრავდნენ შენობებს და ღებავდნენ ფასადებს.

თბილისი იქცა ამ ბიჭების სათამაშო სივრცედ, გმირთა მოედანი  (განსაკუთრებით) _ შადრევნების ვარიაციებით, შემდეგ _ უშადრევნოდ, მწვანე კორდებით, შემდეგ _ ბილიკებითა და კორდებით, ერთი ესტაკადით, მეორე ესტაკადით და გაუქმებული ქარხნის მილით მოედნის ცენტრში, რომელიც თურმე დიდების მემორიალია. ეს «რეკონსტრუქციები» მილიონობით ლარი დაუჯდა სახელმწიფოს.

ასე თამაშ-თამაშით გააპარტახეს ბიჭებმა საქართველო.

_ სახელმწიფობანას ამ თამაშებს უზარმაზარი ფული სჭირდებოდა.

_ დიახ. ელიტა აქ ლაღობდა, გამათხოვრებული ადამიანები კი საზღვარგარეთ გარბოდნენ ლუკმაპურის საშოვნელად და ოჯახების გამოსაკვებად.

რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ გრანტებისა და სესხების სახით დონორი ქვეყნებისგან მიიღო, იმ თანხით საქართველოში ახალი კუვეიტის ან შვეიცარიის აშენება შეიძლებოდა.

_ სამაგიეროდ სააკაშვილი გახდა შეიხი.

_ კიდევ კარგი, რომ ხალხმა შეძლო თავისი შინაგანი ძალების, თავისი ნების მობილიზება და, ხელისუფლების მხრიდან არჩევნების არნახული ძალადობრივი გაყალბების მიუხედავად, გაიმარჯვა.

_ თქვენ, ანუ უცხოეთში მყოფი ქართველების უდიდესი უმრავლესობა, ხმაჩამორთმეულები დარჩით

_ სამწუხაროდ, ასე მოხდა. ჩვენ ცდა არ დაგვიკლია, გვეიძულებინა უცხოეთში არსებული საქართველოს საელჩოები, საკონსულოები, თბილისში _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაეხსნათ საარჩევნო უბნები. თითქოს რამდენიმე გახსნეს კიდეც, მაგრამ ეს იყო მიზერი.  მზაკვრული ხერხებით კიდევ ერთხელ შეეცადა ანტიხალხური ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას.

მადლობა ღმერთს, არ გამოუვიდა. საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა რომ მიეღოთ, «ქართული ოცნების» გამარჯვება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

_ ბატონო მურმან, თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით. მას შემდეგ 22 წელი გავიდა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დასახელდა მაია ფანჯიკიძე. შეაფასეთ, თუ შეიძლება.

_ ქალბატონ მაიას ჩემი შეფასება არ სჭირდება. იგი ამ ადგილის ღირსეული კანდიდატია. ალბათ, დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ გერმანიაში ელჩად მუშაობის დაწყებამდე მთელი ჩვენი საელჩოს მუშაობა მაშინ ჯერ კიდევ პატარა გოგოს, მაია ფანჯიკიძის (რომელიც რიგითი დიპლომატი იყო), ზურგზე გადადიოდა. იგი წარმატებით ართმევდა თავს ამ ურთულეს და მრავალმხრივ განფენილ საქმეს. იცით, რისი წყალობით?

_ თქვენ თქვით.

_ უწინარეს ყოვლისა, განსწავლულობით, შრომის საოცარი უნარის წყალობით, დიპლომატიური ალღოთი და ნიჭიერებით. ასეთ თვისებათა ამგვარი ნაზავი იშვიათია.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ იგი არ დაუშვებს იმ შეცდომებს, რომლებიც მისმა წინამორბედებმა: სალომე ზურაბიშვილმა და, განსაკუთრებით, გრიგოლ ვაშაძემ დაუშვეს, რომლებმაც გაწირეს პროფესიონალ დიპლომატთა კადრები და გვერდით დაიყენეს ისეთი შემთხვევითი ადამიანები, როგორიც მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და სააკაშვილის კარნახით დაწინაურებული ცრუდიპლომატები, ბობოლების ნათესავ-მეგობრები არიან.

დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუშვებს, რადგან ამის საწინდარია მისი ინტელექტი და გურამ ფანჯიკიძისა და დალი კოკაიას ოჯახის უმწიკვლო სახელისა და ტრადიციების ერთგულება.

იმედი მაქვს, რომ ევროატლანტიკური მისწრაფების პარალელურად მოგვარდება საქართველორუსეთის ურთიერთობაც, რომ ბოლოს და ბოლოს მოვნახავთ საერთო ენას ჩვენს აფხაზ ძმებთან, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ჩვენს ძმებ ოსებთან, და შევძლებთ მინავლებული კონფლიქტის საბოლოოდ მოწესრიგებას.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა, რომელსაც უთუოდ დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, იქნება იმ ამოცანების გადაწყვეტის შემძლე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დააყენა ისტორიულმა ბედტეხილმა.

მჯერა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა იქნება ჩვენი სამშობლოს საზოგადოებრივპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური წინსვლის, სულიერების განმტკიცებისა და განათლებულობის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების, მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის მოპოვების უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეტაპი.

ესაუბრა გიორგი მეძმარიაშვილი

 სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ «ქვიშაში სათამაშო ადგილად» წარმოიდგინეს მთელი საქართველო

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here