Home რუბრიკები სამართალი სოსო რობაქიძე: არავითარი ხელშეუხებლობა და გარანტიები, _ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს!

სოსო რობაქიძე: არავითარი ხელშეუხებლობა და გარანტიები, _ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს!

812

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოება ქვეყანაში ბოლო რვა წლის მანძილზე მომხდარი დანაშაულების ობიექტურად გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოლოდინშია. არჩეული მთავრობა კი ხალხს მიუკერძოებელ სასამართლოს ჰპირდება. დაისჯებიან თუ არა რეალურად დამნაშავეები და სად უნდა მოხდეს ხელისუფლების იმ მაღალჩინოსანთა გასამართლება, რომელთა ბრალეულობაც ძიების პროცესში გამოიკვეთება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება 2004 წლის 23 ნოემბერს სამართალდამცავების მიერ დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ბუტა რობაქიძის მამა _ სოსო რობაქიძე.

_ ბატონო სოსო, პირველი და უმთავრესი, რასაც საზოგადოება არჩეული მთავრობისგან ელოდება, დამოუკიდებელი სასამართლო, ობიექტური გამოძიებები და ბოლო წლების მანძილზე მომხდარი გაუხსნელი საქმეების გამომზეურებაა. თქვენი აზრით, უნდა დადგეს თუ არა ყველა იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც თუნდაც რაიმე აკავშირებდათ ამ დანაშაულებთან?

_ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე, ბუნებრივია, ახლა ბევრი საუბრობს და, ძირითადად, ზოგადი შეფასებებია. მე თუ მკითხავთ, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, ფაშისტურ გერმანიაში ჰიტლერი არ დაესაჯა ვინმეს და ჰიმლერი დაესაჯა?! ანუ ამით რის თქმა მინდა: ცენტრი და სათავე ამ საშინელი რეჟიმის იყო სააკაშვილი, ამიტომ, თუ კი საერთოდ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რა თქმა უნდა, უწინარესად, ეს უნდა იყოს პრეზიდენტი. აქ თუ რაღაც მცირე ჭანჭიკებზე დაიწყეს ჯოხის გადატეხვა, რეალურად ეს არაფერს ნიშნავს. უნდა დაისაჯოს ახალაია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, რამიშვილი და სხვები. ესენი არიან სიკვდილის ბრიგადების ავტორები.

_ ბევრმა უკვე მოასწრო გაქცევა.

_ ეს არაფერს ნიშნავს, ვერავინ ვერსად გაიქცევა. ამათმა, ამ სიკვდილის მოციქულებმა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აგონ პასუხი და თანაც ისე, რომ ანალოგიური რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს. ამათ საზოგადოება მოექცევა ისე, როგორც ფაშისტურ პარტიას მოექცა მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და საბოლოოდ «ნაციონალური მოძრაობა» საერთოდ გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან. ის, რომ თავის დროზე ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში, არამხოლოდ ერთი კაცის, მთელი ერის შეცდომა იყო და ამას უკვე ხალხი აღარ გაიმეორებს…

_ თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, სააკაშვილმა ახალ მთავრობას რამე პრობლემები შეუქმნას? ბევრი ფიქრობს, რომ «ნაციონალურ მოძრაობას» ჯერ კიდევ აქვს პროცესების შემობრუნების შანსი.

_ სააკაშვილი შეიძლება გიჟია და ენა ტვინისგან ცალკე გაურბის, მაგრამ ერთ რამეს უკვე ხვდება: მისი დრო საბოლოოდ დამთავრდა. რაც შეეხება შემობრუნებას, ამას, ალბათ, უფრო ის ხალხი ამბობს, რომელიც დღემდე ვერ ეგუება «ნაციონალური მოძრაობის» კრახს. რეალურად რომელ შემობრუნებაზეა საუბარი? ამათ რისი იმედი აქვთ საერთოდ? როგორც ჩემი შვილი ვერ მობრუნდება ამ ქვეყანაზე, ისე ესენი ვერ მობრუნდებიან… ვინ მოაბრუნებს ამათ, ამ ნაძირლებს მიწა უნდა ეწვოდეთ ფეხქვეშ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.  არავითარი ხელშეუხებლობა და გარანტიები… ღმერთმა ნუ ქნას, ეს ხალხი არ დაისაჯოს, თორემ ვერც ერთი მთავრობა, ვინც უნდა მოვიდეს, დიდხანს ვერ გაძლებს. სამართლიანობა თუ არ აღსდგა ამ ქვეყანაში, არაფერი გამოვა _ ვერც სოფლის მეურნეობა განვითარდება, ვერც უმუშევრობის პრობლემა მოგვარდება და ვერც ეკონომიკა წავა წინ, იმიტომ, რომ ქართველ კაცს ასეთი მომენტი არ უნდა შეუქმნა: ღორივით შეუყარო საჭმელი საღორეში და სულში აფურთხო…

_ თქვენ თქვით, რომ, პირველ რიგში, სააკაშვილი უნდა გასამართლდეს. ის ჯერ კიდევ ერთი წელი პრეზიდენტის პოსტზე რჩება. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?

_ სიმართლე გითხრათ, არა მგონია, რომ სააკაშვილი ეს ერთი წელი დარჩეს, მაგრამ რომც დარჩეს, ყურებდაჭრილი სააკაშვილი ვის რაში სჭირდება? არავინ მას არ დაიცავს _ არც დასავლეთი და არც ის სენატორები, ძმაკაცებად რომ მიაჩნდა. სპეცრაზმს რაც შეეხება, იმედებს რომ ამყარებდა მასზე და გახსოვთ, არჩევნების დღეს რაც გააკეთეს ხაშურში, ისიც კი აღარ ჰყავს უკვე. ისე, ამ სპეცრაზმშიც ბევრია დამნაშავე და პასუხისგებაში მისაცემი; ხალხს თავში რომ დამიზნებით ესროდნენ და ხელებაწეულ ადამიანებს ცემით კლავდნენ, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი? ვიმეორებ, თავიდან, ხელმძღვანელობიდან, უნდა დაიწყოს გასამართლება და რიგითი შემსრულებლებით დამთავრდეს.

_ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ იგეგმება ტელეკომპანია «რეალტივის» დამფუძნებლის, გურამ დონაძის, დაკავება.

_ დონაძე ციხეში უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ეს ადამიანი ფიგურირებს ჩემს საქმეში, რობაქიძის, გირგვლიანისა და კიდევ უამრავ სიბინძურეში. არამარტო დონაძე, ასევე ციხეში უნდა იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ზურაბ მიქაძე, რომელიც გაქცეულია, და ქალაქის ყოფილი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი. ამათ იმდენ სისაძაგლესა და არაკაცობაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, რომ მათი დაუსჯელობა, ამ შემთხვევაში, იქნება მთელი ერისა და ქვეყნის შეურაცხყოფა.

_ მეორე მხრივ, მასობრივი დაპატიმრებები და პასუხისმგებლობის დაყენება ყველა მაღალჩინოსნის მიმართ ხომ არ მიიღებს გარკვეულწილად რევანშისტულ ხასიათს?

_ ჯერ ერთი, საუბარი არ არის ყველას მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე. აქ ლაპარაკია მხოლოდ დამნაშავეების დასჯაზე. ეს არაა რევანში. მე ხომ არ ვამბობ, უნდა მივყვეთ და განურჩევლად ყველა დავიჭიროთ, გავასამართლოთ-მეთქი?! ამას ამბობდა სააკაშვილი (ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერიაო). სამართლიანად, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს. რაც შეეხება შურისძიებას, არამართლზომიერად, არაკანონიერი ფორმით თუ ვინმე დაისჯება, არ აქვს მნიშვნელობა, მან რა დანაშაული ჩაიდინა, პირველი მე ამოვიღებ ხმას და გავაპროტესტებ, იმიტომ, რომ თვითონ ვარ უსამართლობის მსხვერპლი. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს სავარძლების გამოყენება პირადი ინტერესებისთვის და ცოცხების, «დუბინკების» მანიაკები საქმეს უნდა ჩამოშორდნენ. მე მგონი, ამისთვის იბრძოდა ამდენი წელი ქართველი ხალხი და ღმერთის წყალობით, როგორც იქნა, რაღაცას მივაღწიეთ.

_ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გაგახსენებთ: «ჩვენ ჩვენს ოპონენტებს  ისე არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს»-. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ეს განცხადება?

_ მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ძალიან სწორი, ადეკვატური სიტყვა და ამით ბიძინა ივანიშვილმა ყველა, ვინც იქ იყვნენ, სააკაშვილიდან დაწყებული, დამთავრებული კუბლაშვილითა და სხვებით, ფაქტობრივად, «მიაჩმორა». ბევრმა ეს განცხადება გაიგო, როგორც რაღაც პატიებისა და შერიგების რიტორიკა, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება მის სხვა სიტყვებსაც. კაცმა თქვა, რომ იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. მორჩა, გათავდა! ამით ყველაფერი ნათელია: თუ სასამართლო იქნება, ესე იგი ამ ნაძირალა არაკაცებიდან, ეს დანაშაულებრივი რეჟიმი ვინც დანერგა, არც ერთი არ დარჩება დაუსჯელი. ბოლოსდაბოლოს კოალიციის ლიდერებმა კარგად იციან, რომ ხალხის მთავარი დაკვეთა არის სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება; და ასეთი სახელმწიფო ვერანაირად ვერ შედგება, თუ დონაძის, ღვინიაშვილის, მიქაძისა და ადეიშვილ-მერაბიშვილისნაირი კრიმინალები თავისუფლად ივლიან.

_ თქვენი აზრით, სად უნდა მოხდეს ხელისუფლების მაღალჩინოსნების გასამართლება _ საქართველოში თუ საერთაშორისო სასამართლოს მიერ?

_ არავითარი საერთაშორისო სასამართლო! ამ ადამიანებს დანაშაული საზღვარგარეთ არ ჩაუდენიათ. ისინი წლების მანძილზე სათავეში ედგნენ დანაშაულებრივ რეჟიმს ამ ქვეყანაში, გაფლანგეს სახელმწიფოს ფული, გააუბედურეს უამრავი ოჯახი, დახოცეს უდანაშაულო ადამიანები, ხალხი ქუჩაში დახვრიტეს… როცა პრეტენზია გვაქვს დემოკრატიაზე და ვესწრაფვით ცივილიზებულ სამყაროს, საერთოდ რატომ უნდა ჩნდებოდეს კითხვა: სად გასამართლდებიან ისინი?! გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ამ ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობდა გენოციდი: 125 კაცი ქუჩაში მოკლეს, 420 მოქალაქე უდანაშაულოდ იხდის სასჯელს, ასობით ადამიანი უგზოუკვლოდ გამქრალია… ეს იცით, რამხელა ციფრია? ჩვენთვის კი არა, ჩინეთისხელა ქვეყნისთვისაა კატასტროფა. ამან თუ ისე ჩაიარა, არაფერივით, მაშინ არც საზოგადოება ყოფილა აქ, არც სახელმწიფო და რა გვინდა საერთოდ, რას ვითხოვთ. სხვათა შორის, არ მინდოდა ახლა ამაზე მესაუბრა, მაგრამ რადგან პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, არანაკლებ მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი თქვენს კოლეგებსაც, ჟურნალისტებს, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს. ყველა ჟურნალისტს არ ვგულისხმობ, რასაკვირველია, მხედველობაში მყავს «რუსთავი 2» და «იმედი», მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილი მოკვდა…

_ მიგაჩნიათ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს?

_ პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ სამართლებრივი, ამ შემთხვევაში საუბარია მორალზე, როცა იცი, რომ სიბინძურეს ემსახურები. ახლა იტყვიან, ვმუშაობდი იმიტომ, რომ ოჯახი მყავდა სარჩენიო. ოჯახი რომ გყავს სარჩენი, ძმაო, ჩემი ოჯახი დაიქცა და შენ ამას ტაშს უკრავდი… არ გვაქვს ჩვენ სამი და ოთხიათასლარიანი ხელფასები, მაგრამ ვცხოვრობთ, როგორღაც თავი გაგვაქვს! ასე რომ, არანაირი ახსნა, არანაირი გამართლება მათ საქციელს არ აქვს. რა თქმა უნდა, ისინიც თანამონაწილენი არიან იმ საშინელი აღვირახსნილობის, რომელიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here